იგი საავადმყოფოსთვის იყო გაჩენილი, ანუ მიშა და მთავარი

იგი საავადმყოფოსთვის იყო გაჩენილი, ანუ მიშა და მთავარი

გუბერნატორებისთვის, გამგებლებისთვის და ადგილობრივი პოლიციისთვის ყველაზე დიდი თვის ტკივილი რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებია. სწორედ მათ ევალებათ, რომ სააკაშვილს ღირსეული დახვედრა მოუწყონ. „ღირსეულ დახვედრაში“ იგულისხმება, ბევრი ხალხი და მინიმუმ ორი ბავშვი, რომელიც „მიშა! მიშა!“ –ს გაყვირის.

და არაუშავს, თუ ეს ხალხი იმ მუნიციპალიტეტში არც ცხოვრობს, სადაც სააკაშვილია ჩასული. შუბლზე არავის აწერია, ვინ საიდანაა. მთავარია, რომ ათასი სატელეფონო ზარის და სამსახურიდან გაგდების შიშით მოყვანილ მიშას “ფანებზე” შემდეგ არავინ ისაუბროს.

სააკაშვილმა 5 იანვარს გარდაბანში, სამედიცინო ცენტრის გახსნისას, თავისი გულისტიკივილი გარდაბნელებს გაუზიარა. “ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ხალხი შეხვედრებზე სპეციალურად მოყავთ ავტობუსებით. ფაქტია, რომ აქ მოსვლა ერთი საათის წინ გადავწყვიტე და თითოეული თქვენგანი ადგილობრივი მკვიდრია, რომელიც გარშემო მდებარე კორპუსებსა და სახლებში ცხოვრობს” – თქვა, სააკაშვილმა.

პრესაგე.ტვ-ს კარგად ახსოვს, როგორ შედგა რუსთავში გასულ წელს პრეზიდენტისა და პენსიონერების შეხვედრა. “კარგად გადასკოჩე მანქანა, პენსიონერი არ გადმოგივარდეს” – ასე მიმართავდნენ ერთმანეთს, პრეზიდენტთან შეხვედრის ადგილობრივი ორგანიზატორები, რომლებსაც შეხვედრაზე პენსიონერთა კოლექტიური მიყვანა ევალებოდათ.

შესაბამისად, სააკაშვილის ვიზიტის მეორე დღეს, გარდაბანში სააკაშვილის სტუმრობის ადგილს ჩვენც ვეწვიეთ.

“მიშა აქ ყველას უყვარს. კორპუსებიდან ყველანი ვიყავით გამოსული. ჩვენ გარდა მთელი გამგეობა აქ იყო – ყველა თანამშრომელი, პედაგოგებიც და სხვა საპატივცემლო ადამიანები. ბევრი უცხო ადამიანიც იყო, ზუსტად ვერ გეტყვით საიდან მოვიდნენ“ – გვიხსნიან პრეზიდენტის მოყვარული გარდაბნელები.

“ჩვენ სვანეთიდან ვართ, ეკომიგრანტები. აქ უკვე დიდი ხანია ვცხოვრობთ. პრობლემები ბევრი გვაქვს. თვითონაც შეხედეთ, რას გავს ჩვენი შიდა გზები. საავადმყოფო კარგია, მაგრამ აბა რა გზით მიდიხარ იმ საავადმყოფომდე, საკითხავი არ არის?!” –კორპუსების ეზოში მდგომებს საუბარისას ნელ-ნელა მიშას სიყვარულმა გაუარათ და პრობლემებზე საუბარი დაიწყეს.

მისაღებში მოქალაქეების რიგი დგას. “ჩვენი ცენტრი გუშინ არ გახსნილა. დაახლოებით ორი კვირაა ვმუშაობთ. გუშინ, უბრალოდ, პრეზიდენტი გვესტუმრა მოულოდნელად” – საუბრობს ცენტრის მთავარი ექიმი, ქეთევან გვენცაძე.

“ეს არის 25 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო. გვაქვს შემდეგი განყოფილებები: სამეანო-გინეკოლოგიური, ქირურგიული, თერაპიული, ბავშვთა განყოფილება, ინფექციური და ამბულატორია. თანამშრომლების მხრივ თითქმის სრულად დაკომპლექტებული ვართ. შერჩევის ეტაპზე ვართ ანესთეზიოლოგ-რეანომატოლოგის კადრზე. ისიც ამ დღეებში აირჩევა და საქმეს შეუდგება” – დასძინა, გარდაბნის სამედიცო ცენტრის, მთავრი ექიმი.

გარდაბნის და მარნეულის სამედიცინო ცენტრები სადაზღვეო კომპანია “ირაომ” ააშენა. მათი უშუალოდ მართვა კი “ჯეოჰოსპიტალსი”-ს   ევალება. ფასებს სამედიცინო მომსახურებაზე სწორედ, ის განსაზღვრავს. შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული, სააკაშვილის სტუმრობისას „მიშა! მიშა!“–ს რამდენი დამძახებელი, შეძლებს ამ დაწესებულებებში მკურნალობას.