დიტო გელოვანი: ის საწყალი კურდღელი

დიტო გელოვანი: ის საწყალი კურდღელი

„სასაცილოა... სატირალი რომ არ იყოს“ – ხშირად ამბობენ ხოლმე და, რა თქმა უნდა, ასეა. ცრემლი რომ დამალონ, იმიტომ იცინიან მწარედ. გული რომ ტკივათ, იმიტომ იღიმებიან ირონიულად. ასე ვიცინით და ასე ვიღიმებით. ქართველებს არასოდეს გვქონია საქმე სასაცილოდ, საზეიმოდ – კი, მაგრამ სასაცილოდ – არასოდეს. და თუ გასულ წელს ხანდახან მაინც ვიცინოდით და ვიღიმებოდით, მხოლოდ იმიტომ, რომ გული გვტკიოდა და ცრემლი უნდა დაგვემალა.

მთავარია, მტერი არ გავაცინოთ. ეყოთ, რაც იცინეს.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კურდღლის 2011 და გისურვებთ, რომ 2012 არა დრაკონის, არამედ ქართველების ყოფილიყოს.

 

10.01 - ჰა, კარგი იყო საცივი? აბა ახლა ღვიძლს შეეკითხე!

ჰა, კარგი იყო სანდრო ბოჩელი? აბა ახლა ვეტერანს ჰკითხე, ჯიგარს...

 ...და როცა მუცელზე გასიებულმა პრეზიდენტმა გულზე გასიებულ მოშიმშილეებს ჩაუარა, მათი დარბევა ბრძანა.

იყო, და ჯერ კიდევ არის ერთი თემქელი შნირი ბიჭი ოთარა გვენეტაძე; იყვნენ და ჯერ კიდევ არიან წაკუზული ტელევიზიების წაკუზული ჟურნალისტები, დღედაღამ რომ გაიძახიან - ”წავკუზავ დედას, წავკუზავ მამას, თუ პრეზიდენტი მიბრძანებს ამას”.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც სააკაშვილმა ვეტერანების დარბევა ბრძანა, გულში გავიფიქრე: ”ეს საწყალი კურდღელი, ძლიერ ავად გაგვიხდა”. თან, ეს წელი კურდღლის ყოფილა - საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარებული კურდღლის წელი. აქედან გამომდინარე, 2011 წელს იმედიანად შეჰყურებენ მისი თათზე მოსამსახურე გოგოები და ბიჭები - დავით ბაქრაძე, ხათუნა ოჩიაური, ნუგზარ წიკლაური, გია ბარამია... მათ კარგად დაიბედეს - ზღვაზე, მთაში ბარში და ვაკეში. სამწუხაროა, რომ გოიმები არიან. რას ნიშნავს გოიმი? გოიმი ნიშნავს გაუგებარ კაცს. ჰოდა, თავად განსაჯეთ, არიან თუ არა ისინი გოიმები…

 

17.01 – თუ ადრე საფრანგეთში ცოცხალი ბაყაყები გაგვყავდა, გასულ წელს თურმე წარმოება აგვიწყვია და 1 100 კილოგრამი ბაყაყის თათი გაგვიტანია. ეს ინფორმაცია ბაკურ კვეზერელის უწყებამ გაავრცელა. ეს ის უწყებაა, მამალი ძროხების შემოყვანას რომ აპირებს, რაც, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დროის საკითხია.

”საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია” - განაცხადა მიშამ. დიახ, რა თქმა უნდა, დროის საკითხია, დროის და სივრცის. დრო და სივრცე კი, როგორც იცით, უსასრულოა, ისევე, როგორც ჩვენი სიბრიყვე.

 

24.01 – ჯაბა სამუშია ახალი ინიციატივით გამოვიდა - ყაზბეგის გამზირზე, გოძიაშვილის სკვერში, დაიდგას ყაზბეგის ქანდაკება. ”ჩვენი მიზანია, 2003 წლის დასკვნის საფუძველზე, ამ ძეგლის აღსამართად მზადება დავიწყოთ” - აღნიშა სამუშიამ. ეგრე, რა, ყმაწვილებო! აბა, ის რა იყო - წყალი უფასოო, გაზი იაფადო... თარგამაძის დაჯგუფება რომანტიზმიდან ნეორეალიზმში გადავარდა, თან, როგორც აცხადებენ, ძეგლისთვის აუცილებელი ბრინჯაოს 50-60% უკვე მოძიებული ჰქონიათ.

იყოს ყაზბეგის ძეგლი, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ რა უნდა ყაზბეგის ძეგლს გოძიაშვილის სკვერში? თუმცა, ხომ გვაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი გეგეშიძის ბაღში და ხომ აქვს ლევან ვეფხვაძეს მიხეილ სააკაშვილის ძეგლი გიორგი თარგამაძის ბაღში? ბაღში ვარდები... ლონდონში კი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის კარების წინ, ტელეკამერამ საკმაოდ მოზრდილი ვირთხა დააფიქსირა. ამ თარგამაძეზე უცნაური რამეები მახსენდება ხოლმე...

 

31.01 – რა ვქნათ, რა ვუყოთ მიშას, რომელიც რატომღაც არის პრეზიდენტი?! რა ვუყოთ და, ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, რატომ არის პრეზიდენტი და, დამიჯერეთ, ამის შემდეგ ის აღარ იქნება პრეზიდენტი.

არა, თავხედობა და - ეგეთი?! ”მე ყოველთის დავაყენებ ჩემს ქვეყანას საკუთარ თავზე მაღლა. მომეცით საშუალება, რომ კონცენტრაცია მოვახდინო ქვეყნის სწორ გზაზე გაყვანაზე” - თქვა მიშამ. მიეცით საშუალება დაჯდეს ლოტოსის პოზაში, საათობით იდგეს ყირაზე, ყლაპოს ცეცხლი, ინებივროს ლურსმნებზე, იაროს მინის ნამსხვრევებზე და რამდენიმე დღით დაიმარხოს ცოცხლად... მიეცით საშუალება, რომ მოახდინოს კონცენტრაცია და აპატიეთ, მთელი მსოფლიოს თვალწინ რომ ჩაისვარა!!!

 

7.02 – გავიგე თუ არა, მაშინვე დავიჯერე - საგარეო დაზვერვის უფროსი გელა ბეჟუაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ზოგიერთმა არ დაიჯერა და მათთვის მანანა მანჯგალაძემ (მანანა ვარ, მანანა, მა-ნა-ნააა) სპეციალური პრესკონფერენციაც კი მოაწყო: ”ეს გაგრძელდება, მაქსიმუმ, თვენახევრის განმავლობაში. ის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად გაემგზავრა, რის შემდეგაც, სამშობლოში დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას”.

ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ვერ აიმაღლებს. თავის უკვდავ ალბომში The Wall (კედელი) როჯერ უოტერსი რამდენჯერმე იმეორებს ”შეაყარე კედელს ცერცვი. აკაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო”.

არა, ბეჟუაშვილი რეგვენი ნამდვილად არ არის. რეგვენი ის არის, ვისაც სჯერა, რომ ბეჟუაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა.

 

14.02 – ეს არ იყო პირველი... პირველს უფრო პოეტური ელფერი დაკრავდა – იყო ლექსები, პოემები, სონეტები, სიტყვაკაზმული ხელოვნება. იყო ციტატები, რეჩიტატივი, იყო ბექვოკალები, რიტმ-გიტარა, სოლო-გიტარა, ბას-გიტარა, დრამი... იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხედრული სული - დეპუტატები ბიძინა ბრეგაძე, კობა ბექაური და ალეკო შალამბერიძე რეზერვისტის ფორმებში, სრული სამხედრო აღჭურვილობით. იყვნენ ნაციონალური შრომის გმირები, იყო ნელსურნელება... დაუვიწყარია.

გასულ კვირაში ლექსები არ იყო, უფრო - შაირები. იყო პრეზენტაცია, მაგრამ არ იყო ნელსურნელება, ჰაერი იყო გარინდული, ნესტოები იყო დაბერილი, თუმცა, შემდეგ ყველამ ერთბაშად ცხვირზე მოიჭირა ხელი, სუნმა ტელევიზორიდან გამოაღწია - ტრიბუნაზე იდგა გურამ ჩახვაძე, თვალში ედგა ცრემლი, გულში - შიში, სულში - კაეშანი და... ოფლი, ცივი ოფლი.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იმ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა გარდაცვლილად.

აუტანელ სიმყრალეში მოხდა ედეპეს დასაფლავება...

 

21.02 - სოზარ სუბარმა ზუსტად იცის - გაზაფხულის ბოლოს ”ქართული პარტია” ავტორიტარული მმართველობის დასამარცხებლად მზად იქნება.  ”დღევანდელი რეჟიმის” ატანა და მოთმენა უკვე შეუძლებელი გახდაო - თქვა სოზარმა. ეჰ (კიდევ ერთხელ) სოზარ, სოზარ... თუ გახსოვს, 2003 წლის 22 ნოემბერს გეუბნებოდი, ხვალინდელი რეჟიმის ატანა ზეგ უკვე შეუძლებელი იქნება-მეთქი!

ვნახოთ, რა იქნება გაზაფხულზე, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ დღვანდელი რეჟიმის გუშინდელი მეგობრების ატანა უკვე მართლა აღარ შემიძლია.

 

28.02 – არ ვიტყუები, ან ტყუილი რა საკადრისია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი რეგლამენტში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რათა დარბაზში ”ტყულების” თქმა აიკრძალოს... ძაან მაგარია - არასოდეს ჩამიხედავს იმ რეგლამენტში, მაგრამ, ლოგიკურად, რადგან ტყუილის აკრძალვას ოფიციალურად აპირებენ, ე.ი. აქამდე ტყუილის თქმა ოფიციალურად იყო დაშვებული.

აკრძალავენ, აკრძალავენ... ოღონდ, მერე ცვლილება შევა და ოფიციალურად იქნება დაშვებული ნიჩურიკების გაკეთება

მაინტერესებს, ვინც ტყუილს იტყვის, დაიჭერენ თუ როგორ იქნება იმის საქმე? თუ დაიჭერენ, ალბათ, ხათუნა კალმახელიძესთან ექნება საქმე, ხოლო თავად კალმახელიძე გასულ კვირაში პრობაციის ოფიცრების ტრენინგს დაესწრო. არის ხათუნაში რაღაც, ეკატერინე მეორისეული. იმასაც უყვარდა ოფიცრების ტრენინგზე დასწრება...

 

07.03 – ”ქართული პარტიის” გლდანის კონფერენციაზე სიტყვით გია გაჩეჩილაძეც (უცნობი) უნდა გამოსულიყო, მაგრამ მან ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო. სანაცვლოდ, ახმეტელის თეატრში მისულ საზოგადოებას, უცნობისა და ნატო მეტონიძის კლიპი წარუდგინეს.

ნეტავი, რომელი კლიპი იყო - ”ჩვენებური სიმღერა”, ”მომე მე მამული” თუ კიდევ რომელიმე სხვა? ააა... ”ზამთარი ერთად გადავაგოროთ” იქნებოდა, ზამთარი, ანუ დღევანდელი რეჟიმი.

ძმებო, გრეჩიხებო, ყველა კაი საქმეში თქვენ გვერდით მიგულეთ, მაგრამ კლიპებით, ფონოგრამებით და სააკაშვილის სახელობის ღვინოებით საქმე არ კეთდება, მით უმეტეს, თუ იმ საქმეში წილს ირაკლი ოქრუაშვილი ფლობს.

 

14.03. –  ”შეფიცულები” - ასე ჰქვია ნინოს ლაშქარს, რომელსაც აქვს თავისი დროშა, ღერბი, ჰიმნი და ფიცი. სიტყვით გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შეფიცულების ლოგოზე ბევრი საინტერესო სიმბოლოა - ერთიანი საქართველო, ჯვარი, ხმალი, სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

ოოო... მე მიყვარს ჰერალდიკა, არის მასში რაღაც მისტიური... ჩემთვის რომ ეკითხათ, ვურჩევდი, რომ ”შეფიცულებს” თავიანთ ლოგოზე წისქვილის ქვაც გამოესახათ, ნიშნად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის თავზე ყველაფერი დატრიალებულა, წისქვილის ქვის ჩათვლით. თუმცა, ამ ხალხს არაფერს ვერჩი. ვისაც ”შეფიცულებს” ბიჭოლა-დონაძეები ურჩევნია, ის იყოს არჩილ მეფარიძის ფანი და ”პროფილის” ერთგული მაყურებელი.

 

21.03 – ამდენს ვლაპარაკობ და სულ მიმავიწყდა მიშა, მაგრამ როცა შენ დაგივიწყებენ, შენც უნდა დაივიწყო. მიშამ დაგვივიწყა - მთელი კვირა ამერიკაში იყო. ”დელეგაციის ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. ვიზიტი იმაზე მეტად წარმატებით განხორციელდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ და გაწითლდა.

”ნინოს მგზავრობა იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი” - ალბათ ასე ამბობდა ნინოს მამა ამ შვიდი-რვა წლის წინ, როდესაც შეიტყო, რომ მისმა ქალიშვილმა თვითმფრინავში თვით გია ბარამიძე გაიცნო.

გია ბარამიძე გასულ კვირაში ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაემგზავრა და თუ ვინ გაიცნო მან ამჯერად თვითმფრინავში, ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც მიშიკო მორიგ სამთავრობო კარუსელს დაატრიალებს.

 

28. 03 – ვაშინგტონი - ”აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ქართველები, ასევე ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც ”ლეიბორისტულ პარტიას” სოლიდარობას უცხადებდნენ”. ვენა - ”აქციაში ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და თავად ავსტრიელები მონაწილეობდნენ”. ორივე ინფორმაცია ნესტან კირთაძემ გაავრცელა, რადგან ნესტან კირთაძე არის ლეიბორისტების საერთაშორისო მდივანი.

ავსტრიაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვაშინგტონში ნამყოფი ვარ და დაახლოებით ვიცი, რაც იქნებოდა. თეთრ სახლთან დღეგამოშვებით იმართება აქციები. ერთ დღეს რომ აბორტის მომხრეები მიტინგობენ, მეორე დღეს აბორტის მოწინააღმდეგეებს აქვთ იქაურობა დაპყრობილი. ჰოდა, დუშეთის პრინცი, შალვა ნათელაშვილი, ერთ დღეს აბორტის მომხრე იყო, მეორე დღეს - მოწინააღმდეგე. გაფორმებით კი, ორივე აქცია ლეიბორისტების აქციად გაფორმდა.

რაც შემეხება მე... მე აბორტის მოწინააღმდეგე გახლავართ. მოდი და ნუ იქნები - ჩართავ ტელევიზორს და ერთთავად წარუმატებელი აბორტის მსხვერპლს ხედავ - პარლამენტში, მთავრობაში, ოპოზიციაში, ლეიბორისტებში...

ზურაბ ნოღაიდელი ყრილობისთვის ემზადება და პარტიის დამფუძნებლების შერჩევის პროცესშია. რა საინტერესოა არა? - ამერიკას დამფუძნებელი მამები ჰყავს, ნოღაიდელის პარტიას დამფუძნებელი ვირები ეყოლება.

 

04.04 – წაკუზულზე პანღური ალალია. ერთი, დამსახურებული, სწორედ ის პანღურია, რომელიც ბიწაძეს მაშინ ეკუთვნოდა, როცა შავნაბადაზე მიშასა და გრეჩიხას კონფიდენციალურ საუბარს გასაღების ჭუჭრუტანასთან წაკუზული უგდებდა ყურს.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ გასკდა ეს ამბავი - ჩხუბს ვგულისხმობ. ორი ვარიანტია: ან ბიწაძემ გახეთქა და ანაც ვანო მერაბიშვილს თითო თვითმფრინავში თითო აგენტი ჰყავს. არც ის არის გამორიცხული, რომ აგენტობის ამბავში იმ დღეს მორიგეობამ ბადრი ბიწაძეს მოუწია.

გაჩეჩილაძე კრინტს არ ძრავს, ბიწაძე კი ყველა კუთხეში გაიძახის, გაჩეჩილაძეს ერთი ადგილი არა აქვსო. ჩემი რჩევა საქართველოს ორგზის პირველ მისტერს: თავი დაანებე სხვების ერთი ადგილების თვალიერებას და ზომვას, თორემ სახალხო კრება ერთი ადგილების კრებად გადაგექცევა.

 

11.04 – სააკაშვილმა რამდენიმე წუთი მიუძღვნა ტელეკომპანია ”სი ენ ბი სის”. ”ბევრ რამეს ვნანობ ყოველ ღამეს. სანამ დავიძინებ, განვლილ დღეს თვალს ვავლებ და ვუფიქრდები, რა გავაკეთე ამ დღეს. ეს ჩემი ცხოვრების წესია. ყოველთვის ვფიქრობ, იქნებ მეტის გაკეთება შემეძლო, იქნებ სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა”, - უთხრა მიხეილმა ჟურნალისტს, მაგრამ პრეზიდენტის ღამე ხანმოკლეა...

ერთი აზრი მომივიდა და თქვენ სამსჯავროზე გამომაქვს - მოდით, მიშა მურმანსკში ან სადმე იმის იქით გადავასახლოთ. იქ წელიწადში ექვსი თვე ღამეა და ამ ექვს თვეში იქნებ ერთი რომელიმე მიქარვის მონანიება მაინც მოასწროს.

 

18.04 – როგორც გასულ კვირაში გაირკვა, იმ ტანგრძელს საკუთარმა მინისტრმა წყლის ნაცვლად ფეკალიები შეასაღა. ”კაი გემრიელი წყალი კი არის” - თქვა მაშინ ტანგრძლმა. ინფრასტრუქტურის მინისტრს სახეზე ალმური მოედო, მაგრამ კიდევ კარგი, სახანძრო მანქანები იქვე იყვნენ.

როგორც გაირკვა, საჩხერეში მიშიკოს ყვირილადან ამოტუმბული წყალი ასვეს. ყვირილა-პაჟარკამანდა-შლანგი-პრეზიდენტი - ასეთი იყო მარშრუტი და ასეთი იყო ტრაექტორია.

მოკლედ, მიშას კორტეჟი ნელ-ნელა იზრდება. თუ სადმე წყაროს ხსნის, სახანძრო მანქანები იქვე დგანან. წყაროდან შლანგს ნუ წამოიღებთ! ჰოდა, რამაზ ნიკოლაიშვილს ერთ რაციონალურ აზრს მივაწვდი - ნუ დაიხარჯებით წყაროების მოწყობა-მოპირკეთებაზე, პრეზიდენტს წყალი პირდაპირ სახანძრო მანქანებიდან ასვით და, ყოველი შემთხვევისათვის, თან ერთი გადასატანი ბიოტუალეტიც ატარეთ.

 

25.04 – ”ქართული პარტია” ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას მხოლოდ ორი პირობით დათანხმდება. როგორც "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბურჯანაძემ უნდა აღიაროს, რომ 7 ნოემბერს ხალხზე განხორციელდა ძალადობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ და 5 იანვრის არჩევნები გაყალბდა. შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ბადრი ბიწაძესთან დაპირისპირების ფონზე თანამშრომლობა შედგეს, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ”დიდი ხანია ”ქართული პარტია” გამოდის საერთო სამოქალაქო თანხმობის ინიციატივით და ამაში პრობლემას ვერ ხედავს”.

გაიგეთ რამე? მე - ვერა. ვერამ? ვერამაც ვერა. ნინომ? არ ვიცი... ალბათ, ნინოსაც ექნება ერთი პირობა - გაჩეჩილაძემ უნდა აღიაროს, რომ მიუნჰენის აეროპორტში ბადრიმ ცემა ლევანი. ხოლო ლევანი ამას არასოდეს აღიარებს. რომც აღიაროს, მაინც არავინ დაიჯერებს.

 

02.05 – როგორც ჩანს, ერევანში გადაწყვიტეს, რომ სომხური სპორტი (არმიანსკი სპორტ) ქართული ხელოვნებით გააზავონ. ორი კვირის წინ ერევანში ბაჩო ახალაია ჩავიდა, გასულ კვირაში ერევანს გრიგოლ ვაშაძე ეწვია და ეს მისვლა-მოსვლა კალმახელიძის სამფლობელოში სომეხი მედილეგეების ვიზიტით დაგვირგვინდა.

წინასწარი პროგნოზები უკვე კეთდება - 1. სერჟ სარგსიანი სომეხ ჯარისკაცებს ხშირ-ხშირად დააყვედრებს, თქვენზე ვარ გადაყოლილო; 2. სომხეთის ნაკრების თავდამსხმელს, ედგარ მანუჩარიანს ციხეში ცალკე საკანს მიუჩენენ; 3. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უარს იტყვის რუსეთის მოქალაქეობაზე.

 

09.05 – იმ თამაშს რომ ვუყურე - შსს-”სოხუმი”, თავში ერთი აზრი დამებადა. უცხოეთში ყველა კლუბს მოფერებითი მეტსახელი აქვს. ”კიოლნი” – თხები, ”ტოტენჰემი” - მამლები, ”ვალენსია” - ღამურები, ”ვულვზი” - მგლები და ა.შ. ჰოდა, წინადადება შემომაქვს, რომ შსს-ს ოსტატ კალათბურთელთა გუნდს მოფერებით და თავზე ხელის გადასმით ”ძაღლები” დავუძახოთ, სოხუმს - ”დევნილები” და ა.შ.

გასულ კვირაში მდედრობითი სქესის მართლმსაჯულება ”ძაღლებმა” წიხლქვეშ გაიგდეს. ერთი ”ძაღლი” დაისჯება. ალბათ, დაისჯება მართლმსაჯულებაც.

საოცარია, მაგრამ კალათბურთზე ერთი ამბავი გამახსენდა - ”როგორც ”პანარმენიან.ნეტ”-ის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, ჯავახელი სომხები მაჰმადიანი მესხების ჯავახეთში ჩასახლებას გააპროტესტებენ”.

ვაჰ! გადამრევს ეს ხალხი! ავლაბარში ერთი ვიღაც (გვარს არ დავასახელებ) რომ ჩაუსახლდათ, ის რატომ არ გააპროტესტეს? არა, მაინც, რატომ არ გააპროტესტეს? ეს კითხვა მაწვალებს. კიდევ, მაწვალებს ორი კითხვა - რატომ დავუკავშირე კალათბურთს ეს ამბავი და რატომ არ თამაშობენ სომხები კალათბურთს?

 

23.05 – „გეგმა“ – ითხოვდა ხალხი. „გეტყვით“ – ამშვიდებდნენ. „გეგმა“ – არ მშვიდდებოდნენ. „გეტყვით, კაცო“ – ანერვიულდნენ. „მოდით! ქუდზე კაცი, ლეჩაქზე ქალი, პამპერსზე ბავშვი“ – იყო მოწოდება. „გეგმა“ – ნერვიულობდა ხალხი.

მოითხოვეს პირდაპირი ეთერი და მიიღეს კიდეც. რომ არ მოეთხოვათ, მაინც მიიღებდნენ. აქეთ შეეხვეწებოდნენ, პირდაპირ ეთერში ჩაგრთავთო. ეგ კი არა, სულ თავიდან გადაღებული კადრებიც კი აჩვენეს და ერთ კადრს მივაქციე ყურადღება: ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ ადამიანები მიდიან. ქოლგები უჭირავთ. ხელში მეგაფონით ხალხს წინ გია კობახიძე მიუძღვის. „ჩემზე წინ არავინ წავიდეს – ყვირის კობახიძე – არავინ წავიდეს ჩემზე წინ“. ნინოს სკოლაა.

ამდენი ხანია მივდივართ და, ყველაფერს გაფიცებთ, მითხარით, ვინ წავიდა წინ? ყველანი უკან–უკან მივდივართ, ტრაქტორისკენ. „გადაუარეთ“ – ტრაქტორისტმა უკვე მიიღო ბრძანება. ამ ქვეყანაში სულ რომ გაწყდეს საწვავი, იმ ტრაქტორისთვის აუცილებლად მოინახება.

„სახალხო კრება“... სად არის ხალხი? ხალხი არის, მაგრამ არა – „სახალხო კრებაში“ ან „სახალხო კრებასთან“. ხალხი საჭიროა, ხალხი აუცილებელია. არ იქნება ხალხი და მიშა იქნება და იქნება. “დავდგეთ ერთად“ – ეს მოწოდება იმ ლიდერის გარშემო ერთად დგომას გულისხმობს, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს.

 

30.05 – გინებას დაგაწყებინებენ სახალხოდ. მარტო გინება რომ იყოს, ჯანდაბას. ვინც იმ ღამეს იქ იყო და მასაც, ვინც არ იყო, ყველას სპეცრაზმელების სისხლი წყუროდა. სპეცრაზმელებსაც წყუროდათ სისხლი.

ვინც ხალხს ერთმანეთის სისხლი მოაწყურა, იმას რა-ა?

წივილ-კივილში გავიდა გასული კვირა. ვინც დაბრუნებას აპირებდა - გადაიფიქრა, ვისაც ორი ჩანთა ჰქონდა ჩალაგებული - სასწრაფოდ მესამეც ჩაალაგა, ვისაც საკუთარი საფლავი აქ ეგულებოდა, ლამისაა ახლობლებიც უცხოეთში გადაასვენოს.

„ეგ აღარ დაბრუნდება“ – „მიმინოდან“ გამახსენდა. ოქრუაშვილი წავიდა, ნოღაიდელი წავიდა... ნინო, ანზორას ერთავ, შენც წადი და მერე ამათაც მოგაყოლებთ - მიშას, გრიშას და ყველას. ოღონდ წადი და ჩვენსკენ ნუ მოიხედავ. წადი, მოგყვებიან და როცა დავწყნარდებით და ვიკითხავთ - „რამდენი ნაბიჭვარია ამ ქვეყანაში?“ - პასუხი იქნება წყნარი, მარტივი და იმედისმომცემი - „გაცილებით ნაკლები, ვიდრე მაშინ“.

ხორუმი ჯერ კიდევ ქართული ცეკვაა, მაგრამ რამდენი ქართველი დარჩა ამ ქვეყანაში?

 

06. 06 – ყველა კმაყოფილი იყო. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, ნაციონალური ნაყოფიერების ღმერთმა ასეთი სიხარული უკვე მეოთხედ განიცადა. პირველად, როცა „მაკენას ოქრო ნახა“; მეორედ, როცა მიხეილ სააკაშვილი ნახა; მესამედ, როცა აგვისტოს ომიდან ორიოდე კვირაში თურქეთში 120-დეპუტატიანი (120-კაციანს განგებ არ ვამბობ) ქორწილი გადაიხადა.

აი, რამდენი ვწერე შერონ სთოუნის ვიზიტის შესახებ. არადა, ერთი მცირე აბზაციც ეყოფოდა. აი, ის ერთი აბზაციც:

ჰოლივუდის ვარსკვლავი თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა, სადაც რუსეთის პრემიერ მინისტრის თანდასწრებით და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: „მე მიყვარს რუსეთი და მიყვარს ყველაფერი რუსული“. ამის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შერონ სთოუნს მიხეილ სააკაშვილი მოეწონა.

 

13.06 – სტინგისა და კრის ბოტის კონცერტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალდნენ ბათუმელები. კონცერტი ბათუმში ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი. დაგეგმილი არ არის, მაგრამ კონცერტის შემდეგ მიშა აუცილებლად იტყვის, ბავშვობაში სტინგს მალულად ვუსმენდიო. დაგეგმილი არ არის, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება და ბოლოს გაირკვევა, რომ მიშა ყველაფერს მალულად აკეთებდა - მალულად ცხოვრობდა, მალულად ჭამდა, მალულად სვამდა... ამოუვიდა ყელში მალულად ცხოვრება და ახლა ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებს - პოლიციას, პარლამენტს, ვახშამს, დარბევას და ტელევიზორში სხვათა რბევით ტკბობას.

ვიღაცის მამა მეშუშე იყო...

 

04.07 – გასულ კვირაში ჩვენც ვნახეთ, როგორ ყრის ბაყაყი ქვირითს და მერე როგორ იჩეკებიან ამ ქვირითისგან ხვლიკები - ჰალსტუხიანი ხვლიკები, ბეზრუკავკიანი ხვლიკები, ხვლიკები თხილამურებზე... ცოტა, არგუმენტები გაამყარეთო - ხვლიკებმა და ბაყაყებმა.

ოე!!! ცოტა არგუმენტები იქონიეთ და მორჩით ყიყინს, თორემ... თორემ, რა?! რა და, ნაწყვეტი ნიუსიდან: „კოლხი დედა“ დასაწყობებულია“ - ასეთი პასუხი გასცა ფოთის მერმა ტრადიციულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას. ცენტრალური მოედნიდან „კოლხი დედის“ ძეგლი, რომელიც ფოთში ამაშუკელისა და დავითაიას თანაავტორობით, საბჭოთა პერიოდში დაიდგა, გასული წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აიღეს“.

„ლევან ვეფხვაძე დასაწყობებულია, ვიწყებთ მამუკა კაციტაძის უტილიზაციას“ - გაიფიქრა პალიკო კუბლაშვილმა, თავზე ცხვირსახოცი გადაისვა და სანამ პოლიტიკოსებით სავსე ჯიბეში ჩაიდებდა, მაგრად გაწურა.

 

11. 07 –  ჰოდა, მერე გამოკითხვა რომ ჩატარდა, რატომ დაიჭირეს ფოტორეპორტიორებიო, ყველაზე მეტი დადებითი პასუხი იმ სავარაუდო პასუხმა მიიღო, რომელიც ასე ჟღერდა: „მოხდა უფრო პრობლემური თემების გადაფარვა“.

პრინციპში, მოსალოდნელიც იყო... ვერ გამოვთქვი სწორად... საერთოდ, პრობლემურ საკითხებს უფრო პრობლემური საკითხებით ფარავენ ხოლმე, მაგრამ გამოკითხულები სულაც არ გულისხმობდნენ იმას, რომ ფოტორეპორტიორების საკითხი უფრო პრობლემურია, ვიდრე საპატრიარქოსთან და ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები. უბრალოდ, გამოკითხულებმა თქვეს, რომ სააკაშვილს და კუბლაშვილს, მათთან ერთად მათ ძმებს - კობა ბექაურს და კობა ხაბაზს, და მათ დებს - გურამ დონაძეს და ბიჭოლას, მიაჩნიათ, რომ საზოგადოების თვალში პრეზიდენტის კარის ფოტოგრაფის, მისი მეუღლის და ორი ფოტორეპორტიორის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემური აღმოჩნდებოდა, ვიდრე მიხეილ პირველისა და გარეგინ მეორის მორგანტული ქორწინება.

ვერ გადაფარა. ერთ პრობლემას მეორე დაემატა, მეორე პრობლემამ კი მესამე პრობლემა წარმოაჩინა - ეკონომიკის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი კი, შერყეული ტვინით დააბიჯებს.

ტვინის შერყევა გასაგებია, მაგრამ რა ჭირს ვერონიკას? ნუთუ სიკვდილი გადაწყვიტა? შესაძლოა, მასაც ტვინის შერყევა აქვს. არ არის გამორიცხული. როგორც ცნობილია, მცირე ზომის ტვინი უფრო იოლად ირყევა, რადგან ხათქა-ხუთქის ამპლიტუდაა დიდი. ყოველ შემთხვევაში, ერთ რამ ფაქტია - სინდისის შერყევა არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

 

05. 09 – „მინისტრი სად არის?“ - იკითხეს ჩეხებმა; „კალათბურთზეა“ - უპასუხეს ჩვენებმა“; „ამ დილაადრიან რა, ხაშია?“ - ფიქრებში გაიკვირვეს ჩეხებმა და იკითხეს: „საღამომდე დაბრუნდება?“ „ამათ „გარიგება“ არ აქვთ ნანახი“ - ფიქრებში დასცინეს ჩვენებმა; „ლიტვაშია“ - უთხრა ერთმა ჩვენმა და ამის შემდეგ სამინისტროს მთელი აპარატი აყაყანდა, რომ გოგა მაგარი მინისტრია; რომ გოგას სახეზე აქვს ბლანჟე; რომ გოგა თავად იყო სახე და რომ ახლა განსახიერებაა... „საკუთარ თავზე რას გვეტყვით?“ - კითხეს ჩეხებმა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. „ჩვენ არ ვჭამთ პოლიეთილენის პარკს“ - უპასუხეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.

ბებიათქვენის პოლიეთილენმა, ვითომ უარესი არ გიჭამიათ, აი!

 

12.09 – „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მთიანი ყარაბაღის დელეგაციის მონაწილეობას ოფიციალური ერევნის პოზიციად არ განიხილავს“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა...

ჰოოო... ერევანი საერთოდ არ იყო საქმის კურსში. როდესაც გაეროში ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხი დადგა და სომხეთის წარმომადგენელმა ის მახინჯი თავი შეიკავა, არც მაშინ იყო ეს ოფიციალური სომხეთის პოზიცია.

ანუ, ნინო კალანდაძე გვეუბნება, რომ მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა ხელი. ეს დიპლომატიური ცოდნა ნინო კალანდაძემ ალბათ მაშინ შეიძინა, როდესაც ერთი უბრალო ბეიბისითერი (თუ რაღაც ამდაგვარი) გოგო თვითფრინავში იჯდა და მარცხნიდან სააკაშვილი უტარებდა დიპლომატიის მასტერ-კლასს, ხოლო მარჯვნიდან - გია ბარამიძე.

 

19.09 – ამბობენ, შაშკინი პახმელიაზე დირექტორების სისხლით გამოდისო...

შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა - უკვე დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები. შაშკინმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.

მანდატურების ყველაზე წარმატებული ნაწილი უკვე სკოლის დირექტორია და ალბათ უნივერსიტეტის რექტორობაზეც ოცნებობენ, თუმცა ამ მანდატურ-დირექტორებს ვურჩევ, პახმელიაზე მყოფ შაშკინს მოერიდონ. რევოლუცია თავის შვილებს რომ ჭამს, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, რეფორმა (თუნდაც - განათლების რეფორმა) სკოლის დირექტორების სისხლს რომ მოითხოვს.

 

26.09 – „კაი პურმარილზე“ შეთანხმდნენ, ეს ერთი - გვერდის ადმინისტრატორი, და ის 20235 - ბაქრაძის გვერდი რომ მოიწონა. თავისთავად, თუ ბაქრაძის გვერდებს და ნეკნებს ალაიქებ, ამით იზიარებ შეშინებული თაგვისფერი კაცუნას უკვდავ სიტყვებს: „კოვზებით შევებრძოლებით მტერს. სად არის ჩემი ქაფქირი?“

კაი პურმარილს ვიკისრებო - 20235-ს შეპირდა და 20225 გადააგდო. ათმა ბედნიერმა ახლოდან იხილა დავით ბაქრაძე და მათვე ჰქონდათ ბედნიერება, ცოცხლად მოესმინათ, შოკმანჟეს ჭამის დროს როგორ აწკლაპუნებს ტუჩებს პარლამენტის თავმჯდომარე. წკლაპუნი „კოპალაში“ გაიმართა. კაი პურმარილს ვიკისრებო და, რესტორნის დანახარჯი პარლამენტის ბიუჯეტმა გადაიხადა, ანუ გადავიხადეთ ჩვენ.

ორი დღით ადრე, ათ უბედნიერესს გოკა გაბაშვილი და აკაკი მინაშვილი შეხვდა და, როგორც იუწყებოდნენ „ძირითადად, მათი პირადი პრობლემები მოისმინეს“.

ეს „პირადი პრობლემები“ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. არავითარი უმუშევრები, არავითარი დევნილები, არავითარი დონაძე-სააკაშვილები და ბიჭოლა-ხაბაზები, მხოლოდ - პირადი პრობლემები. „ბუასილი მაქვს“ - შეჩივლეს გოკა გაბაშვილს. „სანთელი გაიკეთე“ - ურჩია გაბაშვილმა. „სიდედრი მჩაგრავს“ - დაიწუწუნა ერთმა. „უცხო ხომ არ არის, შენი სიდედრია“ - დაამშვიდა მინაშვილმა. „თვალების გადმოკარკვლა დამჩემდა“ - მოთქვამდა მეორე. „ეგ კარგია“ - გაუხარდა გაბაშვილს.

ასეა თუ ისე, თამაში „არჩევნები“ 45 დღეს გაგრძელდება  და გამარჯვებული კანდიდატი ერთ სამუშაო დღეს დავით ბაქრაძესთან ერთად გაატარებს. ალბათ, რუსებითაც შეაშინებენ და ჩააფსმევინებენ, რათა უკეთ განიცადოს, როგორია, იყო კოვზების მბრძანებელი იმ დროს, როდესაც ერთი ჩვეულებრივი ქლიბი ხარ.

 

10.10 – საზარბაზნე ხორცის შესახებ ყველამ ვიცით - გვინახავს, გაგვიგია, ვყოფილვართ... სამიტინგე ხორცის შესახებ თუ ვიცით რამე? ასეთი ხორციც არსებობს, ჩადებენ ყვითელ ავტობუსში და დაატარებენ აქეთ-იქით. ხორცის ეს სახეობა გასულ კვირაში თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ. შეამჩნევდით, ალბათ, რომ ხორცი არა მარტო დაავადებული იყო (ასკარიდები, სოლიტერები...), არამედ - აყროლებულიც. არ იფიქროთ, რომ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო და აყროლდა. ზუგდიდიდან ჩამოტანილი ხორცი ისევე აუტანლად ყარდა, როგორც - თბილისში შეძენილი და თავისუფლების მოედანზე მიტანილი.

რაც შეეხება ბუნდღას... ბუნდღა სომხეთიდან ჩამოვიდა, საერთოდ კი, ფრანგია, ნიკოლა სარკოზი ქვია და საფრანგეთის პრეზიდენტად მუშაობს. თავისუფლების მოედანზე დაყრილი ხორცი დაავადებული იყო, ბუნდღას კი ვადა აქვს გასული. ცოტაც და სარკოზის ბუნდღა აღარ იქნება ელისეს სასახლეში და, ეპოქის სულისა და ჟანრის კანონების შესაბამისად, კარლა ბრუნის ბუნდღა აღარ იქნება სარკოზის ლოგინში.

ასეთი ეპოქა დაგვიდგა - ნანი ბრეგვაძე ხანუმაა, ბუბა კიკაბიძე - კოსტაია, სტურუა თეატრიდან გაუშვეს, ხოლო პარადი ვარსიმაშვილს მიყავს. ჰამლეტ გონაშვილი მკვდარია, ქართული ბომონდი არჩილ მეფარიძის ფორმებით ტკბება.

 

24.10 – „როგორც „ინტერპრესნიუსს“ აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ადამიანი, რომელსაც ერთხელ უკვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ამის შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რითაც კარგად იცოდა, რომ დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, ხელმეორედ უფლება აღარ უნდა მიეცეს. „მე რომ პრეზიდენტი ვიყო, მას საქართველოს მოქალაქეობას აღარ მივცემდი“, - დასძინა აკაკი მინაშვილმა“.

ეს ნიუსი ჯერ რადიოთი მოვისმინე და ყურებს არ დავუჯერე. შემდეგ, წავიკითხე და თვალებს არ დავუკერე. მე რომ პრეზიდენტი ვიყოო! შენ რომ პრეზიდენტი იყო, შენი სიდედრი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნებოდა და „ცისფერი მთებისა“ არ იყოს, სიმამრიც იქნებოდა ვიღაც.

ხედამთ, ხალხნო, როგორი ოცნებების მორევში ეშვებიან მამალი ქალების სიძეები? პრეზიდენტობა მოუნდა, დახეთ ოცნებას?! არადა... ვინ იცის, საკუთარი სიმამრის ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ათვალიერებდა, იქნებ საკუთარი სიდედრის ადგილას ყოფნასაც კი ნატრობდა... საერთოდ, ასეთი ოცნებები ჩვეულებრივი ამბავია სამოქალაქო სექტორში დაფრთიანებული ახალგაზრდებისთვის და ვინც ეს ჰომოფობიაში ჩამითვალოს, ის იყოს შორენა შავერდაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი და ნინია კაკაბაძე, ერთად აღებული.

 

31. 10 – ამის შემდეგ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ  სიღნაღის მუზეუმში გამოფენა - „საქართველოთი მონუსხული“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ამერიკელი ჯონ უერდმანის, რუსი ილია იაჩენკოსა და უკრაინელი ივან კუგაჩის მიერ შესრულებული 60-მდე რეალისტურ-იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევარი. ნამუშევრებზე ვხედავთ ყოველივე იმას, რამაც უცხოელი მხატვრები მონუსხა - მთავარსარდალი სააკაშვილი, ელჩი ბეგაშვილი, მინისტრი გოროზია, კალათბურთის გულშემატკივარი ეკა ხერხეულიძე, შუშანიკისა და „რომის პაპას“ ფანი დომენტი სიჭინავა და ა.შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ორ მხატვრულ ტილოს - „გოკა გაბაშვილი წინ მიუძღვება ქართულ ჯარს“ და „გივი თარგამაძე ამთქნარებს“. მომავალში, ალბათ შეიქმნება ქართული „გერნიკა“ – „ზაზა გოროზია საქმეს შეუდგა“.

 

07. 11 – მთავარი კითხვა არ არის, მთავარი გაგებაა. ისე კი, იქ მართლა იყო რამდენიმე საქმიანად ყურადღებიანი და პროფესიულად ცნობისმოყვარე, მაგრამ სამას პინგვინში გათქვეფილი რამდენიმე მერცხალი გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს.

სრული სერიოზულობით ვიტყვი: ივანიშვილის პრესკონფერენციამდე მეგონა, რომ ქვეყანას ნიჭიერი არამზადები მართავდნენ, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ საქართველო იდიოტი ნაძირალების ხელშია.

გამიგია, ნაშვილები ბავშვები მშვილებელ მშობლებს სახით ემსგავსებანო. ახლა ვხვდები, ნაციონალური არხების შორენებს, ნინოებს, გვანცებს და ა.შ. რატომ აქვთ დაჭყლეტილი სიფათები – რვა წელია პალიკო კუბლაშვილს და ნუგზარ წიკლაურს თვალს არ აშორებენ. ისე, თუ შეამჩნიეთ, როგორ გვანან ერთმანეთს კობა ხაბაზი და ნინა წკრიალაშვილი!

 

14.11 – კახელმა პირველად ნახა კენგურუ. უყურებს, უყურებს და უცებ კენგურუს ჩანთიდან პატარა კენგურუმ ამოყო თავი. „ვააა - გადაირია კახელი - პირველად ვხედავ, ასო თავის პატრონს აგრე გავდეს“.

რაც დრო გადის პატრონს სულ უფრო დაუფრო ემსგავსებიან გიორგი თარგამაძე (ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა) და დავით გამყრელიძე (ზიზია მემარჯვენეები). ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე სამი ნიუსი: „მიხეილ სააკაშვილი ლონდონში გაემგზავრა“, „გიორგი თარგამაძე ლონდონში გაემგზავრა“, „დავით გამყრელიძე ლონდონში გაემგზავრა“. ამას ასეთი სათაური მოყვა - „მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ტაუერში სიტყვით გამოვიდა“.

პატრონი - პატრონია, და იმის პატრონია, რომ ტაუერში სიტყვით სწორედ ის უნდა გამოსულიყო. რას აკეთებდნენ ამ დროს თარგამაძე და გამყრელიძე? ვერ გეტყვით. შესაძლოა, სადმე ისხდნენ. სხვათა შორის, იმ დღეს ლონდონელებმა შენიშნეს, რომ ტაუერის ბინადარ ცნობილ ყორნებს შორის ორი ყვავიც იჯდა. ერთ ყვავს ნისკარტით „შირნჰოფერის“ ძეხვი ეკავა, ხოლო მეორეს, რატომღაც, ცალი თხილამური გაედო მარჯვენა მხარზე.

 

21.11 – ველოსიპედს შეგაძულებენ ეს ჩემის ორიათასსამიანები!

აბა, სცადეთ და კვერცხებზე გაიარ–გამოიარეთ.

ფრთხილად, ბატონებო, მამალი ძროხები ლაყე კვერცხებს დებენ!

მამალი ძროხის მორიგ კვერცხობა ასე ჟღერს: „შეიძლება გრძნობდე, რომ შენი ქვეყანა არ გაფასებს და არ ყავხარ ისეთ კვარცხლბეკზე, როგორიც დაიმსახურე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ შენი ქვეყანა გძულდეს და გაყიდო“.

დედალი ძროხები ტაშს უკრავდნენ და აღტაცებულები ბღაოდნენ და შემდეგ, როდესაც ბანკეტზე იცოხნებოდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ – საკმარისი საფუძველი რა არისო. „...ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ შენი ქვეყანა გძულდეს და გაყიდო“ – ლეგენდარული სიტყვებია, ლეგენდარული მოსაზრება. მარქსმა „კაპიტალი“ დაწერა, ენგელსმა – „ანტიდიურინგი“, ლენინმა – „რა ვაკეთოთ“, მიხეილ სააკაშვილი კი წერს სახელმძღვანელოს „საკუთარი ქვეყნის სიძულვილის საკმარისი საფუძვლები“.

 

28.11 – „დაუნ ვიზ დიკტეიტე!!! დაუნ ვიზ დიკტეიტე!!!“ - თეთრი სახლის წინ მოწყობილი „აქცია“ უკვე სასაცილო იყო, მაგრამ ნათელაშვილის ამ შეძახილებმა ყველას მუცელი აატკივა. „შალვა ნათელაშვილს თავის დროზე რომ ევლო ინგლისურის კურსებზე, შეიძლება არ დასჭირვებოდა ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის წამოძახება, რომ უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში... მაგრამ მარტო წვრთნა რას უშველის, თუ ბუნებამაც არ უშველა, თუმცა ჩვენი ხალხი ზოგადად ძალიან ნიჭიერია“ - მიშას სამასხარაოდ როგორ უნდა გაიხადო თავი?! ჯერ მიშა რა არის და მერე...

 

05.12 - მთავარი ამბავი „მაესტრო“ იყო და, არ ვიცი, თავიდანვე მანდ დამარხეს ძაღლის თავი თუ შემდეგ დაიმარხა. უფრო, ალბათ – შემდეგ... „მაესტროზე“ გადაცემაა ასეთი – „გამოკითხვა“, რომელიც თამუნა კვარაცხელიას მიყავს. ხომ გახსოვთ – დაისმება შეკითხვა და შენ უნდა დარეკო და უპასუხო, აზრი გამოთქვა. რეკავენ და აზრებს გამოთქვამენ, ხშირად – სასაცილოს. თუმცა, არ მახსოვს, ხუთშაბათს თუ პარასკევს, როდესაც თამუნამ იკითხა – ჰა, აბა, რა აზრის ხართ ცხინვალში მიმდინარე პროცესებზეო, ერთმა ქალბატონმა დარეკა და აღშფოთება პირდაპირ გულიდან ამოთქვა: „რა დროს ცხინვალია?! ცხინვალი საკუთარ თავს თვითონ მიხედავს, ისა სჯობს, „მაესტროს“ მივხედოთ“.

ცხინვალი თვითონ მიხედავს საკუთარ თავს... ჰოდა, არ ვიცი, ორი კვირის წინ კვერცხიან შლოპანცებს და უსააკაშვილო ველოსიპედებს რომ გადავყევით და ყველაფერი მიგვავიწყდა, „მაესტროს“ ამბავი ამ ამბავში ხომ არ გადის?

არ გადის, მაგრამ... გადის. გავიდა. ქალბატონმა – რა დროს ცხინვალიაო.

 

12.12 - „მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულში რაიონული საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლაში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა ხაშურში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა კასპში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა ზესტაფონში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა“... – გასულ კვირაში ყოველდღე და ხანდახან დღეში სამჯერ ვკითხულობდი ასეთ სათაურებს და ხმამაღლა, ქართულად ვოცნებობდი, რომ დადგება დღე, როდესაც ნიუსების ლენტაში ამოვიკითხავ, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის გაიხსნა ფსიქიატრიული საავადმყოფო“, „სპეციალურად ნუგზარ წიკლაურისთვის გაიხსნა ზრდილობის კურსები“, „ყოფილი კმარელებისთვის გაიხსნა კარცერი–ლუქსი“... ოღონდ, ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას იმ შრომა–გასწორების კოლონიის ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალურად ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის გაიხსნება. კოლონიის სახელწოდება იქნება „მიხეილის ცენტრალი“ და განთავსდება ანაკლიასა და ფოთს შორის. 

 

19.12 - „როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არის შევარდნაძის კარის წითელი ინტელიგენციის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში“ - თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომელი საავადმყოფოს ღირსია ამ სიტყვების ავტორი, ნუგზარ წიკლაური. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არის ტრამვატოლოგიური, მაგრამ სად მკურნალობენ სკლეროზიანებს? სააკაშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე, გოგორიშვილი, ცისკარიშვილი, გაბაშვილი... - აი, შევარდნაძის კარის ინტელიგენციის არასრული ნაციონალური სია და ახლა ის გადავწყვიტოთ, როგორ იქნება ბოცო-ნუგზარას საქმე - ჯერ სკლეროზიანებში და მერე ტრამვატოლოგიურში თუ პირიქით. თქვენ გადაწყვიტეთ.

 

26. 12- ნაციონალური მოძრაობა იქნება ახალ ოფისში – კახეთის გზატკეცილზე, #45ა-ში, ანუ – დიდ მწვანე ველზე დიდი მწვანე შენობა რომ დგას, იმის გვერდით, ანუ – ხერხემალთან. კარგად დაიმახსოვრეთ – კახეთის გზატკეცილი, #45ა. თუ ვერ დაიმახსოვრეთ, არც ეგ არის პრობლემა, შეგხვდებათ რომელიმე ბობოლა, ან, თუნდა ლაწირაკი ნაციონალი და ჰკითხავთ:

– სად არის თქვენი ახალი ოფისი?

– კახეთის გზატკეცილი, #45ა.

- როგორ, როგორ? – ვითომ ვერ გაიგეთ.

– 45ა.

და აქ, თქვენ ფართოდ გაიღიმებთ (კბილების რაოდენობას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ) და ძალიან დამაჯერებლად ეტყვით:

– ა და...

ზუსტად ასე უნდა უთხრათ. შეგიძლიათ დაიყვიროთ, შეგიძლიათ დაიღრიალოთ, დაიბღავლოთ, დასჭექოთ... შეგიძლიათ, კბილებში გამოსცრათ და შეგიძლიათ ამ დროს მარცხენა ხელის დარტყმით მარჯვენა ხელი იდაყვში მოხაროთ. სწორედ ასე უნდა მოიქცეთ...