თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი თვალით ვნახეთ ადამიანი, რომელიც 2011 წლის ბოლო თვეებში პატიმრების ცემა-წამების გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს - ეს არის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი. მისთვის ფოტოს გადაღება ვცადეთ - გვინდოდა, მისი სახე ჩვენს მკითხველსაც ენახა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გადაღება აკრძალულია, სხდომის შემდეგ კი ავსაჯანიშვილმა დარბაზი იმ გასასვლელიდან დატოვა, საიდანაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს პატიმრები გაჰყავთ ხოლმე.
გიორგი ავსაჯანიშვილი სააპელაციო სასამართლოს N2 დარბაზში წარმოადგენდა სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულებას, რომელმაც მსაჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დასდო შინაგანაწესის დარღვევაში. კერძოდ, გადაძახილში და უმისამართო გინებაში, რაც 22 წლის გიორგი ოქროპირიძემ კატეგორიულად უარყო და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მოითხოვა იმ სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ გადაღებული კადრების ამოღება, რომელიც N18 სამკურნალო დაწესებულებაში, კონკრეტულად კი იმ საკანშია დამონტაჟებული, სადაც ოქროპირიძე იჯდა.
2011 წლის 31 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს N2 დარბაზში, მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომას „ობიექტივი“, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტთან და ოპერატორთან ერთად თავიდან ბოლომდე ესწრებოდა.
გიორგი ოქროპირიძემ დეტალურად მოყვა, როგორ სცემდნენ, აწამებდნენ და აიძულებდნენ ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან გამოტანას. საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის 17 იანვრამდე უნდა უპასუხოს ევროსასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს, გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის მონაყოლიდან ჩანს, რომ 17 იანვრის მოახლოებასთან ერთად, პატიმრის წამება მკაცრდება - ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ცე ჰეპატიტით დაავადებულ პატიმარს მედიკამენტებით მკურნალობის ნაცვლად ცემა-წამებით “მკურნალობენ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძის წამების დეტალები, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით 28 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ. ამ მასალის ინტერნეტში მოძიება და წაკითხვა ამ სათაურითაა შესაძლებელი - „ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ცემა-წამებით გიორგი ოქროპირიძესაც „უმკურნალეს“.
მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა პროცესზე მოყვა: როგორ სცემეს, აწამეს, როგორ ემუქრებოდნენ „სროკის დამატებით“, თუ ევროსასამართლოდან საჩივარს არ გამოიტანდა, ცემისგან როგორ აღებინა სისხლი, როგორ „აფრთხილებდნენ“, რომ „გაიჩალიჩებდა“, თუ წყნარად არ იქნებოდა და საჩივარს არ გამოიტანდა, N18 სამკურნალო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი წამოდგა და თქვა:
„რაზეც ამ წუთებში მსჯავრდებულმა ისაუბრა, მე მგონი მაგაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება გაარკვევს, ვინ ემუქრებოდა. მას არაერთხელ მოსვლია შელაპარაკება. გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ. გადაძახებას ახდენდა, იგინებოდა უმისამართოდ და როდესაც მასთან მორიგე ჯგუფი მივიდა, მათ პროვოცირებას ახდენდა“.
ავსაჯანიშვილმა ეს თქვა, მაგრამ პროცესზე ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა და ვერც ის განმარტა, ვის გადასძახა, რა სიტყვებს იძახდა მსჯავრდებული და ვის მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. როგორც ოქროპირიძის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, ეს დეტალები არც საქმეში დევს. ავსაჯანიშვილი თავის სიტყვას კითხულობდა, მაგრამ ესეც უჭირდა - დაწერილის წაკითხვა უჭირდა!
„ბატონო მოსამართლევ, ამ პირს რომ უსმენთ, ეს არის ბოროტმოქმედი, კრიმინალი. სულ ეს ადამიანი აწამებს პატიმრებს, მთელი რიგი საჩივრებია მის მიმართ“, - უთხრა მოსამართლეს გიორგი ოქროპირიძემ, რომელსაც გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები ეძახიან „სტრასბურგელს“, იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებების დასაცავად ევროპულ სასამართლოს მიმართა.
სხვათა შორის, ადვოკატმა მანანა კობახიძემ სხდომაზე გიორგი ოქროპირიძის თანასაკნელების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა - მათ სახალხო დამცველის რწმუნებულს ახსნა-განმარტება მისცეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოქროპირიძე არ იგინებოდა და არც ვინმეს ეძახდა. მოსამართლე ჭიჭილეიშვილმა, რასაკვირველია, ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არც ვიდეოთვალის გადაღებული კადრების ამოღებას დათანხმდა, არც მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის თხოვნა გაითვალისწინა - „ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ეს ადმინისტრაციული დავაო“ - მოსამართლემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
სხვათა შორის, ეს ის მოსამართლეა, რომელიც „კარცერს“ და კანცლერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.
„მოსამართლემ პატიმარს უთხრა, თქვენ მოგათავსეს კანცლერშიო. ანუ „კარცერს“ და კანცლერს თუ კი ვერ არჩევს მოსამართლე, საერთოდ, მის გადაწყვეტილებას რა ფასი აქვს?! ეს პროცესი არ იყო. ეს იყო ცინიზმი, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი გავხდით. ერთ მხარეს იყო საათნახევრიანი მტკიცება და მეორე მხარეს ორწუთიანი განცხადება, რომელიც ვერც კი წაიკითხა. გიორგი ოქროპირიძემ მისცა აბოლუტურად თანმიმდევრული ჩვენება და დეტალურად აღწერა, როგორ აწამებენ, სცემენ, შეურაცხყოფენ, რომ ამაში ჩართულია მედპერსონალი და პირდაპირ კრიმინალია ჩადენილი მის მიმართ - მას აიძულებენ ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანოს და დღეს გაცხადდა, რომ მთელი ეს ქმედებები ამ მიზნითაა განპირობებული, რადგან სახელმწიფოს 17 იანვრამდე აქვს საჩივარზე პასუხის გაცემის ვადა. როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში მწვავდება ხოლმე ურთიერთობა და ამ პერიოდში ხდება იძულება“, - ეს იყო ამონარიდი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატ მანანა კობახიძის მიერ მოცემული ვრცელი კომენტარიდან.
როგორც გიორგი ოქროპირიძის უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა გვითხრა, 2011 წლის 31 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ საჩივარს ევროსასამართლოში 3 იანვარს გაგზავნიან.