დრაკონს არ უყვარს უსამართლობა

დრაკონს არ უყვარს უსამართლობა

აღმოსავლური ჰოროსკოპით, 2012 წელი დრაკონის წელიწადია. მართალია, დრაკონი არარეალური ცხოველია და იგი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ 2012 წელი სულაც არ იქნება ილუზორული. იგი აქტიურობასა და მებრძოლ ხასიათს მოითხოვს. ეს წელიწადი არაა გაუბედავი ადამიანებისთვის. ლეგენდის მიხედვით, დრაკონი სულ არსებობს, იგი დაიწვება და ფერფლისგან კვლავაც აღდგება. დრაკონს არ უყვარს მატყუარა, არაერთგული ხალხი, ასეთებს იგი სასტიკად სჯის. ამიტომ ეს წელიწადი მართალი ადამიანებისთვისაა. Presage. tv ესაუბრება ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს.

 

აღმოსავლური კალენდრით, 2012 წელი დრაკონის წელიწადია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დრაკონი არარეალური, ქიმერული ცხოველია, მომავალი წელი ილუზორული ხომ არ იქნება?

- დრაკონი მართალია, მითიური ცხოველია, მაგრამ დრაკონი არის ლომის სინონიმი, ამიტომ საქართველოსთვის ეს წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირად ილუზორული არ იქნება, რადგან აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, დრაკონი მართავს საქართველოს. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ეს გახლავთ რადიკალური ცვლილებების წელიწადი, ყველა დონეზე - პოლიტიკის სფერო გინდათ, ეკონომიკის სფერო, ფინანსური, ნებისმიერ სფეროში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები. თქვენ ნახავთ, რომ ბევრი ხელმძღვანელი დაკარგავს საკუთარ თანამდებობას, გამოჩნდებიან ახალი ბიზნესმენები, ახალი პოლიტიკოსები, საინტერესო ადამიანები. დრაკონი ყოველთვის ხელს უწყობს სამართლიანობის დასადგურებას, კეთილშობილებას, აქტიური პოზიციის დაკავების შესაძლებლობას; კონტაქტების, შეხვედრების, საინტერესო მრავალფეროვანი ინფორმაციის გაცვლის უბრწყინვალესი პერიოდია. მათ შორის, იგი საოჯახო ურთიერთობებისა და სასიყვარულო სფეროში სერიოზულ გამოცდებს უწყობს ხელს; ანუ, ერთი მხრივ, ადამიანთა ხასიათში მატულობს ეჭვიანობა და მეორე მხრივ, ეს არის პერიოდი, როდესაც დრაკონი ერთგულებას ითხოვს. ვინც ამ პრინციპების დაცვას შეძლებს, შეინარჩუნებს ოჯახსა და საყვარელ ადამიანს. ვინც არა და, ძალიან ბევრი ადამიანის ურთიერთობა დაიშლება.

 

თქვენ პოლიტიკა ახსენეთ და, 2011 წელს, ბოცვრის წელიწადში, პოლიტიკაში ახალი მოთამაშები უკვე შემოვიდნენ. დაახლოებით როგორი იქნება მომავალი წელი დღევანდელი ხელისუფლებისა და ახალი მოთამაშის - ბიძინა ივანიშვილისთვის?

- ზოგადად, ბიძინა ივანიშვილისთვის მომავალი წელიწადი უკეთესია, ვიდრე პრეზიდენტისთვის, მაგრამ ივანიშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა 2011 წელს და აქედან გამომდინარე, იმდენი ბარიერი შეიქმნა, რომ ვშიშობ, 2012 წლის ძირითადი პერიოდი მას ამ ბარიერების გადალახვაში გაუცდება. ამიტომ შეიძლება, სწორად ვერ გამოამჟღავნოს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია. რაც მთავარია, თუ რაღაც განსაკუთრებული და საიდუმლო არ აქვს ჩაფიქრებული, რომელიც ჩვენ არ ვიცით და, რომელიც ბომბის აფეთქებას მოგვაგონებს, ეჭვი მეპარება, მოახერხოს თუნდაც საპარლამენტო სფეროში რაიმე წარმატების მიღწევა; რადგან აბსოლუტურად ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე. საბანკო სისტემაში პრობლემები შეექმნა, გადარიცხვის საშუალება არ ეძლევა, რაიონებში მასებთან ურთიერთობა აბსოლუტურად ნულზეა. ტელევიზია არ აქვს, რადიო არ აქვს, საკუთარი პრესა არ გააჩნია, ანუ კამპანიისთვის აუცილებელი პარამეტრები, ატრიბუტები არ აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ იგი ძალიან იგვიანებს, ძალიან ნელი ტემპი აქვს აღებული, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს პერსპექტივა მაინც უფრო მეტი აქვს, ვიდრე პრეზიდენტს.

 

რაც შეეხება შეცდომებს, ბევრი იყო, დაწყებული იქიდან, რომ ოქტომბერში არაფრით შეიძლებოდა პოლიტიკაში მოსვლის გაცხადება, რადგან ეს არის სასწორის ზონა- აპოლიტიკური ნიშანი. სასწორს პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, ანუ ასტროლოგიური კუთხით, ის არასწორ დროს „დაიბადა“, როგორც პოლიტიკოსი. მეორეც, ზოდიაქოს ნიშნებისთვის სასწორი ყველაზე მშვიდობიანი ნიშანია და, როცა გამოდიხარ განცხადებით, აუცილებლად მას უნდა მისცე დიპლომატიური და მშვიდობიანი ელფერი. გარდა ამისა, ეტყობა, აბსოლუტურად არ ჰქონდა იურისტებთან კონსულტაცია. თუ ადამიანს სამი მოქალაქეობა აქვს, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამის გამო, თუნდაც იგი ადრე მთავრობის წევრების მეგობარი ყოფილიყო, არ აპატიებდნენ და ხელჩასაჭიდი ექნებოდათ, რომ ვერ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, 25 ნოემბრისთვის ჰქონდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია, რომელიც მზის დაბნელების პერიოდს უკავშირდებოდა. მზის დაბნელების დროს კი გლეხიც არ ახლებს ხელს მცენარეს და წყალს არ უსხამს, არამცთუ ასეთი სერიოზული დაფუძნება განხორციელდეს. ანუ შეცდომების მთელი სერია აქვს, რაც შემდგომ ბარიერებს უქმნის. ამიტომ ამ შეზღუდვების გადალახვას, შეიძლება, მოანდომოს ის დრო, რომელიც უნდა ყოფილიყო ქულების მომტანი. ელემენტარულად, ჩემთვის რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ საერთოდ უნდა გამოჩენილიყო 2012 წლის 23 იანვრიდან და არა 2011 წელს. იქამდე შემზადებულიყო, საკუთარი ტელევიზია, რადიო, პრესა გაეხსნა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოეგვარებინა.

 

სააკაშვილმა რა შეცდომები დაუშვა ამ წელს?

- ჩვეულებრივად, პრეზიდენტს პრობლემური მომენტი აქვს, რომ სულსწრაფია. ჩქარობს და სიჩქარიდან გამომდინარე, შესაძლოა, ზოგჯერ ისეთი რამ წამოსცდეს, ან უხარისხოდ ისეთი რამ აშენდეს, რაც მერე პრობლემებს უქმნის. მეორეც, გამოსწორებული არ არის უმუშევრობის პრობლემა. შესაბამისად, ნატოში შესვლაზე რომ არის საუბარი, ნატო, პირველ რიგში, ითხოვს, რომ იყოს პრესის და იურიდიული სფეროს თავისუფლება, რომელიც ნამდვილად არ არის საქართველოში. აქედან გამომდინარე, არანაირად ნატო არ მიიღებს საქართველოს თავის წევრად, სანამ ეს არ გამოსწორდება. იმის მაგივრად, ეს გაუმჯობესდეს, პირიქით, პრესის ჯიხურები აიღეს და პრესას მაქსიმალური შეზღუდვის პირობებში უწევს ყოფნა. ასეთი შეცდომები, ცხადია, ნეგატიურ დაღს ასვამს სააკაშვილის მოქმედებებს.

 

მაიას ტომის წინასწარმეტყველებით, 2012 წელი კაციობრიობის დასასრულის თარიღია. ამასთან დაკავშირებით თქვენ რას გვეტყვით?

- ხალხი არასწორად იგებს, ეს არის ტრანსფორმაციის და არა დაღუპვის წელიწადი. ანუ, მზის განვითარების მეხუთე ეპოქალური ციკლი (2012 წლის 21 დეკემბერს) სრულდება და იწყება მეექვსე განვითარების ეტაპი, რომლის მსვლელობისას ადამიანის ცნობიერება მესამე განვითარების ზოლიდან მეოთხეში გადადის. ამიტომ ეს მტკივნეული პროცესია და უკავშირდება გეომაგნიტური ველის პოლარიზაციის შეცვლას დედამიწის პოლუსებზე. უკავშირდება დიდი რაოდენობით ეკოლოგიური კატასტროფების, ტექნოგენური კატასტროფების ტენდენციას, დაპირისპირებას პოლიტიკოსებსა და ცალკეულ ადამიანებს შორის, ახალ დაავადებებს და სხვა სახის უბედურებებს, რაც ტრადიციულად დედამიწის გეომანტიის შეცვლით არის განპირობებული.

 

ეს მოვლენა დაახლოებით 2000 წელიწადში ერთხელ ხდება. სწორედ ასეთ ისტორიულ დროს მოგვიწია ცხოვრება, რაც კლიმატურ პირობებსაც ცვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს დედამიწის განადგურებას, მხოლოდ ნიშნავს, რომ რთულდება პერიოდი. რელიგიური კუთხით, ზუსტად ამ პერიოდს უწოდებდნენ აპოკალიფსს, ანუ ანტიქრისტეს მოსვლას, რომელიც ქმნის პრობლემებს, უფრო მეტად ამაღლებს სიკვდილიანობისა და კატასტროფების ტენდენციას, მაგრამ 2014 წლიდან სიტუაცია თანდათან დამშვიდდება და დაიწყება ძალიან კარგი, ნათელი პერიოდი, როგორც მსოფლიოს, ასევე, საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ ეს ორი წელი ცოტა მშვიდად, წინდახედულად უნდა განვლოთ, რომ სხვადასხვა სახის პრობლემის წინაშე არ დავდგეთ. 2012 წელს ეკოლოგიური კუთხით საქართველო შედარებით დაცული იქნება, ზოგადად მსოფლიოში კი ეკოკატაკლიზმები მოიმატებს.

 

2012 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორი იქნება? ყველაზე წარმატებული რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვისაა?

- წლის პირველი ნახევარი, ივნისამდე კარგია კუროს, თხის რქის და ქალწულის ნიშანთათვის. არა უშავს თევზების და კირჩხიბის ნიშნისათვის. წლის მეორე ნახევარი, ივნისიდან წლის ბოლომდე, კარგია ტყუპების, სასწორის და ასევე, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის და არა უშავს ვერძისა და ლომისთვის, მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. შედარებით რთული წელიწადი იქნება მორიელთათვის. ესაა ძირითადი პარამეტრები.

 

რომელ წელიწადში დაბადებულთათვის არის ეს წელიწადი უკეთესი?

- აღმოსავლური კალენდრით, ეს წელიწადი კარგია თავად დრაკონის, ვირთხისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებულთათვის. ცუდი არ იქნება ცხენისა და ვეფხვის წელიწადში დაბადებულთათვის, შედარებით რთულია იგი თხის, ძაღლისა და ხარის წელიწადში დაბადებულთათვის, ხოლო დანარჩენებისთვის - საშუალოა.

 

დრაკონის წელს რა ფერებით უნდა შევხვდეთ და სუფრაზე რა უნდა მივიტანოთ?
- ძირითადი ფერებია შავი და ლურჯი. შესაძლოა, ამ ფერებთან, მცირეოდენი აქსესუარის სახით, გამოვიყენოთ წითელი, მწვანე, ფირუზისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროსფერი ტონები. ესენი ძირითადი ფერებია. რაც შეიძლება, მხიარულად უნდა შევხდეთ ახალ წელს, დრაკონს უყვარს ფოიერვერკები, კარნავალები, მხიარულება. მეტი უნდა იყოს სურსათ-სანოვაგე. შესაძლოა, ორი კერძი იდოს, მაგრამ ბევრი უნდა გვქონდეს, არ უნდა დაგვაკლდეს სუფრაზე. ნებისმიერი, დაწყებული მამაპაპური საცივიდან, დამთავრებული თუნდაც ეგზოტიკური საკვებით, ყველაფერი მისთვის მისაღებია, მაგრამ აუცილებელია თევზეული და ზღვის პროდუქტები, რომლებიც დრაკონს ძალიან უყვარს. ეს  წინა პლანზე უნდა იყოს წარმოდგენილი და კიდევ, დრაკონს ცოტათი უყვარს ძვირფასი ნივთები, ამიტომ, თუ რაიმე ძვირფასეულობა გვაქვს - ბრილიანტი, ოქრო, პლატინა, ვერცხლი, გავიკეთოთ ხელზე. თუ ახალ წელს სახლში შევხვდებით, დრაკონის ფიგურა წინ დავდოთ და ამით მივაგოთ პატივი, რათა ჩვენდამი მისი კეთილგანწყობა წლის განმავლობაში შესაბამისი იყოს.

 

ზოგადად, დრაკონის წელიწადში რას არ ურჩევდით ადამიანებს? ყველაზე მეტად რა არ უყვარს დრაკონს?

- დრაკონს არ უყვარს უსამართლობა, ამას ვერ იტანს და ყველა ხელმძღვანელი პირი, ვინც 2012 წელს უსამართლოდ მოიქცევა, აუცილებლად დაისჯება. დრაკონს არ უყვარს არაერთგული ხალხი. ასეთებს იგი სასტიკად სჯის, მატყუარა ხალხი არ უყვარს.