აშშ ევროპაში ტერორიზმის საფრთხის გაზრდაზე საუბრობს. მანამდე ევროპაში დიდი ტერორისტული ჩანაფიქრი გამჟღავნდა. დასავლეთის სპეცსამსახურებმა ფარდა ახადეს გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტულ თავდასხმებს ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
ჯიჰადისტების დივერსიული ჯგუფი დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა მძევლად აყვანას და მათ დახოცვას გეგმავდა. გეგმის აქტიური ფაზა ასევე გულისხმობდა სხვადასხვა ტერორისტული აქტების მოწყობას.
ირანის პრეზიდენტი ამერიკას „შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში“ 11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილეთა დაკავებას ჰპირდება. თუმცა მისივე აზრით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი „ამერიკის მიერ იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ახლო აღმოსავლეთში გამაგრებულიყო“.
აშშ აპირებს ოფიციალურად განაცხადოს, რომ ევროპის ქვეყნებში ტერორისტული საფრთხეები იზრდება. როგორც სააგენტო „იტარ-ტასი“ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს დღეებში საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას აპირებენ, ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
„ჩვენი ყურადღება კვლავინდებურად მიმართულია „ალ-ქაიდასკენ“, რომელიც ჩვენზე და ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმას აპირებს“, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ.
მისი თქმით, თეთრი სახლი ყველაფერს იღონებს, რათა ტერორისტების გეგმებს ხელი შეუშალოს.
სააგენტოს ცნობით, თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავდა, საკუთარი მოქალაქეები გაეფრთხილებინა, თავი შეეკავებინათ ევროპაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
ამასთან რადიო „თვისუფლების“ ცნობით, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამხურებმა ფარდა ახადეს გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტულ თავდასხმებს ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. პოტენციური ტერორისტული აქცია, რომელსაც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ უკვე „ალ ქაიდას მიერ ბოლო წლებში დაგეგმილი ყველაზე სერიოზული თავდასხმა“ უწოდა, გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის თემურ რაიონებში დაიგეგმა.
სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს თანახმად, ჯიჰადისტების დივერსიული ჯგუფი დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა მძევლად აყვანას და მათ დახოცვას გეგმავდა. გეგმის აქტიური ფაზა ასევე გულისხმობდა სხვადასხვა ტერორისტული აქტების მოწყობას.
შესაძლო თავდასხმით გამოწვეული შიში განსაკუთრებით გავრცელდა პარიზში, სადაც 28 სექტემბერს ეიფელის კოშკის ევაკუაცია განხორციელდა. ეიფელზე მანამდე ევაკუაცია ორჯერ მოხდა, შენობაში ბომბის არსებობის შესახებ მიღებული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე.
მაშინ როდესაც საფრანგეთის ტერიტორიაზე შესძლო თავდასხმის შიში ძლიერდება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრის ორტფო აცხადებს, რომ საფრანგეთი „რეალური“ საფრთხის წინაშე დგას იმის გამო, რომ ალ-ქაიდას გასამხედროებულ ჯგუფებს ებრძვის ფრანგულენოვან აფრიკაში - მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში:
„მე არ მსურს ვუპასუხო სხვა შეკითხვებს, მაგრამ უნდა დავადასტურო, რომ ტერორისტული საფრთხე რეალურია, ჩვენი სიფხიზლე გაძლიერდა, რადგან ტერორისტული საფრთხის დონე ბოლოსწინა „წითელ“ ნიშნულამდე გაიზარდა.“
ევროპის ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ ტერორისტული გეგმის არსებობას, თუმცა ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან მოსული ინფორმაციების თანახმად, ამ ქვეყნებში მომეტებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.
„ლეტალური თავდასხმების განხორციელების საფრთხე არსებობსო“, - განაცხადა 16 სექტემბეს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის, მი-5-ის, გენერალურმა დირექტორმა ჯონათან ევანსმა.
ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-ს თანახმად, განგაშის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომელიც სპეცსამსახურებმა მოიპოვეს სავარაუდო გერმანელი ტერორისტისაგან. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც გერმანული პასპორტი აქვს, ამჟამად ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფება.
შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯანეტ ნაპოლოტანომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „ტერორისტული ჯგუფების მზარდი აქტიურობა“ ზრდის საფრთხეს დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების მიმართ.
თავის განცხადებაში შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა პირდაპირ კომენტარს თავი აარიდა „ევროპაში ტერორისტული გეგმის“ არსებობის თაობაზე, თუმცა დაჟინებით ამტკიცებდა, „ალ ქაიდას სურს თავს დაესხას ევროპას და შეერთებულ შტატებსო“.
დასავლური მედიის თანახმად, ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გააძლიერა უპილოტო თვითმფრინავების რეიდები პაკისტანის უკონტროლო რაიონებზე. საავიაციო რეიდები იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპის ქალაქებზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმების პრევენციას ისახავს მიზნად.
„უოლ სთრით ჯოურნალი“ კი, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ევროპაზე მოსალოდნელ ტერორისტულ თავდასხმებს უწოდებს „საგულისხმოს, მაგრამ არა განსაკუთრებულს.“
ამასობაში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ამერიკას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილეთა დაკავებაში დახმარებას დაჰპირდა , - ამის შესახებ „ერ-ბე-კა“ იუწყება.
„ჩვენ მზად ვართ ვაშინგტონს მათ დაჭერაში დავეხმაროთ, თუ ამერიკული მხარე შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს“, – აცხადებს აჰმადინეჯადი.
მისი აზრით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკის მიერ იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ახლო აღმოსავლეთში გამაგრებულიყო.
ირანის პირველმა პირმა აქვე დასძინა, რომ აშშ ამ რეგიონის ბუნებრივი რესურსების „გაძარცვას ახდენს“. მაჰმუდ აჰმადინეჯადი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ავღანეთსა და პაკისტანს ამ რეგიონებში ჩადენილი დანაშაულებისთვის ბოდიში მოუხადოს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა თეირანმა ამ დღეებში საქართველოც გააფრთხილა და მის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსების შემთხვევაში „ცუდი მომავალი“ უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ ინფორმაცია ინკოგნიტო ქართველ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა „ფორინ პოლისმა“ გაავრცელა.
„გზავნილი, რომელსაც ისინი მუდმივად იმეორებენ, ასეთია - ჩვენ ვართ მეგობრები, ეკონომიკური პარტნიორები, მაგრამ თუკი თქვენს მიწაზე შეერთებული შტატების ბაზებს დაუშვებთ, ძალიან ცუდი რამ დაგემართებათ. მათი დამოკიდებულება მეგობრულია, მაგრამ ეს გზავნილიც მკაფიოა“, - აცხადებს ქართველი მაღალჩინოსანი ანონიმურობის პირობის დაცვით, რათა „ირანელ ჩინოვნიკებთან მის ურთიერთობას საფრთხე არ შეექმნას“.
თავად გამოცემის შეფასებით კი, „ირანის მთავარი მოტივაციაა, მის ჩრდილოეთ საზღვრებთან სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობა არ დაუშვას“.
„ირანისთვის, რომელიც ერაყს, ავღანეთს და პაკისტანს (ყველა იმ ქვეყანას, სადაც შეერთებული შტატების მასშტაბური სამხედრო წარმომადგენლობაა) ესაზღვრება, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის სამხედრო ბაზების გაჩენა კატასტროფა იქნებოდა. თეირანის გათვლით, ამის თავიდან აცილების გზა საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ალიანსების განმტკიცებაა.
ამდენად ირანმა, რომელსაც ევროკავშირის, აშშ-ის და კრემლის მიერ მხარდაჭერილი სანქციების ახალი სერიის, შიდა არეულობისა და უამრავი გარე საფრთხის ფონზე, არჩია, მის ახლო საზღვარგარეთში აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოეწყო“, - წერს გამოცემა.
ამ მოსაზრებას სტატიის ავტორთან საუბრისას შეერთებული შტატების არმიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივენ ბლანკიც ეთანხმება.
„თეირანი ცდილობს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში იმისთვის, რომ ყველა დაარწმუნოს მისი, როგორც რეგიონული მოთამაშის როლის ლეგიტიმურობასა და ავტორიტეტში. ეს უპირველეს ყოვლისა, პრაგმატული მანევრია“, - აღნიშნავს სტივენ ბლანკი.