კონსალტინგურმა კომპანია Catalyst-მა ძალზე საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა და უჩვეულო დასკვნა გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც შეისწავლეს 350 მსხვილი ამერიკული კომპანიის სტრუქტურა, ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ის კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელობაში მეტი ქალი მუშაობს, სხვებთან შედარებით 18-69 პროცენტით მეტ მოგებას იღებენ. ანუ, სამუშაოზე ქალისა და მამაკაცისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა კომპანიის წარმატებაზე დადებით გავლენას ახდენს.
Catalyst-ის ამ კვლევას უმალ გამოეხმაურნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები და აღნიშნეს, რომ სხვადასხვაგვარი დისკრიმინაცია, მათ შორის სქესობრივი, ნებისმიერ საწარმოს ზიანს აყენებს. თანამშრომელთა შორის მოქნილი ურთიერთობების არარსებობა აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას და პროდუქტიულობას, გავლენას ახდენს კადრების გადინებაზე, რასაც შემდეგ მოჰყვება ახალი თანამშრომლების ძიებისას და სწავლებისას დროის კარგვა და ფინანსების ხარჯვა.
გარდა ამისა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სქესობრივ დისკრიმინაციას მოჰყვება სამუშაო რესურსების კარგვა, ქალთა ეკონომიკური აქტივობის შემცირება და სოციალური დაცვის სისტემის გადატვირთვა. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ისეთი საკითხიც, როგორიცაა საზოგადოების ფემინიზაციის დონის ზრდა, რასაც დისკრიმინაციის არსებობა ხელს გვარიანად უწყობს.
Catalyst-ის ანალიტიკოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათი დაკვირვებით, ეკონომიკური კრიზისების დროს უფრო ნაკლებად ზარალდებიან ის კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელობაში გენდერული ბალანსი დაცულია. ექსპერტთა განცხადებით, ახლო წარსულის კრიზისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ის კომპანიები, რომელთა ტოპ-მენეჯმენტის 40 პროცენტი მაინც ქალები არიან, რთულ ვითარებას გაცილებით ყოჩაღად გაუმკლავდნენ.
ამ თვალსაზრისით ანალიტიკოსები სამაგალითო ქვეყნად ნორვეგიას მიიჩნევენ, სადაც მსოფლიოში პირველებმა მასიურად დაიწყეს ბიზნესის სათავეში ქალთა მოზიდვა. 2003 წელს ამ ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც ყველა კომპანიას ავალდებულებდა 2008 წლისათვის დირექტორთა საბჭოში მინიმუმ 40 პროცენტი ქალი ჰყოლოდა.
თავისთავად ცხადია, ამგვარი ბალანსის სწრაფად მიღწევა რთული იყო, რადგან მაღალი დონის ქალი მენეჯერების ამოდენა რეზერვი არ არსებობდა. მაგრამ მთავრობის მცდელობამ, რომლის მიზანი იყო ეკონომიკაში ქალთა მოზიდვა და ბავშვების აღზრდის საქმეში მამაკაცთა მონაწილების გაზრდა, ნაყოფი მაინც გამოიღო.
ნორვეგიული მაგალითის შემხედვარე ბევრი ევროპული ქვეყანა თანდათანობით იწყებს ბიზნესის სტიმულირებას სუსტი სქესის თანამშრომელთა წახალისების პირობით. მართლაც, ძნელია იგნორირება გაუწიო ნორვეგიულ მაგალითს და ამა თუ იმ კონსალტინგური კომპანიის გამოკვლევების შედეგებს. სხვათა შორის, მსგავსი დასკვნები არაერთ ევროპულ კონსალტინგურ კომპანიას გამოუქვეყნებია.
ბევრი ანალიტიკოსი საკმაოდ საინტერესო დასკვნამდე მიდის. მათი აზრით, მენეჯერი ქალბატონების რაოდენობის ზრდა მათი კოლეგა მამაკაცების მიერ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისადმი მიდრეკილებას აბალანსებს. ამგვარად, გენდერული მრავალფეროვნება ხელს უწყობს ბიზნესის მართვის ეფექტურობას. ეს კი, თავისთავად ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისულ პერიოდში.
კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა: ამერიკული და ევროპული კონსალტინგური კომპანიების ანალიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ ის კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელობაში ქალები სჭარბობს, დაბალი კაპიტალიზაციის პირობებში შედარებით მაღალ შემოსავალს იღებენ. და კიდევ, ამგვარი კომპანიები კრედიტორებთან და კონტრაქტებთან ანგარიშწორებას უფრო სწრაფად ანხორციელებენ, ანუ, უფრო მაღალი ფინანსური ბრუნვა აქვთ. ასე რომ, როგორც ხედავთ, კომპანიაში გენდერული მრავალფეროვნება სახუმარო საქმე სულაც არ არის.
990
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85