საბაზრო შტრიხები კუბის სოციალისტურ ეკონომიკაში

საბაზრო შტრიხები კუბის სოციალისტურ ეკონომიკაში


გასული წლის ბოლოს ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა: კუბის მთავრობამ საბაზრო რეფორმების გატარების შესახებ გამოაცხადა. კერძოდ, საცალო ვაჭრობასა და მომსახურების სფეროში დასაქმებულ კუბელებს 2012 წლის 1 იანვრიდან საშუალება აქვთ კერძო მეწარმის სტატუსით დარეგისტრირდნენ და ისაქმიანონ. 

თავისთავად ცხადია, კუბელ მეწარმეებს, ისევე, როგორც სხვა ქვეყანაში, საშუალება აქვთ თავად დააწესონ ფასები თავიანთ საქონელსა თუ მომსახურებაზე და თავადვე განსაზღვრონ თავიანთი სამუშაო გრაფიკი. ამასთან, ცხადია, ისინი ვალდებული არიან გადაიხადონ გადასახადები და იმ ფართის იჯარა, რომელსაც სახელმწიფოსაგან დაიქირავებენ. 

ეს ცვლილებები რაულ კასტროს პოლიტიკის გაგრძელება გახლავთ, რომელიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარების გზით კუბის სოციალისტური პოლიტიკის გამოცოცხლებას. მოგეხსენებათ, რაულ კასტრომ კუბის ლიდერის სავარძელი თავისი ძმა ფიდელისაგან, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო “თავისუფლების კუნძულის” მართვა აღარ შეეძლო, 2008 წელს გადაიბარა. რაულს არაერთხელ განუცხადებია, რომ განზრახული აქვს სოციალისტური მოდელის გარკვეულწილად რეფორმირება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მასზე უარის თქმას არ აპირებს. 

კუბის მთავრობამ სამომავლო გათვლებიც გამოაქვეყნა. ჩინოვნიკთა ვარაუდით 2016 წლისათვის არასახელმწიფო სექტორში კუბელთა 40 პროცენტი იმუშავებს, რაც, თუ გამართლდა, საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 10 პროცენტი გახლდათ. 

საერთოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში კუბაში კერძო სექტორზე შეზღუდვა გვარიანად შემსუბუქდა. სამუშაოდან გაუშვეს სახელმწიფო მოხელეთა დიდი ნაწილი და ათეულ ათასობით კუბელი იძულებული გახდა კერძო მეწარმედ მუშაობისათვის აუცილებელი ლიცენზია აეღო. მრავალი ათეული წლის განმავლობაში პირველად კუბელებს საშუალება მიეცათ სახლები და ავტომობილები თავისუფლად გაეყიდათ და შეეძინათ და კერძო სექტორის განსავითარებლად ბანკიდან კრედიტი მიეღოთ. 

გასულ წელს სილამაზის სალონები სახელმწიფომ მასში დასაქმებულებს გადასცა და ისინი ახლა კერძო მეწარმის რანგში მუშაობენ და გადასახადებს იხდიან. ეს რეფორმა წელს მომსახურების სხვა სფეროებზეც თანდათანობით გავრცელდება. 

თავისთავად ცხადია, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ საბჭოური ყაიდის გეგმიური ეკონომიკის მქონე ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა საბაზრო რელსებზე გადადის. მართალია, რაულ კასტროს რეფორმები კომუნისტური პარტიის ყრილობაზე ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ ეს შეგვიძლია ერთგვარ განმანახლებელ შტრიხებად ჩაითვალოს. 

საქმე იმაშია, რომ ჯერ სიტყვაც არ თქმულა პრივატიზაციაზე. მეტიც, გასული წლის დასაწყისში კუბურ-იტალიური ერთობლივი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლის მხოლოდ 27 პროცენტს ვერ აკონტროლებდა კუბის მთავრობა, მთლიანად ნაციონალიზებულ იქნა. 

ამ დროისათვის რეფორმები მხოლოდ საცალო ვაჭრობას, მომსახურების სფეროს და სოფლის მეურნეობას შეეხო. ამ უკანასკნელს ცვლილებები მართლაც სჭირდებოდა, რადგან კუბა, რომელსაც მშვენიერი მოსავლიანი მიწები აქვს, ყოველწლიურად კვების პროდუქტების იმპორტზე მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს. სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარებას აშკარად თავს ვერ ართმევდა. მცირე ოჯახური კოოპერატივები და ფერმები კი უმალ მომგებიანი გახდა, მაგრამ ამგვარი ჯერ საკმაოდ ცოტაა.

კუბის ეკონომიკა სოციალისტური მოდელის გარდა ამერიკის მიერ ნახევარი საუკუნის წინ დაწესებული ემბარგოსაგან იტანჯება. ეკონომიკური მოკავშირე კი კუბას ყოველთვის ცოტა ჰყავდა. ადრე ამგვარი საბჭოთა კავშირი იყო, ახლა კი ვენესუელა და ბოლივია გახლავთ. ანალიტიკოსთა აზრით, კუბისათვის საუკეთესო გამოსავალი ჩინური მოდელის დანერგვა იქნება, რაც პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებასა და ეკონომიკური მოდელის მთლიან რეფორმირებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში კუბას ინვესტორები მიაწყდებიან, რადგან კუნძული ფულის დაბანდებისათვის ერთობ მიმზიდველი გახლავთ. მაგრამ ამისათვის საჭიროა სერიოზული ცვლილებები და არა კომუნისტური მოდელის ყველა სფეროში შენარჩუნება, რაც კუბაზე უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება.