ზღაპარი კავკასიაში:  ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ააღელვა

ზღაპარი კავკასიაში: ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ააღელვა


ადრე მილიარდერი ივანიშვილი მისი ყოფილი თანასოფლელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევისა და ახალი საცხოვრებლისთვის თანხების ანაზღაურებით შემოიფარგლებოდა. ახლა კი იგი პრეზიდენტ სააკაშვილს იწვევს.

დიდი ხნის განმავლობაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე იმის გარდა, რომ იგი თანასოფლელებს, ხელოვანებს, მუზეუმებსა და ეკლესიებს მილიონებს ჩუქნიდა, არაფერი იყო ცნობილი. საჯაროდ მილიარდერი არასოდეს ჩნდებოდა. ახლა ივანიშვილმა პოზიცია შეიცვალა: მან განაცხადა, რომ თავის პარტიასთან ერთად სურს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოწვევა. პრეზიდენტის პარტიამ მას ეს გზა ეკლებით მოუფინა. თუმცა ივანიშვილი უკან არ იხევს.

უფასო ელექტროენერგია და წყალი  

საჩხერის ბაზრის მოედანი განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. ჩამონგრეული ბეტონისა და აგურის ქოხებში გამყიდვლები სიგარეტს, თონის პურსა და სასმელს ყიდიან. ტალახიან გუბეებს შორის, ტაქსის მძღოლები თეთრ „ლადასა“ ან ჟანგისფერ „ოპელ ასტრაში“ სხედან და მგზავრებს ელოდებიან. თვალში მხოლოდ ყვითელი ყვავილის ბუჩქი გვხვდება, რომელიც მილს მიუყვება და საცხოვრებელი კორპუსის ფერფლისფერი ბეტონის ფილიდან ანათებს. ზოგიერთი ფანჯარა მინის უქონლობის გამო შავი ხვრელივით მოსჩანს.

გარშემო მიმოხედვისას არა მხოლოდ ყვავილები გამოსჭვივიან პოსტსაბჭოთა უიმედობიდან, რომელიც ისევე აწევს საჩხერეს, როგორც ბევრ სხვა ინდუსტრიულ ცენტრს სამხრეთ კავკასიაში. ბაზრის გვერდით შემოდგომის მზეზე ბწყინავს მინისა და ფოლადისგან აგებული აუზი, ისევე როგორც თოვლივით თეთრი ქარხნის შენობა და ყვითელი ბეტონისა და შავი გრანიტისგან აგებული საავადმყოფო. ის რასაც იქ გაიგებთ, ახდენილ კომუნისტურ ზღაპარს გავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

„საჩხერის ყველა მოსახლე ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ჰყავს დაზღვეული. ამ საავადმყოფოს პაციენტები არაფერს იხდიან, არც მკურნალობის, არც მედიკამენტებისა და არც საავადმყოფოში წოლისთვის”, ამობს ექიმი თამაზ სამხარაძე. მასაც ხელფასს ივანიშვილი უხდის. მასწავლებლები იმის გარდა, რომ გადასახებისგან გათავისუფლებულნი არიან, ბონუსებსაც იღებენ. გარდა ამისა, მილიარდერმა განაახლა ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ინფრასტრუქტურა. პირველი ხუთი წელი მოსახლეობა ამ ხარჯის დაფარვისგანაც გათავისუფლებული იყო. ექიმის ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს, როდესაც იგი ათი წლის წინ, ივანიშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეგიონის 60 000 მოსახლისათვის გაკეთებულ სიკეთეზე საუბრობს.

შორს მწვანე და წითელი სახურავები მოსჩანს, რომელიც ივანიშვილმა დააფინანსა. მისი მშობლიური სოფელი ჭორვილა, საჩხერის თავზე, ისეთი მოვლილი და გაწკრიალებულია, თითქოს ის ივანიშვილმა ალპებიდან კავკასიაში გადაიტანაო. მან კვალი საქართველოს სხვა რეგონებშიც დატოვა: უხდიდა და უხდის ფულს ხელოვანებსა და ინტელექტუალებს, აფინანსებს ეკლესიებს, მუზეუმებს, ოპერას და თეატრებს დედაქალაქ თბილისში. მთელი ქვეყნის მასშტაბით მან 650 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

ველური ოთხხმოცდაათიანების ფული

„ფორბსის“ სიის მიხედვით ოლიგარქის ქონება 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია, რომელიც მან ოთხმოცდაათიან წლებში დიდწილად რუსეთში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობით შეაგროვა. 2003 წელს დამხობილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში წერს, რომ იგი დათანხმდა მის თხოვნას დახმარებოდა თბილისში სამების ტაძრის დაფინანსებას. რაც შეეხება დანარჩენს, ჭორები და ლეგენდები ერთმანეთშია გადახლართული. ივანიშვილი საჯაროდ არასოდეს გამოჩენილა. მილიარდერმა შევარდნაძის მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაულოცა წითელი ლენტების გაჭრა და სიტყვის გამოსვლა.

საქართველოში მისი ყოფნის ერთადერთი თვალსაჩინო დადასტურება 2007 წელს აშენებული ბიზნეს-ცენტრია. ალუმინისა და მინისგან აგებული შენობათა კომპლექსი სატახტო კომპლექსივით არის წამოჭიმული ძველ ეკლესიებით, ქვის სახლებით და ხის აივნებით მორთულ ძველ თბილისზე. იაპონელი არქიტექტორი, შინ ტაკამაცუ, რეზიდენციას აღწერს როგორც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით დაცულ ნამდვილ ციხესიმაგრეს, პერსონალური აპარტამენტებით, ჩოგბურთის დარბაზით, აუზით, დისკოთეკით და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით. უამრავი სპეკულაციაა ხელოვნების ნიმუშების ირგვლივ, რომელსაც ივანიშვილი იქ მთაზე ინახავს.

დრო და დრო ვერტმფრენის ხმაურის გარდა ციხესიმაგრიდან არანაირი ხმა არ ისმოდა ხოლმე. ოქტომბრის დასაწყისამდე. ამ დროს ივანიშვილმა მთელი ქვეყანა ზამთრის ძილიდან გამოიყვანა. ბოლო წუთამდე მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ ჩაერეოდა. ქვეყანაში თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს საპარლამენტო და 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებდა. ღიად მხოლოდ ერთი საკითხი რჩებოდა: გაიმეორებდა თუ არა სააკაშვილი ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ “პუტინის თამაშს” და მოინდომებდა თუ არა პრემიერ-მინისტრობას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას. როგორც ჩანს, სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას 8 წლის შემდეგ მმართვის სადავეები მყარად უჭირავთ. არც პარლამენტი და არც სასამართლო, ისევე როგორც მედია და ოპოზიციაც კი, საპრეზიდენტო ძალაუფლებისთვის საპირწონე ძალა არ გახლავთ.

ბრძოლის გამოცხადება

თუმცა 2011 წლის 5 ოქტომბერს ოლიგარქმა და მეცენატმა დუმილი დაარღვია და გამოაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში სააკაშვილს ბრძოლაში იწვევს. ამას მოყვა ორი წერილი და ერთი განცხადება, სადაც ივანიშვილი თავის პოზიციას განმარტავს – თუმცა არც თუ დახვეწილად, ისე რომ, მის მიმართ კეთილგანწყობილებიც კი შუბლს იჭმუხნიდნენ. თუმცა მან თქვა ხმამაღლა ის, რასაც სხვები ფიქრობდნენ: ზოგიერთი პარტია მთავრობისგან მხარდაჭერილი ფსევდო ოპოზიციაა. სააკაშვილი ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებს. 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ პირველი ნაბიჯი საქართველომ გადადგა და ბოლოს: საჭიროა რუსეთთან დაახლოება.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ ის მომავალი არჩევნების შემდეგ მთავრობაში მოვა – თითქოს ეს ამომრჩევლების გადასაწყვეტი არ იყოს. მან ასევე აღიარა, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო. რაც საჩუქარი აღმოჩნდა მთავრობისათვის, რადგან ვინც საქართველოს შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. გამონაკლისს მხოლოდ პრეზიდენტი უშვებს განმცხადებლის თხოვნით.

როგორც კი ივანიშვილმა პრეზიდენტს გამოწვევა გაუგზავნა, პოლიციამ დააპატიმრა მისი ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანა და იქ არსებული 2 მილიონი დოლარის და ერთი მილიონი ევროს კონფისკაცია მოახდინა. მთავრობა მას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. თითქოს ამ ოდენობის ნაღდი ფულის ტრანსპორტირება უჩვეულოა. ბანკი ნაღდი ფულის დიდ რაოდენობას იმით ხსნის, რომ კლიენტები იმ დღეებში ბევრად უფრო მეტ ნაღდ ფულს ითხოვდნენ, ვიდრე სხვა დროს. ივანიშვილის ხალხი ვარაუდობს, რომ მთავრობამ სამინისტროებისა და სამთავრობო ფირმების თანამშრომლებს ივანიშვილის ბანკში ანაბრების გაუქმება მოსთხოვა. მართლაც ბანკიდან მილიონობით ლარი გაიტანეს.

სანამ სამთავრობო მედიასაშუალებები ცდილობდნენ ივანიშვილი კრემლის ემისრად წარმოეჩინათ და მის წარსულში ბნელ კავშირებს ეძებდნენ, ბევრი კითხვა მაინც ღიად რჩება და მათზე პასუხის გაცემა მხოლოდ ივანიშვილ შეუძლია. კარგი კონტაქტების წყალობით და ცოტაოდენი მუშაობის შემდეგ, ერთსაათიანი ინტერვიუს თარიღიც დაინიშნა.

ივანიშვილი სტუმარს მისი კაბინეტის შესასვლელთან ხვდება: ის გამხდარია, 165 სმ მაღალი, 50 წელს გადაცილებული. აცვია შავი ჯინსი, ცისფერი პერანგი, მუქი ნაცრისფერი ჟაკეტი და მარჯვენა ხელზე შავი მაჯის საათი უკეთია. მუქი ყავისფერი თმა უკან აქვს გადავარცხნილი. თვალები მეგობრულად უღიმის. მას ამპარტავნების არაფერი ეტყობა. მისი პროექტებისგან და თბილისზე წამოჭიმული მისი რეზიდენციისგან განსხვავებით ის თვალში მოსახვედრი პიროვნება არ არის.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილს პასუხები კარგად აქვს მოფიქრებული. ზოგჯერ, როცა თემა სააკაშვილს ეხება, მისი რეაქცია მძაფრდება: ”როგორც ყველა ქართველი, მეც აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც სააკაშვილი 2004 წელს პრეზიდენტი გახდა. თუმცა შევცდი. გადამწყვეტი მომენტი იყო მის წინააღმდეგ პროტესტის ძალადობრივი გზით დარბევა და 2007 წლის ნოემბერში დამოუკიდებელ ტელევიზია „იმედში“ უშიშროების დანაყოფების შეჭრა.” “დე-ფაქტო მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი არსებობს. არც მედია და არც სასამართლო არ არიან თავისუფალნი. “იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა წინ წამოსწიოს ეკონომიკა, თუმცა სინამდვილეში სააკაშვილი მართავს ყველაფერს. წესი ასეთია: სახელმწიფო მოხელეს არ აქვს უფლება ჩაერიოს ბიზნესშიმ მაგრამ ეს ასე ხდება და ეს წესად იქცა”.

რამდენად სწორი გზაა, როდესაც ადამიანს რამეს ჩუქნი? “რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, დაეხმარო გაჭირვებულს”, პასუხობს მეცენატი. “თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, დაასაქმო ადამიანები. ამით ჩნდება მეტი პასუხისმგებლობა”. მისი მიზანია გააძლიეროს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები და იზრუნოს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს ბიზნესში. იგი დარწმუნებულია, რომ აირჩევენ, რადგან მას პატივს სცემენ და ყველამ იცის, რომ სააკაშვილი იტყუება. “ ჩემს სიმდიდრესთან ამას საერთო არაფერი აქვს”. იგი ნოემბრის შუა რიცხვებში პოლიტიკურ მოძრაობას დაარსებს. ეს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის გარეშეც ნებადართულია, ამბობს ივანიშვილი.

ოლიგარქი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. “სეპარატისტული მოძრაობა არც რუსეთს სჭირდება. ასეთი ცხელი წერტილების არსებობას შეიძლება არასასურველი მოვლენების განვითარება მოჰყვეს. რუსეთსაც სურს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კარგად წარმოაჩინოს თავი. ამიტომ ჩვენ საერთო ინტერესები უნდა გამოვნახოთ”. მეორეს მხრივ, ივანიშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამთავრობო მიზანსაც უჭერს მხარს. ”ჩვენი გეოგრაფიიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ვერ მივცემთ თავს იმ ფუფუნების უფლებას, ვიყოთ შვეიცარიის მსგავსად ნეიტრალურები”. მას არ სჯერა, რომ რუსეთი ამის წინააღმდეგი იქნება.

ერთი საათის შემდეგ ივანიშვილი საათს უყურებს. თუმცა მზად არის სხვა კითხვებსაც უპასუხოს. “ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარია”, ამბობს ოთხი შვილის მამა. ბოლოს მორიდებით დასძენს: იგი არ თვლის თავს მისაბაძად სხვა მდიდარი ადამიანებისათვის. თუმცა დღევანდელ დღეს საქმიან სამყაროში ჰუმანურობის ნაკლებობაა. ბიზნესმენი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მისთვის საკუთარი ქვეყნის ბედი მნიშვნელოვანია. ღიად რჩება საკითხი, აირჩევს თუ არა იგი სწორ გზას.

ამაში დარწმუნებულია ირაკლი ალასანია, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და ოპოზიციონერებს შორის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პოლიტიკოსი. “ივანიშვილმა მისი კარიერის განმავლობაში 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ზუსტად ეს გვჭირდება ჩვენ ახლა საქართველოში”, ამბობს ალასანია. მნიშვნელოვან საკითხებში მისი და ივანიშვილის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ ჩამოყალიბდა მათი თანამშრომლობა. ისევე როგორც ოლიგარქი, ალასანიაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობის შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს. მთავრობას პროვოკაციის მოწყობა სურს, თუმცა არც თავად ის და არც მისი პარტია არ გასცდებიან კანონიერ ჩარჩოებს. დავა პარლამენტში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში.

ბევრი ჭორი

წარსულში საჯაროობისგან შორს მდგომი ივანიშვილი, დღეს საუბრის მთავარი თემაა. ყველაფერია, აღფრთოვანებიდან დაწყებული, დიდი იმედით, სკეპტიციზმით, ფატალიზმით და ცინიზმით დამთავრებული. ეს კაცი უკვე მდიდარია, სახელმწიფოს მაინც არ გაძარცვავს, – არის ერთ-ერთი მოსაზრება. არსებობს სხვაც: იმაზე დიდ შეცდომას, რაც რუსეთთან ომის დაწყება იყო, ქართველი პოლიტიკოსი მაინც ვერ დაუშვებს. ივანიშვილი მისი ასაკის ადამიანებს ესიმპატიურებათ. რადგან 50 წელს გადაცილებულები, ისევე როგორც ინტელექტუალები სააკაშვილის ამბიციური რეფორმების მსხვერპლნი გახდნენ.

ივანიშვილმა ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. პატრიარქმა, ილია მეორემ, ქადაგებაში მოუწოდა მთავრობას აღუდგინოს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. ბოლოს და ბოლოს იგი საქართველოში არის დაბადებული. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ქვეყანაში უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. ოფიციალურად იგი პოლიტიკაში არ ერევა, თუმცა დრო და დრო გამოთქვამს თავის მოსაზრებას პოლიტიკური ვითარების შესახებ. ადრეულ გაზაფხულზე მან რელიგიის შესახებ ახალი კანონის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. ასევე სწრაფად მოუღო მან ბოლო ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი კანონის წინააღმდეგ პროტესტს. პატრიარქი, როგორც ჩანს სიტყვით გამოსვლის დროს სამების ტაძრისთვის ივანიშვილის დიდძალ შემოწირულობაზეც ფიქრობდა. სამება საღამოობით თბილისის თავზე ყვითლად ანათებს. ციხესიმაგრის მაგვარი რეზიდენციიდან, რომელშიც ჭორვილელი კაცი ცხოვრობს, ტაძარს პირდაპირი საჰაერო გზით, დაახლოებით ორი კილომეტრი აშორებს.
foreignpress.ge