ნინო კვიტაშვილი, "კვირის პალიტრა"
ანუ "ქამრების შემოჭერის" "ნაციონალური" კონტრასტები
ღიმილს, ჯანსაღი კბილების გარდა, კარგი განწყობაც სჭირდება
"შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, როგორც ხალხი ცხოვრობს", - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დაპირება "ვარდების რევოლუციიდან" ძალიან მალე, ვნახოთ, დღეს რა ხდება.
თბილისი სულ უფრო ემსგავსება კონტრასტების ქალაქს - დელისა თუ ბუენოს-აირესს, სადაც, ტელესერიალებისგან განსხვავებით, ღარიბები ტირიან, მდიდრები კი - არა. გახსოვთ, ალბათ, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას გახმაურებული ვოიაჟი ქართველი მაღალჩინოსნების ამალასთან ერთად ევროპის ერთ-ერთ უძვირეს ქალაქ ვენაში (ავსტრია), სადაც მისმა მეუღლემ - პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ახლა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის კულტურული ღონისძიებების სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა კილაძემ იმშობიარა და თბილისის მერის ეს ვოიაჟი ათასობით ევრო რომ დაჯდა.
ვენაში ქართველი მაღალჩინოსნების კოჰორტის ბოჰემურ გასეირნებას ცოტა ხნის შემდეგ არანაკლებ სკანდალური თავგადასავალი მოჰყვა ლისაბონში, სადაც ნატოს სამიტი ტარდებოდა: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებმა ძვირად ღირებულ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "ტიარაში" (სადაც თითოეულ ნომერში ცხოვრება 380-დან 450 ევრომდე ღირს) მსუბუქი ყოფაქცევის ქალები აიყვანეს და ისეთი ორგია გამართეს, ხმაურმა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეაწუხა... ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ სექსსკანდალს არაერთი თანამდებობის პირის სკამი, რეპუტაცია და კარიერა შეეწირებოდა, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი მხოლოდ შეშფოთების საგნად დარჩა...
დიდი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო ამბობდა: "სიღარიბე შობს რევოლუციას, რევოლუცია კი - სიღარიბეს!" როცა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში სოციალური თანასწორობის ლოზუნგით მოვიდა, მისი ლიდერები საზოგადოებას არსენა ოძელაშვილივით ჰპირდებოდნენ - მდიდარს წავართმევთ და ღარიბს მივცემთ, საყოველთაო თანასწორობას დავამყარებთ, ყველანი რძისა და შოკოლადის მდინარეებში იბანავებთო! წართმევითM მდიდრებს მართლაც წაართვეს, მათ სახლებში ხალხს ბაგა-ბაღებისა და მოხუცთა თავშესაფრების გახსნასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ...
სიღარიბესთან ბრძოლაც ცარიელ საარჩევნო ლოზუნგად დარჩა და მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღატაკები - ღატაკდებიან. შესაბამისად, უფსკრული საზოგადოების ფენებს შორის სულ უფრო ღრმავდება: გაეროს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 53 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (თუმცა, ჩვენში სიღარიბის ინდექსის დადგენაც პრობლემაა - დუშეთის რაიონში ერთ-ერთ გაჭირვებულ ქალბატონს სოციალურ დახმარებაზე უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც ეზოში კრუხ-წიწილა უპოვეს, - ფერმერი ყოფილხარო). პენსიონერებისთვის კი პენსიის რამდენიმე ლარით, 140 ლარამდე გაზრდა იანვრის ნაცვლად, სასექტემბროდ გადადეს - ხარჯიც ნაკლებია და საპარლამენტო არჩევნებთანაც უფრო ახლოა.
გასული წელი აღსანიშნავი იყო ხელისუფლების მიერ დევნილთა გასახლების მასშტაბური აქციებით: ქალაქის მერმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილები თბილისიდან წალენჯიხის რაიონში, ფოცხო-ეწერში გაისტუმრა, სადაც ცხოვრებისათვის გაუსაძლისი პირობებია და სადაც დევნილი 250 ოჯახი დიდი ხანია ითხოვს უფასო სასადილოსა და საბავშვო ბაღის გახსნას, თუმცა ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა ვერა და ვერ გამოიძებნა. აღსანიშნავია ამ საკითხისადმი ქართველი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ცინიკური დამოკიდებულება: დევნილი ქალბატონის, ნანა ფიფიას მიერ თბილისიდან გასახლების პროტესტის ნიშნად თავის დაწვის შესახებ "ნაცმოძრაობის" ახალმა "ფეისმა" (ასე უწოდებს საკუთარ თავს) ქეთა გაბიანმა ცინიკურად განაცხადა - ბენზინის ფული ხომ იშოვაო? ასეა, სხვას თავის დასაწვავად ბენზინის ფულსაც უთვლიან, ბიუჯეტის ფულს კი პომპეზურ ღონისძიებებში ხარჯავენ: იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამო, ნიუ-იორკის სიმბოლოს, 102-სართულიანი ცათამბჯენის, ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის ღამის განათებაზე ამ ქალაქის მერი ეკონომიის მიზნით უარს ამბობს.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე დაჯავშნილი აქვთ ადგილები ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებში, სადაც ერთი ჯადოსნური საახალწლო ღამე 400-500 ლარი ჯდება. სამაგიეროდ, საახალწლოდ იზრდება რიგები ნაგვის ურნასთან, სადაც უპოვრები მათ ნასუფრალს ელოდებიან... ვინ შეიძლება იყოს გართობის, დასვენებისა და კარგი ცხოვრების წინააღმდეგი, მაგრამ მაშინ, როცა შენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შია?! რა დააშავეს "უბრალო" ადამიანებმა - ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პრინციპი მხოლოდ მათ შეეხო?! კარგია, როცა პრეზიდენტს წინასაარჩევნოდ, საკუთარ დაბადების დღეზე ახსენდება მიუსაფარი მოხუცები, მათ ხიზილალითა და ესპანური ყველით უმასპინძლდება, უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებასაც ჰპირდება, მაგრამ ღიმილს, ჯანსაღი კბილების გარდა, კარგი განწყობაც რომ სჭირდება?! ჯანსაღ კბილებს კი, პირველ რიგში, - საჭმელი, რომელიც საქართველოს მშიერ მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ გააჩნია!
პარლამენტარიზმის იდეის პოპულარიზაციისთვის(?!)
სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პრინციპზე დასავლეთში არსად ამბობენ უარს, მით უმეტეს სიფრთხილეს იჩენენ, როცა საქმე სახელმწიფო ბიუჯეტს, ანუ ხალხის ჯიბეს ეხება. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს, გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი დიდ სკანდალში გაეხვია, როცა გაზეთმა "ბილდმა" მას უცხოელი სტუმრების ზედმეტად გულუხვ გამასპინძლებაში დასდო ბრალი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი თავისი ფეისბუკელი მეგობრების სახელმწიფო ხარჯზე გამასპინძლების აუცილებლობა ასე ახსნა: პარლამენტარიზმის იდეის პოპულარიზაციისთვის იყო საჭიროო... ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ინაუგურაციაზე ძვირფასი კაბის ჩაცმაზე უარი განაცხადა, - ჩემს ქვეყანაში კრიზისიაო. ჩვენი მაღალჩინოსნების ცოლების გარდერობი და ავტომობილები კი, ალბათ, ფილიპინების სკანდალურად ცნობილი ყოფილი პრეზიდენტის მილიარდერ ცოლს, იმელდა მარკოსსაც შეშურდებოდა..."
ხელისუფლება ხალხს ერთი ნაბიჯით მხოლოდ ხიფათთან შესახვედრად უნდა უსწრებდეს!".
მაჰათმა განდი
1802
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85