ახლა ისრაელი ხანუკას დღესასწაულს აღნიშნავს. ორი კვირის წინ კი ქალაქ ორ ეუდას მკვიდრი ქართველი ებრაელები ახალაზრდა წყვილის ქორწილს მართავდნენ. 600 სტუმართა შორის ექვსნი საქართველოდან ვიყავით ჩასულები. ძლივს მოვახერხეთ ამ ბედნიერი წუთების, თუ საათების გაზიარება.
მანამდე ისრაელის საკონსულომ მოულოდნელად დამირეკა, ვიზას გაძლევთ და ბილეთი მოიტანეთო. მე უკვე იმედი გადაწურული მქონდა, თუმცა, სწორედ ამ ქორწილში გასამგზავრებლად მისაღები ვიზისთვის დავბრუნდი ევროპიდან. მთელი კვირა გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი და მხოლოდ ქორწილის წინა დღეს, გაფრენამდე 6 საათით ადრე მივიღე ვიზა.
ღვთის მადლობელი დავრჩი, რადგან იმ ქორწილზე დასწრების შესაძლებლობა შემექმნა, რომელიც საქართველოშიც უნდა გამართულიყო. მაგრამ საქართველო-ისრაელს შორის არსებული არაოფიციალური დაძაბულობის გამო ჩაიშალა.
ქორწილის მთავარი გმირი, ანუ სიძე, ლერი ბერაძე, დედით დავარაშვილი, ისრაელში ცნობილი მოცეკვავეა. ქართულ-ებრაული ქორწილების უმეტესობა მის მიერ შესრულებული ქართული ცეკვებით იმართება. განსაკუთრებით ცნობილია ლერის მიერ თავზე კონიაკის ბოთლით მოხდენილად შესრულებული “კინტაური”.
მისი რჩეულიც, ტალი ტორი, ანუ ტორიკაშვილი, წარმოშობით ქართველია. მამა თბილისელია, დედა კი – ქართველი ებრაელების ოჯახიდანაა, გორში დაიბადა და გაიზარდა. ბერაძე-დავარაშვილების ოჯახისაგან განსხვავებით, თორები 70-იან წლებში “ავიდნენ” საქართველოდან ისრაელში და ტალიც იქ დაიბადა. თუმცა, მისი დისა და ძმების მსგავსად, ქართული საუბარიც შეუძლია და ცეკვაც. ბერაძეებს კი მეორე ვაჟი დავითი, ისრაელში შეეძინათ.
ქორწილი საქართველოში ჯერ ვერ შედგა, რადგან აგვისტოში ლერის, როგორც ისრაელის მოქალაქეს და ჯარისკაცს, საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. ახლა, როცა ებრაელი ბიზნესმენები საპატიმროდან სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს, ზაზა ბერიძეს და მარინა დავარაშვილს იმედიც გაუჩნდათ, რომ ქართულ ქორწილს საქართველოში გადაიხდიან, აქ დარჩენილი ოჯახის წევრების მონაწილეობით.
პირველად ვმგზავრობდი ისრაელის მიმართულებით. ღამის ათი საათი ხდებოდა, ილუმინატორიდან ზღვის სანაპიროზე ფერადი ნათურებით მოელვარე ულამაზესი და უზარმაზარი ტერიტორია რომ გამოჩნდა. მანძილი მიწამდე თანდათან მცირდებოდა, მივხვდი, რომ წმინდა მიწაზე ვეშვებოდით და გული ამიფრიალდა. ისრაელში ჩასვლისთანავე თვალშისაცემი იყო თელ–ავივის აეროპორტის მასშტაბურობაც და არქიტექტურული ღირებულებაც.
ევროპის დიდი აეროპორტებიდან არაერთხელ მიმგზავრია, მაგრამ ყველგან თვალს იზიდავს სხვადასხვა პროდუქციის რეკლამები. აქ კი კედლებზე დაკიდული მხატვრული ნაწარმოებების გარდა, ყურადღება მიიქცია შენობის გარეთ, პალმებში დეკორატიულად განთავსებულმა ივრითულმა წარწერამ, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ უკვე ისრაელში ვართ.
საპასპორტო კონტროლის გავლისას გამაოცა მესაზღვრე გოგონას მიერ რუსულად დასმულმა შეკითხვამ: „ნინო, რა მიზნით ჩამოხვედით ისრაელში?” რაკი უცხოელი ჩემთვის გასაგებ ენაზე მესაუბრებოდა, სიხარულისაგან სხაპასხუპით ვუპასუხე, თუმცა, ევროპის ქვეყნებში ინგლისურად დასმული შეკითხვებიც კი ძნელადგასაგებია, მათი მშობლიური აქცენტის გამო.
აეროპორტიდან გამოსვლისას დამხვდურებმა მითხრეს, რომ ისრაელში რუსულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგებ, რადგან დიდია რუსული ემიგრაციის ტალღა და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ამოსულ ებრაელობასაც საერთო ენის გამონახვა არ უჭირს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჰავისა და წყლის ქართულთან შედარებაც კი შეუძლებელია, თბილმა კლიმატმა მაინც დადებითად განგვაწყო. საქართველოდან თბილად ჩაცმულებს მალევე დაგვცხა. ამდენად, ქორწილისთვის მოკაზმვის სურვილიც გაჩნდა. ზაზა ბერაძემ აეროპორტშივე უსიამოვნოდ აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთის წინ იმედის არხზე, ქართველ ებრაელთა „მილიონიანი ქორწილი“ აჩვენეს. მისი თქმით, ბევრი რამ გადაჭარბებულად ითქვა.
“არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს. ხვალ შენ თვითონ ნახავ, როგორი ქორწილი იქნება. მაგრამ მილიონი არც დოლარი დაგვიხარჯავს და არც შეკელი” – მითხრა მან. მე ვუთხარი, რომ გადაცემა არ მინახავს, რადგან სწორედ მაშინ თვითმფრინავით ისრაელისკენ მოვფრინავდი.
მეორე დღეს მე და ჩემი მასპინძლები, ელისო და თენგო კილაძეები და ელისოს ქალიშვილი მარიკა გერაძე, ქართული ტრადიციისამებრ, ქორწილში ცოტაოდენი დაგვიანებით მივედით. მანქანით ელისოს ბიძაშვილმა, ექიმმა ანესთეზიოლოგმა ირაკლი კილაძემ გამოგვიარა – როგორც საქართველოში ხდება, ოღონდ ერთი უბნიდან მეორეში კი არა, ერთი ქალაქიდან მეორეში. თუმცა, კირიატ ონოდან ორ ეუდამდე ისე მოკლე მანძილია, როგორც საბურთალოდან დიდუბემდე. ორ ეუდაში მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე კირიატ ონოში.
ლამაზად გაფორმებული დარბაზი თანდათან ხალხით ივსებოდა. მასპინძლები ქართველ ებრაელებზე მიმანიშნებდნენ, რომლებიც აშკარად ჭარბობდნენ ადგილობრივებს. ყველა ერთმანეთს ესალმებოდა და დიდი მონატრებით მოიკითხავდნენ ოჯახის წევრებსაც. აშკარა იყო, რომ დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო, იშვიათად ახერხებენ შეხვედრებს. ბევრი მოზარდი დიდი ხნის უნახავ თანატოლს შეხვდა. სახეზე ყველას სიხარული ეტყობოდა. განსაკუთრებით კი ლერის და ტალის ბედნიერებით იყვნენ კმაყოფილები და მოუთმენლად ელოდნენ მათ გამოჩენას.
600–კაციანი დარბაზი ცალ-ცალკე მაგიდებით რომ შეივსო, შოუც დაიწყო და წამყვანმა შაბიმ, რომელიც ასევე ქართველი ებრაელი გახლავთ, სტუმრებს ჯერ სიძე-პატარძლის მშობლები და დედმამისშვილები წარუდგინა, შემდეგ – სიმონ ჯანაშვილის ქართული ცეკვის ანსამბლი, მათ კი ხმლების ქვეშ გამოატარეს ნეფე–დედოფალი.
ყველანი ფეხზე მდგარი შეხვდნენ ბედნიერ წყვილს, რომელსაც უკვე 5 წელია უყვართ ერთმანეთი. სწორედ ამიტომ, მათი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად (ორივენი 21 წლის არიან), მშობლებმა ოჯახის შექმნაზე უარი არ უთხრეს. მე გავიკვირვე, აქაც ასე ახალგაზრდები თუ ქორწინდებოდნენ, არ ვიცოდი-მეთქი, მასპინძლებმა კი მითხრეს, ეს გამონაკლისი შემთხვევააო. მათი ოჯახები ერთ უბანშიც ცხოვრობენ და ამდენად, უცხო გარემოში არ მოუწიათ ერთმანეთთან შეგუება.
ულამაზესი სიძე-პატარძალი იმ მაგიდასთან მიიპატიჟეს, სადაც უკვე ისხდნენ მათი ოჯახების წევრები. ქართული ქორწილისაგან პირველი განსხვავება ეს დავინახე. თუმცა, ქართული ქორწილები ისრაელში გავს თურმე ერთმანეთს, თორემ საქართველოში ბევრად განსხვავებულია. ეს არ იყო უბრალოდ ქორწილი გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით... პირიქით – ეს იყო ლამაზი სანახაობა, ქართული ცეკვების თანხლებით. ამიტომაც ებრაელები ქართულ ქორწილს, სადაც სიმონ ჯანაშვილის მოსწავლეები ცეკვავენ, კონცერტს ეძახიან.
აი ასეთი კონცერტის მონაწილენი გავხდით საქართველოდან ჩასული “მექორწილეები”. პირველ ნაწილში სიმონ ჯანაშვილის ქართული ცეკვის ანსამბლმა დაანთო ცეცხლი. იგი პირველი ქართველი ქორეოგრაფია, რომელმაც ისრაელში ქართული ცეკვა ააღორძინა (მის შესახებ ცალკე გიამბობთ). მეორე ნაწილში კი დარბაზში თამაზ ციციაშვილის აღსაზრდელებმა, ქართული ნაციონალური ბალეტის სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებმა აგვაღელვეს და ქართულ რიტმებში კვლავ აგვიყოლიეს.
ქართველ ებრაელობას განსაკუთრებით დაეტყო ღელვა, მითუმეტეს, რომ ბევრი სტუმარი, მათ შორის – ჩემი უშუალო მასპინძლებიც, სანახევროდ არიან ებრაელები, მათ მხოლოდ ბებიების ებრაელობით შეძლეს ისრაელში დამკვიდრება. მათ სახეზე ცრემლი დავინახე, ეს განცდა მეც მქონდა. ამდენად, მათი განწყობა ჩემთვის გასაგებიც იყო.
ქართული ცეკვა ყოველთვის ამაღელვებელია ქართველისათვის, მით უფრო, თუ ამას სიძე-პატარძალი ასრულებს და ისიც უცხო ქვეყანაში. ქორწილის სანახაობრივი ნაწილის დამაგვირგვინებელი მომენტიც სწორედ ლერისა და ტალის ქართული ცეკვა იყო. ტალი სულაც არ იმჩნევდა, რომ ლათინურ ცეკვებს ფლობს და ქართულის დადგმისთვის რამდენიმე საათი ეყო. წყვილის ირგვლივ უამრავი ადამიანი მობილური ტელეფონებით იღებდა ცეკვას. ბოლოს ლერიმ თავზე კონიაკის ბოთლი დაიდგა, ჭრელი ბაღდადიც ააფრიალა და კინტაური დაუარა. ხალხმა ისევ მიატოვა სუფრა და წრე შეკრა. ატყდა ფოტოების ნათება და “აიფონების ცვენა“, – როგორც ჩვენში იტყვიან.
მთავარი იყო, რომ ლერი და ტალი ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ლერის სიძის ამპლუას კიდევ არანაკლებ ხიბლს მატებდა მისი მოხდენილი ქართული ცეკვები. მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ და სტუმრებიც.
მთელ ამ სანახაობას ორი პროფესიონალური კამერა იღებდა და დარბაზის კედლებზე პირდაპირ ეთერში ჩვენების გარდა, სამახსოვროდაც (სამონტაჟოდ) იწერდა. სტუმრების გადასაღებად ორი პროფესიონალი ფოტოგრაფი მუშაობდა და რამდენიმე წუთში დარბაზის კარებთან სტენდზე მაგნიტით მიმაგრებული ფოტოების რაოდენობა იზრდებოდა. ეს ფოტოები მაცივარზე მისაკრავად არის განკუთვნილი. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათი კოპირების შეკვეთა.
ქორწილი დიდხანს გაგრძელდა. თავდაპირველად ისე გავერთე ამ სანახაობით, რომ სუფრაზე დადებული ძვირფასი კერძების დაგემოვნების სურვილიც არ მქონდა. ქართული ცეკვები ებრაულმა თანამედროვე სიმღერებმა და ცეკვებმა შეცვალა. საოცარი იყო ის, რომ თითქმის ყველა ასაკის სტუმრები ცეკვავდნენ, მათთან ერთად – ლერი და ტალიც, მათი მშობლები, და-ძმები და ნათესავები. უკმარისობის გრძნობა მხოლოდ იმან დამიტოვა, რომ არც “თბილისო” უმღერიათ და არც “ჰავანა გილა”, რაც საქართველოშიც კი არ დავიწყებიათ... (ებრაულ სიმღერას ვგულსიხმობ).
სამაგიეროდ, ცოცხალად შესრულებულ ებრაულ სიმღერებს მთელი დარბაზი ჰყვებოდა. პატარძლის უმცროსმა ძმამ, ბენიმ კი მომღერლებს რამდენჯერმე გამოართვა მიკროფონი და, შეიძლება ითქვას, რომ მათზე ნალებად ნამდვილად არ უმღერია. კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ებრაელი ავიდა ბოლოს სცენაზე. მის დანახვაზე ბევრმა ახალგაზრდამ სიხარული ვერ დამალა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყმაწვილიც ქართული ცეკვის ანსამბლში “იზრდებოდა” და დავაჟკაცებული მისმა თანატოლებმა კინაღამ ვერ იცნეს. მათმა პედაგოგმა სიმონ ჯანაშვილმაც სიამაყით მითხრა, რომ ეს ბიჭი მისი გაზრდილია, მისი ანსამბლი კი ქართული ქორწილების თითქმის 80 პროცენტს ალამაზებს. როგორც იქაური ქართველები ამბობენ, ის ამით ფასდაუდებელ ქართულ საქმეს აკეთებს.
იყო მხიარულება, სიმღერა, ცეკვა, “ხალისობა”, მაგრამ არ იყო ყურთასმენა, რამაც ზოგიერთ ქართველს ხმის ტემბრი შეუცვალა. მათ მონატრებული ადამიანების მოკითხვისათვის ხმამაღლა საუბარი უწევდათ. ამით ეს ქორწილი, თუ შოუ, მართლაც გავდა ქართულ ქორწილსაც და ქართულ რესტორანში გადახდილ წვეულებასაც. სამაგიეროდ, სუფრა აყალ-მაყალისა და გაუგებრობების, ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის გარეშე დასრულდა და სტუმრებიც მშვიდობიანად დავიშალეთ.
მეორე დღეს დილის 6 საათიდან ადგილობრივი სტუმრებიც და ოჯახის უფროსებიც სამსახურებში გამოცხადნენ. “პახმელიაზე” გამოსვლის მიზეზით გაცდენა იქ არ მოდის... დასვენების უფლება მხოლოდ ახლადდაქორწინებულებს მიეცათ.
ქორწილზე მოსულ სტუმებს შორის ბევრი ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, ამ 5 დღის განმავლობაში მათთან სტუმრობაც მოვახერხე, მათი საქართველოსთან დამოკიდებულებაც შევიტყვე და ყველაზე დიდი ოცნების, იერუსალიმის მოლოცვის ასრულებაც მოვახერხე. კიდევ ბევრი საინტერესო განსხვავება აღმოვაჩინე ევროპულ და ებრაულ ქართულ ემიგრაციას შორის. ყოველივე ამის შესახებ ცალ-ცალკე გიამბობთ.