მთავრობას საერთაშორისო რეიტინგებმაც უღალატა

მთავრობას საერთაშორისო რეიტინგებმაც უღალატა


საქართველოს მთავრობას დღენიადაგ ერთი რამ ჰქონდა სალაპარაკო, რომ ქვეყნის ეკონომიკა საერთაშორისო რეიტინგებში მიმზიდველად გამოყურებოდა. თუმცა, ვითარება ამ კუთხითაც იცვლება. უკვე ჩვენს მარად დასნებოვნებულ ეკონომიკას აღარც უცხოელი ანალიტიკოსები თვლიან ჯანსაღად. ამიტომაც რეიტინგულმა ვარდნამაც არ დააყოვნა.

“ჰერითეიჯ ფაუნდეიშენისა” და “უოლ სტრიტ ჯორნალის” მიერ შედგენილ ყოველწლიურ “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 69,4 ქულით 34-ე ადგილზეა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 5 ადგილით ჩამორჩება.

ზემოხსენებული ორგანიზაციების ანალიტიკოსების მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით საქართველოს ინდექსი შემცირდა და საერთო ნუსხაშიც უკან დაიხია (შარშან 29 ადგილზე ვიყავით). ინდექსის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი “ზომიერად თავისუფლად” შეფასდა, როდესაც ერთი წლის წინათ “ძირითადად თავისუფალი” იყო. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო 43 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს.

რეიტინგში მოცემული 179 ქვეყანა თავისუფლების ათი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვითაა შეფასებული, თითოეულ კატეგორიაში არსებული მდგომარეობა 0-დან -100-დე ქულების შკალით ფასდება. ვაჭრობის თავისუფლებაში საქართველომ 89,2 ქულა მიიღო, ბიზნესის თავისუფლებაში - 86,9, ინვესტიციის თავისუფლებაში - 70, კორუფციისაგან თავისუფლებაში - 38, ფისკალურ თავისუფლებაში - 87,8, სახელმწიფო ხარჯებში - 55,8, მონეტარულ თავისუფლებაში - 74,4, ფინანსურ თავისუფლებაში - 60, ხოლო საკუთრების უფლებებში - 40.

“გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო “ძირითადად თავისუფალი” ქვეყნების კატეგორიაში ხვდებოდა, თუმცა წელს “ზომიერად თავისუფალ” კატეგორიაში ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა რამდენიმე საკვანძო ადგილას კარგად გამოიყურება”, - ნათქვამია კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს მონაცემები კორუფციისაგან თავისუფლებისა და საკუთრების უფლების თავისუფლების სფეროში ვარდნას აგრძელებს.

“მომიჯნავე რეფორმებმა სიტუაციის გაუმჯობესება ვერ უზრუნველყვო. გარდა ამისა, სახელმწფიო ხარჯები იზრდება ისევე როგორც მშპ-ს წილი, ხოლო ბიუჯეტის ბალანსი - ნეგატიურია”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ზემოხსენებულ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით კვლავ ჰონგკონგი ლიდერობს, მეორეზე სინგაპურია, ხოლო მესამეზე - ავსტრალია, უკანასკნელ, 179-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა.

რეიტნგში საქართველოს მეზობელი სომხეთი 39-ზეა, აზერბაიჯანი - 91-ზე, თურქეთი - 73-ზე, უკრაინა - 163-ზე, ხოლო რუსეთი - 144-ზე.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ეკონომიკას მაინც კარგი მაჩვენებლები აქვს, რადგან აქ დაცულია ღია ბაზრის პრინციპები და დაბალი გადასახადები. ამასთან, მათივე განცხადებით, საქართველო კორუფციის და კერძო საკუთრების დაცვის კუთხით სუსტად გამოიყურება და ამ მიმართულებით რეფორმამ შედეგი ვერ გამოიღო, გაიზარდა საზოგადოებრივი დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.

ქართველი ექსპერტები ახალ რეიტინგს უკვე აფასებენ. “ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის” დირექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუარესება, პირველ რიგში, განპირობებულია ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდით.

“წინა წლებთან შედარებით გაზრდილია სახელმწიფო პროექტების რიცხვი და დაფინანსების მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში, ასევე სახელმწიფო აპარატი. მიუხედავად ბევრი საკითხის ლიბერალიზაციისა და დაბალი გადასახადებისა, პრობლემად რჩება ბიზნესზე ზეწოლა, არაპირდაპირი ლობირება, შეზღუდული კონკურენცია ბევრ სექტორში, საკუთრების უფლებები... 

რეიტინგზე, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს ეროვნული ბანკის მხრიდან საბანკო და სადაზღვევო ზედამხედველობის გაძლიერება და ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა ბიზნესის მონიტორინგის გაძლიერებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს ლექვინაძე.