„ბრალდების მხარე ცდილობს მოწმეების და მათ შორის დაზარალებულის ჩვენებებს მისცეს ერთი კალაპოტი, როგორმე მოაქციოს ერთ ლოგიკურ ჯაჭვში. თუმცა, ეს მას ძალიან უჭირს, არ გამოსდის, მაგრამ ამაში, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სასამართლო.“-ასეთი განმარტება გააკეთა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრის, რევაზ ხულორდავას ინტერესებს ამავე სასამართლოში იცავს.
შალვა შავგულიძემ ხულორდავას ბრალდების საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაწყებული არსებითი განხილვის მიმდინარეობა ისეთივე უკანონოდ შეაფასა, როგორც წინასწარი გამოძიება და წინასასამართლო განხილვის სხდომა. მისი განცხადებით მოსამართლე რომან ხორავამ 5 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან ადვოკატებს უფლება არ მისცა სხდომების სრული აუდიო-ჩაწერა განეხორციელებინათ.
შალვა შავგულიძე, ადვოკატი: „სასამართლო სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და მოვითხოვეთ ბრალდების მხარის მოწმეების იმ ჩვენებების გამოქვეყნებაც, რომელიც მათ გამოძიებას მისცეს, რადგან ამ ჩვენებებს შორის არსებითი განსხვავება არსებობს. ვითხოვდით ასევე კითხვების დასმას, რომელიც განსხვავებებთან დაკავშირებით პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ, ეს შუამდგომლობაც არ დაგვიგმაყოფილა სასამართლომ. სასამართლო ასევე ხშირად ხსნიდა დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც კანონის მიხედვით არ იყო მოსახსნელი, მაგრამ არ იყო ხელსაყრელი ბრალდების მხარისათვის.“
სასამართლო პროცესზე დაკითხულმა დაზარალებულმა დავით მგალობლიშვილმა ხულორდავას მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ იგი ბერულავების სახლთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მართალია, რევაზ ხულორდავა მას „მუცელში დანის გაყრის დროს არ უნახავს, მაგრამ ხმის ტემბრი ეცნო.“
თავად რევაზ ხულორდავამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ მას მგალობლიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა: - „მგალობლიშვილი სუფრასთანაც კი არ მჯდარა, ჩვენ რომ იქ ვიყავით, მაშინ, ტელევიზორის ანძას აკეთებდა. ჩვენი წამოსვლის შემდეგ მოუტანიათ 1,5 ლიტრი არაყი და დამთვრალან,“- განმარტა ბრალდებულმა.
შალვა შავგულიძე, ადვოკატი: „დაზარალებულმა დავით მგალობლიშვილმა დღეს სასამართლოს გამოძიების პროცესში მიცემული ორი ჩვენებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა. მან ფაქტობრივი გარემოებებიც განსხვავებულად აღწერა. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ მოგვცა გამოგვექვეყნებინა გამოძიების ჩვენებები და დამატებითი კითხვებით დაგვეზუსტებინა, საბოლოოდ, დაზარალებული მისი ჩვენების რომელ ნაწილს მიიჩნევს ჭეშმარიტად. როგორც ჩანს, მასზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, სხვაგვარად ამ განსხვავებებს ახსნა არ აქვს.
მრჩება მყარი შთაბეჭდილება, რომ სასამართლო ამ საქმეზე არ ცდილობს ჭეშმარიტების დადგენას. სასამართლო ცდილობს როგორმე დაადასტუროს წარდგენილი ბრალდება და რევაზ ხულორდავა დამნაშავედ სცნოს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რომელიც მას რეალურად არ ჩაუდენია, არ იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მაშინ, როცა სისხლის სამართლებრივ ბრალდებას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და ბრალდებული არის ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი, ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არსებობს, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ბრალდებასთან.“
რევაზ ხულორდავა სენაკელმა სამართალდამცავებმა 20 ნოემბერს, მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება ასევე ხულორდავას ძმა, მალხაზ ხულორდავა. ადვოკატების ინფორმაციით, მისი დაკავება ძმის ბრალდების საქმეში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, რომელსაც თავად აწარმოებდა.
რევაზ ხულორდავას დაკავებისა და სასამართლო პროცესების დეტალებზე presage.tv უკვე წერდა. (http://www.presage.tv/?m=society&AID=8205)-( http://www.presage.tv/?m=society&AID=8904) ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხულორდავას საქმეზე არსებითი განხილვა 18 იანვარს განახლდება.