ახალი „არმაგედონი“

ახალი „არმაგედონი“

არსებობს ცნება - „ბიფურკაციის წერტილი“, რომელიც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული. ზემოთაღნიშნული წერტილიდან „ბიფურკაცია“ ანუ  ასარჩევი გზა ორად იყოფა. ერთს წინსვლისა და განვითარებისაკენ მივყავართ, მეორეს კი - ჩიხისაკენ, საიდანაც გამოსავლის მოძებნა ხერხდება ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად - ვერა.

 

დღეს ჩვში ძალიან ბევრს ესმის, რომ სწორედ  ასეთ „ბიფურკაციის წერტილში“ ვიმყოფებით. სხვა საქმეა, რომ თუ უმრავლესობას სურს იხილოს ღირსეული, თავისუფალი, აყვავებული, ევროპასთან უფრო დაახლოებული და ბედნიერი საქართველო, მეორე ნაწილს, ძირითადად „ძლიერთ ჩვენი ქვეყნისა“, Status quo აწყობთ მათთვის ჩვეული მოდელით - საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნება თუნდაც საკუთარი ქვეყნის  პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში შეყვანის ფასად.

 

მაშასადამე ვერ ვიქნები ორიგინალური იმაში, რომ 2012 წლის ოქტომბერი (ან ნებისმიერი სხვა თვე, როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება) „არმაგედონს“ შევადარო.

 

ბოროტსა და კეთილს შორის საბოლოო, გადამწყვეტი და სამკვდრო-სასიცოცხლო (რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით) ბრძოლა, ანუ „ახალი არმაგედონი“ არცთუ ისე შორეული პერსპექტივაა. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ (ასაკის, ეროვნული წარმომავლობისა თუ დღევანდელი თანამდებობის მიუხედავად) კარგად უნდა გაიაზროს თუ სად არის მისი ადგილი, სიკეთის სადარაჯოზე თუ ბოროტების მხარეს, სადაც უმეცართა მმართველობას მათი ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი სახელმწიფო და ერი სრულ განადგურებამდე მიჰყავს.

 

ჯერ-ჯერობით საქართველოში სამოქალაქო ომის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამშობლოს ბედნიერებისათვის თავგანწირული ბრძოლა აღარ გვჭირდება. პირიქით, გავიხსენოთ თანამედროვე დასავლური დემოკრატიის აკვანის - ათენის სახელმწიფოს ისტორია, სადაც სამოქალაქო დაპირისპირება (უფრო ხშირად, პოლიტიკური და არა სამხედრო) ძალიან ხშირი მოვლენა იყო. ასეთ დროს ძველი საბერძნეთის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწის, სოლონის კანონმდებლობის თანახმად, ათენის განზე მდგომი მოქალაქე, რომელიც ორი დაპირისპირებული ბანაკიდან არც ერთის მხარეს არ დადგებოდა, სიკვდილით ისჯებოდა.

 

ასე იყო ძველ ათენში!

 

რა არის მაშინ გასაკვირი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებში – „შუაში უნდა გაიკრიფოს“? ტურებივით რომ დაიწყო კივილი ზოგიერთმა: „არიქა, გვიშველეთ, დემოკრატია საფრთხეშიაო“. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენით დაინახეს მათ დემოკრატიისათვის საფრთხე და მიშას რვაწლიან ტოტალიტარულ მმართველობაში – ვერა?

 

შუაში მართლა უნდა გაიკრიფოს და დროა გაიგოს ეს ყველამ! თუ ვერ გაიგეს, დაანებონ მაშინ თავი წუწუნს – ახლა რა გვეშველებაო.  მხოლოდ უსინდისოდ გაყალბებულ-„გაპრავებული“ არჩევნების შემდეგ თუ მიიღებს ნაციონალური მოძრაობა ჩვეულ საკონსტიტუციო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში.

 

ზემოთაღნიშნული რომ არ მოხდეს, უდიდესი ძალისმევაა საჭირო, პირველ რიგში კი იმ  თაობისა, მიშამ „ჩარეცხილად“ რომ გამოაცხადა.

 

ახალგაზრდობა სადღაა? მათ გარეშე როგორღა იქნება? – იკითხავს ბევრი სავსებით სამართლიანად.

 

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჯერ–ჯერობით ქართული ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, პირველ რიგში კი – სტუდენტობას პოლიტიკური საღათას ძილით ძინავს. ზოგი ხელისუფლების მიერ არის მოქრთამული – სტუდენტური თვითმმართველობებით, მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის ცრუ დაპირებებით, პატრიოტული ბანაკებით, უფასო კონცერტებით თუ დოიაშვილის „ქეთო და კოტესეული“ უგემოვნო „კიჩებით“. დანარჩენს საზღვარგარეთ გაქცევაზე უჭირავს თვალი.

 

ეს გასაგებია, მაგრამ ერთი ვერ გამიგია ამ ბავშვებისა – ნუთუ  მართლა სჯერათ მათ, რომ ის „ბაქკანალია“, „ვარდების ხელისუფლებამ“ საქართველოში რომ დაატრიალა, ყველას ეხება მათ გარდა? რა, საზღვარგარეთ სასწავლებლად თუ საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში ისინი მშობლებს, დედ-მამიშვილებს, მეგობარ-ახლობლებსა და წინაპრების საფლავებს აქ არ დატოვებენ ნაცმოელთა საჯიჯგნად? განა სულ ერთი უნდა იყოს მათთვის საქართველოსა და აქ დარჩენილი მათი  უახლოესი ნათესავებისბედ-იღბალი?

 

ასეა თუ ისე, ვიყოთ პრაგმატულები და  ა.წ. ოქტომბერში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე ახალგაზრდობის მაინცადამაინც დიდი იმედი ნუ გვექნება.

 

დროა ისიც გავარკვიოთ, სწორია თუ არა მათი აზრი, ვისაც მიაჩნია, რომ „ვარდების ხელისუფლებას“ ელექტორალური რესურსი აღარ გააჩნია.

 

არ მინდა ვიკამათო, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული მოსაზრება მცდარია. შევეცდები, დავამტკიცო ეს.

 

უპირველეს ყოვლისა, ვიყოთ შემწყნარებლები და ნუ ვუსაყვედურებთ კომპაქტურად დასახლებულ ჩვენს არაქართველ ძმებსა და დებს იმას, თუ მეხუთე ნომერს შემოხაზავენ ისევ. ეროვნული უმცირესობები ქართველებზე უფრო დაშინებულნი არიან და ეს ბუნებრივია იმ პირობებში, როცა არსებული ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათი ინტეგრაციისათვის ქართულ საზოგადოებაში. არ აკეთებს და არც აკეთებდა ამას არასოდეს საქართველოს მთავრობა იმიტომ, რომ ასე აწყობდა ადრე და განსაკუთრებით აწყობს დღეს.

 

კი ბატონო - რადგან ეშინიათ, მისცენ ხმა ნაციონალურ მოძრაობას ჩვენმა სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის თანამემამულეებმა. ამის გაკეთებას მათ ვერავინ დაუშლის, მაგრამ „კარუსელების ტრიალისა“ და საზღვარგარეთ წასულთა საარჩევნო ბიულეტენების ნაციონალური მოძრაობის „კალათაში“ ჩაყრის საშუალება მათ არასდიდებით არ უნდა მივცეთ. ამისათვის, არჩევნების დღეს პირველ რიგში მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქისა და ნონოწმინდის რაიონებში უნდა გაიგზავნონ ყველაზე მრავალრიცხოვანი, პოლიტიკურად გამობრძმედილი, პროფესიულად მომზადებული და მოუსყიდველი დამკვირვებლები, რომელთა ბირთვი, რა თქმა უნდა ჩვენი საშუალო და უფროსი თაობის თანამოძმენი იქნებიან.

 

სხვათა შორის ზემოთაღნიშნული მიდგომა ბევრ ქართულ რეგიონზეც უნდა გავრცელდეს, სადაც არა მარტო ხელისუფლების მხარდამჭერთა, არამედ არჩევნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობაც ძალიან საეჭვოდ უახლოვდებოდა ხოლმე 100%-ს .

 

არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ ზემოთ აღნიშნულ ქართულ თუ არაქართულ რაიონებში ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი პროცენტი არჩევნების დღეს საზღვარგარეთ იმყოფება და როგორ „ჩნდება“ უეცრად ყოველიმათგანი საარჩევნო უბანში სწორედ რომ არჩევნების დღეს, ჯადოქრობით შეიძლება აიხსნას მხოლოდ (მიშა რომ „მაგარია“ კი ვიცოდით, მაგრამ „ფოკუსნიკიც“ თუ ყოფილა ეს რაღაც ახალია).

 

ნაციონალური მოძრაობისათვის მიცემული ხმების მეორე „ბეღელი“ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებია. მათ მიმართ უფრო მიჭირს, მოგიწოდოთ ვიყოთ ტოლერანტულები. ადამიანს, ჩვენი დევნილებივით ხელისუფლება ამდენ ცემა-ტყეპას, ბინებიდან გასახლებასთუ სხვა სახის დევნა-შევიწროვება რომ მოუწყობს და ამის შემდეგ  კიდევ ხუთ ნომერს შემოხაზავს, რა ვუწოდო ნამდვილად არ ვიცი.

 

თუმცა, მაინც ჯობს ობიექტურად შევაფასოთ არსებული ვითარება. კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა დაშინება-მოსყიდვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ძალიან ადვილია. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამაში ხელს ვერაფრით შევუშლით. ამიტომაც, ნუ გვექნება არჩევნებზე დევნილთა ხმების იმედი. ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს კი ვურჩევდი, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ნუ იტყუებენ თავს და ნუ „გადაყვებიან“ დევნილებს შორის აგიტაცია-პროპაგანდას. ეს „ფუჭი გასროლა“ იქნება. წინასააჩევნო პროპაგანდის რესურსი ჯობს იქით გადაისროლონ, სადაც რეალურ და არა ვირტუალურ შედეგებს მიიღებენ. დევნილების კომპაქტური განსახლების ადგილებში კი მხოლოდ ერთად ერთი რამ არის გასაკეთებელი - იქ გახსნილ სარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესის უმკაცრესი მონიტორინგის განხორციელება.

 

როგორც წესი, პოსტსაბჭოურ სივრცეზე, პენსიონერები ყოველთვის საპროტესტო ელექტორატში მოიაზრებიან ხოლმე. შესაბამისად, ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, თვით რუსეთსა და სხვა ქვეყნებშიც კი, სადაც საშუალო და მინიმალური პენსია ქართულ პენსიაზე რამდენჯერმე მეტია, პენსიონერთა ხმები ტრადიციულად ოპოზიციურ „კალათაში“ ხვდება.

 

სრულიად საპირისპირო და საოცარი რამ ხდება საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი არჩევნების დროს ქართველ პენსიონერთა ხმების „ლომის წილი“ ნაციონალურ მოძრაობას ერგო.

 

ჩემო საყვარელო, უფროსო დებო და ძმებო. მესმის რა გაჭირვებაშიც ცხოვრობთ, მაგრამ ნუთუ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დარიგებული „ფოჩიანი კამფეტები“იმად გიღირთ, რომ ამისათვის თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი ეჭვის ქვეშ დაყენოთ?

 

რა თქმა უნდა, ეს ყველა ქართველ პენსიონერს, პირველ რიგში კი თბილისში მაცხოვრებლებს არ ეხება, მაგრამ რაიონებში საპირისპირო რომ ხდება ესეც ხომ ფაქტია!

 

იმ ქვეყნებში, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, მოხუც მშობლებს ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ, პენსიონერები ოპოზიციას უჭერენ მხარს და ქართველი პენსიონერები, რომელთა უმრავლესობას ჩვენი მამა-პაპური ტრადიციებიდან გამომდინარე არ აკლიათ შვილების ზრუნვა, პოლიტიკურად ბოლომდე გაკოტრებულ ხელისუფლებას უნდა აძლევდნენ ხმას?

 

პენსიები მოგვიმატა მიშამო, წამოიძახებს ზოგი. კი მაგრამ დაო თუ ძმაო, ასდოლარიანი პენსიაც მიშამ არ შეგპირდა? სად არის ეგ ასი დოლარი თვეში? თუ „ვარდების ხელისუფლებამ“ პენსიები სამჯერ გაგიზარდათ, თვლა ხომ მაინც იცით დალოცვილებო, პროდუქტებზე ფასი რამდენჯერ გაიზარდა? მაგალითად, მცენარეული ზეთი ვარდების რევოლუციამდელ პერიოდზე თითქმის ოთხჯერ ძვირი არ არის?

 

სხვისა არ ვიცი, მაგრამ ქართველ პენსიონერთა ეს ნაწილი, ნაციონალურ მოძრაობას რომ უჭერს მხარს, არქიფო სეთურის სოფლის მაცხოვრებლებს მაგონებს ძალიან. ალბათ იმის მიამიტურ მედზე არიან ისინი, რომ მიწაში მჯდომი ყრუ-მუნჯ ზებოს სმენა დაუბრუნდება რაღაცას გაიგებს და ზარს შემოკრავს და „სენდება ქვეყანა“. ეეჰ! მეტი არ არის ჩემი მტერი!

 

და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში ჩვენ ყველამ?

 

მხოლოდ ერთად ერთი რამ - ისე, როგორც კატონი მოუწოდებდა წამდაუწუმ რომის სენატს კართაგენის დანგრევისაკენ, ასე უნდა ვიძახოთ ყველამ დაუღლელად ქართველი პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების გასაგონად: „ხალხო, გაიღვიძეთ, ნუ გადააყოლებთ თქვენს პოლიტიკურ „სიბრმავეს“ თქვენივე შვილებისა და შვილიშვილების მომავალს. რაც ახალგაზრდას ეპატიება, არ გეპატიებათ თქვენ - ასაკით დამძიმებულ ბრძენ ადამიანებს. გიშრომიათ და გიღვაწიათ საქართველოსთვის, მაგრამ სიცოცხლის მიწურულს ნუღა შეირცხვენთ თავს! ცხოვრების ყველაზე ნათელი დღე  თქვენთვის წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების დღეუნდა გახდეს, როცა თქვენ - ქართველი პენსიონერები ხმას მისცემთ მომავლის - ოცნების საქართველოს და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მშვიდობიანად, დემოკრატიულად და კანონიერად შეცვლით ხელისუფლებას“.

 

ორიოდე სიტყვა ძალოვან სტრუქტურებსა და სხვა საჯარო სამსახურში მყოფ თანამემამულეებსაც მინდა ვუთხრა.

 

კარგად ხედავთ, რომ ვარდების ხელისუფლებამ არ გაამართლა. ნაცმოელ გოგო-ბიჭებს კი არაფრით არ უნდათ მმართველობის სადავეების ხელიდან გაშვება. ეპოტინებიან გატუტუცებული ბავშვებივით თავის საცოდავ სავარძლებსა და ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე დიდი ხელფასებს. ჩემო ძმებო, დებო და შვილებო. ყველამ ვიცით, რომ მცირეოდენი გამონაკლისის გარდა არც ერთ თქვენთაგანს არანაირი  დანაშაული არ ჩაუდენია. პატიოსნად ემსახურებოდით და ემსახურებით საქართველოს. გააგრძელეთ მშვიდად თქვენი საქმიანობა. ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ გაისვრით ხელს ქართველების სისხლში და არჩევნების დღეს გააკეთეთ სწორი არჩევანი, რადგან ნაციონალური მოძრაობის არაკომპეტენტურმა მმართველობამ დიდი ხანია თქვენც დაგღალათ. ეჭვიც არ მეპარება, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, მიხეილ სააკაშვილის გუნდის ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ, უკლებლივ ყველა მშვიდად და ჩვეული პროფესიონალიზმით გააგრძელებთ მუშაობას საჯარო სამსახურში.

 

ყველაზე დიდი გამოწვევა ყალბი პატივმოყვარეობის დაძლევაა. ქართველებზე არ დაუწერია, სულ სხვა ერზე დაწერა ეს სიტყვები ცნობილმა პოლონელმა მწერალმა და პუბლიცისტმა რიშარდ კაპუშჩინსკიმ, მაგრამ ჩვენზეა ზედგამოჭრილი: „...ეს ხალხი ერთი მეორეს არაფერს უთმობს არასოდეს. მათპირველობა სურთ, ისწრაფვიან თავისი შეხედულებები სხვას მოახვიონ თავზე. მე! მე! მე! მე პირველი ვარ, შენ - მეორე, შენ კი კვლავ მესამედ რჩები.ის მეორე და მესამე კი არ კმაყოფილდებიან თავიანთი ბედით და დაუყოვნებლივ იწყებენ ინტრიგების ხლართვას. სწორედ ასეთი თამაშის წესების გამო ვერ მოხერხებულავერასოდეს აქ სოლიდური ოპოზიციური პარტიის შექმნა, რამეთუ პარტიის შიგნით დაუყოვნებლივ იწყება ერთმანეთს შორის ძიძგილი, ბრძოლა ლიდერობისათვის. ამ ქვეყანაში ყველა და ყოველთვის საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას ლამობს“.

 

მოვიდეთ გონზე მეგობრებო! მოვიქცეთ ისე, მერაბ კოსტავა რომ მოგვიწოდებდა თავის დროზე: „გიყვარდეთ ეროვნული მოძრაობა და არა თქვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში“.

 

დავანებოთ თავი პირველობისათვის ბრძოლას! კმარა! მოდით „მეორე კაცად“ გამოვცადოთ თავი და რაც არ უნდა ძნელი იყოს ჩვენთვის ამის გაკეთება, დავუდგეთ გვერდში ღირსეულად იმ ადამიანს, მართლა რომ ეკუთვნის პირველობა.

 

ისიც უნდა ახსოვდეს ზოგიერთს, რომ ხალხი მომთმენი კი არის, მაგრამ არც ისეთი მიამიტია ერთი შეხედვით რომ ჩანს. ამიტომაც თქვა მოსწრებულად აბრამ ლინკოლნმა ამაზე: „შეიძლება ერთი ადამიანის ყოველთვის მოტყუება. შეიძლება ყველას ერთხელ მოტყუება, მაგრამ შეუძლებელია ყოველთვის ყველას მოტყუება“.

 

ასე რომ, ხელისუფლებასთან ერთად ტყუილებისა და ყალბი პატივმოყვარეობისათვის მის პოლიტიკურ მხარდამჭერებსაც, თავის თავს დღეს ოპოზიციას რომ ეძახიან, მოთხოვს ხალხი პასუხს და ძალიან მკაცრადაც. კარგი იქნება მათაც იფიქრონ თუ რა მოიმოქმედონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დღეს იმისათვის, რომ არ მოეკითხოთ მკაცრად ხვალ იქნება თუ ზეგ.

 

ბევრს შეიძლება იმაზეც მოსდიოდეს გული, როგორ თუ არ მეძახიან ბიძინა ივანიშვილთანო.

 

რად გინდა, დალოცვილო, დაძახება! პატარა ბავშვი ხარ და აუცილებლად ვინმემ უნდა დაგიძახოს და გითხრას, ესა და ეს გააკეთეო? თუ არ დაგიძახეს, შენით მიდი და შეთავაზე დახმარება. თუ უარი გითხრეს, რა გიშლის ხელს თუნდაც მართალი სიტყვა შეაწიო შენი ქვეყნის ბედნიერებასდა მოუწოდო მეგობარ-ახლობლებს, მეზობლებს თუუბრალო ნაცნობებს  სწორი არჩევანი გააკეთონ ოქტომბერში? ნუთუ, ეს პატარა საქმეა? და თუ ამასაც  ვერ ახერხებ, ის ხომ მაინც შეგიძლია, არჩევნებზე მიხვიდე, მიიყვანო შენი ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი და ამით მაინც გადადგა ერთი ნაბიჯი ქართული ოცნების ასასრულებლად?

 

ხედავთ რამდენის  გაკეთების საშუალება გვქონია?

 

ვაკეთოთ საქართველოს საკეთილდღეოდ ჩუმად და შეუმჩნევლად ჩვენი საქმე ისე, როგორც ჯონ კენედი მოუწოდებდა თანამემამულეებს: „ნურასოდეს იფიქრებ იმაზე, რა უნდა გააკეთოს შენთვის შენმა ქვეყანამ, ყოველთვის იფიქრე, რა უნდა გააკეთო შენ საკუთარი ქვეყნისათვის“.

 

დარწმუნებული ვარ, რომ  2012 წელს ყოველ ჩვენთაგანს - უმცროსი, საშუალო თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს, მიეცემა საშუალება თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენის საქმეში.

 

ისე მაინც მგონია, რომ კეთილისა და ბოროტისამ აპოკალიპტიურ დაპირისპირებაში „ახალი არმაგედონი“ რომ ვუწოდე, გადამწყვეტ სიტყვას მაინც „ჩარეცხილი“ საშუალო და უფროსი თაობის ქართველობა იტყვის.

 

ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ბრძოლის მთელი სიმძიმე და თუ საჭიროა სიცოცხლეც დავთმოთ იმისათვის, რომ კეთილმა იმარჯვოს ბოროტზე. დავანახოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ იმ ცნობილი სამარცხვინო განცხადების გაკეთების დროს იგი შეცდა და რომ „ჭორები ჩვენი თაობის ჩარეცხვის შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია“.