პოლიტიკიდან ივანიშვილის გაძევების მცდელობა ააშკარავებს, რომ მთავრობას დემოკრატიის არსებობა არ აინტერესებს

პოლიტიკიდან ივანიშვილის გაძევების მცდელობა ააშკარავებს, რომ მთავრობას დემოკრატიის არსებობა არ აინტერესებს


”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ერთი-ერთი წინაღობა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების გზაზე, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი პოლიტიკური ძალის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის დომინირება გახდა. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მალევე შეიქმნა – მაშინ გაერთიანდა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და პარტია ”გაერთიანებული დემოკრატები”, რომელსაც სათავეში ედგა გარდაცვლილი ქართველი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღეს უკვე ოპოზიციური პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე. ამ დროიდან მოყოლებული, გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ (გნმ) მოიგო ყველა არჩევნები საქართველოში, ის აკონტროლებს ყველა არჩეულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ პოზიციას ქვეყანაში.

გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას ძალაუფლების რამდენიმე ძირითადი წყარო აქვს. პირველი, ეს საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური პარტიაა. ბევრი ქართველი კმაყოფილია იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ გნმ-ის ხელმძღვანელობით ჩაატარა, მხარს უჭერს გნმ-ს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ან სწამს, რომ გნმ-ს ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს წაყვანა სწორი მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, გნმ-ი ყველა გამოკითხვაში რეალურად სახელდება ყველაზე პოპულარულ პარტიად.

მაგრამ ეს გნმ-ის წარმატების მხოლოდ ერთ-ერთი ახსნაა. მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, უმეტესი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების აზრით, მან შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდა, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ბოლო წლებში იცვლება. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს არ ახასიათებდა დიდი გაყალბება და ქაოსი, გნმ-ი ბოროტად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს, მიმართავდა მუქარასა და დაშინებას, რათა შეეზღუდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გავლენა. ამ გარემოში, გნმ-ის პოპულარობა და საარჩევნო გამარჯვებები ცოტა სხვანაირად უნდა განვიხილოთ – სხვა თუ არაფერი, ეს სისტემაში არადემოკრატიული გადმონაშთების ნიშანი უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი და დემოკრატიული მხარდაჭერის დასტური.

გნმ-ის უწყვეტი პოპულარობისა და დომინირების მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, თავად ქართული ოპოზიციაა. ოპოზიციის დიდი ნაწილი, და გასაოცარი არ არის, რომ სწორედ ამ ნაწილს გამოჰყოფს ხშირად მთავრობაცა და მთავრობის მიერ მართული მედიაც, პოლიტიკური სპექტაკლებითაა დაკავებული, აყენებს უგუნურ მოთხოვნებს, აქვს უსუფთაო ურთიერთობები მოსკოვთან და ხშირად იღებს გამაოგნებლად უვარგის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ქართული ოპოზიციის უფრო სერიოზულ ნაწილს, განსაკუთრებით კი ირაკლი ალასანიას ”თავისუფალ დემოკრატებს”, როგორც წესი, რესურსებსა და მედიაზე შეზღუდულად მიუწვდებოდა ხელი. მედიის დიდ ნაწილზე საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი გავლენა აქვს, მაშინ, როდესაც სერიოზული და ლეგიტიმური ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მდიდარ ადამიანს და საწარმოს შეიძლება პრობლემად ექცეს ქართულ კლანურ კაპიტალისტურ გარემოში.

ქართული მთავრობა ძალიან ჭკვიანურად იყენებს ამ სიტუაციას და ხშირად შესჩივის უცხოურ და შინაურ აუდიტორიას იმაზე, რომ საქართველო ძლიერი და სერიოზული ოპოზიციის დეფიციტს განიცდის. მთავრობა, რაღა თქმა უნდა, ჩივის იმაზე, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია, ამ დროს კი იმას ცდილობს, რომ სიტუაცია არ შეიცვალოს. ამიტომაც საქართველოს მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა კრიტიკა ერთპარტიული დომინირების გამო და ემტკიცებინა, რომ გნმ-ის პოპულარობის გამო არავის შეუძლია მას ხელშესახები კონკურენცია გაუწიოს. ეს არგუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში სასარგებლოც იყო და ზუსტიც.

თუმცა, სამი თვის წინ, ეს ყველაფერი უეცრად შეიცვალა, რაც თბილისში დიდი შეშფოთების მიზეზად იქცა. საქართველოს მთავრობა, რომელიც წლების მანძილზე იმას ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტი და ძალიან ღარიბია, თითქმის ერთ ღამეში იძულებული გახდა ემტკიცებინა, რომ ოპოზიცია ახლა ზედმეტად ძლიერი, და უფრო ზუსტად, ზედმეტად მდიდარია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა სექტემბერში განაცხადა – ის პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, მჭიდროდ ითანამშრომლებს და დაფინანსებაში დაეხმარება ”თავისუფალ დემოკრატებსა” და რესპუბლიკელებს, ორ პარტიას, რომლებიც ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უფრო რაციონალურ, მოწიფულ და ზომიერ პოზიციას იკავებენ. თითქმის ერთ ღამეში ქართულ მთავრობას მოუხდა კონკურირება ისეთ ოპოზიციასთან, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს რესურსები და ხელი მიუწვდება ისეთსავე ძვიდარღირებულ, თანამედროვე კამპანიასა და ინფრასტრუქტურაზე, როგორზეც ბოლოდროინდელ ქართულ არჩევნებში მხოლოდ გნმ-ს მიუწვდებოდა ხელი. 

ქართული მთავრობა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში ისე კი არ მიესალმა, როგორც ღირებული ოპონენტის გამოჩენას, რომელსაც შუძლია დამატებითი რესურსები გააჩინოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც ისმოდეს, არამედ შეეცადა დაესუსტებინა ივანიშვილი და შეეზღუდა პოლიტიკაზე მისი ზეგავლენის უნარი. მეთოდებში, რომელიც მთავრობამ ამისთვის გამოიყენა, შედიოდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და პარტიების დაფინანსების ისეთი კანონის მიღება, რომელიც არა მხოლოდ შეუზღუდავდა მილიარდერს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საშუალებას, არამედ ”თავისუფალ დემოკრატებსა” და რესპუბლიკელებს უკვე მიღებული თანხების დაბრუნებას მოსთხოვდა.

ცხადია, ივანიშვილმა საქართველოში სასწორი გადახარა ისე, რომ ვითარება უფრო ექსტრემალურია, ვიდრე ამერიკაში ისეთი მდიდარი კანდიდატების არსებობისას, როგორიცაა მაიკლ ბლუმბერგი ან მიტ რომნი. მაგრამ პოლიტიკიდან ივანიშვილის გაძევების მთავრობისეული მცდელობა ერთ რამეს ააშკარავებს – ტყუილი ოპოზიციის სისუსტეზე მხოლოდ ამართლებდა იმ ფაქტს, რომ მთავრობა არ იყო დაინტერესებული დემოკრატიის არსებობაში და გულწრფელად არ სწუხდა საქართველოს პოლიტიკური ძალების მდგომარეობის გამო. ჯერ კიდევ არ არის ცხადი, რამდენად წარმატებულად მოახერხებს მთავრობა ივანიშვილის როლის შეზღუდვას, მაგრამ საკმაოდ ცხადია ის, რომ ქართული მთავრობა, ალბათ გააგრძელებს ოპოზიციის დახასიათებას ისე, როგორც ძალიან სუსტი, ან ძალიან ძლიერი ძალის და განსხვავებით ზღაპრის გმირი გოგონასაგან, რომელსაც სახელად გოლდილოკი ერქვა, ვერასდროს მიაგნებს ისეთს, რომელიც მას შეეფერება.
foreignpress.ge