თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახების საფასური 40 ლარით განისაზღვრა, დადგენილება ამის შესახებ თბილისის მერიამ გამოაქვეყნა. ამ დადგენილების გამოქვეყნებამ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან აქამდე თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გამოძახება მოსახლეობისთვის უფასო იყო. როგორც დადგენილებიდანაც ჩანს და თბილისის მერიაშიც განმარტეს, მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გამოძახება კვლავ უფასო იქნება, მომსახურების საფასურს მერია ან სადაზღვევო კომპანია დაფარავს, ოღონდ თითოეული გამოძახების მიხედვით, და მისი საფასური 40 ლარი იქნება. გაუწევს თუ არა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადა პაციენტს მომსახურებას, თუ მისი საფასური 40 ლარს გადააჭარბებს?
სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე განხილვის თემად იქცა თბილისის მერიის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახების საფასურად 40 ლარი განისაზღვრა. საქმე ისაა, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურება თბილისის მოსახლეობისთვის 2005 წლის ივნისიდან უფასოა, მომსახურების საფასურს დაზღვეულებისთვის სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ, სხვა პირების მომსახურების საფასურს კი თბილისის მერია ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან იხდის. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტეს, მომსახურება მოქალაქეებისთვის კვლავ უფასო იქნება, ოღონდ, თუ აქამდე მერია ბიუჯეტიდან ანაზღაურებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურების წლიურ საფასურს, ახლა თითოეული გამოძახების კონკრეტული საფასური დადგინდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2010 წლის მონაცემებით, - 2011 წლის ჯერ დათვლილი არ არის, - მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 3500-ზე მეტი გამოძახება ფიქსირდება, მერიის ამავე 2010 წლის ბიუჯეტი სასწრაფო სამედიცინო მომსახურებისთვის დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს. თუ ამ თანხას აღნიშნული გამოძახებების რაოდენობაზე გავყოფთ, გამოდის, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ანაზღაურება თითო გამოძახებაზე დაახლოებით 33 ლარია. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ლოგისტიკის ხელმძღვანელი ბადრი გვარამია რადიო თავისუფლებათან საუბარში ამბობს, ამ თანხიდან ნაზღაურდება შემდეგი ხარჯები:
”თანამშრომლების ხელფასი, მედიკამენტების ხარჯი, მანქანის და საწვავის ხარჯი. ეს ყველაფერი დეტალურადაა აკინძული და ეს არის დეტალურად დათვლილი და ეს არის საშუალოდ ის, რაც უჯდება ორგანიზაციას თითოეული გამოძახება.”
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ლოგისტიკის ხელმძღვანელი ბადრი გვარამია ამბობს, რომ ის თანხა, რაც ახლა მერიამ დაადგინა, სწორედ საშუალო ხარჯს ასახავს. ამაზე მეტი ღირებულების მომსახურებას სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადა რეალურად ვერც გასწევს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა:
”არის შემთხვევები, როდესაც მომსახურება 40 ლარზე მეტი ჯდება. ავარიის შემთხვევებში ვინ უყურებს მაგას? გადასხმებია საჭირო, სისტემის ჩადგმა, კლინიკაში გადაყვანა. ეს ყველაფერი 40 ლარზე მეტი ჯდება”,- ამბობს ბადრი გვარამია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ჯაბა სამუშია არ გამორიცხავს, რომ, თბილისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მომავალში სასწრაფო სამედიცინო მომსახურება მოსახლეობისთვის ფასიანი გახდეს. კითხვაზე კი, არსებობს თუ არა საშიშროება იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადამ არ გაუწიოს პაციენტს 40 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურება, თუკი ის ამას საჭიროებს, ამბობს, რომ ასეთი რამ გამორიცხულია. ამასთან, მისი შეფასებით, მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურიც კია, რადგან ის აღრიცხვიანობას მოაწესრიგებს:
”თუ იქნება ათასი გამოძახება, თბილისის მთავრობას ეცოდინება რამდენი თანხა გადაურიცხოს კომპანიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ადრე შეიძლებოდა რაღაც გაუგებრობები ყოფილიყო, ზოგიერთი გამოძახება გაფორმებულიყო უფრო ძვირად, ზოგი ნაკლებად. ახლა საშუალო თანხაა გამოყვანილი და ამის შესაბამისად არის ხელშეკრულება გაფორმებული”, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე ჯაბა სამუშია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი თორნიკე ბიძინაშვილი კი სწორედ იმაში ხედავს საფრთხეს, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადას, თუ ის 40 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურებას გასწევს, ამას არავინ აუნაზღაურებს, რამაც შესაძლოა მომსახურების ხარისხი გააუარესოს.
”თუ ეს არის მოჭრილი თანხა, რომელიც ნებისმიერ გამოძახებაზე გადაიხდება, რაც არ უნდა მანიპულაციები დასჭირდეს პაციენტს, მაშინ ამ 40 ლარზე მეტ თანხას ექიმს არავინ გადაუხდის. ნათელია ის, რომ იქნება 40 ლარი მოჭრილი თანხა, მაგრამ ეს მისასალმებელი ნამდვილად არ არის”, - ამბობს „ექიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი თორნიკე ბიძინაშვილი.
რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიისგან ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო. იქ მხოლოდ დადგენილების ტექსტი განმარტეს.