ზაზა შანიძე, "ყველა სიახლე"
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსახლეობის პენსიით უზრუნველყოფა, სხვა სოციალური შემწეობები და, საერთოდ, ნებისმიერი სფერო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნების წინ, პენსიების მატებას 5 თუ 10 ლარით ყოველთვის ახლდა პროპაგანდა და, რაღა თქმა უნდა, შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან შედარება, როდესაც პენსია ძალიან ცოტა იყო რიგითი მოქალაქისათვის და 14 ლარს შეადგენდა. რა თქმა უნდა, პენსიების ყოველი მომატებისას ხელისუფლება არაფერს ამბობდა ლარის მსყიდველუნარიანობაზე თუნდაც რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით და დუმილით უვლიდა გვერდს მზარდ ინფლაციასაც. რაც მთავარია, ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ პენსიების მიხედვით საქართველო ლიდერი იყო, ევროპაში თუ არა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც.
საქართველოში საკმაოდ მაღალია საპენსიო ზღვარი: 60 წელი - ქალებისთვის, 65 - მამაკაცებისთვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წელს პენსია 125 ლარამდე 67 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოემატება, ოღონდ ეს მოხდება არა 2012 წლის პირველი იანვრიდან, არამედ 1-ლი სექტემბრიდან, საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე. ამ 125 ლარში შედის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დამატებული თანხა და 67 წელს გადაცილებული ადამიანების ნაწილს 25 ლარით გაეზრდება პენსია, ნაწილს - 15 ლარით. ყველა ასაკის პენსიონერი კი 15-ლარიანი სადაზღვევო პოლისით ისარგებლებს.
საქართველოში კერძო საპენსიო სისტემა ჯერჯერობით ჩანასახოვან მდგომარეობაშია. დღეს ქვეყანაში პენსიებს განსაზღვრავს და გასცემს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი პენსია პროცენტულად საშუალო ხელფასის 1990 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ ჩამორჩება (1990 წ. - 36.7%; 2010 წ. - 17.5%). საშუალო პენსიის თანხა მსყიდველუნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის დაახლოებით 45 პროცენტის ეკვივალენტურია და, ფაქტობრივად, მხოლოდ სოციალური დახმარების ფუნქციის მქონეა. ამჟამინდელი პენსია ადამიანს ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე არსებობისთვისაც კი თვეში მხოლოდ არასრული ოცი დღის განმავლობაში შეიძლება ეყოს. შესაბამისად, ყოველი თვის ერთი დეკადის განმავლობაში პენსიონერთა ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე "მარიფათსა" და ახლობლების დახმარებაზეა დამოკიდებული.
დღეს საქართველოში, ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი საშუალო პენსია და ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თამასა არსებობს.
2010 წელს საქართველოში მინიმალური პენსია 55-დან 80 ლარამდე გაიზარდა. 2010 წლის 1-ლი მარტიდან კი, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, რომელსაც წინ არჩევნები ელოდა, თბილისში მცხოვრებ ყველა კატეგორიის პენსიონერს პენსია 10 ლარით მოემატა.
2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პენსია 100 ლარი გახდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობდა: "ყველა სოციალური შეღავათი იქნება შენარჩუნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათობით, ათასობით პენსიონერს ექნება 100 ლარზე მეტი, ხოლო პენსიის მინიმალური ზღვარი 100 ლარი იქნება. რეფორმა 670 ათასზე მეტ პენსიონერს და 24 ათას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება". თუმცა მალე გაირკვა, რომ საპენსიო საჩუქარი შეეხო მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის ინვალიდებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით (http://www.ssa.gov.ge/), 2011 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, ასლარიან პენსიას 663 ათასი ასაკით პენსიონერი და 23 ათას 500 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირველი ჯგუფის ინვალიდი) იღებს. ანუ, სულ 686 500 პენსიონერი. ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში 828 ათას 203 პენსიონერია.
სხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსიის ოდენობა უცვლელი დარჩა. პენსიონერთა ეს ნაწილი თავს მოტყუებულად მიიჩნევს და უკმაყოფილებას გამოთქვამს.
არადა, მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებით, 2009 წლის ბოლომდე პენსია 100 დოლარი უნდა ყოფილიყო. ქართველ ექსპერტთა აზრით, "საშუალო" პენსიონერის პენსია საშუალო მომხმარებლის ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 70%-ს ფარავს. საარსებო მინიმუმამდე ამ 30-პროცენტიანი დეფიციტის შესავსებად თითოეულ პენსიონერს, ერთ წელზე გაანგარიშებით, კიდევ რამდენიმე ასეული ლარი ესაჭიროება. ექსპერტებმა ისიც გამოითვალეს, რომ 2011 წლის 15 სექტემბრიდან 100 ლარამდე გაზრდილი პენსიის რეალური მსყიდველობითი უნარი, 2003 წლის ფასებით, მხოლოდ 42 ლარს შეადგენს.
მაინც რამდენია მინიმალური ან საშუალო პენსია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ლარზე გადაანგარიშებით? სურათი ასეთია:
1. ესტონეთი - 660 ლარი; 2. ყაზახეთი - 585 ლარი; 3. ლატვია - 550 ლარი; 4. ლიტვა - 453 ლარი; 5. რუსეთი - 438 ლარი; 6. აზერბაიჯანი - 303 ლარი; 7. უკრაინა - 232 ლარი; 8. ბელორუსი - 185 ლარი; 9. სომხეთი - 129 ლარი; 10. საქართველო - 100 ლარი; 11. მოლდოვა - 93 ლარი; 12. უზბეკეთი - 82 ლარი; 13. ყირგიზეთი - 72 ლარი; 14. ტაჯიკეთი - 27 ლარი;
აღსანიშნავია, რომ რუსეთში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები საქართველოსგან ჩამორჩენასა და საბოლოო დაქცევას უწინასწარმეტყველებენ, სახელმწიფო პენსია მიბმულია საარსებო მინიმუმზე და ის საარსებო მინიმუმზე დაბალი არ შეიძლება იყოს. ამასთანავე, ინფლაციის გათვალისწინებით ხდება მისი ინდექსაციაც, "წარმატებული და მზარდი ეკონომიკის" საქართველოში კი ჯერჯერობით ამაზე არც ფიქრობენ.
მოქალაქეები ტელეეკრანიდან ხშირად ისმენენ ომახიან განცხადებებს, რომ "მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების ეკონომიკები ჩამოიშალა, საქართველოსი აღმავლობის გზაზეა". ქვეყნის ეკონომიკის წარმატებულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია მოქალაქეთა დასაქმების დონე, მათი შემოსავლები და ნამუშევარი სტაჟის მიხედვით დარიცხული პენსია. საქართველო კი უმუშევრობის დონით მოწინავე ქვეყნების რიგშია. ახლა კი ვნახოთ, როგორია პენსიები "ჩამოშლილი ეკონომიკის" ქვეყნებში: დანიაში საშუალო პენსია თვეში 2.800 დოლარია, პოლონეთში - 522, აშშ-ში - 1.164, ფინეთში - 1.344 ევრო, უნგრეთში - 410 დოლარი, გერმანიაში - 810 ევრო, ისრაელში - 1.354 დოლარი, შვეიცარიაში - 874, შვედეთში - 833, იაპონიაში - 717, ინგლისში - 700, საფრანგეთში - 700, კანადაში - 667, იტალიაში - 583, ესპანეთში - 850 ევრო. ამ მონაცემების შედარება საქართველოს მოსახლეობის პენსიებთან ნათლად მეტყველებს, რომელი ქვეყნის ეკონომიკას უფრო მიესადაგება ტერმინი "ჩამოშლილი." და კიდევ - ექსპერტთა გაანგარიშებით, იმისათვის, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის ამჟამინდელ საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდეს, საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 25 წლის განმავლობაში 10 პროცენტით მაინც იზრდებოდეს.
P.S. ევროპული ქვეყნების პენსიონერები პენსიებთან ერთად მთელი რიგი სოციალური შეღავათებითაც სარგებლობენ და მათ არავინ არაფერს ამადლის. იქ, რა თქმა უნდა, არავის მოუვა აზრად, პენსიებისა და სოციალური შემწეობის მიღება მმართველი პარტიისადმი პოლიტიკურ ლოიალურობას დაუკავშიროს და არჩევნებზე ხმების მიღების საშუალებად გადააქციოს.
2645
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85