წამების ექსპორტი

წამების ექსპორტი

პატიმრების წამების ბოლოდროინდელი მეთოდები - მედიკამენტების ნაცვლად ცემით მკურნალობა, თავზე დაფურთხება, მორგში ჩაყვანა, გაშიშვლება, გაკოჭვა, ცემა და გაუპატიურების მცდელობა (რასაც გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში დღემდე იყენებენ), ახლა ალბათ, რუსთავის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N16 დაწესებულებაში დაინერგება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მორიგი საკადრო ცვლილება, რის შესახებაც ადვოკატ მამუკა ნოზაძისგან შევიტყვე.

პატიმრების ცნობილი მწამებელი, გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელიც გლდანის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამავე დაწესებულების ყოფილმა დირექტორმა, ვაჟა ცხვედიანმა რუსთავის N16 დაწესებულებაში გადაიყვანა.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, თეა სუხიშვილთან. “სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დავრეკავ და გავარკვევ. დღის ბოლოს შემეხმიანეთ“, - გვითხრა მან, მაგრამ მორიგ სატელფონო ზარს აღარ უპასუხა.

მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლების: ვაჟა ცხვედიანის, გიორგი ავსაჯანიშვილის, ალექსანდრე თოლორდავასა და ზურაბ ბულბულაშვილის “საგმირო საქმეებზე“ ჩვენს ვებგვერდზე (და არა მარტო აქ) არაერთი სტატია გამოქვეყნდა. მსჯავრდებულებმა: მალხაზ არქანიამ, კახაბერ ბარათაშვილმა, ნიკოლოზ მირზაშვილმა, გიორგი ოქროპირიძემ, დენის ყვარელაშვილმა, ნიკოლოზ მირზაშვილმა და ზურაბ ბოსტოღანაშვილი ზემოხსენებულ პირები ღიად ამხილეს; მათ სახალხო დამცველის რწმუნებულებს ახსნა-განმარტებები მისცეს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, ევროპულ სასამართლოს საჩივრებით მიმართეს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუსჯიათ.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დამნაშავეებს მიზანმიმართულად მფარველობს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა: დენის ყვარელაშვილმა, ზურაბ ბოსტოღანაშვილმა და ნიკოლოზ მირზაშვილმა 2010 და 2011 წლების მანძილზე არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურორს თხოვნით, რომ დაწყებულიყო გამოძიება ვაჟა ცხვედიანის და N18 სამკურანო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების: გიორგი ავსაჯანიშვილის, ალექსანდრე თოლორდავასა  და ზურაბ ბულბულაშვილის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, მთავარი პროკურატურა დამნაშავეებს მიზანმიმართულად მფარველობს. დღემდე არ დაწყებულა გამოძიება ზემოხსენებული მსჯავრდებულების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და არც დაიწყება.

საქართველოში უკანონობის ჩადენა მთავრობის მითითებით ხდება, რადგან ყველა პირს საჩივარი ევროპულ სასამართლოში აქვს. თითოეულ საქმეზე კომუნიკაცია დასრულებულია და ამჟამად გადაწყვეტილებას ველოდებით“.

მამუკა ნოზაძის თქმით, ვაჟა ცხვედიანმა ძალიან ბევრ პატიმარს უარი ათქმევინა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივარზე:

“და ახლა ცხვედიანი იგივე საქმიანობის და დანაშაულების გასაგრძელებლად რუსთავის N16 დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ძალიან ბევრია ისეთი პატიმარი, რომელსაც ევროპულ სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი და ახლა მათზე გაგრძელდება ზეწოლა“.

ის, რომ ვაჟა ცხვედიანი რუსთავის N16 დაწესებულებაში გადაიყვანეს და ის, რომ მან თან წაიყვანა გიორგი ავსაჯანიშვილი, ამის დანამდვილებით თქმა შეიძლება, მაგრამ ცხვედიანი დირექტორად დანიშნეს თუ მოადგილედ, ეს სამწუხაროდ, ვერ დავაზუსტე - გავრცელებული ინფორმაციით, ცხვედიანი დაწესებულების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პატიმრები კი ამბობენ, რომ დირექტორად გადაიყვანეს და არა მოადგილედ. ამ საკადრო ცვლილებების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დეპარტამენტის ვებგვერდებზე ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის.

“გიორგი ავსაჯანიშვილი ცხვედიანმა წაიყვანა და რა თანამდებობაზე დანიშნა, ჯერ უცნობია. თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად ყურადსაღებია“, - ამბობს მამუკა ნოზაძე და იქვე დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების წამების ფაქტებზე მორიგი საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში კვირის ბოლოს შეაქვს - “სხვათა შორის, მთავარ პროკურატურას ყვარელაშვილისა და მირზაშვილის საქმეებზე მიმდინარე წელს სამჯერ (3, 6 და 9 იანვარს) მივმართე, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. მიუხედავად ამისა, მათ არ მოვასვენებ“.