რატომ ეშვება სინათლის ქალაქი ცხოვრებისეულ ბნელეთში...

რატომ ეშვება სინათლის ქალაქი ცხოვრებისეულ ბნელეთში...


რატომ იყო ერთ დროს თბილისი ყველასათვის მიმზიდველი ქალაქი? იმიტომ, რომ იგი კოლორიტულ სინთეზთან ერთად, ცხოვრების მაღალი დონით, დაბალი ფასებით, იაფი მომსახურებით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. თანდათან საქართველოს დედაქალაქმა ყველაფერი დაკარგა. ჯერ დაბალი ფასები და იაფი მომსახურება გაქრა, ამას ლოგიკურად მოჰყვა ცხოვრების დონის დაცემა. ამჯერად დარჩენილი ვართ სტუმარმოყვარეობის ამარა, მაგრამ ჟამიდან ჟამამდე ესეც იკარგება. ღარიბისა და არას მქონეთათვის სტუმრის გამასპინძლება ვერაფერი სასიამოვნო პროცესია. 

აქედან გამომდინარე, საქართველოს დედაქალქი მიმზიდველობასაც კარგავს. მაშინ, როდესაც ფასებით თბილისი ბევრ ევროპულ მსხვილ ქალაქსაც კი უსწრებს, ხოლო მომსახურება უდაბლეს დონეზეა, უცხოელთა დაინტერესება, ბუნებრივია, იკლებს. თანაც, ყველაფერთან ერთად, დადასტურდა, რომ ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების დონით თბილისი უკანასკნელია. ასეთი შედეგი აჩვენა ადამიანური რესურსების კონსულტირების, კვლევებისა და საგამოძიებო მომსახურების გლობალური კომპანიის Mercer-ის კვლევამ. 

აქედანვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Mercer-ი ცხოვრების დონეს საკმაოდ კომბინირებული კრიტერიუმების მიხედვით ითვლის: პოლიტიკური და სოციალური გარემო, ეკონომიკური გარემო, სოციალ-კულტურული გარემო, სამედიცინო და ჯანდაცვის პირობები, სკოლა და განათლება, ბუნებრივი გარემო. საჯარო მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია, სამომხმარებლო საქონელი, სახლის პირობები. პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელს კი კვლევითი კომპანია შიდა სტაბილურობის, კრიმინალის დონის, კანონის განხორციელების ეფექტიანობის და ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების მიხედვით ითვლის.

Mercer-ის გამოკვლევის თანახმად, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. ევროპაში მეორე და მესამე ადგილებზე ციურიხი და მიუნხენი გავიდნენ. შემდეგ კი ჩამონათვალში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კოპენჰაგენი არიან. პირველ 30-ეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ჰამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი."ევროპის ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი ქალაქი თბილისია – 214-ე ადგილი", - აღნიშნავს Mercer-ის ვებგვერდი. 

აღნიშნულ 214-ე ადგილზე თბილისი მსოფლიო ქალაქების 221 ადგილიან ჩამონათვალში გავიდა. ამ ჩამონათვალში ბოლო ადგილზე ერაყის დედაქალაქი ბაღდადია. თუმცა, ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თბილისმა მიიღო. Mercer-მა ასევე გამოიკვლია ქალაქებში პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელი. პირველ ადგილზე ლუქსემბურგი აღმოჩნდა. მას ბერნი, ჰელსინკი და ციურიხი მოჰყვებიან. აღმოსავლეთ ევროპაში პირადი უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლუბლიანამ და პრაღამ მიიღეს. მოსკოვი ამ ჩამონათვალში 199-ე ადგილზე გავიდა.

თბილისი კი პირადი უსაფრთხოების რეიტინგშიც ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ბოლო ადგილზე მოხვდა, რაც მთელი მსოფლიოს ქალაქების ჩამონათვალში 215 ადგილია. 

საქართველოს და მათ შორის თბილისის მსოფლიო ტურისტულ ცენტრად გადაქცევის მოსურნე ჩვენ ხელისუფლებას Mercer-ის კვლევა გულზე ეკალბარდივით მოხვდა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. ერთ-ერთ ჩინოვნიკს, თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მსხვილი ევროპული ქალაქების ლიდერობის ფონზე თბილისის წარუმატებელი პოზიცია არ აკვირვებს. 

მამუკა ქაცარავა აცხადებს, რომ 2003 წლამდე თბილისი სიღატაკის ზღვარზე იყო და მოსახლეობის ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად სახლების გაყიდვა უხდებოდა. თუმცა, ქაცარავას თქმით, დედაქალაქში ცხოვრების დონე ყოველთვიურად უმჯობესდება: ვითარდება სოციალური საცხოვრისები, მთავრობა საყოველთაო დაზღვევაზეც ზრუნავს და მომავალ წელს სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. “არავინ უარყოფს, რომ თბილისში და ზოგადად საქართველოში სოციალური ფონი ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა არსებობს პოლიტიკა, რომლის მიხედვით მდგომარეობა გაუმჯობესდება”, - აღნიშნა ქაცარავამ. 

თუმცა ქაცარავას და მის მსგავს ჩინოვნიკებს ავიწყდებათ, რომ თბილისი არა მარტო ევროპის წამყვან ქალაქებს ჩამოუვარდება ცხოვრების დონით და უსწრებს ფასებით, არამედ უშუალო კონკურენტ მეზობელ ქალაქებსაც. ცნობილია, რომ თბილისში ყველა ტიპის მომსახურება თუ სერვისი (მათ შორის, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, კომუნალური გადასახადები) უფრო ძვირი ღირს ვიდრე ბაქოში, ერევანსა თუ კიევში. საუბარი აღარ არის მუდმივად მზარდ ფასებზე. ასე ეშვება ერთ დროს სინათლის ქალაქად გამოცხადებული საქართველოს დედაქალაქი ცხოვრებისეულ ბნელეთში...