ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, დიოგენეს მსგავსად, რომელიც დღისით–მზისით ანთებული ფარნით დადიოდა ქუჩებში და ადამიანებს ეძებდა, ქართველმა ჟურნალისტებმაც თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების საძებნელად სიმბოლური აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შუადღისას სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ წინ შეიკრიბნენ და ანთებული ფარნები დაიჭირეს - ზოგს ძველებური ფარანი ეჭირა, ზოგსაც - თანამედროვე, ზოგიერთებს კი ე.წ. მეშახტის ფარანი ჰქონდათ შუბლზე დამაგრებული. ჟურნალისტებს თანადგომა მედიაექსპერტებმა და ყველა იმ ადამიანმა გამოუცხადა, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება ძვირფასია.
ფარნების აქცია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ინიციატივით გაიმართა, თუმცა აქციაზე თბილისში გამომავალი თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო წარმოდგენილი: „ასავალ-დასავალი“, „presage.tv“, „მაესტრო“, „ალია ჰოლდინგი“, „კვირის პალიტრა“, „ვერსია“, „რეზონანსი“ და სხვა. მედიის წარმომადგენლებს ხელში პლატაკები ეჭირათ, წარწერით: „ჩვენ ვაშუქებთ! სააკაშვილი აბნელებს!“
აქციის მონაწილეებს, ასევე, ეჭირათ პლაკატი: „აქ არაფერი იყიდოთ, ამან წაართვა პრესას ჯიხური“. როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს პლაკატი ყველა იმ ჯიხურზე გაიკვრება, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დაიდგმება. აქციაზე პრესის გამავრცელებლები სპეციალური ურიკებით მივიდნენ, რომლითაც ისინი მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონისა და პრესის ჯიხურების აღების შემდეგ ჟურნალ-გაზეთებს ავრცელებენ. მოგვიანებით ჟურნალისტებმა იმ ადგილებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც პრესის ჯიხურები აიღეს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი დოლიძის ასახვევში მდებარეობს. presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
რეჟისორი და პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა ძველებური ფარნით მივიდა აქციაზე. იგი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ქართული მედია სიბნელეში ამყოფოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად უიმედო მოქმედებაა მათი მხრიდან.
„ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება არ დათმობს თავისუფალ პრესას, სიტყვის თავისუფლებას, „ალიას“, „ასავალ-დასავალს“, „მაესტროსა“ და სხვა მედიაგამოცემებს. ჩვენ ერთხელ უკვე ეგ შეცდომა მოგვივიდა და მოროდიორებს „იმედი“ ჩავაბარეთ. ვფიქრობ, მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ ჩვენი ერთიანობა ამის საწინდარია. ჟურნალისტებს ერთიანობით ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ. ყველანი შევიკრიბებით და გავაგრძელებთ ამ შეკრებებს მანამ, სანამ არ დამთავრდება სიბნელე ამ ქვეყანაში“, - გვითხრა გოგა ხაინდრავამ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი არა მარტო ფარნით, არამედ ტრადიციულად, სასტვენითაც იყო „აღჭურვილი“.
„ამ შემთხვევაში, ეს არის „ასავალ-დასავალის“ ინიციატივა, მაგრამ ყველანი ვეძებთ პრესას, ვეძებთ მედიის ჯიხურებს, რომლებიც გააქრეს ქალაქიდან. ერთი მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის, რომ ახალ წელს მედია ქუჩაში ხვდება. წესით, ახალი წლის წინა დღეებში ოჯახებში უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ საპროტესტოდ გვაქვს საქმე. მეორე მხრივ, მსიამოვნებს და მიხარია, რომ მედია ერთად არის, რაც იმედს მისახავს, რომ მომავალ წელს ყველაფერი კარგად იქნება“.
ამასთან, მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის პირობებში, არამედ ნებისმიერი პოლიტიკოსისა და ხელისუფალის დროს, რადგან რაც უფრო მოვდუნდებით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მით უფრო გაძლიერდება.
„დემოკრატიისთვის ბრძოლა არ არის ერთდღიანი და ორდღიანი. ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ცოცხლები ვართ“, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.
მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი საკმაოდ მოზრდილი ფარნით შეუერთდა აქციას, თუმცა presage.tv-სთან საუბარში არ დაუმალავს, რომ ფარანი არ აინთო: „ეს ჩემი პირადი ფანარია, სხვათაშორის, მოხდა ისე, რომ არ აინთო. ესეც სიმბოლურია, მე მგონი, ასე გაქრებიან „ნაციონალებიც“.
მისი თქმით, საზოგადოების ნებისმიერი წევრის მოვალეობაა, აქციას შეუერთდეს, რადგან არავისთვის უცნობი არაა, რომ ტელევიზიებთან დაკავშირებით დახშულია ინფორმაცია.
„მოგეხსენებათ, აბსოლუტურად ყველაფერი ხელთ უპყრია მმართველ პარტიას, პერიფერიებში ინფორმაცია ნულის ტოლია. იქაურებმა „მაესტრო“ რომ ნახონ ან „კავკასია“, ან კიდევ, ოპოზიციურად განწყობილი გაზეთები წაიკითხონ, იფიქრებენ, რომ ეს სხვა ქვეყანაა. სააკაშვილმა დააბნელა საქართველო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „სადაც არის გათენდება!“, - გვითხრა სოსო ჯაჭვლიანმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა სტატუსით შეუერთდა აქციას, სოსო ჯაჭვლიანმა აღნიშნა: „მე მსახიობი არ ვარ, მე სვანი ვარ... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით“.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა აცხადებს, რომ ანთებული ფარნებით ჟურნალისტებმა გამოხატეს, რომ ქვეყანაში საძებარია სიტყვის თავისუფლება.
„ვაპრტოტესტებთ პრესის ჯიხურების აღებასა და პრესის გავრცელების შეზღუდვას, რაც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ტერორია. პროტესტს ვუცხადებთ იმ ბრძოლას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა პრესის თავისუფლებას გამოუცხადა. სწორედ ამ ადგილებში იდგა პრესის ჯიხურები, დღეს კი ეს ადგილები ცარიელია,“ - აღნიშნა ჯაბა ხუბუამ.
„კონსერვატიული პარტიის“ დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიასთან, როგორც საზოგადოების თავდაცვის მთავარ იარაღთან, გადამწყვეტ ბრძოლაზე გადავიდა.
„მეოთხე ხელისუფლება არ სჭირდება სააკაშვილს, არამედ მას სურს, კონტროლირებადი გახადოს არაფორმალური ხელისუფლების შტო, ისევე, როგორც ტოტალურად აკონტროლებს სასამართლოს და პარლამენტს. მისივე გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „ნურას უკაცრავად“. ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, რათა ბოლომდე არ დაახრჩონ თავისუფალი ბეჭდვითი მედია, რასაც აკეთებენ ჯიხურების მასობრივი აღების და მათი ბიზნესის ფარგლებში არსებული ქსელის ჩადგმით, სადაც გაყიდიან იმას, რაც დასჭირდებათ. ტელემედიასთან მიმართებით თითქმის ფინალურ ეტაპზეა მისული ბრძოლა. ხედავთ, როგორ შეუტია ხელისუფლებამ „მაესტროს“. ბნელი ღამე უნდათ ქურდებს, რომლებიც იპარავენ სიცოცხლეს, ქონებას, სამუშაო ადგილებს“.
გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ მომავალი წელი მედიისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება.
„მომავალ წელსაც მოგვიწევს პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. მე მგონი, ქართულმა მედიამ ამ ბრძოლაში გამოამჟღავნა, თუ ვინ სად დგას და რას აკეთებს. პროტესტის სხვადასხვა ფორმას მივმართავთ. 26 მაისი სხვაგვარად გავაპროტესტეთ, ჯიხურების აღება სხვადასხვა სახის აქციით დავგმეთ, დღევანდელი აქცია კი ეძღვნება იმას, რომ სააკაშვილი ცდილობს, დააბნელოს ჩვენს მიერ გაშუქებული ინფორმაცია, ანუ ხალხი იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე.
მისი თქმით, ჟურნალისტები გამოიძიებენ ყველა იმ ადგილისა და ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც სწორედ იმ ადგილას იყიდეს ჯიხურის ჩადგმის ლიცენზია, სადაც ადრე პრესის ჯიხური იდგა.
„აუქციონები საბოლოოდ არ დასრულებულა, ბევრი აუქციონი გაიმართა, მაგრამ კვლავაც გრძელდება და ჩვენ ყოველი აუქციონის წინ მოვუწოდებთ ბიზნესმენებს, არ შეიძინონ ეს ადგილები“, - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.