„ვეტერინარიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის და საქონლის ვეტერინალური სერტიფიკატის გაცემის წესიც იცვლება. ამიერიდან საქონლის ვეტერინალური სერტიფიკატის გაცემა, სურსათის უვნებლობის სამსაუხრის გარდა, შემოსავლების სამსახურსაც შეეძლება. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაიწყო.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, შემოსავლების სამსახური სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს. აღნიშნული პროცედურები კი ვეტერინარულ სერტიფიცირებას დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის ვეტერინალური სერტიფიკატის წარდგენას ითვალისწინებს.
მიქელაძის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როცა საქონლის ექსპორტიორს უწევს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის შეჩერება და საქონლის ვეტერინარული სერთიფიკატის აღებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებისთვის მიმართვა, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.
მიქელაძე განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის და ეს პროცედურები იმპორტიორს საბაჟო სამსახურთან ურიერთობას კიდევ უფრო გაუადვილებს.
ეს ყველაფრეი კი გაიოლდება, მაგრამ ადგილობრივი წარმოების ისე მიდის, რომ საექსპორტო ბევრი არაფერი დაგვრჩება. ეს იმიტომ, რომ მეცხოველეობა-მეფრინველეობის კუთხით წარმოების მნიშნველოვანი დაცემა შეინიშნება.
წინა წლებთან შედარებით 300 ათასი სულით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 600 ათასით – ღორი, 300 ათასით – ცხვარი და 3 მილიონით – ქათამი.
შესაბამისად, კლებაა საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების თვალსაზრისითაც.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 10,1 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც 2009 წლის მეორე კვარტალში ამ მონაცემებმა 13,7 ათასი ტონა შეადგინა. ქვეყანაში შემცირებულია ასევე რძის წარმოებაც, რადგანაც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის მეორე კვარტალში 178,7 ათასი ტონა რძის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც ამ მონაცემებმა 2009 წლის მეორე კვარტალში 192,8 ათასი ტონა შეადგინა. შემცირებულია ასევე კვერცხის წარმოება. 2009 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 120,8 მლნ ცალი კვერცხი იყო ნაწარმოები, 2010 წლის მეორე კვარტალში კი მხოლოდ 96,7 მლნ ცალი კვერცხი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ძალიან დიდი ოდენობით გაჰყავთ ცხვარი. ეს კი ქმნის საშიშროებას, რომ მალე ამ მიმართულებითაც დეფიციტი შეიქმნება, რადგან წარმოების ტემპები ექსპორტის ტემპს არ შეესბამება.
„გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია თავი არ შეიკავო და არ გაყიდო, მაგრამ შიში, რომ ამით სულადობა და წარმოება შემცირდება, არ არის უსაფუძვლო. მთავარია, სულადობა არ შეგვიმცირდეს და სახელმწიფომ იზრუნოს, რომ ქვეყანაში ზამთრის საძოვრების პრობლემა გადაწყდეს.
„ადრე ჩვენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე - ყიზლარში ვაზამთრებდით ქართულ ცხვარს. იმისთვის, რომ ცხვრის ექსპორტის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი ნორმალურად გამოვიყენოთ, როგორმე უნდა შევეცადოთ თუნდაც იგივე ჩეჩნებთან ძველი ურთიერთობების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგს მივიღებთ. საქართველოში ზამთრის საძოვრები გვაქვს მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მსხვილფეხა პირუტყვიც დგას და წვრილფეხაც. საძოვრები გადატვირთულია, რის გამოც ეს ტერიტორია ცხვარს ვერ იტევს“, - ამბობს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.