მორიგი მედიასკანდალის გმირი ამჯერად „ალია ჰოლდინგი“ გახდა, სკანდალის მიზეზი ტრადიციულად, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. გაზეთ „ალიადან“ ჟურნალისტის წასვლის მიზეზად გამომცემელსა და ბიზნესმენს შორის გარიგება დასახელდა. საგანგებო პრესკონფერენციაც მოეწყო და რამდენიმე ტელეკომპანიამ ფაქტი სიტუაციის შესაფერისადაც გააშუქა.
მოკლედ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკა“ „ალია ჰოლდინგისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გარიგებას უარყოფითად აფასებს და მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, რომ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადონ. როგორც საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, წლების განმავლობაში „ალია ჰოლდინგსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებობდა დაპირისპირება. „ალიაში“ ხშირად იწერებოდა მწვავე სტატიები ბიძინა ივანიშვილზე, ამჟამად კი მის შესახებ კრიტიკული სტატიების დაბლოკვის გამო „ალიას“ ჟურნალისტები ტოვებენ.
როგორც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხდებენ, „ალიადან“ ჟურნალისტების გათავისუფლება სწორედ ივანიშვილსა და ჰოლდინგის ადმინისტრაციის შეთანხმების შედეგია.
გაზეთ „ალიას“ პასუხისმგებელ რედაქტორს, დიმიტრი ტიკარაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ ხემლძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე „სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს: „წერა-კითხის უცოდინარი ჯაფარიძის განცხადებაზე სერიოზულ კომანტარს ვერ გავაკეთებ. თუ ჯაფარიძეს „ალიას“ ბოლო ნომრები აქვს წაკითხული, მათში კარგად ჩანს, რამდენად შესაძლებელია, რომ “ალია“ ბიზნესმენისგან ფინანსდებოდეს, ასევე ისიც – არის თუ არა გაზეთში ივანიშვილის კრიტიკა შესუსტებული. ამიტომ, მიჩნდება ეჭვი, რომ ჯაფარიძემ წერა-კითხვა არ იცის, ან წაკითხულის გაანალიზება უჭირს. არის მეორე მხარეც, შესაძლებელია, ჯაფარიძე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდეს და სურდეს, „ალია“ ივანიშვილთან რაიმე სახის კავშირში დაადანაშაულოს“ - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება გაზეთიდან ჟურნალისტის წასვლის მიზეზს, ტიკარაძის განმარტებით: „გაზეთიდან ჟურნალისტის წასვლა ჩვეულებრივი, სამუშაო, ცოცხალი პროცესია. ზოგს შეუძლია, სამსახური ღირსეულად დატოვოს, ზოგი კი ცდილობს, საკუთარი თავი სკანდალებით გაიპიაროს. სეხნიაშვილმა კარგად იცის, რატომ დატოვა სამსახური და რა განცხადებებსაც ავრცელებს, მის სინდისზე იყოს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცოტა ხნის წინ მსავსი რამ presage.tv-ზეც მოხდა, თუმცა საგანგებო პრესკონფერენცია და „ალიას“ მსავსი რეზონანსი არ მოჰყოლია. ფაქტია, რომ ხელისუფლების მიერ უკონტროლო მედიაში რაღაც ახალ საიტერესო ტენდენციას აქვს ადგილი.
ელისო ჩაფიძე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე: ერთი შეხედვით, ეს იყო რაღაც კონფლიქტი, კონფლიქტიც არა, გაურკვევლობა. რედაქტორები ხან ვბეჭდავთ რაღაც სტატიას, ხან – არა. შეიძლება რედაქტორმა მოითხოვოს, რომ სტატია იყოს დაბალანსებული, მეორე მხარესთან გადამოწმდეს რაღაც ინფორმაცია და ა.შ. ამაში ტრაგიკული მე მგონი, არაფერი არ არის. ადამიანები სამსახურებიდანაც მიდიან და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ ყველაფერში ძალზე უცნაური იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და ტელეკომპანია „იმედის“ რეაქცია გაზეთ „ალიაში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ორი თვეა დიდი ამბავია ატეხილი პრესის გავრცელების ჯიხურებთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც გაზეთების მკითხველების მიერ გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდება, ერთხელაც კი არ დაინტერესებულა ამ თემით, რომ სიუჟეტი მაინც მოემზადებინა, თუ არ ჩავთვლით ეკა კვესიტაძის გადაცემას, სადაც ვითომ დამოუკიდებელი პიროვნების როლში იყო მიწვეული ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი (გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი) და მეორე მხარეს – ლაშა ტუღუში (გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი). სწორედ ამიტომ იყო „ალიაში“ განვითარებული მოვლენებისადმი ასეთი ინტერესი ჩემთვის ძალზე უცნაური.
როდესაც პირველმა არხმა კომენტარი მთხოვა, მე მათ ვუთხარი, ჟურნალისტების უფლებები რომ უფრო მეტად იყოს დაცული და განსაკუთრებით, სახელისუფლებო არხებზე უფრო მეტი უფლებები რომ მიეცეთ ჟურნალისტებს, ამისათვის უნდა არსებობდეს გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებები და ნორმალური შრომის კოდექსი, რომელიც ხელმძღვანელს არ უნდა აძლევდეს ადამიანის ნებისმიერ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვების საფუძველს. „ალიას“ ჟურნალისტი, ეკა სეხნიაშვილი, საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან, მაგრამ მე, მაგალითად, საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც რომ გამიშვან სამსახურიდან, არავითარი უფლება არ მაქვს, ეს გავაპროტესტო. შეიძლება განცხადებები გავაკეთო, მაგრამ კანონი არ მიცავს. ამ პრობლემის მოგვარება ყველაზე მეტად ხელისუფლებას შეუძლია.
როდესაც ვნახე ბატონი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და ვნახე ტელეკომპანია „კავკასიასთან“, იგივე „მაესტროსთან“ დაკავშირებული ამბები, მივხვდი, რომ ხელისუფლება მედიასაშუალებებზე მორიგ შეტევას იწყებს. ახლა უკვე იმისათვის, რომ მასთან არაასოცირებულ მედიასაშუალებებს გადაუკეტოს დაფინანსების ყოველგვარი საშუალება. დაფინანსების წყაროები ისედაც ძალზე მიზერულია. ნინო ჯანგირაშვილის პოსტი წავიკითხე, ივანიშვილს რამდენჯერმე მიუტანია ტელეკომპანია „კავკასიაში“ რეკლამა. მიხეილ სააკაშვილმაც მოიტანოს „კავკასიასა“ და „რეზონანსში“ რეკლამები და სიამოვნებით გავუშვებთ. ისედაც არ გვაქვს უფლება, რომ ვინმე განსხვავებულ პირობებში ჩავაყენოთ. რა მოტივით უნდა უთხრათ ივანიშვილს უარი, თუ ის შენს გაზეთში განცხადების გამოქვეყნებას მოინდომებს და მაგალითად, გვერდის ნახევარს იყიდის?
ერთადერთი, რაც ნათლად ჩანს, ეს არის, რომ ხელისუფლება ამბობს, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი2“, „მზე“ გვეკუთვნის ჩვენ, ვაკონტროლებთ ქართული მედიის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიის 80%-ს და უნდა შეეგუოთ, რომ იქ არიან ყარამანაშვილები, არველაძეები, შარანგიები, ჩვენ ამას ხმამაღლა ვაცხადებთ და თქვენ არ გაქვთ უფლება ეს გააპროტესტოთ. მაგრამ თუ რომელიმე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე გაზეთის გვერდის ნახევარს იყიდის, შემოგივარდებით, გაგაკონტროლებთ. თუნდაც ფინანსურ რევიზიას „მედიაპალიტრაში“ აღვიქვამ იმ კონტექსტში, რომ ყველაფერი არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება.
ელისო, მოდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. გასაგებია, რომ რომელიღაც ჟურნალისტი წავიდა რომელიღაც გაზეთიდან ასეთი რამ ყოველთვის ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. საინტერესოა თვითონ ის, ვინც ამ ფაქტთან დაკავშირებით მოაწყო პრესკონფერენცია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინაც გააკეთა განცხადება ივანიშვილსა და პოლიტიკური პატრიების დაფინანსებაზე და რაც მოხდა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ვნახეთ. ახლა ივანიშვილს მოუწოდებს მედიას ნუ აფინანსებ, ანუ რეკლამა ნუ მიგაქვსო, გამომცემლებს მოძღვრავს, ივანიშვილთან გარიგებაში ნუ შედიხართო და ისეთი პირი უჩანს სიტუაციას, შესაძლოა კონტროლის პალატა ან ფინანსური პოლიცია მედიაშიც შეუშვან... არ მგონია, გამჭვირვალეობის წინააღმდეგი იყოს რომელიმე არასახელისუფლებო მედიაგამოცემა, მაგრამ უცნაურად არ გეჩვენება, რომ „სუფთა პოლიტიკა“ მაინცდამაინც ივანიშვილს ერჩის? სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჯაფარიძის ასეთ განცხადებასაც მოვკარი ყური, რომ თურმე ივანიშვილის ფულის საქართველოში დახარჯვა ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს და მას ამ ფულის დახარჯვის საშუალება არ უნდა მივცეთო ...
- ეს ადამიანი მე გავიცანი, როგორც ჟურნალ „ტაბულას“ ანალიტიკოსი ტელეკომპანია „კავკასიაში“ და სხვათა შორის, ჟურნალისტებიც ხშირად ვცოდავთ, როდესაც უნებლიეთ ხელისუფლებას ვეხმარებით ხოლმე ახალი გამხმოვანებელი სახეების გაპიარებაში. რომ თითქოს ეს ადამიანები რაღაც იდეების მატარებლები არიან. ბუნებრივია, რასაც ეს ადამიანი ამბობს, არის ხელისუფლების სურვილი.
სხვათა შორის, ორი წელია, ვითხოვთ ტელეკომპანიების დაფინანსების გამჭვირვალობას და ძალიან უცნაურია, რომ ჩვენი მოთხოვნა დღემდე არ შესრულებულა. პირველ რიგში, ეს „საზოგადოებივ მაუწყებელს“, „რუსთავი2-ს“, „იმედს“ და ამ არხებზე დასპონსორებულ გადაცემებს უნდა შეეხოს. უნდა შეეხოს მათ თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში იღებენ ხელფასებს და აშკარა ინეტესთა კონფლიქტებია. რა თქმა უნდა, ვემხრობი იმასაც რომ იგივე „რეზონანსმაც“ გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანარიშები, თუმცა შემოსავლებისა და გასავლების შესახებ საგადასახადო სამსახურს ინფორმაცია ისედაც აქვს.
უცნაური არ არის, რომ მაინცდამაინც ივანიშვილის მიერ მიტანილი რეკლამა ითვლება დანაშაულად მაშინ, როცა რამდენიმე ტელეარხზე უამრავი რეკლამა სარეკლამო ლიმიტების უხეში დარღვევით ტრიალებს?
- თუ ხელისუფლებას სურს საარჩევნოდ მედიაგარემოს შეცვლა, ევროკავშირის მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარლებში მოამზადა 11 კანონპროექტი, რომელიც ეხება ჟურნალისტების უფლებების დაცვას არჩევნებზე, საჯარო ონფორმაციის გამოთხოვნის უფრო თავისუფალ რეჟიმს, ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების ვალდებულებას, მონიტორინგის საბჭოს შექმნის აუცილებლობას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური გამჭვირვალობა. პირველ რიგში, ეს ფინანსური გამჭვირვალობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ გვითხრან, რა თანხად იყიდა ყარამანაშვილმა „რუსთავი 2“-ის წილი და საიდან ჰქონდა მას ეს თანხა. არველაძემ, რომელიც 2007 წლამდე სახელმწიფო მოხელე იყო, როგორ შეიძინა რამდენიმემილიონიანი ქონება ჯოზეფ ქეისგან. ეს არის გამჭვირვალობა და არა ის, თუ რა თანხას იხდის ივანიშვილი რეკლამაში. თუმცა, მომხრე ვარ, ესეც გამოქვეყნდეს, არავის არაფერი აქვს დასამალი.
ნაკლებად მგონია ივანიშვილის, ან რეკლამის სხვა დამკვეთის მიერ მიტანილი თანხის ოდენობა რომელიმე გამომცემელმა დამალოს, ამის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს, როგორც ჩანს, ამით ხელისუფლება სხვა რამის გადაფარვას ცდილობს...
- ასეა, მაგრამ თუ ხელისუფლებას სურს ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, გვიჩვენოს მაგალითი და გვითხრას, რატომ ასპონსორებდა „ვანო ჯავახიშვილის შოუს“ დაცვის პოლიცია, რამდენი ლარია გადახდილი თბილისის მერიის მიერ პროექტ „ნიჭიერში“ და გაგვარკვიონ იმ იდუმალებით მოცულ საკითხებში, რაც ხდება სახელისუფლებო ტელევიზიებში. ასევე ვითხოვ, ყველა მედიაორგანიზაციამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია მიღებული გრანტებისა და მისი ხარჯების შესახებ.
გრანტები ისევ საკმაოდ მსუყე თემაა, რამე სიახლე გვაქვს?
- ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გრანტების საკითხს ხელისუფლების წარმომადფენლები ლობირებენ ხოლმე. საიდუმლო ინფორმაცია ხომ არ არის რომ გვითხრან, რომელმა მედიაორგანიზაციამ მიიღო გრანტები და როგორ აითვისა ეს ფული.
ელისო, ცოტა ხნის წინ „ალიას“ მსგავსი სიტუაცია presage.tv-ზეც მოხდა და ამ ფაქტმა მაშინაც სახელისუფლებო არხების ინტერესი ამოიწვია. სკანდალის მონაწილე ჟურნალისტებზე ხაზგასმით არაფერს ვამბობ, მაგრამ ფაქტებზე რეაგირების ხელწერა აშკარად ერთნაირი მეჩვენება – თითქოს, კამპანიური ხასიათი მიიღო, რომ ჟურნალისტები საკუთარი სურვილით ტოვებენ რედაქციას და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ივანიშვილის დაფინანსების გამო გადადგეს...
- სეხნიაშვილთან დაკავშირებით ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, რადან არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა მედიაორგანიზაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია, ხელისუფლებას შეგზავნილი ჰყავს თავისი აგენტურა. ზოგჯერ ეს აგენტურა არის სხვადასხვა დაჯგუფებებისაც კი. მაგალითად, ვიცით, რომ მერაბიშვილს სხვა დაჯგუფება ჰყავს, უგულავა ცალკე მუშაობს და ა.შ. ეს ადამიანები რა თქმა უნდა, როდესაც კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება, ამოქმედდებიან. ამიტომ მედიაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ძალიან კარგად შესწავლა და განხილვა სჭირდება ამდაგვარ თემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მსგავსი საკითხების მოგვარების ყველაზე დიდი საშუალება სწორედ ხელისუფლებას აქვს. ეს ისტერიული სიუჟეტების მომზადებაში კი არა შრომის კანონთა კოდექსის, მაუწყებელთა შესახებ კანონის შეცვლაში გამოიხატება.
ალბათ, ჩვენ, ჟურნალისტებმაც არ უნდა დავაკლოთ მცდელობა რომ მედიასივრცეში მეტი გამჭვირვალობა იყოს... თითქოს რაღაც ლუსტრაციის მსგავსი დაიწყო და თუ ეს ასეა, ურიგო ნამდვილად არ იქნება...
- ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და შეიძლება კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტის მოწმენი გავხდეთ. ვინც მართლა დამოუკიდებლად და გულწრფელად მუშაობს, იმ ჟურნალისტებმა ერთმანეთის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დამანახა, რომ ეს შესაძლებელია. პრესის გავრცელების ჯიხურების ტენდერის შემდეგ ჩვენ მოვიფიქრეთ, როგორც უნდა გავავრცელოთ ჟურნალ-გაზეთები. სწორედ ასე, ჩვენი ერთიანობით შეიძლება პრობლემების დაძლევა.
ეს პროცესი შეიძლება კარგიც იყოს, ახლა გამოჩნდება, ვინ შეგზავნილია და ვინ მართლა გულწრფელად მუშაობს. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ არ მოახდინონ ჩვენი მარგინალიზაცია, ამის წინააღმდეგ რაღაც ზომები უნდა მოვიფიქროთ. რაც შეეხება დამოუკიდებელ მედიას, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ორგანიზაცია შეიქმნა მედიის დასაცავად. არის კიდევ ერთი ახალი ორგანიზაცია, რომელიც ნატოს პრიციპებით იქმნება და შეიარაღებული ჯარი არა, მაგრამ კალმით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი მაინც გვეყოლება, რომლებიც კონსოლიდაციას მოახდენს, როდესაც ეს საჭირო გახდება. იანვრის მეორე ნახევარში ვაპირებთ გავააქტიუროთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი, რომელიც ჟურნალისტების უფლებების დაცვას გააძლიერებს მსგავსი ტიპის შემოტევებისგან.