საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს, ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ესტუმრა და "ავერსის" კლინიკა გახსნა.
სააკაშვილთან შეხვედრაზე, აქტიურ საზოგადოებასთან ერთად, ოპოზიციონერი ლიდერებიც იმყოფებოდნენ. "პოლიქრონიონ", - ეს სიტყვა ოპოზიციონერმა მარინე სუნგულიამ მიხეილ სააკაშვილის მისამართით თქვა.
როგორც მარინე სუნგულიამ "გურია ნიუსს" უთხრა, ამ მიმართვის შემდეგ, მას მიუახლოვდა სამი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომლებიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს ჰგავდნენ.
- მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი, მაგრამ როცა ვუპასუხე, წესრიგს ხომ არ ვარღვევ, "მიშას" ძახილი თუ შეიძლება, "პოლიქრონიონმა" რა დააშავა,-მეთქი, მკითხეს, ეგ რას ნიშნავს, ქალბატონოო? მე ვუპასუხე, უფროსს ჰკითხეთ,-მეთქი.
- თქვენი ვინაობით თუ დაინტერესდნენ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები?
- პრეზიდენტის სტუმრობისას ოზურგეთში, ჩემი პროტესტი დავაფიქსირე "პოლიქრონიონის" შეძახილით. ჩემი პროტესტის მიზანი იყო ის, რომ არ მინდოდა პრეზიდენტს ეფიქრა, ოზურგეთში მარტო "სულანჯიები" და "თაბაგრები" ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, დაცვის თანამშრომლები მომიახლოვდნენ და დაინტერესდნენ, თუ რას ვიძახდი ან ვინ ვიყავი. მე მათ ვუთხარი, ამ სიტყვის მნიშვნელობა თავიანთი უფროსისთვის ეკითხათ და განვაგრძე ძახილი. როცა ჩავთვალე, რომ მან გაიგონა, ვისაც უნდა გაეგო, წამოსასვლელად მოვემზადე და მოულოდნელად ასეთ სურათს წავაწყდი: ჩემი ყოფილი პედაგოგი დაეწია დაცვის თანამშრომელს, სამოსზე მოქაჩა და ჩემი ვინაობა ამცნო.
ამ ამბავმა ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანის?!" პროლოგის რიტორიკა გამახსენა, როცა მწერალი ბაყაყების გუბესთან ჩაივლის და ერთ-ერთ ბაყაყს აიყვანს. ბაყაყი ეუბნება: - რატომ მაინცა და მაინც მე ამირჩიე, აქ ხომ უამრავი ჩემნაირია? მწერალი პასუხობს: - ზუსტად იმიტომ აგირჩიე, რომ უამრავს ჰგავხარ და უამრავი შენ გგავსო. ჩემი პედაგოგის მხილება, ჩემთვის არც თუ სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია. სწორედ ასეთი ადამიანების ბრალია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით გაიხანგრძლივა არსებობა ხელისუფლებამ.
ჩემი ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი ქალბატონი ელიკო თავდუმაძე გამოდგა, გული მეტკინა. მე დავინახე ზოგადად სახე იმ ადამიანთა შთამომავლისა, რომლებიც ავადსახსენებელ 30-იან წლებში გვერდით მყოფთ უყოყმანოდ იმეტებდნენ.
ეს ქალბატონი, უბრალოდ ჩემი პედაგოგი კი არა, უფრო მეტია, რადგან ქართველები მეგობრობას, დამეზობლებას როგორ უდიდეს პატივს მივაგებთ. ამ ქალბატონის მეუღლე მამაჩემის მეგობარი იყო, მამა კი ბაბუაჩემისა, ხოლო მისი ორი შვილი ჩემი მეგობარია, თავად ქალბატონი ელიკო ჩემი ბიოლოგიის პედაგოგი და მეზობელია.
მაინტერესებს, ზემოთ ჩამოთვლილი ურთიერთობებისგან, რომელმა უკარნახა დასმენა? ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს საზოგადოებამ მორალური სასამართლო უნდა მოუწყოს, რათა სხვამ მსგავსი საქციელის სურვილი დაკარგოს. გული მეტად მწყდება იმაზე, რომ ახალგაზრდებშიც მასიურად ჩათესეს ბოროტი თესლი და ბევრი მათგანი "პავლიკ მოროზოვებად" და "ზოია კოსმოდემიანსკებად" აქციეს, რომელთა მორალია _ "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას".
- ამის შესახებ ესაუბრეთ თუ არა ქალბატონ ელიკოს?
- რა თქმა უნდა, დავურეკე და ვკითხე, რა მოიგო მან ამ დასმენით, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ასე არ ყოფილა, ხმამაღლა ვთქვი შენი სახელი და გვარი და ისინი თავად დაინტერესდნენო. რა თქმა უნდა, მე მისთვის არ მითქვამს, რომ ამის შემსწრე თავად ვიყავი. როგორ ფიქრობთ, რომ შემშინებოდა, ამას გავაკეთებდი? მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის იმდენად ჩვეულებრივი და მოთხოვნილებად გადაქცეულია მსგავსი საქციელი, რომ გასაკვირი სულაც არ იყო. ბოლოს და ბოლოს, მინდა ვკითხო მას: - რა მორალზე ესაუბრება მოსწავლეებს, თუ მიაჩნია, რომ მსგავსი რამ საჭირო არ არის?
"გურია ნიუსი" ელიკო თავდუმაძეს დაუკავშირდა და შეეცადა გაეგო, ადასტურებდა თუ არა მარინე სუნგულიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. ქალბატონმა ელიკომ ეს ინფორმაცია უარყო: - არ ვადასტურებ მაგ ინფორმაციას. დამისახელეთ მოწმეები. მაგის მსგავსი არაფერი არ ყოფილა.
- ქალბატონო ელიკო, თქვენ იქ არ ყოფილხართ?
- როგორ არ ვიყავი, იქ ვიყავი სწორედ მაშინ, როცა მარინე მაგ სიტყვას გაიძახოდა, თუმცა, მე დაცვის ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს. ძალიან გთხოვთ, ნუ გაუსვამთ ხაზს ამ საკითხს, თორემ შემდეგ შეიძლება, უსიამოვნება მოყვეს.
- ქალბატონო ელიკო, "უსიამოვნებაში" რას გულისხმობთ?
- მე პატარა ქალი კი არ ვარ. გაოცებული დავრჩი მარინეს საქციელით და მისი მოქმედებით. ჩემ გვერდით მყოფს ვუთხარი, როგორ გამაოცა ამ გოგომ, რას აკეთებს,-მეთქი.
- სუნგულია ცუდად მოიქცა?
- მე გამაკვირვა მისმა მოქმედებამ. თუმცა, ოფიციალურ პირებთან საუბარი არ მქონია. ეს იყო არაჩვეულებრივი ბავშვი, კარგი მოსწავლე, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ყველანაირად ჩამოყალიბებული გოგო და ამან გამაკვირვა. ჩემ გვერდით მყოფს ვუთხარი, რატომ უნდა გამოეხატა მას პროტესტი, ასე როგორ მოიქცა,-მეთქი? კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე იქ პრეზიდენტის დაცვის წევრი არ დამინახავს. ძალიან გთხოვთ, არ მოყვეს ამ ფაქტს უსიამოვნება, - გაგვაფრთხილა ქალბატონმა ელიკომ.