ნატო გოგელია, "გურია ნიუსი"
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 30-ლარიან ვაუჩერს ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 ათასამდე ოჯახი მიიღებს, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება: მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად (სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში), ან 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება (ლიბერთი ბანკის ფილიალებში). მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.
– სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც მიწის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე სასუქის შესაძენად. სასუქი იმ სავაჭრო ობიექტებში გაიყიდება, რომლებიც პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი განაღდება ან ერთჯერადად გასხვისება, – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ეს ვაუჩერი გაჭირვებულ ხალხს წაადგება:
– ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის წახალისება, მათი, ვისაც მცირე მიწა აქვს. წინა წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ტრაქტორი შემოვიტანეთ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა პრობლემები. ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, სოფლის მოსახლეობას 30-ლარიანი, საგაზაფხულო სამუშაოებს ვაუჩერით დავხმარებოდთ. ეს ვაუჩერი ხალხმა შეიძლება გამოიყენოს როგორც ხვნა-თესვის სამუშაოებში, ტრაქტორის ქირაობისთვის ნაკვეთების დასამუშავებლად, ისე _სასუქის მისაღებად. მაღალმთიან და მცირემიწიან ადგილებში ხალხს შეუძლია, ვაუჩერის ნაცვლად, პირდაპირ 35 კილოგრამი სასუქი მიიღოს, რომელიც, რეალურად, 70 ლარის ღირებულებისაა და 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დამუშავებისთვის სავსებით საკმარისია. მაღალმთიან რაიონებში ეს საერთოდ მოხსნის ყველა პრობლემას. ვაუჩერები დარიგდება ყველგან, დიდი ქალაქების გარდა. რეგიონებშიც კი, იმ ადამიანებს, რომლებიც კორპუსში ცხოვრობენ და, შესაძლოა, მიწა არც კი ჰქონდეთ, შეუძლიათ 1 ივნისიდან გაანაღდონ კიდეც ის. წელში გამართული ოჯახებისთვის ეს შეიძლება დიდი შვება არ იყოს, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს ნამდვილად წაადგება, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ვაუჩერების დარიგება გურიაშიც დაიწყო. თუმცა, როგორც გაირკვა ბევრი ოჯახი ამ ვაუჩერს იმ მიზეზით ვერ მიიღებს, რომ ვაუჩერები "მკვდარ სულებზეა" გაცემული. მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში გარდაცვლილ ადამიანებზე რამდენიმე ვაუჩერი მივიდა. ანეტა უნგიაძე, ბოლქვაძე რომანი, ბოლქვაძე ნოდარი, უნგიაძე ნოდარი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილები არიან, თუმცა მათ სახელზე ვაუჩერი მოსულია. ამავე სოფელში, ვაუჩერი 12 წლის წინ გარდაცვლილი ჯოგო ბერაძის სახელზეც მოვიდა. ჩაისუბნის რწმუნებული ზურაბ ჩხიკვაძე სიებს, რომლის მიხედვითაც ვაუჩერები დარიგდა, არ გვაძლევს, იმ მიზეზით, რომ უფლება არ აქვს (?!) და არც კომენტარს აკეთებს, სავარაუდოდ, მას "დუმილის უფლების" გამოყენება ზემდგომმა უბრძანა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი კი ამბობს, რომ სიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოვიდა, სოფლის რწმუნებულებს აქვთ და გამგეობაში ერთიანი სია მას შემდეგ იქნება, რაც ყველა სოფელში ვაუჩერის დარიგების პროცესი დასრულდება. იმედაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სიები მუნიციპალიტეტს არ გაუგზავნია და შესაბამისად, არც "მკვდარ სულებზე" ფლობს ინფორმაციას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მეფარიშვილის ინფორმაციით, სიები სამხარეო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს:
– ნებისმიერი მხარის გუბერნიას ვუკავშირდებით და ისინი გვაწვდიან სიებს. ეს არის აღრიცხვის მიხედვით, მრიცხველების მიხედვით, მაგრამ თუ გამონაკლისია და ადამიანს მრიცხველი არ აქვს, ან გათიშული აქვს, ან რაიმე სხვა პრობლემაა, ამ მონაცემებს აგროვებენ გამგებლები, რწმუნებულები, რომლებიც აწვიდან გუბერნატორს და შემდეგ ის აწვდის სამინისტროს.
– ქალბატონო თამარ, ჩოხატაურში ვაუჩერები ძალიან ბევრ "მკვდარ სულზე" მოვიდა.
– ამიტომ დაევალა გუბერნიას ამ ყველაფრის დალაგება. რწმუნებულების და გამგებლების მეშვეობით მათ უნდა გაიგონ ეს მონაცემები, სახელი, გვარები და გადმოგზავნონ სამინისტროში.
– როდესაც "მკვდარ სულზეა" ვაუჩერი გაცემული, რა ხდება, შესწორებული სიების შემდეგ მისცემთ?
– გამოსწორდება ყველაფერი. თითოეულ ოჯახზე არის თითო ვაუჩერი. რა სახელ და გვარს მოგვაწვდის გუბერნატორი, იმის სახელზე ჩამოვა დაბეჭდილი, კონვერტში ჩადებული ვაუჩერი, რომელსაც დაარიგებენ შემდგომში გამგებელები ან რწმუნებულები. თუ ადამიანი გარდაცვლილია, ვაუჩერს მისი ოჯახის წევრი მიიღებს.
გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი კი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სიები მას არ გადაუგზავნია (?!):
– ბატონო ვალერი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიები, რომლის მიხედვითაც ვაუჩერები დარიგდება, თქვენ გააგზავნეთ. საიდან გაქვთ სიები, რომლებშიც იმდენი "მკვდარი სულია", თუკი არჩევნებში ამ სიებით იხელმძღვანელებთ, ალბათ, ხუთჯერ მოიგებთ...
– სოფლის მეურნეობის სამინისტროში სიები ჩვენ არ გაგვიგზავნია. არც ის ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, რომ სიები "მკვდარი სულებითაა" სავსე. თუმცა, როცა ამხელა მასშტაბის აქცია ტარდება, ბუნებრივია, იქ ცალკეული უზუსტობებისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით. ეს მუშა პროცესია და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იქ უფრო კარგად გაგარკვევენ ვაუჩერების დარიგების წესებსა და პროცედურებთან დაკავშირებით, – გვითხრა ჩიტაიშვილმა.
ერთი სიტყვით, ადგილობრივი ხელისუფლება სირაქლემას პოზას კარგად ირგებს და სამინისტროს პრესამსახურს ტყუილის თქმაშიც ადანაშაულებს. სოფლის რწმუნებულები კი ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს სიები რამდენჯერმეა შესწორებული და ამის შესახებ ხელისუფლებამ ყველაფერი იცის:
– როდესაც სასურსათო და ელექტრო ვაუჩერები დარიგდა, "მკვდარი სულებით" იყო სავსე. მაშინ ძალიან ბევრჯერ ჩასწორდა ეს სიები. ბევრჯერ დაზუსტდა, თუმცა ახლაც იგივე მოვიდა. რამდენიმე წლის გარდაცვლილი ხალხია ამ სიებში. უკვე მრცხვენია მათ ოჯახებში მისვლა, – გვითხრა ერთ-ერთმა რწმუნებულმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ანალოგიურ კომენტარებს აკეთებენ სხვა რწმუნებულებიც და ანალოგიური პრობლემაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
ვაუჩერების დარიგების პროცესი, პოლიტიკურმა პარტიებმა და ექსპერტებმაც შეაფასეს:
– სოფლის მეურნეობაში გატარებულმა ფსევდო რეფორმებმა ვერანაირი დადებითი შედეგი ვერ მოგვცა. პირიქით, თანამედროვე მეურნე გლეხი შუა საუკუნეების გლეხის მდგომარეობაში ჩააყენა. გლეხების უმრავლესობა უსახსრობის გამო მიწების დამუშავებას ვერ ახერხებს. სახელმწიფო კი მათ არანაირ დახმარებას არ უწევს და ისინი მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ახსენდება. ხელისუფლების ინიციატივით დღეს საქართველოს 3400 სოფელში მცხოვრები 800 000 ოჯახი ერთჯერად 30-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო სახსრების გამოყენება უკანონოდ ხდება. სოფლის მოსახლეობაზე გასაცემი 30-ლარიანი ვაუჩერი შეურაცხმყოფელია, რადგან ე.წ "საარჩევნო ქრთამია", რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" პიარისთვის იყენებს. ამ თანხით მხოლოდ 10 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლება, რომლითაც მიწის დამუშავებაც კი შეუძლებელია. ეს არის არჩევნების გაყალბების მორიგი მცდელობა. სოფლის მეურნეობა კი ერთ-ერთი ურთულესი მრავალდარგოვანი სისტემაა, რომელსაც პროფესიონალები უნდა მართავდნენ და არა დილეტანტები, – აღნიშნა პოლიტიკური პარტიის "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" წარმომადგენელმა, თეიმურაზ ჯაშმა.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის პაატა კოღუაშვილის თქმით, 30-ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერების გაცემა და კამპანიური ხასიათის ღონისძიებები შედეგის მომტანი ვერ იქნება.
– იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ძირეული ცვლილებები გახორციელდეს, უმჯობესი იქნება, ვაუჩერების დარიგების სანაცვლოდ, სახელმწიფო სათავეში აგრო-საკრედიტო სისტემის ფორმირებას ჩაუდგეს და ეს თანხა ბანკში ჩაიდოს, გლეხები კი შემდეგ მას გარკვეულ კაპიტალს მიამატებდნენ. შედეგად, ეს ბანკი სხვა კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შევიდოდა, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში კრედიტების ხელმისაწვდომობას გაზრდიდა. ვფიქრობ, ამ კამპანიისთვის გამოყოფილი თანხა - ჯამში, 24 მლნ ლარი წყალში გადაყრილი ფულია თუნდაც იმიტომ, რომ 30 ლარი გლეხს რომელიმე ერთი სასოფლო-სამეურნეო ღონისძიების გასახორციელებლადაც არ ეყოფა. მაგალითად, 50 კგ სასუქის ღირებულება შარშან ოფიციალურად 36 ლარი იყო, თუმცა, რეალურად სასუქის შეძენა მხოლოდ 40-45 ლარად იყო შესაძლებელი. ამასთან, პირველ ჯერზე 1 ჰა მიწის გამოსაკვებად 150 კგ სასუქია საჭირო, მეორე ჯერზე კი - 250 კგ. ამასთან, დასავლეთ საქართველოში სასუქის გარდა, ფოსფორი და კალიუმიცაა საჭირო, რაც, ბუნებრივია, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამდენად, ეს 30 ლარი ძალიან მიზერული და შედეგის ვერმომტანი დახმარებაა, – ამბობს კოღუაშვილი.
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარე, ანდრო ხეთერელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 30-ლარიანი ვაუჩერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყოფა 5000 კვ. მიწის დამუშავებას, თუ მიწა "ბელორუსით" დაიხვნება:
–იმ შემთხვევაში თუ ფერმერი გადაწყვეტს საკუთარი ფართობის დამუშავებას "ბელორუსით", ვაუჩერით ნაყიდი საწვავი შესაძლებელია ეყოს 5000 კვადრატულის დამუშავებას. უფრო მძიმე ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში კი 5000 კვადრატულის მოხნას 30 ლარიანი ვაუჩერი არ ეყოფა.
– ბატონო ანდრო, ეს ვაუჩერები რამდენად წაადგება სოფლის მეურნეობის განვითარებას?
– 5000 კვადრატული მიწის ფართობი ეს ის ციფრია, რომელსაც გლეხების უმრავლესობა (ანუ ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია კომერციაზე და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარების ძირითად ბირთვს) ვაუჩერის გარეშეც ამუშავებს, ამიტომ, 30-ლარიანი ვაუჩერი ნაკლებად მოახდენს გავლენას დამუშავებული მიწის ფართობის ზრდაზე, სამაგიეროდ, ის ხელს შეუწყობს და შეუმსუბუქებს ეკონომიკურ მდგომარეობას გლეხებს.
– ბევრი ამბობს, რომ ეს 30-ლარიანი ვაუჩერი მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია... თქვენ როგორ ფიქრობთ?
– წინასაარჩევნო პიარისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უფრო იაფი და უფრო ეფექტური საშუალებებიც, ამიტომ, პირადად მე, ნაკლებად მგონია, რომ ეს აქცია პიარს უკავშირდებოდეს. თუ ამ აქტივობას მაინც პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, ალბათ, ეს არის მცდელობა შეამსუბუქონ გლეხების სოციალური მდგომარეობა და ამით მოიპოვონ მათი მხარდაჭერა, ეს კი ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობაა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აქტივობა გახორციელებული საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად
– თუმცა არის ერთი დიდი პრობლემა, ბევრი ვაუჩერი "მკვდარ სულზეა" გაცემული....
– ეს პრობლემა შესაძლებელია გამოეწვია ვაუჩერების განაწილების დაბალ ორგანიზაციულ ხარისხს სამთავრობო უწყებების ქვედა ეშელონებში. ნებისმიერ ვაუჩერში ფული უკვე გადახდილია სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად, თუ არა შეცდომა, მიზანმიმართულად ფულის უაზრო დახარჯვა სრულიად არალოგიკურია, – გვითხრა ხერეთელმა.
1138
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85