ელისო ჩაფიძე, "რეზონანსი"
"ბუნების კანონები ხომ არსებობს, დედა? დავარდნილ ადამიანს რომ სინათლე არ უნდა გამოურთონ, სიცოცხლის ძაფი რომ არ უნდა გადაუჭრან, ამის ადამიანური კანონები არ არსებობს, დედა?" - ზანდა ბერულავას ხმაში საოცარი ინტონაციებია. არც არის გასაკვირი. 30 წელი შეუცვლელი ტოსკა, ოპერის ცნობილი მომღერალი, ღირსების ორდენის კავალერია.
მისი ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც საწოლში წევს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 14 წელია, საწოლსაა მიჯაჭვული. 14 წლის წინათ ის სეფსისის ცენტრში მოიყვანეს. ავადმყოფობის გამო გაყიდული აქვთ სახლ-კარი. სეფსისის ცენტრის მესამე სართულზე გაჭირვებითა და რუდუნებით გადის დრო. ავადმყოფს სერიოზული მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეხმარებიან კეთილი ადამიანები. მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანიცაა. ისინი საკუთარ გვარ-სახელებს არ ამჟღავნებენ.
ისინი ახალ წელს, შესაძლოა, სრულ სიბნელეში შეხვდნენ. უკვე 29-ე დღეა, შუქი არა აქვთ. "ერთადერთ რამეს ვითხოვ. ელექტროენერგია მჭირდება, რომ ეს ლეიბი ჩავრთო და ჩემს შვილს ნაწოლები არ გაუჩნდეს. გემუდარებით, გეხვეწებით, დამეხმარეთ, ნუთუ აღარ არსებობს არანაირი ადამიანური კანონები ამ ქვეყანაზე?" - კითხულობს გიორგი აბაშიძის დედა, ზანდა ბერულავა.
ამ წერილში არ გვინდა არავისი დადანაშუალება, არც საავადმყოფოს ხელმძღვანელობის, რომელსაც თურმე დიდი დავალიანება აქვს, არც "თელასის", რომელიც აბონენტს ვერ აიყვანს სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, არც იმ ადამიანების, რომლებიც მშვიდად და ლაღად გადაიხდიან ათასებს საახალწლო ზეიმებში. ამ წერილით მხოლოდ იმის თხოვნა გვინდა, რომ ყველამ, ვინც წაიკითხავს, დაფიქრდეს და ვისაც შეუძლია, დაეხმაროს მას, ვისაც ეს სჭირდება.
და მაინც, მიჩნდება კითხვები - რატომ ვცხოვრობთ ჩვენ სახელმწიფოში, რომელსაც არ ენანება მილიონები ხულიო იგლასიასის ჩამოსაყვანად და არ შეუძლია, შუქი ჩაურთოს საკუთარ უმწეო მოქალაქეს, დამსახურებულ სახალხო არტისტს, ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობა და ენერგია ქვეყანას შესწირეს? რატომ არ შეიძლება, ქალბატონი ზანდა ბერულავას სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში არსებობდეს ადამიანური და არა - ჩინოვნიკური კანონები. რატომ არ უნდა შეგვეძლოს ჩვენ, 4,5 მილიონ მოქალაქეს, მოვუაროთ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და ვიყოთ ვალმოხდილები მათ წინაშე?
იქნებ, როცა საახალწლო სუფრას შემოვუსხდებით, არა მხოლოდ ვადღეგრძელოთ, არამედ რეალურად გაგვახსენდეს ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს თანადგომას საჭიროებენ. და ყველაზე მეტად, ახალი წლის წინა დღეს ისევ იმის იმედი მაქვს, რომ შმიდტის ქუჩაზე გამოჩნდებიან კეთილშობილი მოქალაქეები, რომლებიც თუნდაც მხოლოდ ელექტროლეიბის ჩასართავ ელექტროენერგიას მისცემენ გიორგი აბაშიძეს. და შეიძლება, ნაკლებად, მაგრამ მაინც მაქვს იმისი იმედი, რომ ასეთ ადამიანებზე იზრუნებენ ისინი, ვისაც ეს თანამდებობრივად და ინსტიტუციურად ევალებათ. ადამიანებზე, რომელთაც მათზე ნაკლები როდი გააკეთეს ქვეყნისათვის, მაგრამ ბედისწერის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რატომ უნდა იყოს შეუძლებელი, რომ დედა-შვილი ზანდა ბერულავა და გიორგი აბაშიძე ახალ წელს ჩაბნელებულ ოთახში, უსასოო მდგომარეობაში არ შეხვდნენ ამ ჩვენს აღმშენებლობის გზაზე დამდგარ "ღიმილიანი" პროგრამის საქართველოში?
1196
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85