ერთმა ენაკვიმატმა პოლიტიკოსმა თქვა – „ჰიტლერს ჩვენნაირი „ნაციონალური ტელეარხები“ რომ ჰქონოდა, გერმანელებს მეორე მსოფლიო ომი მოგებული ეგონებოდათო“. სახელისუფლებო მედიას თუ დავუჯერებთ, საქართველო „დემოკრატიის და კეთილდღეობის ოაზისია“. ჩატარებული უცხოური კვლევები სულ სხვა რეალობას ღაღადებენ.
საერთაშორისო სააგენტო „Gallup“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე უბედური ერები რუმინელები, ეგვიპტელები და ქართველები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, „ბედნიერების ინდექსის“ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ამ ერებს აქვთ.
გამოკითხულ რუმინელთა 39% თავს უბედურად გრძნობს, 30% - უფრო ბედნიერად, ვიდრე უბედურად. ამ თვალსაზრისით რუმინეთის ბედნიერების ინდექსი 10-ია.
მისივე მონაცემებით, ეგვიპტესა და საქართველოში ბედნიერების ნულოვანი ინდექსია. იგი დაბალია პალესტინაში, სერბეთსა და ლიტვაში (7-9), ყველაზე ბედნიერები კი ფიჯის (85), ნიგერიის (84), ნიდერლანდების (77) და შვეიცარიის (76) მცხოვრებნი აღმოჩნდნენ.
ამასთან, „Gallup“-ის ინფორმაციით, უკრაინელების ბედნიერების ინდექსი 30-ის ტოლია. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი აქვთ რუსეთს, ჰონკონგსა და ბულგარეთს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ბედნიერი ადამიანების რიცხვი შემცირდა. თუ აგვისტოში გამოკითხულთა 56% თავს ბედნიერს უწოდებდა, დეკემბერში მათი რიცხვი 43%-მდე შემცირდა.
გამოკითხვა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში 58 ქვეყანაში ჩატარდა.
თავის მხრივ, ადამიანური რესურსების კონსულტირების, კვლევებისა და საგამოძიებო მომსახურების გლობალური კომპანიის Mercer-ის კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშია.
ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. ევროპაში მეორე და მესამე ადგილებზე ციურიხი და მიუნხენი გავიდნენ. შემდეგ კი ჩამონათვალში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კოპენჰაგენი არიან.
პირველ ოცდაათეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ჰამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.
„ევროპის ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი ქალაქი თბილისია - 214-ე ადგილი“, - აღნიშნავს Mercer-ის ვებგვერდი.
აღნიშნულ 214-ე ადგილზე თბილისი მსოფლიო ქალაქების 221 ადგილიან ჩამონათვალში გავიდა. ამ ჩამონათვალში ბოლო ადგილზე ერაყის დედაქალაქი ბაღდადია. თუმცა, ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თბილისმა მიიღო.
Mercer-მა ასევე გამოიკვლია ქალაქებში პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელი. პირველ ადგილზე ლუქსემბურგი აღმოჩნდა. მას ბერნი, ჰელსინკი და ციურიხი მოჰყვებიან.
აღმოსავლეთ ევროპაში პირადი უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლუბლიანამ და პრაღამ მიიღეს.
მოსკოვი ამ ჩამონათვალში 199-ე ადგილზე გავიდა. თბილისი კი პირადი უსაფრთხოების რეიტინგშიც ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ბოლო ადგილზე მოხვდა, რაც მთელი მსოფლიოს ქალაქების ჩამონათვალში 215 ადგილია.
Mercer, რომელსაც მსოფლიოს 40 ქვეყანაში 20 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ცხოვრების დონეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ითვლის - პოლიტიკური და სოციალური გარემო, ეკონომიკური გარემო, სოციალ-კულტურული გარემო, სამედიცინო და ჯანდაცვის პირობები, სკოლა და განათლება, ბუნებრივი გარემო. საჯარო მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია, სამომხმარებლო საქონელი, სახლის პირობები.
პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელს კი კვლევითი კომპანია შიდა სტაბილურობის, კრიმინალის დონის, კანონის განხორციელების ეფექტიანობის და ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების მიხედვით ითვლის.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭო კომპანია Mercer-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ თბილისში განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ხოლო უსაფრთხოების კუთხით თბილისი ევროპაში პირველ ადგილზე დგას, მხოლოდ შიდამოხმარების პიარ–სიცრუეს წარმოადგენს“:
„რეალურად, Mercer-ის კვლევის შედეგების თანახმად, ევროპის დედაქალაქებს შორის თბილისში ყველაზე დაბალი ცხოვრების დონეა. კერძოდ, მსოფლიოს 221 ქალაქიდან ცხოვრების დონის მიხედვით თბილისი 214-ე ადგილზეა. პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით კი თბილისი ევროპაში კვლავ ბოლო - 215 ადგილს იკავებს.
ეს შედეგები საგანგაშო და კატასტროფულია ჩვენი ქვეყნისათვის და ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის განცხადებები იმის შესახებ, რომ თბილისში განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ხოლო უსაფრთხოების კუთხით თბილისი ევროპაში პირველ ადგილზე დგას, მხოლოდ შიდამოხმარების პიარსიცრუეს წარმოადგენს.
დასავლეთი საკმაოდ რეალისტურად აფასებს საქართველოში შექმნილ ვითარებას, ხოლო მითი იმის შესახებ, თითქოსდა საქართველო ინვესტორებისთვის ოაზისს წარმოადგენს, თუნდაც ამ დასკვნის საფუძველზეც კი არასერიოზულად ჟღერს.
საუბედუროდ, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ დღეს საქართველოს, როგორც შემდგარი სახელმწიფოს არსებობა მსოფლიოში სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. სასურველი იქნებოდა, მსგავსი კვლევების შედეგებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყნად წარმოგვიჩინონ“.