ყველასათვის ცნობილია, რომ საარჩევნო წელს ინვესტორები “ისვენებენ”. ისინი ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მხოლოდ ნაარჩევნებს იწყებენ ზრუნვას საკუთარი კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები მეტ-ნაკლებად უშფოთველად ჩაივლის და ქვეყნის პოლიტიკურ თერმომეტრში ტემპერატურა მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს.
რადგანაც საქართველოში არჩევნები 2012 წლის ბოლოს გაიმართება, ხოლო ქვეყანაში ვითარება უკვე ისედაც დაძაბულია, წლეულს ინვესტიციების მოზღვავების იმედი არ უნდა გვქონდეს. ის კი არადა, 2013-იც საარჩევნო წელია (სხვათა შორის, 2014-ში თვითმმართველობის არჩევნებიც უწევს) და, შესაძლოა, ინვესტორებმა მინიმუმ 2-წლიანი “შვებულება აიღონ”.
მიუხედავად ასეთი არასახარბიელო ვითარებისა, ქართველი ჩინოვნიკები იხტიბარს არ იტეხენ და ამჯერადაც 1 მილიარდი დოლარის შემოსავლას ელოდებიან. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის შემდეგ ასეთი მაღალი საინვესტიციო თამასა სულ ტყუილად სახელდება. ბოლო 3 წელია ერთმილიარდიან ნიშნულთან მიახლოებაც ვერ ხერხდება.
მთავრობის მოხელეები კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მხნეობას ინარჩუნებენ. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი თვლის, რომ 1 მილიარდი უცხოური კაპიტალის მოზიდვა ამჯერად ნამდვილად მოხერხდება.
“2011 წელი საკმაოდ დატვირთული იყო. ინვესტორებისათვის კონკრეტული სექტორებისა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება ხდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მსოფლიოში სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, საქართველოში იყო ეკონომიკური ზრდა, ეს იმედს გვიტოვებს, რომ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან მაღალი იქნება.
რაც შეეხება საარჩევნო წელს, მინდა მაგალითად 2008 წლის პირველი ნახევრის ინვესტიციები მოვიტანო, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა ინვესტიციების კუთხით. მთავარია, ის მიმართულება, რაც ქვეყანას აქვს, გაგრძელდეს.
ინვესტორებს სჯერათ, რომ საქართველო გააგრძელებს იმ კურსით მოძრაობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ბიზნესი მაინც ბიზნესია და პოლიტიკაში ნაკლებად ერევა. როდესაც ანალიზს აკეთებენ, ქვეყნის შეფასება ხდება, ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ, თუმცა ამ ეტაპზე დიდ ბარიერად არ თვლიან.
ყველაზე დიდი ფაქტორი, რამაც ინვესტიციების რაოდენობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, არის ევროზონის კრიზისი. აქედან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2012 წელს ინვესტიციების რაოდენობა მილიარდამდე იქნება. ეს, რა თქმა უნდა, პროგნოზია და შესაძლოა, ცდომილება 30%-მდე იყოს”, - ამბობს ბოჭორიშვილი, რომელსაც 1 მილიარდში 300 მილიონის ცდომილება, საოცარია, და ნორმალურ მოვლენად მიაჩნია.
რასაკვირველია, მთავრობის აღტკინებას არ იზიარებენ ექსპერტები. მათი 2012 წელს არჩევნების სამწლიანი ციკლი იწყება და ეს ფაქტი ქვეყნის ეკონომიკაზე აუცილებლად იქონიებს გავლენას.
“წლევანდელი წელი პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული იქნება, რადგან ჩვენთან ასე დამკვიდრდა, რომ არჩევნები რადიკალურად ცვლის სიტუაციას. შესაბამისად, ინვესტორები ეცდებიან, არჩევნების დასრულებას დაელოდონ, რათა გადაწყვიტონ, ჩადონ თუ არა სერიოზული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში. აქ, რასაკვირველია, საუბარია ისეთ ინვესტიციებზე, რომელსაც შეიძლება ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდეს ქვეყნისათვის, ხოლო მიმდინარე ინვესტიციები, რომლებიც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არ არის დამოკიდებული, ჩვეულებრივად გაგრძელდება.
ინვესტიციები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ეკონომიკური ინვესტიციები, რომლებიც მოლოდინის რეჟიმშია გადასული, მეორე ტიპს კი მიეკუთვნება ე.წ. პოლიტიკური ინვესტიციები, რომლებიც მმართველი გუნდის მხარდაჭერის კუთხით შეიძლება განხორციელდეს. ასეთი ინვესტიციები გააქტიურდება. უფრო სწორად გააქტიურდება მთავრობა, რათა ამ ტიპის ინვესტიციები მოიზიდოს და ელექტორატს აჩვენოს, რომ ბიზნეს წრეებში სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ასევე შეიძლება შემოვიდეს ქართული ინვესტიციები ოფშორული ზონებიდან. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს იქნება უფრო პოლიტიკური, ვიდრე წმინდა ეკონომიკური”, - აღნიშნა ექსპერტმა ნოდარ ხადურმა “კომერსანტთან” საუბრისას.
802
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85