საარჩევნო წელს ბიზნესი გააქტიურდება... გაურკვეველი მიმართულებით

საარჩევნო წელს ბიზნესი გააქტიურდება... გაურკვეველი მიმართულებით


2012 საარჩევნო წელია. ამ პერიოდში, როგორც წესი, იკლებს ბიზნეს-აქტივობა. პოლიტიკური და საარჩევნო რისკების გათვალისწინებით, ბიზნესმენები განსაკუთრებით ფრთხილობენ. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის ყულაბაში ოფიციალურად თუ არაოფიციალურად შეტანილი თანხების ოდენობა მკვეთრად იზრდება. ამიტომ ბიზნესში დარჩენილი რესურსი აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიებმა განვითარებაზე იზრუნონ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში 2012-თან ერთად, 2013-იც საარჩევნო წელია. გამოდის, რომ ბიზნესმენები ორმაგ წნეხში მოყვებიან. ამიტომ მათ თადარიგი დროულად უნდა დაიჭირონ, თორემ “სულთამხუთავები” რომ თავზე დაადგებიან, მერე გვიანი იქნება. 

არადა, საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად და საერთაშორისო რეიტინგებში “მოწინავე პოზიციების” დასამკვიდრებლად ისიც საჭიროა, რომ ქვეყანაში “ბიზნესის კეთება” არ შეფერხდეს. რადგან ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს, სიტყვით მაინც უნდა აუბნიონ თავგზა გარშემო მყოფებს. აი, ამ მხრივ კი მიზანმიმართული მუშაობა უკვე დაწყებულია.

მაგალითად, უკვე გამოჩნდა კვლევები და კვლევებს მოჰყვა კომენტარები, რომ ქართული ბიზნესის 51% 2012 წელს გაფართოებას აპირებს. ასეთი შედეგი დაფიქსირდა კომპანია “ეისითის” კვლევის შედეგად. ორგანიზაციამ როგორც მსხვილი, ისე წვრილი და საშუალო კომპანიები გამოკითხვა. კვლევა ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერით განხორციელდა და იქვე მისი კომენტარებიც ახლდა. როგორც გიორგი პერტაია აცხადებს, 51% აჩვენებს, თუ როგორ ოპტიმისტურად არიან განწყობილი ბიზნესმენები მათ მომავალთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპტიმიზმი ბიზნესთან ყოველდღიურ შეხვედრებზეც ჩანს, რადგან რეალურად ხედავენ, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა, გიორგი პერტაიას თქმით, ასეთი შედეგის მიღებას მაინც არ ელოდნენ.

ბიზნესომბუდსმენს ბანს აძლევენ მუყაითი ქართველი ბიზნესმენები. ისინი საარჩევნო წლის მიუხედავად, მუშაობის გააქტიურებას ეშურებიან.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” საარჩევნო კამპანიის ფონზე გაყიდვების მკვეთრ ზრდას ელოდებიან. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, გააქტიურებულ საარჩევნო პერიოდში პროდუქციის რეალიზაცია იმატებს. თემურ ჭყონიას თქმით, 2012 წელი პოლიტიკური აქტიურობის გარდა სპორტული ჩემპიონატების სიმრავლითაც გამოირჩევა და საზოგადოების ყველა აქტივობა პირდაპირ აისახება გაყიდვებზე.

ჭყონიას განცხადებით, 2012 წლის ბიზნეს გეგმაში უკვე გათვალისწინებულია მოსალოდნელი გაყიდვების ზრდის ტემპი. 

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებითაც, დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ბიზნესმა არსებული შეინარჩუნოს. პირიქით, გიორგი ისაკაძის განმარტებით, წინასწარი კვლევების თანახმად 2012 წელს ბიზნესსექტორი უპირატესობას რეალიზაციის გაზრდას ანიჭებს.
მისივე მტკიცებით, პოლიტიკური ფონი საქართველოში ბიზნეს გარემოზე უარყოფითად არ აისახება და გაზრდილმა აქტივობამ, შესაძლოა, ბიზნესის განვითარებას ხელიც შეუწყოს.

შედარებით რეალურად უყურებენ ვითარებას ექსპერტები. ეკონომიკის ექსპერქტს ნოდარ ხადურს “ეისითის” კვლევაში დასახელებული 51% ოპტიმისტურ მაჩვენებლად არ მიაჩნია. როგორ ხადურმა რადიო “კომერსანტს” განუცხადა, ამ მაჩვენებლით ჩანს, რომ ორიდან ერთი კომპანია გეგმავს გაფართოებას, რაც მისი შეფასებით, არ არის ძალიან ოპტიმისტური მონაცემი. 

ექსპერტის განმარტებით, ზოგადად მნიშვნელოვანია ბიზნესს ოპტიმიზმი დაუბრუნდეს, თუმცა ამისთვის მხოლოდ საგადასახადო კუთხით ლიბერალური პოლიტიკა არ კმარა. ხადურის აზრით, ბიზნესების გაფართოებას დღეს რეალიზაციის ბაზრების არარსებობა და სტაბილურობის ნაკლებობა აფერხებს.