"ქართუმ" პროკურატურას და ეროვნულს პირველი ბრძოლა მოუგო

პროკურატურამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა «ქართუ ბანკთან» პირველი პრინციპული ბრძოლა წააგეს. თითქმის 3 თვის წინათ წამოწყებული ე.წ. ოპერაცია, რომელიც ბოლოს «ქართუს» დაყაჩაღებით დასრულდა, აბსოლუტურად ჩაფლავდა. თავისავე მახეში გაბმულ პროკურატურას მეტი გზა აღარ დარჩენოდა და «ქართუს» ნაყაჩაღარი 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო დაუბრუნა. 

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არც გამოძიება შეწყვეტილა და არც ეროვნულ ბანკს შეუწყვეტია «ქართუში» შემოწმებების სერია. თუმცა, როგორც ჩანს, არც ამ «პროცესებიდან» გამოვა რამე. მალე, ალბათ, ქადაგიძის ხალხი ივანიშვილის ბანკს დატოვებს.

ბანკ "ქართუს" შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო დაუბრუნეს. მთავარი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ «სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია-ფულის გათეთრება) დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკ "ქართუს" ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაირიცხა, რაც მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს გამორიცხავს"

"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილიც სამართალდამცავების მიერ ბანკ "ქართუდან" ამოღებული თანხის დაბრუნებას ადასტურებს. როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო, რომელიც ბანკ "ქართუს" თანამშრომლებს სამართალდამცავებმა ჩამოართვეს, დაბრუნებულია.

თანხა გადაირიცხა ეროვნულ ბანკში უნაღდო ანგარიშსწორების სახით, საიდანაც ბანკმა "ქართუმ" თანხა უკვე მიიღო. ოპერაცია 10 იანვარს განხორციელდა. მისივე თქმით, შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული საინკასაციო მანქანა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ბანკს ამ დრომდე არ დაბრუნებია.

ჯავახიშვილი ერთ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას. ამ ეტაპზე არანაირი დარღვევა სახეზე არ არის და გაუგებარია კვლავ რატომ გრძელდება გამოძიება. 

მართლაც, "ქართუს" მილიონების საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გამოძიება ისევ გრძელდება. შსს-ს ამჯერადაც მხოლოდ ერთი და იმავეს იმეორებს: "18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება)". სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება და სავარაუდოდ არც გავრცელდება, რადგან გამოძიებას არაფერი აქვს სათქმელი.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ივანიშვილთან სამართლებრივ მარცხს არ აღიარებს და იხტიბარს არ იტეხს. მაგალითად, ნაციონალთა ერთ-ერთ სახეს პავლე კუბრაშვილს მიაჩნია, რომ «ქართუ ბანკს» ამოღებული ფული იმიტომ დაუბრუნდა, ბანკს პრობლემები არ შექმნოდა. პალიკოს დეტალური ინფორმაცია ჯერ ხელთ არ აქვს, თუმცა, შეუძლია თქვას, რომ ფულის დაბრუნება გამოძიების წარმართვას ხელს არ უშლის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, აღიარა "ქართუსთან" დაკავშირებული ე.წ.  ოპერაციების უკანონობა, სებ-ი ბანკის შემოწმებას კვლავ დიდი მონდომებით აგრძელებს. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაჩნდა ლოგიკური კითხვა - დასრულდა თუ არა "ქართუ ბანკში" შემოწმების ხანა, ვინაიდან ქადაგიძის მსტოვრები "ქართუში" სწორედ 18 ოქტომბრის "ოპერაციების" შედეგად შეიჭნენ.

"ქართუ ბანკში" შესვლა მხოლოდ აღნიშნულ თანხას არ უკავშირდებოდა და შემოწმება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", -  აცხადებენ ეროვნულ ბანკში

ცნობისთვის, ბანკ "ქართუს" ზარალი ამ ეტაპზე 67 მლნ ლარს შეადგენს.