„მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულებაში ცვლილება არსებითად არაფერს ცვლის“

„მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულებაში ცვლილება არსებითად არაფერს ცვლის“

უცხო ქვეყნის ქვეშევრდომისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.

აქამდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა.

ბრძანებულებაში ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს. 

რაც შეეხება სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადებისას გასათვალისწნებელ გარემოებებს, ისინი უცლველი რჩება.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას ადგენს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია. 

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების არსებობას კომისიის წევრები ადგენენ საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე. 

ამასთან, კომისია უფლებამოსილია ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, იმსჯელოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე, რა დროსაც იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესებით იხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, ამ პუნქტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. 

გამონაკლისი შემთხვევით კი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ ბრძანებულებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო რეესტრი სპეციალური დასკვნის მომზადებისთვის დროში შეზღუდული აღარ იქნება, არსებითად არაფერს ცვლის“.

ხმალაძის განმარტებით, მოქალაქეობის მინიჭების მოქმედი წესი ითვალისწინებს, რომ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე სამოქალაქო რეესტრში წარადგენს განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, მასთან ერთად უნდა წარადგინოს გარკვეული დოკუმენტაცია, რომელიც ბრძანებულებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ბრძანებულებაში ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მოქალაქეობის მინიჭების ან უარის თაობაზე უნდა მიიღოს განცხადების წარდგენიდან სამი თვის განმავლობაში, ანუ ეს სამი თვე აითვლება სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან:

„ერთკვირიანი ვადის გაუქმება იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო რეესტრს შეუძლია ორ კვირაში, ერთ თვეში ან სულაც ორთვენახევარში წარუდგინოს პრეზიდენტს დასკვნა,

თუმცა საბოლოო ვადა, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე, კვლავ სამი თვე დარჩა. თუ ამ სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტმა არანაირი პასუხი არ გასცა განმცხადებელს, ეს უარის თქმად მიიჩნევა“.

კონსტიტუციონალისტის განაცხადებით, აქამდე, სამოქალაქო რეესტრის მიერ საბუთების გადაცემის შემდეგ, პრეზიდენტი იყო აღნიშნული სამთვიანი ვადით შეზღუდული და მას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ მისთვის საბუთების წარდგენიდან ერთ კვირაში, ან ორ კვირაში გამოეტანა გადაწყვეტილება, ახლა კი თავისუფლების ხარისხი, ძირითადად, სამოქალაქო რეესტრზე გადავიდა, თუმცა პრეზიდენტი კვლავ უფლებამოსილია არათუ საერთოდ პასუხი არ გასცეს ამ განცხადებას, არამედ, სანამ არ ამოიწურება სამთვიანი ვადა, მანამდეც არ მიიღოს გადაწყვეტილება.

ადვოკატი სანდრო ბარამიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ირწმუნება, რომ ცვლილება პრეზიდენტის მეოთხმოცე ბრძანებულებაში არანაირად არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მიცემის გაჭიანურებას. 

მისივე თქმით, არსებობს პრეზიდენტის ორი ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მოქალაქედ გახდომის ორ პრინციპულად სხვადასხვა წესს გულისხმობს. პირველი, ანუ პრეზიდენტის # 80 ბრძანებულება, მოქალაქეობის მინიჭების, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩუქების წესს ეხება, მეორე ბრძანებულება კი, ნომრით 34, - საქართველოს მოქალაქედ მიღებას ნატურალიზაციის წესით. 

ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ნატურალიზაციის წესით მოითხოვა მოქალაქეობის მიღება და ამის თაობაზე განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამოქალაქო რეესტრში 5 იანვარს შეიტანა:

„ბიძინა ივანიშვილს განცხადება რომ შეეტანა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, მაშინ მასზე გავრცელდებოდა სწორედ ბრძანებულება #80 და, შესაბამისად, ვადების ამოღების ფაქტს მასზე ექნებოდა გარკვეული იურიდიული შედეგიც. მაგრამ მან განცხადება შეიტანა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე ნატურალიზაციის წესით“.

თუმცა, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ბესელია, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული ცვლილება, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცედურას უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული:

„ბოლო თვეები, საკანონმდებლო ორგანო მთლიანად გადაეწყო ივანიშვილის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე და აბსოლუტურად ყველა კანონი, რომელიც იყო მიღებული ან ყველა ცვლილება, რომელიც მოქმედ კანონში იყო შეტანილი, პირდაპირ და ღიად უკავშირდებოდა პრობლემების შესაძლო შექმნის მექანიზმების შემუშავებას ივანიშვილის წინააღმდეგ.“