პარასკევს, 20 იანვარს, 13 საათზე ახალი მედიაგაერთიანება „სოლიდარობა- მედიის თავისუფლებისთვის“ მედიაკავშირ ობიექტივის დიდ დარბაზში ყველა იმ მედიასაშუალების დამფუძნებელს იწვევს, რომელსაც გაერთიანებასთან თანამშრომლობა სურს. მემორანდუმზე ხელმოწერა შეუძლია მხოლოდ მედიასაშუალების მფლობელს.
ორგანიზაციამ „სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისათვის“ მემორანდუმს უკვე შეუერთდნენ გამოცემები „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, მედიაჰოლდინგები „პალიტრა მედია“, „ალია ჰოლდინგი“, „ობიექტივი“, ტელეკომპანია „მაესტრო“, რადიო „საქართველოს ხმა“, ინტერნეტპორტალი „presatv.ge“.
მემორანდუმზე ოფიციალური ხელმოწერა 2012 წლის 1 თებერვალს გაიმართება, ერთი კვირის შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციას ჩამოაყალიბებენ.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთ მედიასაშუალებაზე თავდასხმა აღვიქვათ, როგორც სხვა დანარჩენებზე თავდასხმად“, - ნათქვამია მემორანდუმში. იქვე აღნიშნულია, რომ წევრ მედიასაშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შემთხვევაში იმოქმედებენ ერთობლივად „როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“.
მემორანდუმის თანახმად, შეიმუშავებენ საერთო სტრატეგიას - უზრუნველყოფენ საინფრომაციო კამპანიას, მშვიდობიან მანიფესტაციებს, მიტინგებს, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციებს. დაამყარებენ კომუნიკაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებთან. დაგეგმავენ და განახორციელებენ მოქმედებებს ევროსტრუქტურებში, უფლებათადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მედია გაერთიანება არაწევრი მედია ორგანიზაციების დაცვის თაობაზე „გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს“.
ორგანიზაციაში „სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისათვის“ გაწევრიანება ყველა მედიასაშუალებას შეუძლია „მათი უშუალო მფლობელების, გამომცემლების, რედაქტორებისა და ჟურნალისტების მონაწილებით“. თუმცა გაწევრიანებას დამფუძნებლების სრული თანხმობა სჭირდება.
ახალი მედია ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ტელეკომაპნია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს ეკუთვნის. ორგანიზაციის შექმნის შესახებ 2011 წლის 19 დეკემბერს გაცხადდა. იმ დღესვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ზემოთაღნიშნულ მემორანდუმის შედგენაზე იმუშავა.