2012 და 2013 საარჩევნო წლებია. ამ პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ხოლო ეკონომიკური კი - ეცემა. ყველამ იცის, რომ არჩევნების დროს ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში ინაცვლებს და ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები ფერხდება.
პრინციპში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც აღიარებს, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში წინასაარჩევნო ეკონომიკურ პაუზა იქნება. როგორც მან წლის შემაჯამებელ, ტრადიციულ შეხვედრაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი წინასაარჩევო ეკონომიკური პაუზა ყველა ქვეყნისათვის დამახასიათებელია.
“ეს დემოკრატიის ნაწილია, წესია. თუმცა, საქართველოს საამისო ჯერჯერობით არაფერი ემჩნევა, რადგან ასეთი აქტიური დეკემბერი აქამდე არ გვინახავს. უშუალოდ არჩევნების წინ ორკვირიანი, ერთთვიანი ან თვე-ნახევრიანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პაუზა შესაძლოა, საქართველოშიც იყოს”, - განაცხადა გილაურმა.
რა ფორმის იქნება ეს ეკონომიკური პაუზა ან რამდენ ხანს გაგრძელდება, ძნელი სათქმელია. თუ წინა არჩევნების გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ამგვარი პაუზები მინმუმ 4, ხოლო მაქსიმუმ 7-8 თვეა. გააჩნია რა სახის არჩევნებია და რამდენად დიდია პოლიტიკური დაძაბულობა. რადგანაც 2012 წლის მოვლენები თავისი “ტემპერატურით”, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელ არჩევნებს დიდად გადააჭარბებს, მოსალოდნელი ეკონომიკური სტაგნაცია ვინძლო გაიჭიმოს კიდეც.
სწორედ ამაზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები, როცა 2012 წლის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებენ. როგორც ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროექტების დაფინანსება შესაძლოა, ინფლაციურ პროცესებზე უარყოფითად აისახოს.
“2012 წელი საარჩევნო წელია. პოლიტიკურ სპექტრში კონკურენცია გაზრდილია და სავარაუდოდ, არჩევნები დაძაბულ რეჟიმში ჩაივლის, რაც ეკონომიკაზეც აუცილებლად აისახება. ამასთან, ევროპულ ქვეყნებში კრიზისი ძალიან მწვავედ ვითარდება. მართალია, მას პირდაპირი გავლენა საქართველოზე არა აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებას მომზადებული შევხდეთ. მთავარი გამოწვევა ასევე დასაქმების და ინვესტიციების ზრდა, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაა, რაც საინვესტიციო აქტივობისთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ლექვინაძემ და იქვე დასძინა, რომ სოფლის მეურნეობა და რეგიონული განვითარება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.
ლექვინაძის აზრს იზიარებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიაც და აცხადებს, რომ 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები მოახდენს.
“2012 წელს ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დადგება. მათ შორის, მნიშვნელოვანია დაგეგმილი არჩევნები და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხები. როგორც წესი, საარჩევნო წელს ხელისუფლება ძალიან ბევრ ინიციატივას იჩენს და მოკლევადიანი ეფექტის მქონე ღონისძიებებზე სახსრებს ბიუჯეტიდან ხარჯავს, რომლის ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ ღონისძიებებზე მიმართვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.
მნიშვნელოვანია ე.წ. დაანონსებული სახელმწიფო პროექტების ბოლომდე მიყვანა და რეალური შედეგის მიღება, რამაც შესაძლოა, მოსახლეობის დასაქმებას და ქვეყანაში სოციალური ვითარების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატის გამოყენებით ჩვენი ექსპორტის განვითარების ხელშეწყობა”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისი აზრით, 2011 წელს ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა არ ყოფილა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლიდა, თუმცა მაინც სამ მოვლენას გამოყოფს.
“პირველი საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ზოგიერთი ცვლილებაა, რომელიც საგადასახადო ომბუდსმენის აქტიური მონაწილეობით მომზადდა და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებას ისახავს მიზნად. მეორე მოვლენად თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის მომზადება და მისი განხილვების დაწყებაა, ხოლო მესამე მოვლენად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას მივიჩნევ”, - აღნიშნა ნარმანიამ.
რაც შეეხება 2011 წლის პარადოქსულ მოვლენას, ექსპერტები პარადოქსად ელექტროენერგიის ტარიფთან დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების დაკავშირებას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.
760
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85