ახალი წლის შეხვედრას ქართველები, ძირითადად, სახლი ან რესტორანში ამჯობინებენ - გააჩნია ჯიბისა და ამ ჯიბეში არსებული თანხის მოცულობას. თუმცა, წლევანდელი ფასების გათვალისწინებით თბილისელები ახალ წელს იაფად ვერანაირად შეხვდებიან. ფასები რესტორნისა და სახლის პირობებში ორივეგან გაზრდილია.
თუ შარშან საახალწლო ღამეს რესტორანში ერთი ადამიანის მომსახურება, საშუალოდ, 100-110 ლარი ღირდა, წელს მომსახურების საწყისი თანხა 120-150 ლარს შეადგენს. მიუხედავად, მორიგი გაძვირებისა, კონტიგენტი რა შემცირებულა. რესტორნების მენეჯერები ამბობენ, რომ ადგილების დაჯავშნა დეკემბრიდან დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება. ზოგიერთ რესტორანში ადგილები უკვე შეივსო.
რესტორან “ძველ მეტეხში” თითო ადამიანის მომსახურება 150 ლარი ეღირება. საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მომღერალი თემურ წიკლაური და “იუმორინას” შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს.
“ადგილები უკვე დაიჯავშნა. არაჩვეულებრივი სანახაობა იქნება, სტუმრები მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებენ და ახალი წლის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ. მენიუც და საახალწლო პროგრამაც წლეულს, შარშანდლისგან განსხვავებულია, პროგრამის ფარგლებში, გათამაშება და სხვადასხვა სიურპრიზი გვაქვს დაგეგმილი, ძალიან კარგი საღამო ჩატარდება”, - ამბობს “ძველი მეტეხის” მენეჯერი ნუგზარ მაჭარაშვილი.
“საახალწლოდ გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ, ლამაზი ღონისძიება, ძალიან საინტერესო მუსიკალური პროგრამა. თითო კაცის მომსახურება ჩვენთან 120-150 ლარი ეღირება, რა თქმა უნდა, სტუმრები საჩუქრებსაც მიიღებენ. ჩატარდება ვიქტორინაც, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტუმრებმა კარგად იგრძნონ თავი და მაქსიმალურად გაერთონ.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ფინანსურ მდგომარეობას უჩივის, მოლხენისა და საახალწლო გართობისთვის თანხას არ ზოგავს. ადგილების დაჯავშნა უკვე დაიწყო, მომხმარებელი წელს ძალიან აქტიურობს”, - ამბობს “თუსაიდის” თანამშრომელი.
რა თქმა უნდა, რესტორანში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ვერ შეხვდება. მიზეზის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს - თანხების სიმცირე და მისი დაზოგვაა. თუმცა, თბილისელები ოჯახურ პირობებშიც ვერ ჩაეტევიან სასურველ ჩარჩოებში, რადგან წლიდან წლამდე საახალწლო სუფრის გასაწყობად უფრო და უფრო მეტი თანხაა საჭირო. გამონაკლისი არც მოახლოებული დღესასწაულებია. შარშანდელთან შედარებით, ხარჯებმა იმატა.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის აგრარულ ბაზრობებზე ფასები რამდენიმე პროდუქტზე მკვეთრად გაიზარდა. როგორც ნავთლუღის ბაზრის დირექტორი შოთა ოსიურიძე აცხადებს, ბაზრებზე ამ დრომდე არ შეუტანიათ გოჭი და ინდაური. ბაზარზე მათ გამოჩენას დღეიდან ელოდებიან. სავარაუდოდ, გოჭის ფასი ბაზარზე 65-70 ლარამდე იქნება, ინდაურისა კი 40 - 45-მდე.
როგორც ოსიურიძემ რადიო “კომერსანტს” განუცხადა, ფასები წინა წელთან შედარებით, რამდენიმე პროდუქციაზე უცვლელი დარჩა. 1 კგ თაფლი წელს, შარშანდლის მსგავსად, 13 ლარი ღირს. ქათმის ფასი (6.50 ლარი) ასევე უცვლელი დარჩა. ახალი წლის მოახლოების მიუხედავად, ფასები არ გაზრდილა საქონლის ხორცზე და მისი სარეალიზაციო ფასი ამ ეტაპზე 17 ლარია, თუმცა გასული წლის იგივე პერიოდში ის 9 ლარი ღირდა.
ფასების ცვლილება, ძირითადად, ნიგოზსა და ჩურჩხელას ეხება. 1 კგ ნიგოზი რამდენიმე კვირის წინათ ბაზარზე 18 ლარი ღირდა. დღეს კი მის შესაძენად მომხმარებელს 20-23 ლარის გადახდა უწევს. ჩურჩხელა ამ დროისთვის 2.50-3 ლარი ღირს.
ასე რომ, 2010 წელს მომხმარებელს საახალწლო სუფრის გასაწყობად, საშუალოდ, 154 ლარის გადახდა უწევდა. ეს თანხა ძირითადი საახალწლო პროდუქტების - თაფლის, ნიგვზის, ჩურჩხელას, ქათმის, ინდაურის, ხორცისა და გოჭის მინიმალური ღირებულების ჯამია. წლეულს კი საახალწლო სუფრა, იგივე პროდუქციის ამჟამინდელი ღირებულების მიხედვით, 162 ლარი დაჯდება.
2422
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85