დიდი გამოცდის წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის

დიდი გამოცდის წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის


ახალ, 2012 წელს მსოფლიოს ეკონომიკას სერიოზული გამოცდა ელის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროპაში არსებული კრიზისი, რომელიც რეცესიასთან ერთად წელსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, შენელდება ჩინეთის და სხვა, სწრაფად მზარდი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი ნედლეულის ბაზრებზე. 

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა სარკოზიმ და მერკელმა ორიოდე დღის წინ ერთხმად აღნიშნეს, რომ კრიზისი ახალი ძალით გრძელდება და ევროპას ერთ მუშტად შეკვრა მართებს, რომ მას გაუმკლავდეს. მათი აზრი სრულიად დაემთხვა ანალიტიკოსთა პროგნოზებს, რომლებიც ბებერ კონტინენტს ურთულეს წელს უწინასწარმეტყველებენ. 

ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ 2012 წელს გადაწყდება ევროს ყოფნა-არყოფნის, ან ზონიდან ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის გასვლის საკითხი. ამასთან, ევროს ზონის მსხვილ ეკონომიკებში დავალიანების ზრდა სულ უფრო მეტ საშიშროებას ქმნის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია და ესპანეთი, ვალების გადახდას ვერ შეძლებენ. 

მართალია, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს ევროს დასაცავად გამოსვლა არ დავიწყნიათ, მაგრამ არსებული პრობლემები ერთიანი ვალუტის არსებობის საკითხს უდავოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვალებთან დაკავშირებულ კრიზისთან ერთად ევროს ყოფნა-არყოფნას საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვანი რეცესია, რომელიც ალბათ არა მარტო 2012 წელს, არამედ შემდგომ წლებშიც გაგრძელდება. 

სულ რაღაც ერთი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, მალე შესაძლებელია ევროს ზონამ აღარ იარსებოს, ან კიდევ იგი რომელიმე ქვეყანამ დატოვოს, ამგვარ წინასწარმეტყველს ნამდვილად გიჟად შერაცხდნენ. მართალია, იყო საუბარი, რომ 2008 წლის კრიზისი განმეორდებოდა, მაგრამ აქცენტს ძირითადად აშშ-ზე აკეთებდნენ, ევროპა თუ ასეთ დღეში ჩავარდებოდა, ნამდვილად არავის ეგონა.

მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და ბევრი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ თუ ევრომ 2012 წელი მშვიდობიანად ჩაამთავრა, შემდეგ იქნებ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი აღარც დადგეს. 

მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნედლეულის ბაზრებზე არსებული ვითარება. პოზიციათა უმრავლესობაზე ფასის კლებაა მოსალოდნელი, რისი მიზეზიც ევროპული კრიზისის გამო ნედლეულზე მოთხოვნილების კლებაა. მაგრამ ეს ყველაფერი როდია.

ევროპელი მომხმარებლის მიერ სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნილების კლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთი ექსპორტიორების აქტიურობაზე, როგორიც ჩინეთია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ უკანასკნელის წარმოების ტემპის შემცირება 2012 წლის გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემა იქნება, ისევე როგორც სხვა განვითარებადი, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნების. 

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარი გარკვეულ პრობლემებს განიცდის. კერძოდ, ქვეყნის ქალაქების ნახევარში უძრავ ქონებაზე ფასი ეცემა, რაც მშენებლობის ტემპების შენელებას იწვევს. ეს, თავის მხრივ, სამშენებლო მასალებზე მოთხოვლილებას ამცირებს. ანუ, გვარიანი საფრთხე ემუქრება აღნიშნული ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნებს, რადგან განვითარებად სახელმწიფოებში მშენებლობის ტემპები ისედაც მინიმუმამდეა შემცირებული და ძირითადი მოთხოვნა განვითარებული ქვეყნებიდან გახლდათ.

საერთოდ, 2012 წელს ანალიტიკოსები ბაზრებზე არაბუნებრივ გადახრებს ვარაუდობენ. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რომელი ნედლეული გაძვირდება და რომელი არა. ამ თვალსაზრისით მოსაზრებები ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, ანალიტიკოსთა დიდ ნაწილი თვლის, რომ სპილენძი გაძვირდება, ალუმინი კი გაიაფდება. 

განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კი, ცხადია, ნავთობის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგნოზებია. ამ მხრივ ანალიტიკოსთა მოსაზრებები ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვევა. მათი უმრავლესობა თვლის, რომ 2012 წლის პირველ ნახევარში “შავი ოქრო” ცოტათი გაიაფდება. ამის მიზეზი კვლავინდებურად მოთხოვნილების კლება იქნება. შემდგომში კი, ირანთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნავთობი გაძვირდება, თუმცა, სავარაუდოდ, 130 დოლარი/ბარელს არ ასცდება. 

თავისთავად ცხადია, ნავთობის ფასის ცვლილება მსოფლიო ეკონომიკისათვის 2012 წელს ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება. გლობალურ ეკონომიკას გაცილებით მძიმე, ათასგვარი განსაცდელის გადალახვა მოუწევს და თუ როგორ მოხერხდება ეს, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული სამომავლო პერსპექტივები.