„ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ გადის საქართველოს უსაფრთხოებაზე“

„ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ გადის საქართველოს უსაფრთხოებაზე“

ექსპერტები რუსეთთან კონფლიქტის გამწვავების საფრთხეზე საუბრობენ.

მათივე თქმით, ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ გადის საქართველოს უსაფრთხოებაზე, ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში - ბალკანეთის შემთხვევაში, როდესაც იქ გამწვავებული კონფლიქტი ევროპას „გადაედო“.

 

სააკაშვილი ევროკავშირის მადლობელია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას აღარ სცნობს“. ქართველი ექსპერტების აზრით, „ევროპას რუსეთის მიმართ ერთიანი მკაცრი პოზიციის შემუშავება მაინც მოუწევს - შეუძლია ეს, თუ არა“.                                                   

საქართველოს პრეზიდენტი მადლობელია „იმ როლის, რომლის თამაშიც ევროკავშირმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის სცადა“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას აღარ სცნობს“.

 

ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ ბრიფინგზე იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის გუშინდელ განცხადებას.

 

„ბერლუსკონი გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და მოჰყავდა მაგალითები იმ სერიოზული დამასახურებებისა, რომელიც მას კაცობრიობის და იტალიის წინაშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს. ერთ-ერთ მაგალითად მან თბილისში ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობისგან ჩემი გადარჩენა მოიყვანა. ჩემს მეგობარ სილვიო ბერლუსკონის ასევე მჭიდრო, თითქმის ინტიმური ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან და თუ მან ეს სასარგებლოდ გამოიყენა, მხოლოდ მივესალმები.

 

მადლობელი ვარ ევროკავშირის, იმ როლის, რომლის თამაშიც მან რუსეთ-საქართველოს ურთIერთობების დარეგულირებაში სცადა, თუმცა როგორ გამოუვიდა ეს, სხვა საკითხია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შესრულებული არ არის და მას რუსეთი, როგორც გავიგე, აღარ სცნობს“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთი, ვინც იმ პერიოდში საქართველო გადაარჩინა, ეს ქართველი ხალხი იყო: „2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რომ საქართველო სრულ განადგურებას გადაურჩა, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, ჩვენი მეგობრების თანადგომასთან ერთად“.

 

სააკაშვილმა გაიხსენა ამერიკული მხარის მიერ მე-6 სამხედრო ფლოტის გამოგზავნა, რომელიც სამხედრო-ჰუმანიტარული ხასიათის იყო, თუმცა მან აღნიშნა, რომ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამხედრო თვალსაზრისით გარკვეული მინიშნებებიც გააკეთა.

 

ქართველი ექსპერტები რუსეთთან კონფლიქტის გამწვავების საფრთხეზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ „ევროპას რუსეთთან დაკავშირებით ერთიანი მკაცრი პოზიციის შემუშავება მაინც მოუწევს - შეუძლია ეს, თუ არა“.

 

ექსპერტები ევროპისა და საქართველოს ინტერესთა თანხვედრაზე საუბრობენ. მათი აზრით, ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ გადის საქართველოს უსაფრთხოებაზე, ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში - ბალკანეთის შემთხვევაში, როდესაც იქ გამწვავებული კონფლიქტი ევროპას „გადაედო“.

 

სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის შეფასებით, „ცალსახაა, რომ ამ შემთხვევაში ევროპის მიზანი მიღწეული არაა, განსაკუთრებით კი - გერმანიის და იტალიის ბოლოდროინდელი პოზიციების და იმის ფონზე, რომ საფრანგეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას გეგმავს“.

 

„მიუხედავად ზეწოლისა, რუსეთი საკუთარი შიშველი ძალების დემონსტრირებას მაინც აგრძელებს და საქართველოს ევროპის დასაშანტაჟებლად იყენებს. სიტუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მეოცე საუკუნეში ბალკანეთში იყო, როდესაც კონფლიქტი მთელს ევროპას გადაედო. რუსეთმა კავკასიაზე გავლენა მოიპოვა და მას ბოროტად იყენებს.

 

არ არის გამორიცხული, ადრე თუ გვიან, ეს ისევ ომში გადაიზარდოს და დიდი კავკასიური ომის დასაბამი გახდეს. ამის შიში ევროპელებსაც აქვთ. მათ იციან, რომ თუ აფეთქება მოხდა, გვერდზე ვერ დარჩებიან და ეს მათზეც მოახდენს გავლენას. ასე, რომ, ნათელია, ევროპას არ გააჩნია ის აუცილებელი ერთიანი პოლიტიკა და ხედვა, რომ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, თუმცა ადრე თუ გვიან, მას ამ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება მოუწევს“, - განუცხადა „პირWელს“ თავდგირიძემ.

 

ექსპერტი საგარეო საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილი კი ევროპის ერთიანი პოზიციის „დაუყოვნებლივ“ ჩამოყალბების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ „ევროპას ამ ნაბიჯის გადადგმა იმის მიუხედავად მოუწევს, შეუძლია ეს, თუ არა“.

 

„ჩვენ არ ვდავობთ იმაზე, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობის უშუალო ჩარევით ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდა. ამან მწვავე ფაზას დაუსვა წერტილი და არ შეიძლება, ეს მათ არ დავუფასოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მხოლოდ პირველი ორი პუნქტია შესრულებული: ცეცხლი შეწყდა და რუსული ძალები ავტონომიების ფარგლებში დაბრუნდნენ. ასეთი სურათი კი ევროპას აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეწერება, რადგან მან ვერ მოძებნა საშუალება, რუსეთზე ქმედითი ზეგავლენა მოეხდინა.

 

ევროპას სურს, რომ რუსეთი მისდამი მტრულად არ განეწყოს, ამგვარი დამოკიდებულების საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ევროპას ერთიანი პოზიციის შემუშავება უჭირს. საომარი მოქმედებები რომც არ განახლდეს, შექმნილი ვითარება სერიოზულად აზიანებს ევროუსაფრთხოებას, ამიტომ ევროპას, შეუძლია ეს, თუ არა, რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მაინც მოუწევს“, - განუცხადა „პირWელს“ მენაღარიშვილმა.