“ანტიკორუფციული” კვლევები შერყეული რეპუტაციის გასამყარებლად

“ანტიკორუფციული” კვლევები შერყეული რეპუტაციის გასამყარებლად


საქართველო და კორუფცია. ეს ორი ცნება წლების განმავლობაში მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. მერე თითქოსდა ისინი დაშორიშორდნენ. ამ ბოლო დროს ერთმანეთთან დაახლოვდნენ საქართველო და “ელიტური კორუფია”. 

მთავრობა ამის გასაქარწყლებლად უცხოურ რეიტინგებს იშველიებს. ბოლო დროს მას ადგილობრივი კვლევები დაემატა, რომელიც, მართალია, ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორც უცხოური, მაგრამ მორყეული იმიჯის გასამამგრებლად მაინც გამოდგება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა. ბოლო რანგირების მიხედვით, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს, საქართველომ 10-ბალიან სკალაზე (10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა ძალიან კორუმპირებულს) 4.1 ქულა მიიღო. 2010 წელს საქართველოს ქულა 3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი ეკავა.

2011 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსი” აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.
საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ასევე უფრო დაბალია, ვიდრე ხორვატიაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა გახდება და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში. თურქეთი 61-ე ადგილზეა (4.1 ქულით) და, შესაბამისად, საქართველოზე ოდნავ მაღლა დგას. საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში კორუფციის აღქმის დონე ბევრად უფრო მაღალია: სომხეთი 129-ე ადგილზეა (2.6 ქულით), რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143-ე ადგილს ინაწილებენ (2.4 ქულით).

რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ კვლევას. ასეთი კვლევა ორგანიზაცია “ეისითიმ” ჩაატარა და დაადგინა, რომ 2011 წლის განმავლობაში ბიზნესმენთა 0,2%-ს, საბიუჯეტო ორგანოებთან კორუფციული ხასიათის შემთხვევა ჰქონდა. როგორც “ბიზნეს გარემოს კვლევაში” აღნიშნული, 2011 წლის განმავლობაში გამოკითხულ ბიზნესმენთა 0,2%-ს ჰქონია კორუფციული ხასიათის შემთხვევა საბიუჯეტო ორგანოებთან შეხებისას, ხოლო ასეთი შემთხვევების შესახებ გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 2%-ს სმენია. 

“კორუფცია, რომ არ არის საქართველოში, განსაკუთრებით კი საგადასახადო-საბაჟო სფეროში, ეს სიახლე არ არის. ეს გამოკითხვა კიდევ ერთი დადასტურებაა ამისა. უბრალოდ, შარშან იგივე კითხვაზე, არის თუ არა კორუფცია, დადებით პასუხს 2% იძლეოდა, ხოლო 10%-ს კორუფციის შესახებ ჰქონდა მოსმენილი. ანუ შეგრძნება მაინც ცუდი იყო. წელს კი კორუფციის მაჩვენებელმა დაიწია და 0,2% არის ფაქტი და 2%-ის მხოლოდ სმენია კორუფციის შესახებ”, - განმარტა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიების 11% მიიჩნევს, რომ არ არის დაცული, ხოლო 45% აზრით მისი საქმიანობა ქვეყანაში დაცულია. გამოკითხულთა 43% კი მეტ-ნაკლებად დაცულად მიიჩნევს თავს. რაც შეეხება კვლევას რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით, თბილისში განლაგებული კომპანიების 13%-ის აზრით, მათი საქმიანობა დაცული არ არის, 49%-ის აზრით მათი საქმიანობა მეტ-ნაკლებად დაცულია, ხოლო კომპანიათა 38%-ის აზრით მათი საქმიანობა დაცულია.

“ბიზნეს გარემოს კვლევის” მიხედვით ირკვევა, რომ იმპორტის დროს პრობლემას იმპორტიორი კომპანიების 7% აფიქსირებს, აქედან 52% - სასაქონლო ნომენკლატურის კოდებთან დაკავშირებით. ექსპორტის დროს კი პრობლემებს კომპანიები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აფიქსირებენ.

“მთლიანობაში ამ კვლევის მაჩვენებლების უმეტესობას ვეთანხმებით. ჩვენთანაც ერთი-ერთზე შეხვედრისას ოპტიმისტურ განწყობას აფიქსირებენ. ბიზნესმენთა უმეტესობა არსებული პრობლემების მიუხედავად, მაინც აპირებს გაისად გაფართოებას, ანუ პოზიტიური განწყობა აქვს”, - აცხადებს პერტაია.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2011 წელს კომპანიების 76% იგივე დონეზე დარჩა ან გაფართოვდა–გაიზარდა. გამოკითხული კომპანიების 51,2%, 2012 წლისთვის საქმიანობის გაფართოებას წარმოების–მომსახურების ზრდით გეგმავს. გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ ბიზნესომბუდსმენს ენდობა ან მეტ-ნაკლებად ენდობა გამოკითხულ კომპანიათა 82%, ხოლო მისი ცნობადობა დაახლოებით 70%-ს უტოლდება

აღსანიშნავია, რომ “ეისითის” მიერ მომზადებული კვლევის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: მცირე კომპანიები - 500 000 ლარამდე; საშუალო კომპანიები - 500 000 დან 1 500 000 ლარამდე; მსხვილი კომპანიები - 1 500 000 ლარზე მეტი. სამიზნე რესპონდენტი კი კომპანიის დამფუძნებლები, დირექტორები ან ფინანსური დირექტორები იყვნენ.