ნოდარ ხადური და ლადო პაპავა,  2011 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2012 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებზე

ნოდარ ხადური და ლადო პაპავა, 2011 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2012 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებზე



2011 წლის ეკონომიკური თვალსაზრისით შეფასება: 

ნოდარ ხადური - ეკონომიკაში, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს თვისობრივი ცვლილებები არ მომხდარა

ლადო პაპავა - 2011 წელი წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა, ტენდენციები, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ჩამოყალიბებული იყო, წელსაც გაგრძელდა

ნოდარ ხადურის აზრით, წლევანდელი წელი ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის ამოვარდნილი იმ დინებიდან, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით წინა რამოდენიმე წელში ჩამოყალიბდა. ეკონომიკური თვალსაზრისით წლევანდელი წელი წინა პერიოდისგან განსხვავებული არ ყოფილა. "ეკონომიკაში, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს თვისობრივი ცვლილებები არ მომხდარა. იმავე თვითდინებით მიდის ქვეყნის ეკონომიკა, რაც წინა წელს იყო. ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული სურვილები, თუმცა ამ სურვილების აღსრულების მექანიზმების პოვნა მთვარობამ ვერც წელს ვერ შეძლო", - აღნიშნავს ნოდარ ხადური. 

მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში ჯერაც დაუძლეველი კრიზისის ფონზე დიდი ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგებოდა და ყველა პრობლემას გადაწყვეტდა, არ უნდა გვქონოდა. ექსპერტის აზრით, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წლის მეორე ნახევარში მოხერხდა თითქმის 15%-იანი ინფლაციის მოთოკვა. როგორც ჩანს, ეკონომიკური ზრდა არის, თუმცა, არა ორნიშნა, რომლის სურვილი გვაქვს. სამწუხარო იყო ის, რომ ამ პერიოდში ძალიან გაძვირდა სურსათი, ტრანსპორტი; ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი არც თუ ისე მაღალია, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ და, შესაბამისად, ქვეყანაში სოციალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევა მოხდა. "ინფლაცია დაძლეულ იქნა, რომლის ყველაზე მაღალი დონე მაისში იყო, მიუხედავად ამისა, საქართველოში სურსათზე ფასები უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დაახლოებით 25-30%-ით გაძვირდა", - დასძენს ექსპერტი ნოდარ ხადური. 

ლადო პაპავას აზრით, 2011 წელი დიდად არ არის განსხვავებული ყველა წინა წლისგან, რადგანაც ტენდენციები, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ქართულ ეკონომიკაში, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა სფეროში წელსაც გაგრძელდა. მაგრამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია თვისობრივად ახალი მოვლენა, რომელსაც მანამდე ადგილი არ ჰქონდა და ხელისუფლების მხრიდან "ქართუ" ბანკის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებას უკავშირდება. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და მთავრობა ზრუნავენ ბანკებზე, ასე იყო საქართველოში წლების განმავლობაში, მაგრამ "რაც 2011 წელს ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით მოხდა, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და მე მას გამოვყოფდი, როგორც ხელისუფლების მიერ დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომას და უარყოფით მოვლენას",- აღნიშნავს ლადო პაპავა. 

ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისუფლების რომელი გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ წარმატებულად? 

ნოდარ ხადური - მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების გამარტივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნიმშვნელოვანესი იყო

ლადო პაპავა - ევროობლიგაციების დაფარვის ვადა გადავადებულია 2021 წლამდე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია

ნოდარ ხადური ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად მიიჩნევს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ადმინისტრირების გამარტივების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. "იმის გამო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ადამინთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში მათი წილი საკმაოდ დაბალია, ამ ბიზნეს არ უნდა ვუყუროთ, როგორც ფისკალურს, ანუ შემომტან სფეროს. ამ ბიზნესებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ამავე სფეროში სულ უფრო მეტ ადამიანს მისცემს დასაქმების საშუალებას, რაც თავის მხრივ ხელისუფლებას ამავე ადამიანებზე სოციალური ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს", - დასძენს ნოდარ ხადური. 

ლადო პაპავას განმარტებით, რაც შეეხება ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას, მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებაა, როდესაც საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროობლიგაციების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც პრაქტიკულად განხორციელდა იმით, რომ გამოშვებულ იქნა ევროობლიგაციები 10-წლიანი ვადით, რითაც 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების 84% გამოისყიდა. "ევროობლიგაციების დაფარვის ვადა გადავადებულია 2021 წლამდე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია", - აცხადებს ლადო პაპავა, რომელიც თავისივე პოზიციას იმითაც ამაგრებს, რომ 2008 წელს ევროობლიგაციების გამოშვებას შეცდომად თვლიდა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო მიზანი, თუ რისთვის აკეთდებდა ამას მთავრობა, მაგრამ რაც 2011 წელს ამ საკითხთან მიმართებაში გაკეთდა, აბსოლუტურად ვამართლებ, რადგან ვალის გადაუვადებლობის შემთხვევაში, საქართველოს მისი გადახდა 2013 წელს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წელს მოუწევდა. 

პაპავა წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობამ 2011 წელს მაქსიმუმს მიაღწია მოსკოვთან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისუფლების რომელი გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ შეცდომად?

ნოდარ ხადური - 2011 წელს მიღებელი იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამოვარდნილი იყო საერთო სიტუაციიდან, სიმინდის პროგრამა მოუმზადებლად განხორციელდა, რის გამოც ბევრმა ადამიანმა იზარალა

ლადო პაპავა - ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალის დიდი მოცულობით ჩართვა და მისთვის საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არეალის გაფართოება შეცდომად მიმაჩნია

ნოდარ ხადურის განმარტებით, 2011 წელს მიღებელი იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამოვარდნილი იყო საერთო სიტუაციიდან. ამის მაგალითად იგი მიიჩნევს მოუმზადებლად სიმინდის პროგამის განხორციელებას, რამაც საერთო ჯამში ბევრი ადამიანი აზარალა. ასეთივე ნაბიჯად მიიჩნევს ხადური ხელისუფლების მხრიდან ბიზნესთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას იმავე ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით. "ბანკ "ქართუს" პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მონაწილეობა გადაწყვიტა. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი გადაწყვეტილებებით ხელი ეშლება ბიზნესის განვითარებისთვის გარემოს შექმნას", - აღნიშნავს ნოდარ ხადური. 

ექსპერტი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან კვლავ გრძელდება ხარჯების იმ მიმართულებით გაღება, რომლისგანაც დადებითი შედეგი არ მიიღება. არის პროექტები, რომლებსაც რეალური შედეგები არ მოუტანია. ამის კარგი მაგალითია თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფუნქციონირება ფოთსა და ქუთაისში. ქუთაისში კიდევ რაღაცა სუნთქავს, მაგრამ ფოთთან მიმართებაში არანაირი რეალური ძვრები არ არის. "აჯობებდა, თუ ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენდა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობებში", - აღნიშნავს ნოდარ ხადური, რომლის აზრითაც, ქუთაისში ხელისუფლებამ ცალსახად დაიჭირა დამსაქმებლების პოზიცია და ძალაც კი გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აბსოლუტურად სამართლიან პროტესტს გამოთქვამდნენ მუშაობის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. 

"რეალურად გვაქვს მთელი კომპლექსი პრობლემებისა, რომელთა გადაწყვეტაზე დიდად არის დამოკიდებული ის, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდეს მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის და ინვესტიციებმა ქვეყანაში შეძლოს ისეთი დიდი პრობლემების მოგვარება, როგორიც უმუშევრობაა", - დასძენს ექსპერტი ნოდარ ხადური. 

ლადო პაპავა შეცდომად მიიჩნევს ტურიზმის იმ ვითარებაში ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად უგულველყოფილია. მისივე განმარტებით, თავისთავად ტურიზმი ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში საკვები პროდუქტის მიწოდება 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ეს მარტო ტურიზმის განვითარების პირობებში პროდუქტებზე ფასს ზრდის. ექსპერტის მტკიცებით, სოფლის მეურნეობაში ვითარება კატასტროფულია. მაშინ, როცა ქვეყანის მოსახლეობის 57% სოფლად ცხოვრობს, მთლიანი შიგა პროდუქტის შექმნაში მათი წილი მხოლოდ 8%-ია. 

მას რუსული კაპიტალის ჩართვა და მისთვის საქართველოს ენერგეტისკის სფეროში არეალის გაფართოება შეცდომად მიმაჩნია. 

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, გასაკვირი და მოულოდნელიც კი იყო ის გარიგება, რომელიც შედგა 2011 წლის გაზაფხულის მიწურულს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ორი ჰიდროსადგური – ხრამჰესი-1 და ხრამჰესი-2 რუსულ ენერგოკომპანია "ინტერ-რაოს" მიჰყიდა, ხოლო სამი ჰიდროსადგურის მშენებლობაზე გასცა ლიცენზია. პრაქტიკულად ელექტროენერგეტიკის დიდი ნაწილი რუსეთის ხელში გადადის, რაც საქართველოსთვის სასიკეთო არ არის", - დასძენს ლადო პაპავა. 

ლიბერალური გარემოს არსებობის მიუხედავად, რატომ არ უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, არ იკლებს უმუშევართა რაოდენობა?

ნოდარ ხადური - რეალურად გამოდის, რომ საქართველო მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ჯერჯერობით ვერ შედის 

ლადო პაპავა - საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ლიბერალური გარემო ჩვენთან პიარის დონეზეა

ნოდარ ხადურის შეფასებით, ერთია შესაძლებლობები და მეორე - რეალობა. ბოლო წლებში მართლაც გვაქვს წინსვლა ბიზნესის დარეგისტრირებაში, მაგრამ მეორეა რეალობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცილდება ქაღალდზე დაწერილ ფაქტებს. პრობლემად რჩება ის, რომ მოხსნილი არ არის საგარეო საფრთხეები. ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორს ვგულისხმობ, რაც თავისთავად ცხადია, რომ ინვესტორებს აფრთხობს. "საქართველოსთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბაზარი პოლიტიკური მიზეზებით ჩვენთვის ჯერჯერობით დაკეტილია. პატარა ღრეჭოა დარჩენილი ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. ანუ, რეალურად გამოდის, რომ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევდივართ",- აღნიშნავს ნოდარ ხადური, რომლის აზრითაც ამ პრობლემების გადაჭრა უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. მისივე თქმით, საუბარია როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებზე. 

ლადო პაპავას შეფასებით, "საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ლიბერალური გარემო ჩვენთან პიარის დონეზეა." მისივე თქმით, დღეისათვის საქართველოში ახალი ბიზნესის დაწყება საკმაოდ გაადვილებულია და ეს მართლაც კარგია. სულ უფრო და უფრო მეტ სფეროში იჭრება ელექტრონული მთავრობა, ახლა შესაძლებელია არა მარტო ელექტრონულად ბიზნესის დაფიქსირება, არამედ გადასახადების გადახდა და ასევე სხვადასხვა ინფორმაციის მიიღება ელექტრონულად, მაგრამ, იმავდროულად გრძელდება მთავრობის მიერ ბიზნესში ჩარევა, ბიზნესის დაწიოკება, ქონების წართმევა, სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებებისათვის არაფორმალური შენატანების განხორციელების იძულება. ეს არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ბიზნესი ქვეყანაში ისე არ ვითარდება, როგორც გვინდა.

ინვესტიციები. რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოში რუსული ინვესტიციების სიმრავლე და რატომ არ მოდიან საქართველოში იგივე ამერიკელი ინვესტორები?

ნოდარ ხადური - საქართველოში პოლიტიკური საფრთხეების არსებობის გამო ინვესტიციების ჩადებისგან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები თავს იკავებენ

ლადო პაპავა - პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოში ვითარება სტაბილურად ვერ ჩაითვლება, რადგან ჩვენ ორი სერიოზული არჩევნების წინაშე ვდგავართ 

ნოდარ ხადური ეკონომიკის სფეროში არსებულ პრობლემებს უკავშირებს იმას, რომ საქართველომ წელს ვერ დაიბრუნა საინვესტიციო მიმზიდველობა. მისივე განმარტებით, 2007 წელს უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2010 წელს უცხოური ინვესტიციების ოდენობა თითქმის 800 მილიონი აშშ დოლარი დაფიქსირდა, ხოლო წელს, სამი კვარტლის მაჩვენებლებით 643 მილიონი დოლარია. მათ შორისაა ნიდერლანდების, დანიის, კვიპროსისა და რუსეთის ინვესტიციები. რუსულმა ბიზნესმა წელს საქართველოში სამ კვარტალში დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

მისივე აზრით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნიდან მოხდა ინვესტიციის განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ძალიან მაღალია რუსული სახელმწიფო ან კრემლთან დაახლოებული კაპიტალის წილი. ეს ეხება ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან სფეროს. 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ უყვართ სიტყვა "სტრატეგიული ობიექტის" გამოყენება, საქართველოს ენერგეტიკულ, საფინანსო სფეროებში, ასევე კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში, სამთო-მოპოვებით სფეროებში ძალიან მაღალია რუსული სახელმწიფოსა თუ სახელმწოფოსთან ახლო მდგომ ადამიანთა კაპიტალის წილი", - აღნიშნავს ექსპერტი. მისივე განმარტებით, ამავე დროს, საქართველოში პოლიტიკური საფრთხეების არსებობის გამო ინვესტიციების ჩადებაზე იგივე ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები თავს იკავებენ.

ლადო პაპავა - "საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებულობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანაში ვითარება. პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოში ვითარება სტაბილურად იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ ჩვენ ორი სერიოზული არჩევნების ჩატარების წინაშე ვდგავართ". 

ლადო პაპავას აზრით, ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში არჩევნების მოახლოება სტაბილურობისთვის საფრთხედ მიიჩნევა, შესაბამისად, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. მეორე მხრივ ჩვენ სტაბილურობა არა გვაქვს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში. მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობა ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, ლადო პაპავა ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობას უკავშირებს იმას, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის პრობლემაა. წლის პირველ ნახევარში ოფიციალური სტატისტიკითაც საკმაოდ მაღალი იყო ინფლაცია. 6 თვის განმავლობაში ინფლაცია ორნიშნა, თითქმის 15%-ი იყო. 

რამდენად კვალიფიციურად დაიგეგმა ბიუჯეტი?

ნოდარ ხადური - თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტს აშკარად ეტყობა, რომ საქართველოში საარჩევნო ციკლი დაწყებულია

ლადო პაპავა – 2012 წლის ბიუჯეტში "სხვა ხარჯები" მთელი ხარჯების 16%-ზე მატია, რაც 1 მლრდ ლარზე მეტ თანხას შეადგენს

"თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტს აშკარად ეტყობა, რომ საქართველოში საარჩევნო ციკლი დაწყებულია",- აცხადებს ნოდარ ხადური, რომლის აზრითაც, ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს გაიზრდება სოციალური და ისეთი ტიპის ხარჯები, რომლებიც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ამავე დროს, დაწყებულია უფრო მეტი თანხების გადატანა პიარ-აქტივობებისაკენ და არა - რეალური ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენ. 

"ხელისუფლებამ სოციალური პრობლემების მოგვარება რატომღაც შემოდგომისთვის, ზუსტად საარჩევნო პერიოდისთვის გადაიტანა, ვგულისხმობ, სექტემბრიდან პენსიების მომატებას, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბიუჯეტი სწორედ საარჩევნოდა შედგენილი",- შენიშნავს ექსპერტი. მისვე აზრით, 2012 წლის ბიუჯეტში ჩანს არა იმის სურვილი, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მინიმუმამდე იყოს შემცირებული, რომ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს შემოსავლების მიხედვით ცხოვრება, არამედ აშკარაა, ბიუჯეტი გათვლილია იმაზე, რომ ამით ვიღაცამ პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური დივიდენტები მიიღოს. 

ლადო პაპავა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ე.წ. სხვა ხარჯები საბიუჯეტო ხარჯების 5%-ს აღემატება. მისივე თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვაში ეს ახალი არ არის, ვინაიდან ბოლო წლების ბიუჯეტები სულ ასე მიიღებოდა. ამგვარი "სხვა ხარჯები" ყოველთვის ბადებს პასუხგაუცემელ კითხვებს - რატომ არ არის გაშიფრული და გაწერილი ბიუჯეტში ხარჯები ჯეროვნად და სრული სიზუსტით? შესაძლოა, ბიუჯეტში იყოს გაუშუფრავი ე.წ. სხვა ხარჯები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 
"2012 წლის ბიუჯეტში "სხვა ხარჯები" მთელი ხარჯების 16%-ზე მატია, რაც 1 მლრდ ლარზე მეტ თანხას შეადგენს",- აღნიშნავს ექსპერტი. 


თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ეკონომიკის სფეროში 5 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდით? 

ნოდარ ხადური - მთელ რესურს მივმართავდი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე

ლადო პაპავა - რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მივაღწიოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, რაც პრაქტიკულად საქართველოს ეკონომიკური სივრცის ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში მოქცევას ნიშნავს

ნოდარ ხადური - პირველი - ალბათ მთელ რესურს მივმართავდი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე; მეორე - ხელს არ შევუშლიდი და პირიქით, ხელს შეუწყობდი ჩვენს ბიზნესს, რომ თავისუფლად გავიდეს რუსულ ბაზარზე; მესამე - ხელს შეუწყობდი სოფლის მეურნეობისა და სოფლის კომპლექსურად განვითარებას და არა რომელიმე ერთი დარგისა და ერთი მიმართულების განვითარებას; მეოთხე - ვიზრუნებდი იმისათვის, რომ ქვეყანა მართლაც გახდეს ინვესტორებისთვის მიმზიდველი და ამ თვალსაზრისით თავი დაანებოს ქონებრივი და სხვა უფლებების დარღვევას. 

"ჩვენ, ევროპასთან ურთიერთობის ერთი ეტაპი გადავლახეთ. ევროპამ დაიწყო ჩვენთან საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ეს ჯერჯერობით არ არის რეალური ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია, საქართველო ევროპამდე მიიყვანოს. ჩვენ დღეს ისევ ეს პრობლემა გვაქვს.

საქართველოსათვის ევროპასთან დაახლოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",- დასძენს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადური. 

ლადო პაპავას განმატებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა 10- პუნქტიანი გეგმა, მაგრამ მასში ჩამოაყალიბა არა უმთავრესი მიმართულებები, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს. მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში ცალკე არ არის გამოყოფილი ყველაზე მთავარი - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევა. ამ თვალსაზრისით, ამ გეგმის ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი სწორედ ეს გახლავთ. "საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით მივაღწიოთ ევროკავშირთან ეკონომიკურ და არა მარტო ეკონომიკურ დაახლოებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევას. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს პრაქტიკულად საქართველოს ეკონომიკური სივრცის ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში მოქცევას ნიშნავს", - აღნიშნავს ლადო პაპავა, რომლის თქმითაც, ეს საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს და, შესაბამისად, მთავრობის მთელი ძალისხმევაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას - ბრიუსელმა მიაღწია იმას, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაჩინა კონსტრუქციულობის ელემენტები და ახლა დაიწყება ამ თემაზე მოლაპარაკებების პროცესი. თუმცა, მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს მთავრობა იჩქარებს რაიმე დადებითი შედეგის დადებას. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია 2009 წლის იანვარში აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში აშშ-სა საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მინიჭების შესახებ შეთანხმების მიღწევას. 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სულ ცოტა, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რას ითხოვს ვაშინგტონი საქართველოსგან მასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. აშკარაა, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ, პასიურობს",- დასძენს ლადო პაპავა.

მისივე აზრით, დღის წესრიგის ასევე აქტუალური თემაა საბანკო სექტორის სერიოზული რეორგანიზაციის საკითხი. უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივებით ჩარევა საბანკო სექტორში, ხოლო ეროვნული ბანკი უნდა ასრულებდეს პროფესიულ ფუნქციებს, მაკროეკონმიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და არა - სადამსჯელო პოლიციურ აქციებს. ეროვნული ბანკი არ უნდა ჩამოყალიბდეს საბანკო ჟანდარმერიის ინსტიტუტად და დარჩეს საბანკო სისტემის მარეგულირებელ ცენტრალურ ბანკად.

ლადო პაპავა ასევე აუცილებელად მიიჩნევს შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებას, რისთვისაც თვისობრივად ახალი შრომის კანონმდებლობაა მისაღები, რომლითაც თითოეული დასაქმებული იქნება დაცული.
"საჭიროა სერიოზული აგრარული პოლიტიკის შემუშავება, აგრარული სექტორის განვითარებისთვის მისი სტიმულირება. ისეთი კლიმატური პირიბების ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სირცხვილიც კია, რომ სოფლის მეურნეობა თანამედროვე დონეზე არ იყოს განვითარებული. ეკონომიკაში შარშანდელ პრობლემათა სიმრავლე იმაზე მიუთითებს, რომ 2011 წელს მთავრობამ სწორი მიმართულებით ვერ იმუშავა"- მიაჩნია ექსპერტ ლადო პაპავას.