უფლებადამცველი დავით ფაცაცია Presage.tv -სთან საუბარში აფხაზების რაინდობის ფაქტებს იხსენებს და მიაჩნია, რომ მათ დასაახლოებლად ნდობის აღდგენა, ბიზეს-პროექტების განხორციელება აუცილებელია.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მომუშავე „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფის პრეზენტაციას თქვენც ესწრებოდით. როგორც აფხაზეთიდან დევნილს, როგორ გესახებათ ქართველებისა და აფხაზების შერიგება?
– ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობების აღდგენა, აფხაზებთან ნდობის მოპოვებაა. ჩვენი მეგობრები, ახლობლები და ნათესავები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, უნდა დაუახლოვდნენ დანარჩენ საქართველოში მცხოვრობ ადამიანებს, ეს არის ჩვენი მომავლის სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მომუშავე „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფის მთავარი ხიბლი იმ ღირსეულ ადამიანებშია, რომლებიც მოიაზრებიან ამ ორგანიზაციაში – პაატა ზაქარეიშვილი, გია ჩიქოვანი, გოგი ხუციშვილი და სხვები. ისინი აფხაზებისთვის სანდო და პარტნიორი ადამიანები არიან, რომლებთანაც ურთიერთობა შეიძლება. ამ ჯგუფის მიზანია ინტენსიური ურთიერთობები და კომუნიკაციები აფხაზებთან, ინტენსიური პროექტები, შეხვედრები, გაცვლითი პროგრამები და ჯანსაღი გარემოს შექმნა.
მაგალითად, პირადად მე მარტის დასაწყისში აფხაზებთან შესახვედრად გარკვეული პროექტის განხორციელებას ტრაპზონში ვგეგმავ, ბანაკში 20 ქართველი და 20 აფხაზი ბავშვი ერთად იცხოვრებს. ასეთი კამპანია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს.
აფხაზების დასაბრუნებლად ექსპერტებმა, პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ?
– პირველ რიგში, მთავარია ნდობის აღდგენა. მე ჩემს ახალგაზრდა აფხაზ მეგობრებს შემიძლია ველაპარაკო. მამაჩემის თაობა კი – მოზრდილებს. მამაჩემზეც მინდა გითხრათ, იგი აფხაზებმა – ალიკ ანქვაბმა და ნოდარ ხაშბამ უშუალოდ გამოიყვანეს და გადაარჩინეს. სწორედ ეს არის მეგობრობა. ჩვენ, ბავშვები მანამდე, 18 სექტემბერს წამოვედით. სულ 17 ბავშვი, ჩემი ბიძაშვილები და დედაჩემი. მამაჩემი ჩარჩა და სხვათაშორის, აფხაზებმა ჩვენი სოფლის მოსახლეობას დაცვა დაუყენეს, 40 კაცს გამოუყვეს იკარუსი და გადაიყვანეს გალში. ამ დროს კი, მაპატიეთ და, გალში ჩვენებმა, ლოთი ქობალიამ და სხვებმა, გახადეს დევნილებს, ჩაუძვრნენ ყველაფერში, სადაც რამეს ნახავდნენ და გაძარცვეს. წარმოიდგინეთ, აფხაზებმა დაცვით ჩაიყვანეს ეს ადამიანები გალში და იმათ კი გაძარცვეს. ეს ხდებოდა 20 ოქტომბერს.
მაშინ ვინ იყვნენ ის აფხაზები, რომლებიც აწამებდნენ ქართველებს?
– ყველგან არის ადამიანური ურთიერთობები. ესენი იყვნენ ჩეჩნები, კაზაკები, ჩრდილო კავკასიელები და სხვადასხვა ეროვნებების „ბოევიკები“. ეს იყო პირველი ტალღა, რომელმაც გადათელა ყველა და ყველაფერი. ზოგიერთი ფაქტი კი გმირობის ტოლფასი იყო. მინდა გითხრათ, რომ ბატონი გია ყარყარაშვილის ძმა, ერთ-ერთმა აფხაზმა გადაიყვანა. დღესაც ის ადამიანი საპატიო პიროვნებაა. ამ დროს კი, წარმოიდგინეთ, გია ყარყარაშვილი აფხაზებისთვის ყველაზე დიდ მტრად ითვლებოდა. ის იყო გენერალი და სარდალი, მაგრამ ჰუმანიზმი და ადამიანური ურთიერთობები აფხაზებს მაინც ჰქონდათ და მისი ძმის ნეშტი უნაკლოდ გადმოასვენეს. თან მისი მდგომარეობა ურთულესი იყო, ხევში გახლდათ ჩაჩეხილი, ფაქტობრივად, ამოყვანაც შეუძლებელი იყო. ბევრი ასეთი მაგალითი მახსოვს, არა მარტო ჩემი ოჯახის მაგალითზე.
სოხუმის დაცემის საბოლოო კადრები, აფხაზები რომ ცეკვავენ, შემაძრწუნებელია...
– როგორც ვიცი, ბატონი გიაც (ჩიქოვანი), პაატაც (ზაქარეიშვილი) ამაში დამეთანხმებიან, რომ აფხაზების დიდი ნაწილი ინანიებს ამას. ვერ ვიტყვი, რომ ეს აბსოლუტურად სპონტანურად მოხდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც უნდა ჩართულიყვნენ ამაში, ბოლომდე ვერ ჩაერთვნენ. ანუ ჟიული შარტავა არ შეიძლებოდა აფხაზების მხრიდან ყოფილიყო მსხვერპლი და მამია ალასანიაც, რადგან ჟიული შარტავა მათთვის რაღაცნაირად იყო გამზრდელიც, გარკვეულწილად, მოძღვარიც იყო. აფხაზეთი ერთი ოჯახივით იყო, სადაც ყველა ყველას იცნობდა და ყველა ყველას ნათესავი იყო, ეროვნების მიუხედავად. მაგრამ იმ ადამიანებმა ვერ დაიცვეს, ვისაც უნდა დაეცვათ ჟიული შარტავა.
გასაგებია, ექსპერტები შერიგებაზე რომ საუბრობენ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელთა შვილებიც უშუალოდ დახვრიტეს, აფხაზებთან შერიგების მზაობა ექნებათ? წლები ალბათ არ ანელებს ტკივილს.
– სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ წლები ანელებს ტკივილს. გარკვეულწილად, წლები ყველაფერს კურნავს. ყველაზე კარგი, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ შემორჩა, ის ურთიერთობაა, რომ ჩვენ აფხაზებთან არ გვაქვს მტრული დამოკიდებულება. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზები ისევე განწირულები არიან, როგორც ჩვენ და ისინიც ისეთივე დაჩაგრულები არიან, როგორც ქართველები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სახელმწიფოს წარმოადგენენ, თითქოს საკუთარ სახლშიც არიან, ისინი ბევრად უფრო დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან. მათაც იციან, რომ ის ცხოვრება, რაც აქამდე იყო, ვეღარ იქნება. ასე რომ, აფხაზებმაც დაკარგეს აფხაზეთი და ჩვენც დავკარგეთ. აფხაზეთი ჩვენს გარეშე არ არის აფხაზეთი და აფხაზეთი აფხაზების გარეშე მარტო ქართველების ვერ იქნება. ანუ, ჩვენთვის გარემო საერთო უნდა იყოს.
ომი რომ დაიწყო, შვიდი თვე ვცხოვრობდით მოსკოვში, სასტუმრო „როსიაში“, მთელი ნათესაობა იქ ვიყავით. მახსოვს, შერიგება მოხდა, ე.წ. „პრიმირენიე“. პირველი სექტემბერი იყო, როცა შევარდნაძეს, არძინბასა და ელცინს შორის შერიგების დოკუმენტს ხელი მოეწერა და რუსეთი მშვიდობის გარანტად მოგვევლინა, რაც მოგვიანებით დაირღვა. იმ დღეს ჩამოვფრინდი და მახსოვს, ბავშვი ვიყავი, 11 წლის, ჩემს სოფელში რომ ჩავედი, ხეებს ვეხუტებოდი. ეს ისეთი გრძნობაა, რასაც ვერ გადმოვცემ. ამ შვიდი თვის მანძილზე ყოვედღიურად ვფიქრობდი ჩემს სოფელზე –ბაბუშერაზე, რომელიც აეროპორტის სოფელი იყო. ეს იყო ერთი ტალახიანი, პატარა, მაგრამ კარგი სოფელი.
ბიძინა ივანიშვილს შეხვდით და გააცანით აფხაზეთის დაბრუნებისს თქვენეული გეგმა?
– მინდა გითხრათ ჩემი პირველი შთაბეჭდილების შესახებ, ბატონი ბიძინა არის უშუალო, ყველაზე უბრალო ადამიანი ურთიერთობებში. როცა ამ ტიპის ადამიანთან შეხვედრა გაქვს, ეს იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ დიდი ღირსების მანიშნებელია. მას თავად ჰქონდა შემოთავაზებები, რაც შეიძლება ბევრი, კარგი და საინტერესო პროექტი გავაკეთოთ ყველასთვის, მიუხედავად იმისა, „ნაციონალები“ იქნებიან თუ სხვები. მას აქვს კარგი ხედვა. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს სჭირდება ნდობა, ინტენსიური შეხვედრები და ორივე მხრიდან ნაბიჯები. პირველი კი შეიძლება იყოს ბიზნეს-პროექტებიც, ურთიერთობის პატარა ძაფები, რომლითაც აშენდება ის დიდი ხიდი.
ფიქრობთ, რომ ქართველები აფხაზეთში განხორციელებულ ბიზნეს-პროექტებში რუსებს ვაჯობებთ ან თურქებს?
– კი, წარმოდგინეთ, ვაჯობებთ, თუ ჩვენ ვიქნებით ღირსეულნი, ვიქნებით ჩვენს სიმაღლეზე და, თუ გვექნება ნდობა. მოდით, გულწრფელნი ვიყოთ, აფხაზებს ასე მიაჩნიათ, რომ რაღაცნაირად, რუსები მათთვისაც მტრები არიან და ქართველებიც. მაგრამ, ამავდროულად, ამბობენ: სჯობს, დიდ ოკეანეში დავიღუპოთ, ვიდრე – ზღვაშიო. სხვათაშორის, ადრე ჩვენ მათთვის ვიყავით წუმპე, ახლა კი ზღვას გვადარებენ, მაგრამ ზოგადად, ამ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მხრიდან ნდობის აღდგენა იქნება. იქ ახლა ურთიერთობის უნიკალური რესურსი, სანდოობის უნიკალური შესაძლებლობებია, რაც გამოყენებულ უნდა იქნას. დღეს სააკაშვილს ან ამ ხელისუფლებას ცოტა ჭკუა რომ ჰქონდეს, ძალიან მარტივი მეთოდით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა.
ერთ მაგალითს გეტყვით, რაც ალბათ ბევრმა არ იცის. ესაა მანდარინების ამბავი. თავის დროზე ბაღაფში რომ აირჩიეს, რუსებმა აფხაზებს საზღვარი გადაუკეტეს და არ უშვებდნენ. აფხაზების მანდარინები ლპებოდა, მაშინ ბადრი პატარკაციშვილმა დაურეკა ბაღაფშს და შესთავაზა, მანდარინები დატვირთე გემზე, ფოთში გამოუშვი და ყველაფერს ვყიდულობო. ბედნიერები იყვნენ აფხაზები, ბაღაფშმა შემოუთვალა, კარგით, მადლობაო. მეორე დღეს კი ბაღაფში ურეკავს ბადრის, დიდი მადლობა, მაგრამ ახლა რუსებმა გაგვიხსნეს საზღვარიო. - სწორედ ამიტომ დაგირეკეო, – უპასუხა ბადრი პატარკაციშვილმა. წარმოიდგინეთ, ამით რა ჟესტი გააკეთა? ასეთი ტიპის ნაბიჯებს თუ გადავდგამთ, ასეთ საშუალო პროექტებს, საშუალო დონის შეხვედრებს თუ განვახორციელებთ, რაც ნდობას დაეფუძნება, მათთან ინტეგრაცია შესაძლებელია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივია.
აფხაზეთში დაბადებული ადამიანი აფხაზეთის ავტონომიის მომხრე ხართ? ამას კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე ექსპერტთა ნაწილიც იზიარებს.
– დიახ, ავტონომია ხომ ისედაც იყო...
მერე აფხაზები საქართველოსგან უფრო ფართო გამოყოფას არ მოინდომებენ?
– ამაზე უარესი არაფერი იქნება. მთავარია, იქ ხალხი დაბრუნდეს, ადამიანური ცხოვრება დაიწყოს და ამ სტატუსს გარანტია ჰქონდეს. მაგალითად, ევროკავშირი შეიძლება ამ ურთიერთობის გარანტორი გახდეს, როგორც ეს, სიტყვაზე, კვიპროსშია. კვიპროსი ცუდი მაგალითია, მაგრამ აფხაზეთში, შეიძლება, პოლიციის სამსახური იყოს ევროკავშირის, ან უშიშროების სამსახური დაკომპლექტდეს ევროკავშირის ან გაეროს თანამშრომელთა მიერ. ადამიანები – აფხაზებიც და ქართველებიც ერთად იცხოვრებენ. ეს ვერ მოხდება ერთბაშად, მაგრამ ოჩამჩირემდე დევნილების ჩასახლება ძალიან მარტივად შეიძლება. მით უმეტეს, ოჩამჩირელი აფხაზები უფრო ჩვენნაირები არიან. აი, გუდაუთელები ცოტა სხვანაირები არიან. სოხუმი ეს იქნება ბუფერული ზონა, სადაც ყველა თავისუფალ მოძრაობაში იქნება, მაგრამ, ამავე დროს, ამ ტერიტორიას კურირებას გაუწევს ევროკავშირი.