[ლელა კობერიძე]
კახეთში ახალი აბონენტები ზამთარს გაძვირებული გაზის ტარიფით შეხვდებიან. მთავრობის დაპირებით მიღებული სიხარული „გაზი ყველა სოფელს“ კახელებს აღარ ახარებთ. მათ, იმიტომ, რომ „ახლები“ არიან გაზი 10 თეთრით ძვირად - 60 თეთრად უნდა იყიდონ.
ასე რომ, „სოკარმა“ ზაფხულის ბოლოს, კახეთში ახალ აბონენტებს გაზის ტარიფი გაუძვირა. მიზეზი ის არის, რომ კომპანიამ გაზიფიკაციისთვის დიდი რაოდენობის ინვესტიციები ჩადო. ექსპერტების განცხადებით, ტარიფი ყველას ერთი უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება მოსახლეობის დიფერენცირება. სხვათა შორის, თბილისში ამ მოტივით ახალ და ძველ აბონენტებს ტარიფი გაუთანაბრდათ.
გაზის ტარიფის დერეგულირების შემდეგ სემეკი ტარიფის დადგენაში აღარ ერევა და კომპანიებს უფლება აქვთ მოსახლეობას გაზი, სადამდეც სურთ იქამდე, გაუძვირონ. „სოკარი“ გაზით თელავის რაიონის გარდა მთელ კახეთს ამარაგებს. თელავის გაზმომარაგებას კი კომპანია „ვისოლი“ უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ „ვისოლი“, რომელიც გაზს „სოკარისგან“ ყიდულობს, უფრო იაფად ყიდის მოსახლეობაზე, ვიდრე საკუთარ გაზს „სოკარი“ დანარჩენ კახელებზე.
არადა, როგორც ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური აცხადებდა, დერეგულაციის მიზანი კონკურენციის გაზრდა იყო, რაც თავის მხრივ ტარიფის გაიაფებას გამოიწვევდა.
კახელებს კი ამ კომპანიის იქით გზა არ აქვთ - ან მათ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილონ, ან მამა-პაპურ შეშაზე დარჩნენ, რაც ასევე დეფიციტია. არადა, საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანელებს „შაჰდენიზის“ გაზსადენიდან მიღებული შეღავათიანი გაზის მოცულობები სწორედ იმის გამო გადააბარა, რომ კომპანიას მოსახლეობისთვის იაფიანი გაზი მიეწოდებინა.
„ლაგოდეხგაზის“ დირექტორის ზურაბ ხელაშვილის განცხადებით კი, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და გაზი გააძვირა. „გურჯაანგაზის“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, ძველი და ახალი აბონენტების ცნება გაიმიჯნა და ახალ აბონენტებს გაზი გაძვირებული ტარიფით მიეწოდებათ, თუმცა მისი თქმით, ასეთი აბონენტი გურჯაანის რაიონში სულ 3-5 ოჯახია. არადა, ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის ინფორმაციით, გაზიფიცირება აქტიურად ხორციელდება და ახალი აბონენტების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.
ყოფილი ენერგოომბუდსმენის, ექსპერტის, დავით ებრალიძის აზრით, ეს არის მთავრობის მიერ გამოცხადებული დერეგულაციის შედეგი. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში მონოპოლისტები საქმიანობენ, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვა შეუძლებელია.
„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ერთი კომპანია ერთ აბონენტზე გაზს ერთი ტარიფით ყიდდეს და მეორეზე კი - მეორე ტარიფით. როდესაც გაზის ტარიფის დერეგულაცია გამოცხადდა, ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ის, რომ კონკურენცია გაიზრდებოდა და ტარიფი შეიძლებოდა გაიაფებულიყო კიდეც.
საინტერესოა, როგორ უნდა გაიზარდოს კონკურენცია, როდესაც კახეთში ერთადერთი კომპანია „სოკარია“ წარმოდგენილი, თუ არ ჩავთლით თელავში „ვისოლის“ ძალიან მცირე მოცულობას. ასევე მთელ საქართველოშიც, სადაც რეგიონები „იტერასა“ და „სოკარს“ აქვს განაწილებული. დავუშვათ ძალიან უნდოდა აბონენტს სხვა კომპანიისგან გაზის ყიდვა, მაშინ ხომ შეიძლება ისიც უთხრან, რომელი კომპანიისგან შეიძლება რომ იყიდოს?“ - ამბობს დავით ებრალიძე.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს არჩევანის გასაკეთებლად წესებიც კი შესთავაზეს. ამ წესების თანახმად (იგი სემეკის ვებ-გვერდზე დევს), მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს გაზის მიმწოდებელი შეცვალოს, თავისსავე შერჩეულ კომპანიას განაცხადი უნდა წარუდგინოს, სადაც მითითებული იქნება განმცხადებლის ვინაობა, მისამართი, განაწილების ლიცენზიატის დასახელება და სხვა.
მიმწოდებელი კი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი. მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო.
„მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული თუ რომელ მიმწოდებელ კომპანიას აირჩევს. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ კონკურენტული გარემოს შექმნა უზრუნველგვეყო“, - განაცხადეს სემეკში.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც არჩევანი არ არსებობს, წესები მხოლოდ ქაღალდზე რჩება და მისი დაწერაც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
სხვათა შორის, თვითონ ენერგეტიკის სამინისტროშიც კი უჭირთ იმის ახსნა, თუ როგორ უნდა ეძებოს რეგიონებში მცხოვრებმა აბონენტმა ახალი გაზის კომპანიები, რათა მას არჩევანის საშუალება ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში „სოკართან“ გაზის მოწოდებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში მარტო ის არ იყო, ჩადებული, რომ კომპანია საქართველოს 5 წლის განმავლობაში 167 დოლარიან გაზს მიაწვდიდა. ხელშეკრულებაში ასევე განისაზღვრა, რომ „შაჰდენიზის“ გაზსადენიდან საქართველოსთვის გათვალისწინებული შეღავათიან მოცულობებს 167-დოლარიანი გაზის სანაცვლოდ, „სოკარი“ გააკონტროლებდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანულ კომპანიას საქართველოს მასშტაბით 30 გაზგამანაწილებელი კომპანია გადაეცა და იგი ქვეყნის უმეტეს რეგიონში უპირობო მონოპოლისტი გახდა.