მეფური ფასტფუდი Burger King-ისაგან

მეფური ფასტფუდი Burger King-ისაგან

Burger King მსოფლიოში ფასტფუდ-რესტორნების სიდიდით მეორე ქსელია და თავის სფეროში მხოლოდ McDonald’s-ს ჩამოუვარდება. იგი მშობლიური ამერიკის 50-ვე შტატის გარდა მსოფლიოს 58 ქვეყანაში მოღვაწეობს. თავად Burger King-ს 1000 რესტორანი ეკუთვნის, კიდევ 10 ათასი კი ფრანჩაიზინგულ (ფრანჩაიზინგი – შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთი კომპანია მეორეს თავისი სავაჭრო ნიშნით პროდუქციის, მასალების ან ტექნოლოგიების გამოყენების უფლებას აძლევს) საფუძველზე მუშაობს. შედეგად, კომპანია მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად 15,7 მილიონ ადამიანს ემსახურება და წელიწადში თითქმის 2,5 მილიარდ ჰამბურგერს ყიდის.

 

დასაწყისი

Burger King 1954 წელს დააარსეს მაიამელმა ბიზნესმენებმა ჯეიმს მაკლამორმა და დევიდ ედგერტონმა. თავდაპირველად ისინი 5 რესტორანს ფლობდნენ, მაგრამ საქმე მშვენივრად წაუვიდათ და ხუთიოდე წელში ქსელის ნაციონალური მასშტაბით გაფართოება დაიწყეს. 1967 წელს, როცა მფლობელებმა Burger King კომპანია Pillsbury-ის მიყიდეს, მათი კომპანია სიდიდით აშშ-ში მესამე იყო, რამდენიმე წლის შემდეგ კი უკვე მსოფლიოში მეორე გახდა და მხოლოდ McDonald’s-ს ჩამოუვადებოდა, რაც დღემდე გრძელდება.

 

Burger King-ის ისტორია ნათლად მეტყველებს, როგორ აფართოვებდა ამერიკის სწრაფი კვების წარმოებას ფრანჩაიზინგი და რეკლამა. მაკლამორმა და ედგერტონმა ბიზნესი მარტივი კონცეფციით დაიწყეს: მათ სურდათ თავიანთ რესტორნებში რაც უფრო მეტი ისეთი ამერიკული ოჯახი მოეზიდათ, რომლებიც თავიანთ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ. ეს ლოგიკური გახლდათ, რადგან ომისშემდგომი კრიზისი უკვე გადალახული იყო და რესტორნებს სულ უფრო მეტი ადამიანი ეტანებოდა. ამასთან, სხვა ფასტფუდებისაგან განსხვავებით, მათ რესტორნებში ჩანგლები და დანები იხმარებოდა.

 

იმ პერიოდში კალიფორნიაში ბიზნესმენმა რეი კროკმა ძმებ მაკდონალდებთან გარიგება გააფორმა და განთქმული რესტორნების ქსელის გაფართოვებას საფუძველი ჩაუყარა. Burger King-მა პასუხად ლეგენდარული ჰამბურგერი, McDonald’s-ის Big Mac-ის ანალოგი Whopper გამოუშვა. ეს ერთობ მძიმე, მაგრამ გემრიელი და ნოყიერი კერძი ძალზე პოპულარული გახდა, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ Burger King-მა მთელს ქვეყანაში ერთიანი ფასები დააწესა და ისინი კრიზისების დროსაც არ გაუზრდია.

 

1958 წლიდან Burger King-მა სეტელევიზიო რეკლამის ფართო გამოყენება დაიწყო, რითაც მშვენიერი შედეგი ნახა და ერთი წლის შემდეგ ფლორიდას შტატის ფარგლებს გარეთ გაფართოვების დროც დადგა. მაკლამორმა და ედგერტონმა ამის საუკეთესო საშუალებად ფრანჩაიზინგი ჩათვალეს და Burger King-ის რესტორნების გახსნის უფლების გაყიდვა დაიწყეს. თანაც, მთავარი კონკურენტებისაგან განსხვავებით, საქმეს მხოლოდ მსხვილ ინვესტორებთან იჭერდნენ. სისტემამ იმუშავა, კომპანია გაფართოვდა და 1967 წელს Burger King კომპანია Pillsbury-მა 18 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

მკაცრი კონტროლი

70-იანი წლების ბოლოს Burger King-ის ფრანჩაიზინგის სისტემაში ბზარი გაჩნდა. საქმე ის გახლდათ, რომ სხვადასხვა რესტორანი კლიენტებს სხვადასხვა ხარისხის მომსახურებას სთავაზობდა, რაც დიდი ნაკლი იყო კომპანიისათვის, რომელიც რეკლამებში თავისი ქსელის ყველა რესტორანში ერთნაირად უმაღლესი დონის მომსახურების პირობას იძლეოდა. თავის ფრანჩაიზინგზე რეალური კონტროლი Burger King-მა მას შემდეგ დაამყარა, რაც McDonald’s-იდან  გონიერი მენეჯერი დონალდ სმიტი გადმოიბირა, რასაც კომპანიის ძალზე სწრაფი აღმასვლა მოჰყვა.

 

სმიტს თავიდანვე არ მოეწონა, რომ Burger King იმ მიწის, რომელზეც მისი რესტორნები იყო განლაგებული, მხოლოდ 34 პროცენტს ფლობდა. ამიტომაც, მან ფრანჩაიზინგის სისტემის რეორგანიზაცია განახორციელა. მისი ინიციატივით, ფრაჩიზულ ხელშეკრულებებს არა მარტო დამატებითი პირობები დაემატა, არამედ ფრანჩაიზერთა კონტროლისათვის რეგიონალური ოფისები შეიქმნა.

 

სმიტის პერიოდში Burger King მა აშშ-ს ფარგლებს გარეთ გაფართოვება დაიწყო. ცხადია, ეს მეტად რთული საქმე იყო, რადგან, როგორც ცნობილია, ფასტფუდზე ისეთი მოთხოვნილება, როგორიც აშშ-ში, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის. მიუხედავად ამისა, სმიტის მონდომებით, პირველ ათ წელში Burger King 30 ქვეყანაში გავრცელდა.

1974 წელს Burger King-ში ახალი, სწრაფი მომსახურების სისტემა დაინერგა, 70-იანი წლების ბოლოს კი ქსელმა მენიუ გააფართოვა და მასში დილის საუზმე ჩართო.

 

80-იანების პრობლემები

1980 წელს სმიტი Burger King-დან წავიდა, რამაც კომპანიაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიას გვარიანად გაუჭირდა, რამდენიმე ხელმძღვანელიც გამოიცვალა, მაგრამ ადრინდელივით წარმატებული განვითარების გზას ვერ დაუბრუნდა.

 

1985 წლიდან განხორციელდა Burger King-ის ქსელის სრული კომპიუტერიზაცია. ამავე პერიოდში მენიუში გამოჩნდა ბოსტნეული კერძები და საერთოდ, გარკვეული აქცენტი ჯანსაღ კვებაზე გაკეთდა. ამასთან, რესტორნებში პლასტმასის საგნები ხის ნაკეთობებით შეცვალეს. ამ სიახლეებს აგრესიული სარეკლამო კამპანიაც დაემატა და კომპანიის საქმე აშკარად უკეთ წავიდა. უნდა ითქვას, რომ სმიტის მოღვაწეობის პერიოდში კომპანიამ ვერ მოასწრო თავისი მომსახურების სრულად სტანდარტიზება და წარმატებებთან ერთად გარკვეული პრობლემები თავს გამუდმებით იჩენდა.

 

1989 წელს კომპანია Grand Met-მა Pillsbury 5,7 მილიარდ დოლარად Burger King-თან ერთად შეიძინა. ახალმა მფლობელმა Burger King-ის თავკაცად ბრიტანეთიდან პაბების ქსელის ყოფილი მენეჯერი ბარი გიბსონი მოიწვია. მან პირველ რიგში ერთობ აგრესიული ნაბიჯი გადაგა და ფასტფუდის რესტორნების არცთუ წვრილი ქსელი Wimpey შეიძინა, რითაც ბაზარზე მდგომარეობა გაიმყარა.

 

გარდა ამისა, გიბსონმა კიდევ უფრო მეტად გააფართოვა კომპანია საზღვარგარეთ. მისი მცდელობით გაფორმდა ხელშეკრულება Disney-სთან, რამაც გვარიანი მოგება მოიტანა. ამასთან, შემოსავლის გაზრდის მიზნით გიბსონმა კომპანიის რამდენიმე ნაკლებადმომგებიანი რესტორანი დახურა. და, გიბსონმა საწადელს მიაღწია, თუ მის მოსვლამდე Burger King-ის შემოსავალი წელიწადში 175 მილიონი დოლარი იყო, მისი მეოხებით 250 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, მთავარ მიზანს, რომელიც McDonald’s-ის ჰეგემონიის დამხობაში მდგომარეობს, მანაც ვერ მიაღწია. ამიტომაც გახლდათ, რომ ორიოდე წლის წინ Burger King კიდევ ერთხელ გაიყიდა.

 

ამჯერად მისი მფლობელი კომპანია Pacific Group გახდა. შეძლებს თუ არა Burger King ახალი მფლობელის ახალი მენეჯმენტით ფასტფუდის მსოფლიო ლიდერის წოდების მოპოვებას, დრო გვიჩვენებს.