2011 წლის კორუფციული და სკანდალური ფაქტები

2011 წლის კორუფციული და სკანდალური ფაქტები


"ზურაბ ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი თანამდებობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ კაბინეტში ვიღაც "ჟუჩოკით" უსმენდა"

"თინა ხიდაშელი: "ეს არის თემა, რომელზეც ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ არა კორუფციას, არამედ პრემიერ-მინისტრის სიკვდილს უკავშირდება!"


საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობდა. რა არის საჭირო ბიზნესში წარმატების მისაღწევად და რატომ ტრიალებენ ამ "ჯადოსნურ წრეზე" ერთი და იგივე სახეები? რა დამსახურებისთვის გახდნენ ისინი მოწინავენი ან რომელი სახელისუფლებო კლანების ბიზნესინტერესები დაუპირისპირდა ერთმანეთს და ბოლოს და ბოლოს, ვინ ვის აჯობა? როგორ გამდიდრდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ მისი დაცვის ყოფილი წევრი? რატომ უსმენდნენ მას თანამდებობაზე ყოფნისას? - თინა ხიდაშელი 2011 წლის კორუფციულ და სკანდალურ ფაქტებზე გვესაუბრება.

- პირველი კორუფციული გარიგება, რომელსაც ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში არაერთი ბრიფინგი მივუძღვენი, დაკავშირებული იყო "წყალკანალთან". პირველად ეჭვი იმან გამოიწვია, რომ ის 7 იანვარს გაიყიდა, ე.ი. ამ დღეს ვიღაცამ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოიცალა(?!). მას შემდეგ დავეძებდი 7 იანვრით დათარიღებულ ამ დოკუმენტს, რომლის გაცემაზეც ოფიციალური სტრუქტურები უარს აცხადებდნენ. როცა საკრებულოში დავიწყე მუშაობა, ზოგიერთმა პირმა ჩათვალა, რომ ჩემი ნდობა შეიძლება და, რასაკვირველია, კონფიდენციალობის დაცვით, დოკუმენტები ჩემს ხელში აღმოჩნდა. საკუთარი თვალით რაც ვნახე, ეს იყო ქაღალდზე დაწერილ-დადასტურებული კორუფციის ნათელი მაგალითი. აღმოჩნდა, რომ "თბილისის წყალი" და მასთან დაკავშირებული მთელი ინფრასტრუქტურა გადასცეს ვითომ შვეიცარიულ, სინამდვილეში კი რუსულ კომპანიას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, რაო-ესის დანაყოფია. რაც მთავარია, ამ საქმეში სრულიად გამოუცდელია. უფრო მეტიც, როცა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პრესკონფერენცია გამართა, განაცხადა, ჩვენ არა გვაქვს გამოცდილება და ფული, მაგრამ შეგვიძლია სხვებთან დავდოთ კონტრაქტებიო(?!), ეს რაო-ესის თანამშრომელი იყო. 
ტყუილი აღმოჩნდა ისიც, რაც თავის დროზე ბატონმა მამუკა ახვლედიანმა მოგვახსენა, კომპანია "წყალკანალის" სისტემის გამართვისთვის 160 მილიონის ჩადებას აპირებსო. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, მან მხოლოდ 75 მილიონი გადაიხადა. არადა, იცით, მანამდე რა მოხდა? ვიდრე სახელმწიფო "წყალკანალს" გაყიდდა, თავად გამოყო 75 მლნ ლარი სისტემის რეაბილიტაციისთვის, რაც არ ჩატარებულა! სამაგიეროდ, სულ მალე სახელმწიფომ ზუსტად ამ ფასად - 75 მილიონად გაყიდა "წყალკანალი" და ეს ფული კომპანიისგან უკან "მიიღო". ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს, მერიასა და ზემოთ ხსენებულ კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ფაქტობრივად, აფერაა!

- ხელისუფლებისგან ბიზნესის ლობირების კიდევ რომელ ფაქტს გამოყოფთ?
- თუნდაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელს შეგახსენებთ, - გარემოს დაცვის სამინისტრომ და მერიამ ლამის ისტერიკა ატეხეს, პოლიეთილენის პარკები ბუნებისა და ადამიანისთვის ძალიან საზიანოაო. მე მოკვლევა ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ ქაღალდის პარკების მთავარი მწარმოებელი საქართველოში გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის დედ-მამაა. დამფუძნებლებში მათი გვარი - კილაძე (დედაც ქმრის გვარზეა) გარკვევით იკითხება. 

- ყბადაღებულ მიკროავტობუსებსა და ნაგვის დენთან მიერთებაზე რომ არ ვილაპარაკოთ, კიდევ რა ახალი ფაქტები გაქვთ?!
- გეგენავას "ნუგეში" ხომ გახსოვთ, მისი განზე გაწევა გიგი უგულავას გაზრდილ მადასა და პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. როცა უგულავამ "ნუგეშის" ჯიხურები ნაციონალური არხების ეთერში ქება-დიდებით ცაში აიყვანა, ამ ბიზნესმა ჩემი ყურადღება მიიქცია. გეგენავები "ნუგეშის" დამფუძნებლები არ არიან, თუმცა, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მასთან. იმხანად სააკაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომ თითოეული ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარების სახით ელექტროენერგიის 20, ხოლო 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს მიიღებდა. თავდაპირველად თქვეს, რომ მათი განაღდება როგორც ბანკში, ასევე "ნუგეშში" შეიძლებოდა (ე.ი. "ნუგეში" 30 ლარის ღირებულების პროდუქტს გასცემდა ვაუჩერის სანაცვლოდ). მოხდა კი ისე, რომ ორივე ვაუჩერის განაღდება შეიძლებოდა "ლიბერთი ბანკში", რომელიც ვანო მერაბიშვილის სახელთან ასოცირდება. მაშინ ეს სიგნალი გახდა იმისა, რომ სააკაშვილმა ბიზნესმიზიდულობის ცენტრი ხელისუფლების ერთი კლანიდან მეორის სასარგებლოდ გადასწია. ალბათ, იმიტომ, რომ მან გიგი უგულავას, როგორც პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ისე შეხედა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა დაეგვიანებინა, ეს ორი კლანი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაეტაკებოდა ერთმანეთს, ახლა კი საერთო მტრის წინააღმდეგ ცდილობენ კონსოლიდაციას. მოკლედ, გეგენავას ბიზნესინტერესები ამ ბრძოლას შეეწირა. მოგვიანებით, შსს-მ შეუწყვიტა გეგენავას სახელთან დაკავშირებულ ერთ-ერთ კომპანიას კონტრაქტი და დისკვალიფიკაცია მისცა. შემდეგ თანდათან გეგენავას "მეგაფუდისა" და "ფუდსერვისის" მზეც ჩაესვენა. არადა, ყველას გვახსოვს რამხელა გასაქანი ჰქონდა ამ კომპანიებს. ფაქტობრივად, მათ ჰქონდათ ექსკლუზიური უფლება სახელმწიფო სტრუქტურების, ჯარის, პოლიციის, საბავშვო ბაღების, სასჯელაღსრულების სისტემის და ა.შ. საკვები პროდუქტებით მომარაგებისა. ქალთა კოლონიაში გახსნილი სამკერვალოც კი გეგენავებს ეკუთვნოდათ. დღეს გეგენავების კომპანიების სახელები მინიმალურად ფიგურირებს სახელმწიფო კონტრაქტებში.

- მათი შემცვლელი მოიძებნა? 
- რა თქმა უნდა. კვების პროდუქტების ბიზნესში გამოჩნდა სხვა "ხაზიც", რომელიც, ჩემი ინფორმაციით, დაკავშირებულია ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ვახტანგ გოგუაძის სახელთან. თუმცა, ამის დადასტურება დოკუმენტებით ჯერჯერობით გამიჭირდება, რადგან დიდ კონტრაქტებს ვადა წლის ბოლოს ეწურება და შემდეგ გახდება შესაძლებელი ახალ კონტრაქტებზე ინფორმაციის დაზუსტება და დოკუმენტების მოპოვება. სწორედ გოგუაძე იყო სახალხო ბანკის ხელმძღვანელი, რომელსაც დღეს "ლიბერთი" ეწოდება. მართალია, "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ამჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეა, ხოლო "საქართველოს ბანკისა" - პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ძმა, ორივე მერაბიშვილის კადრია. 

უგულავამ ლამის ისტერიკა მოაწყო, ტყუილიაო და... ცოტა ხანში ორივე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაგრამ ისინი არა გიგიმ, არამედ "სხვამ" დასაჯა. გიგიმ ბოლომდე "გაიტანა" ორივე, - ფურცხვანიძე უგულავას მეგობარია, კობა ხარშილაძე კი ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი, რომელსაც იმ ავბედით ღამეს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დაცვა ევალებოდა. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ის დააწინაურეს, გაურკვეველია, რა დამსახურებისთვის. და არა მხოლოდ დააწინაურეს, დიდი ფულიც აშოვნინეს! როგორც მოგახსენეთ, იმ ამბის მერე, რაც კაბინეტებში ნაპოვნი "ჟუჩოკების" გამო აჟიოტაჟი ატეხეს, ფურცხვანიძესა და ხარშილაძეს თანამდებობის დატოვება მოუხდათ, მაგრამ მაინც არ მოჰკლებიათ გიგის მზრუნველი ხელი. ორივემ "გრინ სერვისში" სიმბოლურ ფასად შეიძინა 50-50%-იანი წილი. შემდეგ კი მთელ ქალაქში "მწვანე საფართან" დაკავშირებული ბიზნესიც მათზე აეწყო. მერიამ ერთიმეორის მიყოლებით გამოაცხადა ტენდერები, რომლებშიც გამარჯვებული ყოველთვის "გრინ სერვისი" გამოდიოდა.

მაგალითად, აეროპორტის შუა ზოლის გამწვანებაზე შვიდჯერ გამოცხადდა ტენდერი ერთი და იმავე შინაარსის, ერთსა და იმავე მომსახურებაზე და "გრინ სერვისს" არც ერთხელ არ აღმოაჩნდა კონკურენტი (ალბათ, თბილისელებს შეუნიშნავთ, როგორ ხდება ერთი და იმავე ადგილის გამწვანება, გადათხრა, ისევ გამწვანება და ა.შ.). 

- როგორ ფიქრობთ, კობა ხარშილაძე რა დამსახურებისთვის დააწინაურეს ან რატომ აშოვნინეს ფული? 
- ეს არის თემა, რომელზეც შეგნებულად არ ვლაპარაკობ, რადგან ეს არ არის მხოლოდ კორუფცია! ჟვანიას სიკვდილზე ვილაპარაკებ მაშინ, როცა მექნება უფრო მეტი ინფორმაცია. არ ვიცი ხარშილაძემ რით დაიმსახურა დაწინაურება ან ბიზნესში ასეთი წარმატება? ბევრი ვერსიაა, ამბობენ, დუმილითო. თუკი, რა თქმა უნდა, უფრო უარესს გამოვრიცხავთ. 

ელიტურ კორუფციასა და ქართველი ჩინოვნიკების მონოპოლისტ "ბიზნესმენებად" გადაქცევაზე ბევრი შემიძლია გელაპარაკოთ, თუმცა ზოგიერთი თემა მომავლისთვის გადავდოთ.

- მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, საერთაშორისო ანგარიშებში ასახული კორუფციის ინდექსით, წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ამას რით ხსნით?
- ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადავინაცვლეთ წინ იმის ხარჯზე, რომ "ქუჩის კორუფცია" შემცირდა. ვერც ერთ საერთაშორისო ანგარიშს ვერა მანახებთ, სადაც ელიტური კორუფციის გამო არ გვაკრიტიკებენ. ხელისუფლება კრიტიკაზე ყოველთვის თვალს ხუჭავს. დღეს ეს პოზა აქვთ მორგებული, მაგრამ როდემდე გაჩუმდებიან?! 

- ქალბატონო თინა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას პრობლემებს უქმნის, რამდენიმე ოპოზიციურ ძალას (რესპუბლიკელებს, ხალხის პარტიას, კონსერვატორებს, თავისუფალ დემოკრატებს) უკვე მიგიღიათ დაფინანსება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული იურიდიული პირებისგან. რას აპირებთ მომავალში, იტყვით უარს ივანიშვილის ფულზე თუ რამე სხვა ალტერნატიულ გზებს გამონახავთ? 
- ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია: შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია. საქართველოში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სერიოზული კამპანია გაიშალოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ცხადია, ამ პროცესს ფინანსური უზრუნველყოფაც სჭირდება, რაც ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლამ შესაძლებელი გახადა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ბევრი პატრიოტი, ქართველი ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში. სხვა გამოსავალი არაა, ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ იმ ბოროტი ძალისგან, რომელიც მმართველობაშია. ამიტომ ზუსტად იმდენ ფინანსურ რესურსს დავხარჯავთ, რამდენიც ჩვენი მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება. გარწმუნებთ, ამისთვის არც ისე ბევრი ფული დაგვჭირდება.