სამარშრუტო ბიზნესი დღითი დღე პარტახდება

სამარშრუტო ბიზნესი დღითი დღე პარტახდება


ერთ დროს საოცრად გამართული დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსების სისტემა “თბილისის მიკროავტობუსმა” თითქმის გაანადგურა. როგორ მოახერხა მერიის ფრთებქვეშ მოქმედმა “კერძო კომპანიამ” ის, რომ უმოკლეს ხანში მგზავრებსა და მძღოლებში მაქსიმალური უკმაყოფილება გამოეწვია, ძნელი დასადგენია. 

მძღოლები ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანის შემდეგ, სამარშრუტო ხაზებზე მანქანების რაოდენობის განახევრებას აპროტესტებენ, მგზავრები კი აცხადებენ, რომ გაჩერებებზე ტრანსპორტის ლოდინი 15-20 წუთი უწევთ.

როგორც N68 სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, ისინი ახალ ყვითელ “მარშრუტკებზე” 28 დეკემბრიდან გადავიდნენ, თუმცა 30 მანქანის ნაცვლად, ახლა ხაზზე 13 მანქანა მუშაობს.

“აქედან გამომდინარე, მგზავრებს ტრანსპორტის ლოდინი 15-20 წუთი უწევთ, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ჩვენც შეწუხებული ვართ. ადამიანს, რომელიც გაჩერებაზე 15 წუთი დგას მობეზრდება ლოდინი და სხვა სამარშრუტო ტაქსში ავა. ჩვენ კი ცარიელებს მოგვიწევს სიარული. ახალ წლამდე სიტუაციას შევხედავ და თუ არაფერი შეიცვალა, მივალ და დავუგდებ ამ მანქანას და ეგ იქნება”, - აღნიშნა მიკროავტობუსის მძღოლმა.

“ეს ჩვენი ბრალი არაა, ისევე როგორც მგზავრობის გადასახადის გაზრდა არ იყო ჩვენი ბრალი. მე 50-თეთრიანი ტარიფითაც სავსებით კმაყოფილი ვიყავი. როგორც შემიძლია სწრაფად დავდივარ, რომ მეტი მგზავრის აყვანა მოვახერხო, თუმცა თავპირს ნამდვილად ვერ დავიმტვრევ”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მძღოლმა.

იგივე პრობლემის წინაშე დგანან N140 სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლებიც.
აღნიშნულ ხაზზე, მას შემდეგ რაც ახალმა ყვითელმა “მარშრუტკებმა” დაიწყეს მოძრაობა, მანქანების რაოდენობა შემცირდა.

“ადრე თუ მუშაობდა 39 მანქანა, ახლა მუშაობს დაახლოებით 19”, _ აღნიშნავენ N140 მძღოლები. სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირების გამო მგზავრებს ორი, ან ზოგჯერ სამი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათი პირადი ბიუჯეტის დანახარჯებს 2-3-ჯერ ზრდის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტო “მედიანიუსმა” დაკავშირება ახალი, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემომყვან კომპანია შპს “თბილისის მიკროავტობუსთანაც” სცადა, თუმცა უშედეგოდ. სმს-შეტყობინებისა თუ დარეკვის მიუხედავად, სააგენტომ პასუხი ვერ მიიღო.
ახალი მიკროავტობუსები დედაქალაქში 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდა, რის შემდეგაც მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაიზარდა. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაზრდილი თანხა მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას მოხმარდებოდა.

“თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებდნენ, რომ ძველი მარშრუტკების ჩანაცვლება ახლებით 2011 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, თუმცა ბოლო ინფორმაციით, მათი ხაზებზე სრულად გაშვება 2012 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება.

მოკლედ, ასეთი პრობლემების გამო, სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს თვიდან თვემდე კარგავენ. ერთ დროს საათივით აწყობილი სატრანპორტო მექანიზმი, “თბილისის მიკროავტობუსმა” რამდენიმე თვეში გააპარტახა.  

თუ მიმდინარე წლის დასაწყისში მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ კი, ავტობუსით თბილისელების 22% მგზავრობდა, სამარშრუტო ტაქსით კი 45%, მოგვიანებით ეს მაჩვენებელი საპირისპიროდ შეიცვალა და დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტს, იგივე მეტროსა და ავტობუსს ბევრად მეტი მგზავრი ჰყავს, ვიდრე სამარშრუტო ტაქსებს. ექსპერტთა ზედაპირული გათვლებით, დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტით მგზავრთა 60-70% გადაადგილდება, სამარშრუტო ტაქსით კი დარჩენილი 30%. შედარებით ზუსტი ოფიციალური თუ არაოფიციალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ამ მიმართულებით მონიტორინგს არავინ ახორციელებს.

თუმცა ყოველგვარი დაკვირვების გარეშეც თვალშისაცემია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაიზარდა, მუნიციპალური ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადმა მნიშვნელოვნად მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში მოძრავი ყვითელი ავტობუსების რაოდენობა შემცირდა და შეიკვეცა ხაზებიც, ხოლო ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა დღითი დღე არაკომფორტული ხდება, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას სულ უფრო მეტი მგზავრი ამჯობენებს.

მგზავრთა ნაკადის მატებაზე საუბრობენ მერიაშიც. მარტო მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადი 12,8%-ით გაიზარდა. მერიის ინფორმაციითვე, 2010 წლის სექტემბერში მუნიციპალური ტრანსპორტით 12 697 888 მგზავრის გადაყვანა მოხდა, იმავე წლის ოქტომბერში მგზავრთა რაოდენობამ 13 643 849 შეადგინა. უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში, შარშანდელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, წლეულს, სექტემბერში მუნიციპალური ტრანსპორტი 13 029 023 მგზავრს მოემსახურა, ოქტომბერი კი ზრდა 12,8% იყო და საერთო ჯამში წინა თვეს მუნიციპალური ტრანსპორტით 15 390 550 მგზავრის გადაყვანა მოხდა.