ვაჩეიშვილის უწყება ირწმუნება, რომ ატენის სიონის ირგვლივ პრობლემები აღარ არსებობს

ვაჩეიშვილის უწყება ირწმუნება, რომ ატენის სიონის ირგვლივ პრობლემები აღარ არსებობს

იმაზე, თუ რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა ატენის სიონთან მიმართებაში; ვინ აფინანსებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს; რამდენი ლარი დაიხარჯა ამ საქმისთვის; რა არის დაგეგმილი მიმდინარე წელს და ამჟამად რა მდგომარეობაშია  ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე, VII საუკუნეში აშენებული ატენის სიონი, ჩემს მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.

ატენის სიონის ირგვლივ გარკვეული კითხვებით მივმართე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს; შევხვდი და ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილის ფონდის, იგივე “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელებს და გერმანიაში (ინტერნეტის მეშვეობით) კითხვები გავუგზავნე საზოგადოება “ლილეს“ ხელმძღვანელს, რომელიც ატენის სიონის რეაბილიტაციის პროცესში გერმანულ მხარესთან ერთადაა ჩართული.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატენის სიონის სარებილიტაციო სამუშაოებს წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებდა, არ დადასტურდა. ამ საკითხის დასაზუსტებლად ივანიშვილის პრესსამდივნოს დახმარებით შევხვდით და ვესაუბრეთ  “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარეს, ზურაბ ხვედელიძეს და მის მოადგილეს, მამუკა ჩხაიძეს.

მათი განმარტებით, ატენის სიონისთვის ფონდიდან მცირედი, 5 000 ლარი გადაუდებელი სამუშაოებისთვის 2006 წელს გამოიყო და ეს თანხა მოხმარდა ნესტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, რამაც დადებითი შედეგი ძალიან მალე, თვენახევარში გამოიღო.

გასული წლის 4 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ვაჩეიშვილი ჟურნალისტებს შეგვხვდა და საათნახევარი გვესაუბრა 2011 წელს რომელ ისტორიულ შენობებსა და ტაძრებთან მიმართებაში განხორციელდებოდა სამუშაოები. ჩამონათვალში ნომერი პირველი  ატენის სიონი იყო.

ვაჩეიშვილმა გვითხრა, რომ 2011 ატენის სიონისთვის უნდა ყოფილიყო გარდამტეხი წელი; უნდა მომხდარიყო კედლის მხატვრობის, ფუნდამენტის და ფასადების კონსერვაცია, მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტა 2011 წელს ვერ დასრულდებოდა, რადგან აჩქარება ატენის სიონს ავნებდა; სამუშაოები კი იყო ძალიან ბევრი და ამავდროულად, ნელა და ფაქიზად საკეთებელი.

ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემები ატენის სიონის სახურავსა და მთავარ კონსტრუქციას ჰქონდა. 2011 წლის 4 თებერვალს ვაჩეიშვილმა დაადასტურა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, ატენის სიონში ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების შესახებ - “შარშან საბოლოოდ გავარკვიეთ, კლდის მდგომარეობა, საყრდენის მდგომარეობა, გაბურღვით. მუშა 8 მეტრზე ჩავიდა, იმუშავა და კინაღამ მოკვდა ის საწყალი. ანუ, ჩვენ უკვე ვიცით, როგორია კლდის მდგომარეობა და როგორია სუბსტრუქციის მდგომარეობა. ახლა გადაწყვეტილებას მივიღებთ თვითონ ტაძრის მკურნალობის საბოლოო ნიუანსებზე“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ატენის სიონზე

აქამდე ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ჩემს კითხვებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მურაჩაშვილმა ასეთი წერლიბითი პასუხი გასცა:

რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა გასულ წელს ატენის სიონთან მიმართებაში?  

- ატენის სიონის სრული რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძეგლის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ატენის სიონი აღმოჩნდა ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც  ყოველწლიურად, ეტაპობრივად ხორცილდება, იმ თანმიმდევრობით, რომლის დაცვა ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.

უკვე 5 წელია ატენის სიონზე  კვლევითი-დიაგნოსტიკური სამუშაობი უცხოელ სპეცილისტებთან ერთად მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა არქეოლოგიური კვლევა და ძეგლის სუბსტრუქციული გამაგრება, მოხდა გადახურვის რეაბილიტაცია. ჩატარებული კვლევითი სამუშაობის საფუძველზე  2012 წლისთვის ის ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც ატენის სიონს იხსნის იმ  მდგომარეობიდან, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაობის დაწყებამდე საგანგაშო იყო.  

რამდენი ლარი დაიხარჯა 2011-ში განხორციელებულ სამუშაოებზე?

- 2011 წელს კონსტრუქციული გამაგრების პირველი და მოსამზადებელი  ეტაპი განხორციელდა, რისთვისაც 23 019 ლარი დაიხარჯა. პარალელურად, ჩატარდა მხატვრობის - ფრესკების კვლევითი და წერტილოვანი გამაგრებითი სამუშაოები, რაც 4 300 ლარი დაჯდა.

რა ტიპის სამუშაოები დაგეგმილი მიმდინარე წლისთვის?

- ატენის სარეაბილიტაციო პროექტის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ატენის სიონის ტაძრის კონსტრუქციული გამაგრება, რომელსაც ქართველებთან ერთად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები განახორციელებენ.

საიდან ფინანსდებოდა აქამდე განხორციელებული სამუშაოები და ამასთან, რა სახსრებით დაფინანსდება მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები?

- ატენის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სახელმწიფოსთან ერთად ამერიკის საელჩომ დააფინანსა. შემდგომი სამუშაოებიც სახელმწიფომ დააფინანსა და 2012 წელს განსახორციელებელ სამუშაობსაც  სახელმწიფო დააფინანსებს.  რაც შეეხება 2012 წლის ბიუჯეტს, სპეცილისტები პროექტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვას ამზადებენ. კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ; თუმცა, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა უახლოეს დღეებში გამზადდება და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. 

რა მდგომარეობაშია ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორია - დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, თუ ფერდობი იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც 2009 წლის ზაფხულში იყო? ვგულისხმობ ჩამოჭრილ ფერდობს, სადაც მონასტრის მენებლობა იყო დაგეგმილი.

- ძეგლის ტერიტორიაზე, იქნება ეს ატენი, თუ რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, კანონი მშენებლობას არ კრძალავს;  მთავარია პროქტი იყოს ადეკვატური და ხელს უწყობდეს ძეგლის და მისი ტერიტორიის განვითარებას. ამჯერად ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაობი არ მიმდინარეობს, ვინაიდან ხდება მონასტრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის პროექტირება, სადაც მონასტრის მშენებლობაც იქნება გათვალისწინებული.   ნებისმიერი პროექტის განხორციელება კი ძეგლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  კანონმდებლობის გათვალისწინებით მოხდება.

პრობლემები, რომელიც იყო ატენის ირგვლივ, დღესდღეობით ფაქტიურად აღარ არსებობს. მეტიც, ძეგლის გადარჩენის მეთოდები გადაწყვეტილი და შემუშავებულია. ამ ეტაპზე სპეციალისტებმა უკვე იციან რა პრინციპებით იხელმძღვანელონ ძეგლის გადასარჩენად.

2011 წელს ატენის სიონის მხატვრობის სრული ფოტოფიქსაცია განახორციელა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორ-ფოტოგრაფმა პინო დელაა ქიულამ, რომელსაც მსოფლიოს ცნობილ ძეგლებზე აქვს ნამუშევარი. ატენის სიონის პოპულარიზაციის მიზნით, უახლოეს მომავალში საკმაოდ საინტერესო გამოცემის მომზადებაა  დაგეგმილი.

გერმანული მხარე და ატენის სიონი

ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გერმანელი სპეციალისტები 2004 წლიდან არიან ჩართულები. ქართული და გერმანული მხარეები ერთმანეთს მარიკა ლაფაურმა დააკავშირა. იგი პროფესიით მუსიკოსია, 20 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს საზოგადოება “ლილეს“, რომელიც ჰამბურგშია რეგისტრირებული და რომლის მიზანია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

რა ეტაპზეა გერმანული მხარის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის დაწყებული თანამშრომლობა, ატენის სიონთან მიმართებაში?

მარიკა ლაფაური: ამჟამად შენობის დაზღვევისთვის აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა 2011 ლს?

- ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მოხდა შეთანხმება ტაძრის ანკერებით გამაგრებაზე. ეს გადაწვეტილება ეყრდნობა 2007 წელს, პროფესორ ბარტელის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ახალი მონაცემებით 2009 წელს შეივსო და დასკვნის სახით დაიდო.

გთხოვთ, განმარტოთ რას ნიშნავს დაანკერება.

- დაანკერება ჯერ კიდევ რომაულ სამშენებლო ტექნიკაში გამოიყენებოდა. მისი უპირატესობაა ნაგებობის სუბსტანციაში ნაკლებად ჩარევა. სხვა ცნობილ საშუალებებთან შედარებით დაანკერება გაცილებით ეფექტურია. ესაა ლითონის მჭიდები, რომლებიც შენობას, ან შენობის დაზიანებულ ადგილებს კრავს. არსებობს დიდი ანკერები, მთელი შენობისათვის და ასევე ლოკალური, სხვადასხვა ადგილების გასამაგრებელი ანკერები.

რა ტიპის კვლევებს გულისხმობთ? ზემოთ პროფესორ ბარტელის მიერ ჩატარებული კვლევები ახსენეთ.

- სუბკონსტრუქციის, კედლის, ქვების, სამშენებლო მასალის კვლევებს ვგულისხმობ. 2009 წელს მომზადებულ დასვნაში ასევე შესულია გეოლოგიური კვლევის, სხვადასხვა საინჟინრო გამოანგარიშებების შედეგები. ჩაანკერების კონცეფცია და საამოსოდ საჭირო ხარაჩოს კონსტრუქცია დაიგეგმა. ამჟამად სრულდება ამ კონსტრუქციის გეგმისმიერი განხორციელება.  

რას ნიშნავს კონსტრუქციის გეგმისმიერი განხორციელება?

- ხარაჩო უნდა ასრულებდეს დაგეგმილი სამუშაოებისთვის ყველა პირობას. დღევანდელი კონსტრუქცია მოიცავს ინტერიერს სრულად, სადაც აქამდე შეუძლებელი იყო მიუდგომელი ადგილების დეტალური შესწავლა. მისი სიმტკიცე და უსაფრთხოება ითვალისწინებს გასაბურღი სამუშაოებისთვის შესაბამის მტკიცე კონსტრუქციას.

სახის სამუშაოები განხორციელდა, გერმანული მხარის მონაწილოებით?

- ნაგებობის შესწავლის შემდეგ, გერმანულმა მხარემ სრულყოფილი პროექტი მოამზადა, რის მიხედვითაც დაანკერების წინა სამუშაოები ჩატარდება. ამ გეგმის და პროექტის მიხედვით, ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ძველი, არასტაბილური და მომცრო ხარაჩოს გამოყენებით შენობის მთელი ინტერიერის დასკანერება და სასინჯი გაბურღვების შედეგად ამოღებული მასალის გამოკვლევა მოხდა.

პლუს ამას, ამ წუთებამდე გრძელდება მთელი ინტერიერის სტაბილურ ხარაჩოში ჩასმა. მშრალი გაბურღვებისთვის აუცილებელი ტექნიკის მოძიება მოხდა – ის, რაც საქართველოში არ იყო, გერმანიიდან ჩამოვიტანეთ.

იქნებ განმარტოთ რას ნიშნავს გაბურღვა, კონკრეტულად რა უნდა გაიბურღოს და რისთვისაა ამის გაკეთება აუცილებელი?

- ყველაზე მთავარი ანკერისათვის გუმბათის ყელის მიდამოები რვა ადგილას იბურღება. მშრალი გაბურღვა საქართველოში  ატენზე პირველად ჩატარდება, რომელიც განსხვავებით სველი (წყლის ჭავლით) გაბურღვისგან ბევრად ფაქიზი და ამავდროულად, ისტორიული ნაგებობებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

გერმანიიდან ჩამოსული იყო მშრალი გაბურღვის ოსტატი–ტექნიკოსი, კერძოდ, ფირმა “ვოლფსჰოლცის“ წარმომადგენელი მაიკ ლორენცი, რომელმაც ქართველ პარტნიორთან, ინჟინერ დავით მესხთან ერთად მშრალი გაბურღვის ყველა ეტაპი გაიარა. ასევე მოხდა  ტექნიკის გამოცდა - ორი სასინჯი გაბურღვა ჩატარდა და დადებითი შედეგის მიღების გამო, მესამე სასინჯი გაბურღვა აღარ ჩატარებულა.

ქართველი და გერმანელი სპეციალისტების თანამშრომლობა კარგ სამუშაო გარემოში შედგა. ქართველი სპეციალისტები (მაგალითად, დავით მესხი, რომელსაც დავალებული აქვს ხარაჩოს კონსტრუქციის შესრულება) დიდი ინტერესით მუშაობდნენ და ამასთან, მათი გერმანელი კოლეგებისთვის ყველა სამუშაო პირობა უზრუნველყოფილი იყო.

ამჟამად გრძელდება: ხარაჩოს სრულყოფა; დაზიანებების სრულყოფილი აღწერა, აქამდე მიუდგომელ ადგილებში და დაზიანებების დროებითი გამაგრებები, ამ დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებისთვის.

შემდეგი ეტაპი უფრო სარესტავრაციო თემებს შეეხება (ქვა, ფერწერა) და რაც მთავარია, მორყეული ქვების სათითაოდ გამაგრებას.

წლევანდელი ღონისძიებების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ატენის დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული - საზოგადოება “ლილეს“ ინიციატივით 2004 წლიდან საუკეთესო გერმანელი სპეციალისტების მობილიზებამ და ქართულ მხარესთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ დადებითი შედეგი გამოიღო.