შორენა ღლონტი, "გურიანიუსი"
"მაქვს თუ არა უფლება, გავხარჯო ელექტროენერგიის კილოვატსაათები? სად არის სამართალი? ეჭვიანობის ნიადაგზე სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერია? მომეცით დამამტკიცებელი საბუთი, რომ გადაცდომა ჩავიდინე", _ ეს განცხადება 27 დეკემბერს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აჭარა-გურიის ოზურგეთის სერვისცენტრის ოფისში, ამავე კომპანიის ოსტატმა ია რამიშვილმა გააკეთა. ის ერთადერთია იმ ათი გათავისუფლებული თანამშრომლიდან, ვინც კომპანიას თავისი უფლებების დარღვევაში ბრალი ღიად დასდო.
"ექსპლოატაციას გვიწევენ და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები არც კი დაუკონკრეტებიათ. ყოველ დილით აქ 60 ადამიანი იყრის თავს და დღეს არავინ არ არის, რადგან ყველა გაფრთხილებულია, ხმა არ ამოიღონ. ვინც ადგილზეა, ისინიც ვერ შემოდიან ოთახში, რადგან ეშინიათ, რომ დაატოვებინებენ სამსახურს. ვითხოვ, გამცენ კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს", – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას რამიშვილმა.
მას ჯერ არ გადაუწყვეტია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს თუ არა სასამართლოს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ამისთვის გარკვეული ფინანსებია საჭირო: – თუ სასამართლოს მივმართავ, მეტსაც მოვითხოვ. უკვე ძალიან მძიმე მორალური და ემოციური დარტყმა მომაყენეს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეარყია ჩემი ჯანმრთელობა.
მისი განმარტებით, სამსახურიდან დათხოვის მიზეზი ელექტროენერგიის მომატებული ხარჯვა გახდა. რასაც მე გადავიხდი მოცემული დროის განმავლობაში, ანუ დათქმულ ვადებში. ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, თანხა დროულად არ გადამეხადოს.
"მოხსენებითი ბარათის დაწერა მომთხოვეს, მე მივეცი ახსნა-განმარტება დეტალურად, თუ რას შეიძლებოდა, გამოეწვია გახარჯული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი. არ მაქვს კილოვატსაათების ხარჯვის უფლება?! ან რა უზნეობაა, როცა გაძლევ ახსნა-განმარტებას და გეუბნები, რომ ბავშვის ავადმყოფობის გამო მოხდა კილოვატსაათების მომატებული ხარჯვა და მეუბნები, თქვენ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდანო. წინასაახალწლო სიურპრიზი მომიწყო "ენერგო-პრო ჯორჯიამ" თუ ყაჩაღების ჯორჯიამ", – დააკონკრეტა სამსახურიდან გათავისუფლების ახალი მეთოდები უკვე ყოფილმა თანამშრომელმა.
"ზამთარია და ელექტროენერგია გათბობის მიზნით მოვიხმარე. გასულ თვეში 300 კილოვატსაათი, ახლა ნახევარ თვეში კი მრიცხველმა 900 კილოვატსაათი აჩვენა. გამაგებინეთ, რა საეჭვო გარემოებაა ჩემი მხრიდან. მრიცხველს დაბალი კილოვატსაათების გახარჯვა ხომ არ უჩვენებია? საღამოს დამიკავშირდა სერვისცენტრის მენეჯერი და მკითხა, კონტროლს თუ უწევ მრიცხველსო, რამ განაპირობა ამდენი კილოვატსაათის მოხმარებაო. ახსნა-განმარტებითი ბარათი მივუტანე, სადაც ვწერდი, რომ ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან დღემდე, ოჯახი სარგებლობს ელექტროგამათბობლით. მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მისი ოთახის გასათბობად ვიყენებთ ელექტრორადიატორს და სხვა ელექტრო ტექნიკას. ამის შემდეგ შვიდ ტექნიკოსელექტრიკოსს დააწერინეს განცხადება გათავისუფლების შესახებ. მითხრეს, რომ ჩემზე დაკვირვება მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს, გამაცნეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რასაც მე არ დავეთანხმე და ხელი არ მოვაწერე", – გვითხრა მან.
– 50 წელია, ამ სისტემაში ვმუშაობ და მსგავს უსამართლობას ჩემს მიმართ არასდროს ჰქონია ადგილი. ბოლო პერიოდში, სოფელ ასკანის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე ვმუშაობდი, დღემდე კი _ დაბა ლაითურის. ჩემი მოვალეობა იყო, პროცესის ზედამხედველობა გამეწია; ფიზიკურად ვმონაწილეობდი, შესრულებულ სამუშაოს წუნი ვერ უპოვეს და კილოვატსაათების მოხმარებისთვის გამათავისუფლეს! ვითხოვ, გამცეთ კონკრეტული პასუხი, რატომ გამათავისუფლეთ. აქ არის სერვისცენტრის უფროსი, მთავარი ინჟინერი და თქვან, თუ დავისვენე ერთი დღეც კი, არასამუშაო საათებშიც საქმეს ვაკეთებდი.
ამ დროს მას აღნიშნული კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, გია ნაკაიძე შეეპასუხა: – არ დაგისვენია, იმიტომ, რომ ჩვენ დასვენების საშუალება არ გვაქვს. საქმეა გასაკეთებელი. შაბათ-კვირას მუშაობისთვის ანაზღაურებას იღებენ თანამშრომლები.
ია რამიშვილი: – მაშინ, მითხარით, რამდენი დღე ვიმუშავე, სად არის ბრძანებები და არის თუ არა შესაბამისი კომისია გამოყოფილი. გროშებია არასამუშაო დღეებში დამატებითი საქმიანობისთვის და მე ისიც არ ამიღია.
გია ნაკაიძე: – გროშებს რას ეძახით, თქვენ? ჩვენს თანამშრომლებს ხელფასი 700 ლარი აქვთ. ოზურგეთის პირობებში ეს მაღალი ხელფასია. თქვენ რამდენი გაქვთ ხელფასი? – ჟურნალისტებს დაუსვა შეკითხვა ნაკაიძემ.
ია რამიშვილი: – ხელზე 640 ლარს ვიღებდი. იმისთვის არის შაბათ-კვირა, რომ დაისვენოს ადამიანმა, ხელფასი კი სამუშაო დღეებში მუშაობისთვის მეძლეოდა. აქ სულის ამოხდენამდეა მუშაობა. პირდაპირ ვამბობ, ეს არის მონათმფლობელური კომპანია და ხმის ამოღებისას, სამსახურის დატოვებით გვემუქრებიან. სპირიდონ სულანჯიები ვართ, "პოლიქრონიონ" უნდა ვიმღეროთ ნამდვილად, რომ გვირაბში არ შეგვყარონ. ნუთუ ასე ჩალით დახურულია ჩვენი ქვეყანა? 50 წელზე მეტია ამ სისტემაში ვმუშაობ, აღმასვლაც მქონია და დაღმასვლაც. მეცნიერ-მუშაკიც ვიყავი, მუშის დამხმარეც და ხელმძღვანელიც, მაგრამ ასე შეურაცხყოფილი, ასე დამცირებული არასდროს ვყოფილვარ.
– დეტალები შეგიძლიათ, გაარკვიოთ იურისტებთან და მიმართოთ პრესსამსახურს. ეს ადამიანები სამსახურიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდნენ, – გვითხრა აღნიშნული კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა, გია ნაკაიძემ.
– ფილტვების ანთება მაქვს და არ ვფლობ ინფორმაციას, – ერთი წინადადებით შემოიფარგლა ზემოთ ნახსენები კომპანიის აჭარა-გურიის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
1034
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85