წინასაარჩევნო ბრძოლა

წინასაარჩევნო ბრძოლა "გურია ნიუსის" წინააღმდეგ დაიწყო!


"გურია ნიუსის" ობიექტური და მართალი ინფორმაციები რომ ხელისუფლებას გულზე არ ეხატება, ეს ახალი ამბავი არ არის

– ჩვენი არსებობის მანძილზე გაზეთსა და მის ჟურნალისტებზე უამრავ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა და ცდილობს, ხელი შეგვიშალოს მუშაობაში: იყო ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, "გურია ნიუსის" დისტრიბუტორებს უკრძალავენ გაზეთის გავრცელებას, უარს გვეუბნებიან ინფორმაციის მოწოდებაზე, ჩინოვნიკები აშკარად და დაუფარავად "გვასწავლიან", რა როგორ უნდა ვწეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების შექმნით გვემუქრებიან!

გაზეთის მუშაობის პარალიზების ერთ-ერთი ნაცადი ხერხი ხელისუფლების მიერ თანამშრომლების გადაბირებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მასიური ხასიათი მიეცა – სპეციალურად იქმნებოდა სხვადასხვა, უფუნქციო შტატები და დღეს სახელისუფლებო ორგანოებში "გურია ნიუსის" ათობით ყოფილი თანამშრომელი მუშაობს.

როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ისევ დადგა დღის წესრიგში "გურია ნიუსის" "ჩაძირვის" საკითხი – ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა იმედაშვილმა დაიბარა ჩვენი კომპიუტერული უზრუნველყოფის სპეციალისტი დავით ჩხიკვაძე და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზა. ქალბატონმა ლელამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, თურმე, სურს, "ნიჭიერი ახალგაზრდები დაასაქმოს". საინტერესოა, რატომ გაახსენდა მაინცდამაინც ახლა გამგებელს დავით ჩხიკვაძე, რატომ ფიქრობს, რომ ეს ახალგაზრდა ღირსეულად არ არის დაფასებული და არანაკლებ პრესტიჟულ ადგილზე მუშაობს, ვიდრე გამგეობაა? ან რატომ მოინდომა სწორედ "გურია ნიუსის" თანამშრომლის "დასაქმება" და რატომ არ ფიქრობს სხვა, ასევე ნიჭიერ ახალგაზრდებზე, რომლებსაც უამრავი განცხადება აქვთ დაწერილი სამსახურით დაკმაყოფილების თაობაზე და ამ განცხადებებს საკმაოდ სქელი მტვერი ადევს? მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომა "მოდაში" ხელისუფლების პირადი სიმპატიებით და "პატრონობით" თანამდებობებზე დანიშვნა და რატომ არ ტარდება კანონით გათვალისწინებული კონკურსები? საჯარო სამსახური ქვეყნის სამსახურს ნიშნავს თუ საკუთარ "დუქნებად" გადაქცეული გამგეობა-საკრებულოების, როგორც ნაციონალური მოძრაობის სახე ჩოხატაურში _ ზაურ ოსეფაიშვილი ამბობს, "დილიხორით" დაკომპლექტებას?!

საბედნიეროდ, დავით ჩხიკვაძე "30 ვერცხლს" არ დახარბდა და ქალბატონ გამგებელს შემოთავაზებულ "გულისხმიერებაზე" უარი უთხრა. ჩვენი წყაროს მტკიცებით, ჩხიკვაძეს ამ უარის გამო, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას და პატივმოყვარე გამგებელი ეცდება, სამაგიერო გადაუხადოს მას გაწბილების გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, "გურია ნიუსი" უფლებამოსილია განაცხადოს, რომ იგი არ დაუშვებს გაზეთის თანამშრომლებზე ზეწოლას და ყველა კანონიერი გზებით მოახერხებს, დაიცვას მათი უფლებები, ხოლო იმედაშვილს და "გურია ნიუსის" პარალიზების მოსურნე სხვა ჩინოვნიკებს შეახსენებს, რომ ჩვენს გვერდით მკითხველთა მრავალათასიანი არმია დგას და რაც არ უნდა ეცადნონ "ძლიერნი ამა ქვეყნისანი", გაზეთი მაინც გააგრძელებს ფუნქციონირებას!!!

"გურია ნიუსი" აფრთხილებს ხელისუფლებას: თავი დაანებოს გაზეთთან უკადრისი და უკანონო გზებით ბრძოლას, რომელიც მხოლოდ აღნიშნული ფაქტით არ შემოიფარგლება _ ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი ფარული ომი მიმდინარეობს "გურია ნიუსის" წინააღმდეგ, რომლის დეტალებს, ჯერჯერობით, არ ვახმაურებთ. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რაც "დემოკრატიის მშენებელი ხელისუფლების" იმიჯს ნამდვილად არ წაადგება!