სულ რამდენიმე წუთის გამოქვეყნებული იყო ნიუსი, როდესაც ჩვენი საიტის ერთ-ერთი სტატიის ფორუმზე ასეთი პოსტი გაჩნდა: კახა კაციტაძე გარდაიცვალა, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი!
ძალიან კარგი ადამიანი - ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი...
ძნელია წარსულ დროში წერო ადამიანზე, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობდი და რომელთანაც თანამშრომლობდი და მეგობრობდი. გონიერი, ღონიერი, წესიერი, გულისხმიერი, დარდიანი და ღიმილიანი, ძალიან კეთილი და ძალიან თავმდაბალი. მისი სიტყვა, მისი აზრი მისსავე გულში და გონებაში ერთდროულად იბადებოდა. იყო გულიც და იყო გონიც.
ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვით: „ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები მაინც...“ და ამასობაში ძალიან კარგი ადამიანები მიდიან.
გულწრფელობა - ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია. გულწრფელი და გონიერი ადამიანები გვაკლია. ახლა - უფრო მეტად, რადგან კახა კაციტაძე აღარ არის...
თანავუგრძნობთ ყველას - დედას, მეუღლეს, შვილს, ახლობლებს, მეგობრებს, სტუდენტებს, კოლეგებს... თანავუგრძნობთ ყველას, ვინც კახას იცნობდა და მათაც, ვინც არ იცნობდა.
კახა ყველას დაგვაკლდა და რაც დრო გავა, უფრო მეტად მივხვდებით, როგორი ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი გარდაიცვალა.
ძნელია, წარსულ დროში წერო ადამიანზე, თან - კახაზე...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
Presage.tv