აქამდე სულ ვიხსენებდი ხოლმე ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს – „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“
მაგრამ ის, რაც 2011 წლის ბოლო დღეებში ხელისუფლებამ ჩაიდინა, მარწმუნებს, რომ ეს ავაზაკთა კი არა, მაიმუნთა ბანდაა, ან – კალიგულას ცხენების რემა. მოკლედ – Animal Parliament.
კალიგულამ, როდესაც თავისი პარანოიდული და ეროტიული სიგიჟეების დიდი ნაწილი უპრობლემოდ აისრულა, მერე თავის საყვარელ ცხენს „ინსიტატუსს“ კონსულის წოდება მიანიჭა და სენატში საპატიო ადგილი მიუჩინა. გალოპის ხარისხით ცნობილი ცხენის საკანონმდებლო ინიციატივებმა, სამწუხაროდ, ვერ მოაღწია ჩვენამდე, თუმცა სავარაუდოდ, კობა ხაბაზის და გია (პადოშა) თორთლაძის ინიციატივებზე არაფრით ნაკლები არ იქნებოდა. შეიძლება ცოტა ხვიხვინის და ჭიხვინის თარგმანის პრობლემები შექმნილიყო, მაგრამ საბოლოო შედეგი, ალბათ, ისეთივე გამაოგნებელი იქნებოდა, როგორც კობა ხა-ბაზის მიერ შემოჭენებული ქაღალდის ნაგლეჯის ხილვაზე უმრავლესობის მიერ შვებით აღვლენილი „ევრიკა“…
საქართველოს ე.წ. პარლამენტს ის დაავადება შეეყარა, რასაც ქურდულ ჟარგონზე „ბესპრედელი“ ჰქვია. როდესაც ამას ქურდები ჩადიოდნენ, სხვა ქურდებიც კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად „ტრადიციების დამცველებად“ გვევლინებოდნენ, ცდილობდნენ თავსგასული კოლეგები გრძნობაზე მოეყვანათ.
მაგრამ დღეს ვინ და როგორ მოიყვანს გრძნობაზე თავსგასულ ე.წ. კანონმდებლებს, რომელთა ძირითად საქმიანობად სამართლის გაუპატიურება გამხდარა? საქართველოში ხომ საულ უფრო მეტად მართლდება აღმოსავლური აფორიზმი, რომ „ყველაზე მაღალი ფანრის ქვეშ ყველაზე მეტად ბნელა“! ყველაზე მოძალადე ჩვენთან არის ის, ვინც ძალადობას უნდა ებრძოდეს (შსს), ყველაზე უსამართლო ის, ვინც სამართლის აღდგენაზე უნდა მუშაობდეს – (სასამართლო), ყველაზე დაუცველი ის, ვინც სხვას უნდა იცავდეს (ადვოკატი), ყველაზე გონებაჩაკეტილი და შეზღუდული ის, ვინც სხვის განათლებაზე უნდა ზრუნავდეს (განათლების სამინისტრო) და ყველაზე უფრო ცრუ, ყრუ და მუნჯი, – ვისაც საზოგადოების სწორად ინფორმირება და თვალების ახელა ევალება (მედია).
წელს კი ამ კაფკასეულ სიას საბოლოოდ დაემატა კიდევ ერთი – ქართველი პარლამენტარები, რომელთა ძირითად საქმიანობად კანონდარღვევა და კონსტიტუციის შელახვა ქცეულა.
ერთი პერიოდი იმედი გვქონდა, რომ კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების და უბრალოდ ე.წ. common sense-ის, ანუ საღი აზრის გათელვის უფლებას ჩვენს „ინსიტატუსებს“ ვენეციის კომისია არ მისცემდა. მაგრამ მე პირადად ამის დიდი იმედი აღარ მაქვს. ეს დაახლოებით იგივეა, ჩიკატილოსნაირი სერიული დამნაშავეების წინააღმდეგ კეთილშობილ ქალთა პანსიონის შინაგანაწესის ხმამაღლა კითხვის იმედად რომ იყო – ეგება შეიგნონ თავიანთი ბოროტების დამღუპველობა, მოინანიონ და გამოსწორების გზაზე შედგომა მოუნდეთო. ეს ხომ ის ვენეციის კომისიაა, რომლის თავმჯდომარეს ჩვენი მთავარი კონსტიტუციამრყვნელი ვითომ სმს-ებს რომ უგზავნიდა ვითომ მობილურზე და მიღებული ვითომ პასუხებით თავის შუქუროვნებას რომ გვიმტკიცებდა? თქვენი ჭირიმეთ, რაა… მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ენა ესმის, – ის ენა, კარლა დელ პონტე მილოშევიჩს რომ ელაპარაკებოდა. და ყველა სხვა დანარჩენი ვენეციური რევერანსები მისთვის მხოლოდ მანამდე იქნება საინტერესო, სანამ ისინი შუქუროვნების მითს ამაგრებენ. როგორც/თუ კი ვენეციის კომისია პრინციპულ პოზიციას დაიკავებს, სააკაშვილის დამოკიდებულება ამ ორგანოსადმი ისეთივე გახდება, როგორც ჩრდილო კორეის მმართველთა დამოკიდებულება გაეროს რეზოლუციებისადმი, ანუ – სრული იგნორი.
მოკლედ გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის დამღუპველად ნაყოფიერი 2011 წელი.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო მრავალი შესწორება (450-ზე მეტი!), რომელთაგან უპირველესით და უმნიშვნელოვანესით – საკონსტიტუციო ცვლილებებით – გაცხადდა, რომ უახლოესი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უმაღლესი ხელისუფლება პრეზიდენტიდან გადადის პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც 50%+1 ხმით საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს უვადოდ და რომლის უფლებები ოდნავ ჩამორჩება რომის იმპერატორისას. – კერძოდ, იმით, რომ იგი ერთდროულად პონტიფიქს მაქსიმუსი, ანუ სამღვდელოების უმაღლესი პირი არ იქნება (ისე, ხომ არ გაგაჟრჟოლათ, ძვირფასო მკითხველებო? არის კი ეს ისეთი თემა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ალმურმოდებული ცნობიერება ვერ შეეთამაშება?).
ამით საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ე.წ. საქართველოს პარლამენტის ერთადერთი დანიშნულება მიხ. სააკაშვილის ფანტაზიების რეალობად ქცევა და ამისთვის საკანონმდებლო ჩარჩოების პერიოდული გაწევ-გამოწევაა, გასაგები გახდა – მიხეილ სააკაშვილი ჯიუტად აგრძელებს სვლას მის მიერ შაჰ-აბასად შერაცხული ვლადიმერ პუტინის ნაკვალევზე. პუტინიც და მიშაც თავის იდეალებად სინგაპურის ერთპარტიულ სისტემას და მის უვადო მმართველებს – მამა-შვილ ლიი კუან იუს და ლიი ჰსიენ ლოონგს – თვლიან. პუტინმაც და მიშამაც მოახერხეს დე იურე აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავის მიერ დანიშნული გუბერნატორების ვერტიკალის გამაგრება და უშიშროების, შსს და პროკურატურის მიერ საზოგადოებაზე ყოვლისმომცეველი კონტროლი, ორივემ დაიმორჩილა და თავის ახლობლებს გადაუნაწილა მანამდე თავისუფალი მედია, ორივემ საკუთარი კლანის კრიშის ქვეშ სრულად მოაქცია ბიზნესი, ორივემ რეალურად გააუქმა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დემოკრატიული საფუძველი და ორივეს ხელში სასამართლო და ციხეები იქცა საზოგადოებაში შიშის და უსამართლობის დანერგვის ინსტრუმენტად. ახლა მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს ვლადიმერ პუტინის მიღწევებიდან – უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის მარიონეტი, რომელსაც პრეზიდენტის ფიქციად ქცეულ პოსტს დაუტოვებს. და თუ გუმანი და ფეისბუქზე დაწყებული პოპულარიზების კამპანია არ მატყუებს, მხოლოდ მიშამ თუ გადაწყვიტა, ეს პირი ან მარადმღიმარი დავით ბაქრაძე იქნება, ან – მარადმდგრადი ვერა ქობალია. თუმცა სახელისუფლებო ბანაკის ორივე მეტ-ნაკლებად რუხ კარდინალს თავისი გამსვლელი პაიკებიც ჰყავთ – ნიკა გილაურის და გიგი უგულავას სახით.
ამ კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ხელისუფლების მიერ არსებული ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციის მიერ არჩევნების გაყალბების მდიდარი გამოცდილების და მართული სატელიტი ფსევდოოპოზიციური პარტიების მანიპულირების გზით მმართველ პარტიას არ გაუჭირდებოდა საპარლამენტო არჩევნების მოგება. ხელისუფლებამ სპეციალურად უბიძგა ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩის აქციების გამოყენებისაკენ, თან წინასწარ ჩანერგა ბურჯანაძის მოძრაობაში საკუთარი აგენტები „რუსეთთან კავშირის“ მარადიული კარტის გასათამაშებლად. 26 მაისის აქციის სისხლში ჩახრჩობას ხელისუფლებისათვის ორი საჭირო შედეგი უნდა მოეტანა – ქუჩის აქციების გამართვაზე ხალხის საბოლოოდ დაშინება და დემონსტრაციების და შეკრებების თავისუფლებაზე გადამწყვეტი საკანონმდებლო იერიშის მიტანა. თუ პირველი ამოცანა თითქმის უშედეგოდ დასრულდა, რაზეც აქციის სისხლიანი დაშლიდან ერთ კვირაში სოლიდარობის უპარტიო აქციის ხალხმრავლობა მიუთითებდა, სამაგიეროდ კალიგულას ცხენებმა პადოშა თორთლაძის თამადობით წარმატებით გაართვეს თავი მეორე ამოცანას და ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეთა საზოგადოებრივი შეკრების ჩარჩოები ისეთი მასშტაბით შეზღუდეს, რომ ირანის მეჯლისსაც კი შეშურდებოდა. ამით სააკაშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინააღმდეგ, რადგან საზოგადოება, სადაც პარლამენტი ცირკად არის ქცეული და სადაც ტელევიზიები მმართველი პარტიის კლოუნადის და ფსიქოტერორის არენაა, ნამდვილად აუცილებელს ხდის ქუჩის აქციებს. ის მრავალი პროტესტი, რომელიც ხელისუფლების უსამართლო და აბსოლუტურად არადემოკრატიული მეთოდებით ხორციელდებოდა ლტოლვილების, ომის ვეტერანების, გარემოვაჭრეების, „ატსტუპნიკების“, შვილმკვდარი დედების, საკუთრებაწართმეული მოქალაქეების, პატიმრებისა და მათი ახლობლების წინააღმდეგ, აუცილებლად საჭიროებს იმას, რომ ყველაფერ ამაზე პროტესტის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად სტრასბურგის სასამართლო არ რჩებოდეს. 2006 წელში სადისტურად ნაწამები და მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამრთლოში სამართალს პური ბოლომდე დღესაც კი არ უჭამია! გირგვლიანის მკვლელობიდან გასული 6 წელი იყო მსოფლიოს ძალიან ნელი გამოღვიძების წლები, როცა უცხოეთში მიშათი მოხიბლულ ყველა პერსონას და ინსტიტუტს სულ უფრო უჭირდა, არ დაენახა და არ ეღიარებინა სააკაშვილის რეჟიმის ანტისახალხო, რეპრესიული და უსამართლო ხასიათი. ადრე (2008 წლის ომამდე) სააკაშვილის რეჟიმის მიმართ საერთაშორისო ნდობის მაღალი რეიტინგი მას აძლევდა საშუალებას ასიათასობით პროტესტის გამომხატველი მოქალაქე „რუსეთის ინტერესების გამტარებელი ძალების“ მიერ მოტყუებულ ადამიანთა „მცირე ჯგუფად“ გაესაღებინა, დღეს საქართველოს უკანონო და არალეგიტიმური ხელისუფლების ხსნა და იმედი ისაა, რომ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა ვერ გაბედოს – ვერც მაშინ, როცა მას პირს აუკრავენ და არჩევანს გაუყალბებენ. ხოლო ხელისუფლება რომ ამას ამზადებს, ეს უკვე არავის ეეჭვება.
მაგრამ 2011 წლის ოქტომბერში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა – ოპოზიციამ უცებ შეიძინა გამაერთიანებელი ლიდერიც, ფინანსებიც, პოპულარობაც და უცხოეთის მხრიდან გაცილებით მაღალი რანგის ინტერესი. და სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან დაიწყო ის, რასაც რეჟიმის სრული გაშიშვლება და გამაიმუნება შეიძლება ეწოდოს. ის ადმინისტრაციული, ფინანსური, თუ საკანონმდებლო ნაბიჯები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიულ-სანათესაო კლანი 2011 წლის ოქტომბრიდან დგამს, არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ საქმე ეხება პლუტოკრატიის სწრაფ დეგრადაციას მანიფესტირებულ ავტოკრატიულ რეჟიმამდე, რომელსაც დიქატატურამდე მხოლოდ მასიურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ მასიურად გამოყენებული ძალადობა აშორებს. ის, რომ რეჟიმი შეფიქრიანებულიც არის და შეშინებულიცაა, იმით დასტურდება, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის შესწორების საჭირო ქვორუმის დონე 2/3-დან 3/4-ზე ასწია!
2011 წლის ბოლოს 27-29 დეკემბერს განხორციელებულმა ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის არც დემოკრატიული და არც დამოუკიდებელი სახელმწიფო. რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – საკანონმდებლო ინციატივების ექსპერტული შესწავლა, ყურადღებით აწონ-დაწონა და საჭიროების შემთხვევაში საყოველთაო განხილვა – უცხოა სააკაშვილის რეჟიმისათვის. რომ დღეს მიშას პარლამენტი წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის აბსოლუტურად არაპროფესიულ ორგანოს, რომელსაც პარლამენტარიზმის მხოლოდ მიახლოებითი ფორმა გააჩნია და არა – შინაარსი.
ცვლილებები, რომლებიც ვითომდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა, ისე იქნა დაჩქარებული წესით გადარბენილი, რომ არც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოუქვეყნებიათ და არც ექსპერტების, დიპლომატებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მოუსმენიათ.
მეტიც, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა თუნდაც იმ ფსევდოოპოზიციის მოსაზრებებიც, რომელიც იმიჯის შესანარჩუნებლად მაინც ეწინააღმდეგებოდა მმართველი კლანის სურვილს ამ ცვლილებებით ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სხვა რეალური ოპოზიციისათვის საარსებო სივრცე კი არ შეეზღუდა, არამედ – სრულიად გაეუქმებინა.
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა მოსმენები სპეციალურად დანიშნა 27 და 28 დეკემბერს, როდესაც წესით საპარლამენტო სესია არც უნდა ყოფილიყო, რათა თავიდან აეცილებინა ის ერთადერთი, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი ჯერ კიდევ ერიდება – უცხოელი პოლიტიკოსების, ექსპერტების და დიპლომატების მიერ საკანონმდებლო ინიციატივების სწრაფი კრიტიკა მათი განხილვის ფაზაში. ეს საქციელი ძალიან ჰგავდა საპარლამენტო სირაქლემების მიერ ქვიშაში თავის ჩარგვის კოორდინირებულ აქციას – აქაოდა, ახალწლების მერე რამეს რომ გვისაყვედურებენ, დაბნეულად და სინანულით ჯოკონდასავით გავიღიმებთ, – აფსუს, რატომ ადრე არ ვიცოდით, ახლა რაღა უნდა ვქნათ, მიღებულ კანონს ხომ არ შევცვლითო?! (ბაბუები გიცხონდათ, ვერ შეცვლით! ტექსტს არ გადაასწორებთ უკანა რიცხვით, როო?!)
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა, (როგორც ჩვენი ე.წ. „საკონსტიტუციო გარანტი“ გამუდმებით ამბობს – „პირველად მსოფლიოში“) სრული ლეგალური ასიმეტრია – როცა იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიების დაფინანსება, ხოლო ხელისუფლებას არ შეეზღუდა ნებისმიერი იმ პროგრამების განხორციელება, რაც რეალობაში მმართველი პარტიის დაფინანსება იქნება! ისევე როგორც არ შეიზღუდა საარჩევნო კამპანიებში გუბერნატორებისა და გამგებლების მონაწილეობა, – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ!
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა დრაკონული სისხლის პასუხისმგებლობა, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აკისრებს პასუხისმგებლობას მოქალაქეთა მოსყიდვისათვის (რაც ბუნდოვანი განმარტების და არასაარჩევნო პერიოდზეც შეუზღუდავი გავრცელების გამო ქველმოქმედების ნებისმიერ აქციასაც მოიცავს), არამედ მოქალაქის მიმართაც აყენებს სერიოზული ჯარიმის ან 3 წლამდე პატიმრობის პერსპექტივასაც, ასეთი დახმარების თუ ქველმოქმედების გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიღებისათვის. და ეს ისევ იმ ასიმეტრიის პირობებში, როცა ხელისუფლებას (ანუ ფაქტიურად - მმართველ პარტიას!) მსგავსი ქმედების განხორციელებაზე არავითარი პასუხისმგებლობა – წინასაარჩევნო პერიოდშიც კი – არ ეკისრება!
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა პოლიტიკურ პარტიების მიერ გამოყენებული განცხადებების და კვლევების ავტორი იურიდიული პირების (არასამთავრობო სექტორისაც) ასევე პარტიებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული პირებისა (?!?) და მათი ოჯახის წევრებისათვის (!!) რიგი ფინანსური და უფლებრივი შეზღუდვები, რაც რეალობაში არასამთავრობო სექტორს ხელ-ფეხს უკრავს ნებისმიერი სოციალური და პოლიტიკური კვლევების ჩატარებაში და ხელისუფლების და მისი მორჩილი სასამართლოს მძევლად აქცევს. და ამავე დროს ბუნდოვანი ფორმულირებების გამო არასამთავრობო სექტორის მუშაკთა მიერ და ფიზიკური პირების მიერ არამარტო პოლიტიკური სიმპათიების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლების კატასტროფული შეზღუდვაა, რასაც ევროკავშირის და ნატოს „ასპირანტი ქვეყანა“ მხოლოდ მაშინ შეიძლება აკეთებდეს, თუ „ასპირანტურიდან“ გარიცხვის და დისერტაციის უცილობელი ჩაგდების გამო ყველა და ყველაფერი უკვე ფეხებზე ჰკიდია.
მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო 27 დეკემბერს პარლამენტში კალიგულას ცხენის განსხეულებული ვერსიის – კობა ხაბაზის – თოხარიკით შემოჭრა და კბილებით ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი იმ ტექსტის შემოჭენება, რამაც საქართველოს პარლამენტი ბრინჯაოს ხანიდან უკვე ქვის და ქვასროლიების ხანაში დააბრუნა…
მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს საპარლამენტო სანაქებო უმრავლესობის ისეთმა სიდედრცხებულმა, როგორიც აკაკი მინაშვილია, ფრთხილად ჩაიბურტყუნა, – შეუძლებელია ახალ რეგულაციებს უკუძალა მიენიჭოსო, მაგრამ, ეტყობა, სხდომის შემდეგ მინაშვილი „შეიყვანეს საქმის კურსში“, რომ ხაბაზის საქმე ამ ინიციატივის მხოლოდ საკანონმდებლო თონეში ჩაკვრა იყო, ხოლო ცომი „იმის“ მოზელილი იყო, ვინც ყველა სიტუაციას, ყველა ცომს და ყველა დომინოს ზელს უკვე 8 წელია შეუჩერებლად, რადგან ცვლილებები ისე განვითარდა, როგორც კაფკას „პროცესში“…
28 დეკემბერს, საკანონმდებლო ცვლილების ტექსტის ტექნიკურ ცვლილებად უკანონოდ კვალიფიცირებით და წინასწარ დეპუტატებისათვის დარიგების გარეშე, საქართველოს ე.წ. პარლამენტმა, უკვე მართლაც რომ მეორედ მსოფლიოში (1961 წლის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა ე.წ. ვალუტჩიკების საქმეზე სსრკ უმაღლეს საბჭოს კანონში სასჯელის უმაღლესი ზომა შემოატანინა და უკვე გასამართლებული იან როკოტოვისა და ვლადისლავ ფაიბიშენკოს დახვრეტა კანონის რეტროაქტიულად /უკუძალის გამოყენებით მოხდა) მოახდინა კანონში უკუძალის მქონე ისეთი ცვლილების დაფიქსირება, რაც ამ კანონის წარსულში პოტენციური დამრღვევის მდგომარეობას ამჟამად აუარესებს.
არაფერი რომ არ ვთქვათ საქართველოს კონსტიტუციაზე, კანონში რეტროაქტიული სახის ისეთი ცვლილების შეტანა, რომელმაც შეიძლება განსასჯელის მდგომარეობა დაამძიმოს, პირდაპირ ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მე-11 მუხლის მე-2 პარაგრაფს და „საზოგადოებრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის“ მე-15 მუხლის 1 და მე-2 პარაგრაფებს. ეს შეიძლება არ იცოდნენ იმ მასშტაბის „კანონშემოქმედებმა“, როგორიც კობა ხაბაზი ან გია თორთლაძეა, მაგრამ რატომ არსებობს ე.წ. საქართველოს პარლამენტში ე.წ. იურიდიული კომიტეტი და რატომ უწერიათ მიხეილ სააკაშვილს, ძმებ კუბლაშვილებს და სხვებს სპეციალობაში – „იურისტი“?
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს შეიტანა. „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი 29 დეკემბერს, შუადღეს გამოქვეყნდა. დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
ანუ, პარლამენტის უმრავლესობის 86-მა „ინსიტატუსმა“, რომელთაც ეჭვიც კი არ შეჰპარვიათ იმაში, რომ ყველაფერს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვს, უკვე იუპიტერის ძალა გააჩნია, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მხარი დაუჭირეს იმას, რომ მოხდეს კანონის ამოქმედებამდე მომხდარი ფინანსების უკან დაბრუნება [და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ახევა], რაც არაფერია სხვა, თუ არა კანონისათვის რეტროაქტიული ძალის მინიჭება, რომელიც კანონქვემდებარე სუბიექტების მდგომარეობას კანონის მიღების შემდეგ ამძიმებს.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ჩანიშვნა 27-28 დეკემბერს მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ საშობაო დღესასწაულებზე სიფხიზელმოდუნებული და უქმედ გამწესებული დიპლომატების (განსაკუთრებით, ჯონ ბასის) მიერ ამ ნეობოლშევიკური ინიციატივების დროულად შენიშვნა ვერ მომხდარიყო, ეს მაინც მოხდა. როდესაც 86 გმირმა პარლამენტარმა თავისი ხმით ერთგულება დაუდასტურა კასტროს, კიმ ირ ჩენს, ხრუშჩოვს, ვიშინსკის, კადაფის და აჰმადინეჯადს, ამერიკის საელჩომ ისე ოპერატიულად გააკეთა განცხადება, რომ თავად კეისრის კარზეც აშკარა გახდა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯით სტრატეგიული პარტნიორის უკმაყოფილების მასშტაბი…
აშშ საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო „…გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით … ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას…“
ანუ, ეჭვები ხომ გვქონდა და კიდევ უფრო გაგვიძლიერდა… ახლა ვხედავთ, რა დონის მანიპულატორები ყოფილხართო…ხომ ისედაც უთანასწორო გქონდათ ეგ კოდექსი და ასიმეტრიული კონკურენციის პირობებიო, და ახლა მთლად უფრო უთანასწორო გახადეთო… დიპლომატიურ ენაზე ამას გაფრთხილება (ანუ ყვითელი ბარათი) ჰქვია. არა მგონია, მიხეილ სააკაშვილს ამჟამად აჰმადინეჯადთან რევერანსების კეთებამ ან ავღანეთში დამატებით ათასეულის გაგზავნამ გამოუსწოროს გამოუსწორებელი თაღლითის დამკვიდრებული იმიჯი.
წარმომიდგენია, როგორ დარბოდა ღაბაბათრთოლებული აკო მინაშვილი კუბლაშვილისა და ბაქრაძის კაბინეტებს შორის და მოთქვამდა: „ხომ ვიძახდი, არ გვინდა ეს გლახა საქმე, ხელს შემოგვიბრუნებენ-თქო…“
არადა, სააკაშვილს რომ ელემენტარული მოქნილობის ნატამალი შერჩენილი ჰქონდეს, ამ ინიციატივებს ხელს ერთი დღე მაინც არ მოაწერდა, მით უფრო, რომ არასამთავრობო სექტორმა უკვე 28 დეკემბერს გაერთიანებული, დასაბუთებული და ძალიან მკაცრი პროტესტი გამოხატა და პირდაპირ სთხოვა პრეზიდენტს, ცვლილებებზე ვეტო დაედო. მაგრამ რა ვეტო, რის ვეტო?.. ვეტო კი არა, ხელი მგონი ცარიელ ფურცელზე ჰქონდა წინასწარ მოწერილი, ისე ეჩქარებოდა ივანიშვილის მილიონების საკუთარ ჯიბეში „მიქცევა“…
ასე რომ 28 დეკემბერს ე.წ. პარლამენტმა პროცედურული ნორმების დარღვევით კენჭი უყარა ამ საკანონმდებლო ინიციატივებს ზემოთხსენებული რედაქციით, 28-ვე დეკემბერსვე პრეზიდენტმა შვებით ხელი მოაწერა, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე სავალდებულო გახდა (მაშინ როცა ჩვეულებრივ, ეს 15 დღის შემდეგ ხდება ხოლმე!), და მართალია გამოქვეყნება 29 დეკემბერს მოხდა, მაგრამ 28-ის რიცხვით გააფორმეს! აბა კიდევ 24 საათს ხომ არ აჩუქებდნენ საძულველ ოპონენტებს? ის კი არა, რომ უკვე გამოქვეყნებული აქტების ნუმერაციის დარღვევა ეპრობლემებოდათ, თორემ, რომ შეძლებოდათ, გამოქვეყნების თარიღად საერთოდ 28 ოქტომბერს ჩასწერდნენ… ჭკუა დაუშლიდათ, თუ სინდისი?
ახლა კი მოვიშველიებ საკმაოდ მოზრდილ ნაწილს ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის სტატიიდან „არიფი შულერები“, რომელიც presage.tv-ზე გამოქვეყნდა:
(აშშ საელჩოს) „… ზემოთხსენებული განცხადების შემდეგ, უკვე ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩო პოლიტიკურმა პარტიებმა შეიყვანეს შეცდომაში და მათაც, კანონის წყაროებთან [ანუ ხაბაზთან, პალიკოსთან, აკოსთან და პარლამენტში შეყვანილ კეისრის 86 ცხენთან - ს.თ.] არ გადაამოწმეს ინფორმაცია.
29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, უმრავლესობის მიერ აშშ საელჩოს განცხადების გამო ჩატარებული პრესკონფერენციის პარალელურად, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონის შესაბამისი დებულებაც შეიცვალა და დღის მეორე ნახევარში, ასე ჩამოყალიბდა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
„ეს არის ფაქტი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და ხელისუფლების ექსტრემიზმისა“, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი შეცვალა, არამედ მისი გამოქვეყნების თარიღიც.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები 29 დეკემბერს გამოქვეყნდა, რაც მის ძალაში შესვლასაც ნიშნავს, თუმცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ ცვლილებების გამოქვეყნების თარიღად 28 დეკემბერია მითითებული.
ფაქტია, რომ კანონი სწორედ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ ჩასწორდა და ამისთვის მათ, ქართული საზოგადოების მხრიდან მადლობა ეკუთვნით. ნაცები კი კატეგორიულად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ, თითქოს, აქ აშშ-ს საელჩო არაფერ შუაში იყოს. მათი ეს მცდელობა გასაგებიც არის, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ამ ნორმების დემოკრატიულად მონათვლა სურდა და ისეთი განცხდებები კეთდებოდა, თითქოს ამით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ხდებოდა. არადა, ნორმების გამკაცრება ხელისუფლებას მხოლოდ მესამე მოსმენის წინ გაახსენდა და, ბუნებრივია, ამის შესახებ ვენეციის კომისიას ვერაფერი ეცოდინეობდა. ამასთან, ვენეციის კომისიის ისეთი შენიშვნები, რაც ხელისუფლებას არ აწყობდა, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად, გუბერნატორებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვის აუცილებლობა დ ასევე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის პოლიტიკაში მოინწილეობის უფლების მიცემა.
ამ რეკომენდაციებიდან და კიდევ ბევრი ასეთი რეკომენდაციიდან ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა და ამიტომ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს, ვენეციის კომისიის მოშველიება, სირცხვილია.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყურადღებას უკვე იმაზე ამახვილებენ, რომ უპრეცედენტო კანონი რეგლამენტის დარღვევითაც იქნა მიღებული და, წესით, ასე მიღებული კანონის ამოქმედება არ შეიძლება.“
თეონა ხარაბაძე – არიფი “შულერები” http://www.presage.tv/?m=politics&AID=8993
დასკვნა: ეს არ არის სახელმწიფო, არამედ ბანანის რესპუბლიკაა, სადაც მხოლოდ ბანანის კანებია… ამ სახელმწფოს არ აქვს კონსტიტუცია, არამედ აქვს პიჯაკი, რომელსაც პიჯაკის გარანტი გარანტირებულად თავის თავზე ირგებს და სუ ფეხებზე ჰკიდია, ამ მუდმივ თერძობებში რა მასალა დაიხარჯება ან რას იტყვის ხალხი… ამ სახელმწიფოს არ ჰყავს პარლამენტი, არამედ ჰყავს მაიმუნთა პიტომნიკი, საიდანაც მინიმუმ 86 მაიმუნი წინააღმდეგი ვერ იქნება იმაზე, რომ მათ ასე მიმართონ, რადგან ოღონდ ბანანი, მივლინების თანხები, ლაი-ლაი ბარათები და ბენზინის ტალონები ჩააცეცხლე და ყველაფერზე ხელის მომწერნი არიან და ამ სახელმწიფოს ჰყავს მედია, რომელმაც ეს ტრაგიკომედია საერთოდ ვერ შენიშნა, რადგან საახალწლო გადაცემისათვის პოლიტიკოსების კურიოზების სიუჟეტების მომზადებით და საარტილერიო სიყვითლით იყო დაკავებული…
არადა, ამაზე მეტი კურიოზი და სიყვითლე, რაც ამ დღეებში ჩვენს უმაღლეს ორგანოში განვითარდა, სად გაგონილა? ყველა სიკეთესთან ერთად, პრალამენტი ორჯერ გაფარჩაკდა – ერთხელ მაშინ, როცა კეისრის ხუნტრუცს აყვა და მსოფლიოში მიუღებელი ნორმა სასწრაფოდ დააკანონა, ხოლო მეორედ მაშინ, როცა უცხო ქვეყნის საელჩოს მხრიდან სამართლიანად თავში ჩარტყმულ შალაბანზე მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანა რიცხვით „ამ“-ის ამოშლით გააკეთილშობილა და საელჩოს არასაკმარის პროფესიონალიზმსა და არასანდო წყაროების ნდობაში იქეთ დასდო ბრალი! ის სისწრაფე, რომლითაც ჩვენმა მაიმუნებმა ეს ცვლილება გააიმასქნეს მხოლოდ იმ სისწრაფეს შეიძლება შევადაროთ, რომლითაც მაიმუნი ბანანს ფცქვნის. ასე რომ, თუ სტატიის კომენტარებში კამათი იმ თემაზე წავა, პარლამენტში 86 ცხენი გვყავს თუ 86 მაკაკა, ალბათ ამ ბოლო ვერსიას მეტი მომხრე ექნება, – ხელის სისწრაფეს – ვერც აწევაში, ვერც სხვის პულტზე ხელის დაჭერასა და ვერც „იმ“-ის ამოშლაში – მიშას დეპუტა(ნკ)ებს ვერ დავუწუნებთ.
შექსპირის სიტყვების პერეფრაზი რომ მოვახდინოთ, ჩვენს სამეფოში უკვე ყველაფერი, (რაც სახელმწიფო სტრუქტურაა), დალპა. სრული სახელისუფლებო განგრენა სახეზეა და ამას ოდეკოლონის და დეზოდორის მისხურებით, თუნდაც -ფერ-უმარილის წასმით, ვერ უშველი… უბედურება იმაშია, რომ განგრენა თავიდანაა წამოსული და ეს თავი ხალხის სახელით ლაპარაკობს, რომ „მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო წარმატებული და მაგარი“ თავია…