ხვალ, 12 იანვარს პროკურატურა მძიმედ დაავადებულ პატიმარს, ნიკოლოზ მირზაშვილს მისი წამების ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხავს. ეს ინფორმაცია მირზაშვილის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოგვაწოდა. იგი მიიჩნევს, რომ წამების ფაქტზე გამოძიების დაწყება საქართველოს პროკურატურას ევროპული სასამართლოს წინაშე თავის გასამართლებლად სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ნიკოლოზ მირზაშვილი, რომელიც სიმსივნითა და ტუბერკულოზითაა დაავადებული, ევროპული სასამართლოს მითითებით სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში; იქ, სადაც პატიმრების ცემა-წამება ტრადიციადაა ქცეული.
მირზაშვილის წამების ფაქტზე ორი მასალა (9 და 15 დეკემბერს) მოვამზადე და გამოვაქვეყნე, რომელთა ნახვა ინტერნეტში შემდეგი სათაურებითაა შესაძლებელი: პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, “დასკოჩეს“ და სცემეს; პატიმარ მირზაშვილს ემუქრებიან - “გაჩერდი, თორემ, ჩამოგახრჩობთ და ვიტყვით, რომ თავი ჩამოიხრჩე“.
როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, მირზაშვილის წამების ზემოხსენებული ფორმების გამოყენების მთავარი მიზეზია ის, რომ მსჯავრდებულს ევროსასამართლოში აქვს საჩივარი შეტანილი, მის საქმეზე კომუნიკაცია დასრულებულია და ახლა ის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ნიკოლოზ მირზაშვილის მორგში ჩაყვანასა და წამებას წინ უძღვოდა მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრა. ეს ამბავი 2011 წლის 12 ნოემბერს მოხდა. ანუ მირზაშვილმა მტრედებს პური 12 ნოემბერს დაუყარა, რასაც მისი მორგში ჩაყვანა და სასტიკი მეთოდებით წამება მოჰყვა, რის შესახებამც მისი უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ 2011 წლის 8 დეკემბერს, მსჯავრდებულის მოძღვრისგან შეიტყო.
საქმე იმაშია, რომ მირზაშვილმა ადვოკატთან დაკავშირება ვერ შეძლო. ადვოკატი მამუკა ნოზაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N 18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მისი დაცვის ქვეშ მყოფები და მათ შორის მირზაშვილი მასთან დაკავშირებას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ ამაზე დაწესებულების ადმინისტრაციამ ადვოკატის ტელეფონი დაბლოკა. სხვათა შორის, ჩვენთან საუბრისას გარკვეული დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ ტელეფონის დაბლოკვის შესახებ სხვა ადვოკატებმაც აღნიშნეს.
რაც შეეხება ხვალ ნიკოლოზ მირზაშვილის დაკითხვას - როგორც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გვითხრა, 11 იანვარს, 14 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და ნიკოლოზ მირზაშვილის დაკითხვის თარიღი შეუთანხმა.
“შევთანხმდით, რომ ნიკოლოზ მირზაშვილს მოწმის სახით დავკითხავთ, რადგან მოქმედი საპროცესო კოდექსით, ყველა პირი მოწმის სახით იკითხება. საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ (2011 წლის 12 და 20 დეკემბერს; 2012 წლისს 3, 6 და 9 იანვარს) მივმართე, რომ გამოძიება დაწყებულიყო მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან მირზაშვილის წამების ფაქტების გამო.
სამწუხაროდ, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების დასრულების არანაირი ვადა არ არის დაწესებული. ვფიქრობ, რომ პროკურატურა ფორმალურ მოვალეობას მოიხდის - დაკითხავს მირზაშვილს და მისი მოქმედება ამით ამოიწურება. არსებობს დიდი ალბათობა, რომ პასუხისგებაში არ მისცემენ დამნაშავეებს და ჩემს განცხადებებზე ტრადიციულ პასუხს გამცემენ - მომწერენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მე დაველოდები პროკურატურის ქმედებას და შემდეგ ევროპულ სასამართლოს საქმის ვითარების შესახებ ვაცნობებ“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
მისივე აზრით, პროკურატურამ გამოძიება იმის გამო დაიწყო, რომ მირზაშვილის წამების თაობაზე ევროპულ სასამართლოს დაუყოვნებლივ აცნობა - “პროკურატურაში ეს იციან და ევროპული სასამართლოს წინაშე თავი, რომ გაიმართლონ, ამის გამო გამოძიება დაიწყეს“.