მოსახლეობამ შეშაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. შეშის ფასი წელს არ გაძვირებულა და შარშანდელის ანალოგიურია. კახეთში ერთი მანქანა შეშის ღირებულება 250 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. შიდა ქართლში, საშუალოდ, 500 ლარი ღირს. დასავლეთ საქართველოში 400 ლარიდან 600 ლარამდე, ხარისხის მიხედვით. მოსახლეობა შეშის აღნიშნულ ღირებულებას მიეჩვია. ამჯერად ისინი იმაზე წუწუნებენ, რომ შეშა მიუდგომელ ადგილებზეა და მათი ჩამოტანა საკმაოდ რთულია.
სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, საშეშე მერქნის შეძენის მსურველი ნებისმერ ბანკში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის გადახდის ქვითარს ტყის მცველს წარუდგენს, რის შემდეგაც ტყის მცველი მიუთითებს მოსაჭრელად მონიშნულ ხეებს ტყეკაფში.
დამზადების შემდეგ კი, ადგილობრივ მცხოვრებს ხე-ტყისკანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა. ადგილობრივი მოსახლეობისათვის საშეშე მერქნის რაოდენობა განისაზღვრება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრებთათვის - არაუმეტეს 12 კუბური მეტრი, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 7 კუბური მეტრი. ერთი კუბური მეტრზე 3-ლარიანი მოსაკრებელია გადასახდელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობის განცხადებით შეშის მოსაჭრელად გამოყოფილი ტერიტორიები ისე შორს არის, რომ სამანქანო გზა არ მიდის და იმ ადგილებამდე მისვლა რთულია.
„როგორც წესი იყო მოსაკრებელი გადავიხადე და გამომიყვეს შეშის მოსაჭრელი ადგილი. ისეთი შორს არის, რომ ორმაგი შრომა მჭირდება. მოჭრილი ხეები დაბლა ჩამოვაცურეთ და შემდეგ მანქანაზე დავტვირთეთ. მძიმე შრომასთან ერთად სახიფათოც არის, თუმცა კარგ ადგილებში მოსაჭრელი შეშა ისედაც არ არის. თუ სადმე გეგულება მეტყევესთან უნდა „ჩააწყო“ ან თუ მისი ნაცნობი ხარ, შედარებით კარგ ადგილს გამოგიყოფს. ისე, თუ შეშას ადგილზე მოატანინებ არც ისე ძვირი ღირს, იმასთან შედარებით რომ წელს ყველაფერი გაძვირდა, ერთი მანქანა ჩვენთან 280 ლარად მოაქვთ“, - ამბობს თელაველი ბეჟან მეურმიშვილი.
7 კუბური მეტრი შეშა ბარში მოცხოვრები საშუალო ზომის ოჯახისთვის საკმარისია, თუმცა ზოგიერთ რაიონში, სადაც ზამთარში ტემპერატურა უფრო დაბალია, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ 7 კუბური მეტრი შეშა საკმარისი არ არის.
ხაშურის რაიონში მცხოვრები ნოდარ გელაშვილის თქმით, მის ოჯახს ზამთრის განმავლობაში 10 კუბური მეტრი შეშა მაინც სჭირდება. ოჯახი სახლის გასათბობად ორ ღუმელს ათბობს -ოქტომბრის ბოლოდან, ხშირ შემთხვევაში, აპრილის ბოლომდე.
„ჩემი ოჯახისთვის 7 კუბური შეშა საკმარისი არ არის. ყველაფრისთვის ღუმელს ვიყენებთ, გათბობა, საჭმლის მომზადება, წყლის გაცხელება. როგორ შეიძლება მოსაჭრელი შეშის ოდენობა ყველა რაიონზე ერთნაირად განსაზღვრო? მაგალითად, კახეთში ზამთარიც კი თბილი იცის, ხაშურის რაიონში კი ოქტომბრის ბოლოდან ისეთ სიცივეებს იჭერს, რომ სახლის გასათბობად ერთი ღუმელი საკმარისი არ არის.
მინდოდა მოსაკრებელი გადამეხადა და შეშა თვითონ მომეჭრა, მაგრამ მითხრეს 7 კუბურ მეტრზე მოჭრის უფლება არ გაქვთო. ისე რომ ვიყიდო 500 ლარი უნდა გადავიხადო და ამდენის საშუალება კი არ მაქვს“, - ამბობს ნოდარ გელაშვილი.
მართალია, რამდენიმე წლის წინათ დაიწყო სამთავრობო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“, მაგრამ საქართველოში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეშით თბება.
ექსპერტთა შეფასებებით, შეშის წილი მნიშვნელოვნად აღემატება გაზისა და ჰიდროენერგიის წილს ქვეყნის მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში. მათი თქმით, შეშის დასაწვავად, ძირითადად, გამოიყენება კუსტარულად დამზადებულ ღუმელები, რომლებიც გათვალისწინებულია, როგორც საჭმლის მომზადებისთვის, ასევე გათბობისათვის.
ამ ღუმელების, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გამოიყენება მხოლოდ საჭმლის მომზადებისთვის (6-7თვე), ეფექტურობა ძალიან დაბალია და შეშის მთელი ენერგიის 10-15%-ს იყენებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტა შეფასებით, შეშის (როგორც ადგილობრივი განახლებადი რესურსის) მაღალი წილი ენერგეტიკულ ბალანსში იქნებოდა დადებითი მოვლენა რომ არა შემდეგი ფაქტორები: შეშის დამზადება და მოხმარება, დაახლოებით, 4-ჯერ აჭარბებს იმ ნორმებს, რომლებიც დაშვებულია საქართველოს ტყეებისთვის, რაც მძიმე ზეგავლენას ახდენს გარემოზე. შეშა გამოიყენება დაბალი ეფექტურობის მქონე ღუმელებში და მისი ენერგიის უდიდესი ნაწილი იკარგება.