ბიძინა რამიშვილი, "თავისუფლება"
მზის ენერგიის მოპოვება სულ უფრო და უფრო აუცილებელი ხდება და სულ უფრო მეტად შესაძლებელიც. სხვადასხვა ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მოხდეს ტრადიციული ენერგომატარებლების ნაწილობრივ ჩანაცვლება ენერგიის ამ ეკოლოგიური, იაფი და, რაც მთავარია, მდგრადი წყაროთი. დღეს კიდევ ერთ ასეთ ტექნოლოგიას გაგაცნობთ. როგროც უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, მშენებლებს მომავალში შეეძლებათ, მზის ენერგიის კოლექტორები არა მხოლოდ დაამონტაჟონ სახლების სახურავებზე, არამედ, უბრალოდ, წაუსვან კიდეც სახლების ფასადებს. საამისო საფუძველს იძლევიან ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც შექმნეს ე.წ. მზის საღებავი (სოლარული საღებავი). ეს საღებავი ნახევარგამტარების კრისტალებს შეიცავს. ამ საღებავით ელექტროენერგიის წარმოქმნა შესაძლებელია ნებისმიერ ელექტროგამატარ ზედაპირზე მისი წასმით. საღებავის წარმოება იაფად და დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი და ეს მას მიმზიდველობას ჰმატებს. კომერციულ გამოყენებამდე კი ისინი საღებავის კიდევ უფრო სრულყოფას აპირებენ.
„ეს საღებავი შეიძლება სპეციალური ხელსაწყოების გარეშე წაესვას ნებისმიერ ელექტროგამტარ ზედაპირს,“ წერს ნოტრ დამის უნივერსიტეტის თანამშრომელი პლაშანანტ კარმატი. ფერადი მასის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ტიტანის ორჟანგის მილიმეტრის მემილიონედის ზომის ნაწილაკები. კამატმა და მისმა კოლეგებმა ეს ნაწილაკები დაფარეს ნახევარგამტარული ნივთიერების ფენით. ალკოჰოლსა და წყალში გაზავებული ეს მასა სოლარული საღებავის საფუძველს წარმოადგენს.
მეცნიერებმა ლაბორატორიაში ახალი საღებავი გამჭვირვალე და ელექტრობის იოლად გამტარ ზედაპირს წაუსვეს. სინათლე, რომელიც მზის სხივის სპექტრს შეესაბამებოდა, ამ საღებავის მეშვეობით ერთი პროცენტის ელექტროენერგიად გარდაქმნის საშუალებას იძლეოდა. ამჟამად საყოველთაოდ გავრცელებული კომერციული სოლარული მოდულებით ბევრად მეტის, 15 პროცენტამდე ელექტროენეგიის მიღება შეიძლება. სამაგიეროდ საღებავს აქვს ერთი დიდი უპირატესობა - ბევრად დიდი ფართობები ბევრად იაფად შეიძლება დაიფაროს და ეს ზედაპირი მზის ელექტროსადგურებად იქცეს.
მაგრამ კამატი და მისი კოლეგები საღებავის ეფექტიანობის ამ ხარისხით არ კმაყოფილდებიან. ადრე ჩატარებული სხვა ცდებიდან ცნობილია, რომ ნახევარგამტარი ნანოკრისტალების გამოყენებით ბევრად უფრო მაღალი ხარისხის შედეგის შეიძლება იქნეს მიღწეული. ამავე დროს კამატის გუნდს სურს, გაზარდოს საღებავის სტაბილურობა, რათა მან მრავალი წლის განმავლობაში გაუძლოს ამინდის ზემოქმედებას. მეცნიერები ასევე ფიქრობენ, რომ საღებავის კიდევ უფრო სრულყოფისთვის შეიძლება მძიმე ლითონების წილის შეცვლა სხვა ნახევარგამტარი ნივთიერებებით.
883
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85