ნატო საქართველოს: გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის, მაგრამ…

ნატო საქართველოს: გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის, მაგრამ…

როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ავღანეთში საქართველომ მისი პირველი ჯარისკაცი დაკარგა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაკარგავდა ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. ახლა, როგორც ამას EurasiaNet–ის კორესპონდენტი გიორგი ლომსაძე იუწყება, საქართველომ კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდნენ.  

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად, რომელიც სწორედ იმ დროს თბილისს ესტუმრა და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი სამსახური გაუწია ჯარისკაცების დაღუპვამ საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს:  

„გუშინ ღამით ჩვენ ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დათო ცეცხლაძის, კაპრალების გიორგი კოლხიტაშვილის და ნუგზარ კალანდაძის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.
ჯარისკაცობა ძალიან საპატიო, მაგრამ იმავდროულად ძალიან სახიფათო პროფესიაა.

ეს არის პროფესია, რომელიც უდიდეს ერთგულებას და თავგანწირვას მოითხოვს.  

ქართველი მეომრები ტრადიციულად ბევრ ქვეყანაში იბრძოდნენ, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.  

ჩვენი მეომრები ხელმძღვანელობდნენ ძველი სპარსეთის, ოსმალთა იმპერიის, ეგვიპტის და რუსეთის არმიებს…

დიდი შეცდომა იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფოს ინტერესები საქართველოს საზღვრებთან მთავრდება, მაშინ როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები და მეგობრები. ის ფაქტი, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ამ შენობის თავზეა აღმართული, ასევე ის, რომ საქართველო წარმატებით ვითარდება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი საერთო ინტერესების დამსახურებაა“.

მოგვიანებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია.  

თუმცა ერთმა ჟურნალისტმა რასმუსენს მკვეთრი კითხვა დაუსვა –ავღანეთის მისია საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, ეს მართლაც ასეა თუ არა? 

რასმუსენმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა… 

„ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ ახლა განაცხადეთ, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან მაღალი ფასი გაიღეს და ეს მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის. ქართული საზოგადოების აზრით ეს არის საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადახდილი ფასი. ფიქრობთ თუ არა, რომ ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 2008 წლის ომის შემდეგ შეიცვალა? მე მესმის, რომ თქვენ ვერ გვეტყვით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვერანაირ ზუსტ თარიღს, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტული რამ გვითხრათ პორტუგალიაში ნატოს სამიტის წინ. დიდი მადლობა…

ანდრეს ფოგ რასმუსენი: პირველ რიგში მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვიმყოფებით საკუთარი უსაფრთხოებისთვის, რათა დავიცვათ ავღანეთი იმისგან, რომ ის კვლავ ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარად არ გადაიქცეს. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ბრძოლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, ზოგიერთ ჩვენს ჯარისკაცს ძალიან მაღალ ფასად უჯდება. ჩემი ხედვა ასეთია. 

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. ვფიქრობ, ნატოს სამიტი ლისაბონში ხელახლა დაადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომელიც ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე დავიკავეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც ის სრულად დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ამ ეტაპზე საქართველო–ნატოს კომისიის ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობა გრძელდება“.

იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს საქართველო ავღანეთში, მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორია.  

თუკი მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქართველებს შესაძლოა სულ უფრო და უფრო აქტიურად გაუჩნდეთ კითხვა: რა არის ამ ომში კარგი?

[foreignpress.ge]